Accessibility links

site logo site logo

სამოქალქო თანასწორობა: დიასპორა და რელიგიის სააგენტო?


ამ წერილში განვიხილავ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ ორ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ პრობლემურად მუშაობს სისტემა, როცა საქმე ეხება ეთნიკური უმცირესობების საკითხებს. ეს წერილი ნამდვილად გაბრაზებულ გულზეა დაწერილი და მასში რაციონალური, ლოგიკური და თვითმართალი არგუმენტების ძებნის ნაცვლად, იქნებ ცოტა ხანს შეჩერდეთ და თქვენი თავი არადომინანტური ჯგუფების ადგილზე დააყენოთ .

როცა საქართველოს აზერბაიჯანელმა თემმა ხმამაღლა ვთქვით, რომ სახელწიფო და სისტემა ჩვენ უცხოდ, „სხვად“ და პრობლემად განგვიხილავს, ძალიან ბევრმა, ჩვენმა პოტენციურმა მხარდამჭერმა დომინანტი ეთნიკური ჯგუფიდან, გაგვაკრიტიკა, რომ ჩვენ ვაბუქებდით სიტუაციას. როცა ჩვენ განვაცხადეთ, რომ დომინანტი ჯგუფი, პოლიტიკური ელიტა და სახელმწიფო აპარატი კარგად არ გვიცნობს და (უმრავლესობას) არც აქვს სურვილი რომ კარგად გაიცნოს ჩვენი იდენტობა, კულტურა და ყოფა, ჩვენი პოტენციური მხარდამჭერები გვიკითხავდნენ ლექციებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის მიმდინარე პროცესისა და საქართველოს ისტორიული ტოლერანტობის შესახებ. როცა ხმა ავიმაღლეთ და განვაცხადეთ, რომ საქართველოში არსებობს სისტემური დისკრიმინაცია, სტრუქტურული ჩაგვრა და ინსტიტუციური გარიყვა, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა თეორიების აღრევასა და ქართული რეალობისგან მოწყვეტაში დაგვადანაშაულა.

15 მარტს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა. საბჭოს ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმება და კულტურის სფეროს მიმართულებით მუშაობაა. რა თქმა უნდა, ასეთი მიზნით საბჭოს შექმნა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, როცა ასეთი საბჭო იქმნება დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, ნათელი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტიც და სახელმწიფოც ეთნიკურ უმცირესობებს უყურებს, როგორც სხვა ქვეყნების დიასპორას. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში, ღიად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების მიერ ჩვენს დიასპორად განხილვის რიტორიკას და პოლიტიკას. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შედეგად კი ნათელი ხდება, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, უფრო ადეკვატურნი და გულწრფელნი ვყოფილვართ ეროვნული ინტერესების და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საკითხების მიმართ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი, პარლამენტარები და სახელმწიფო სტრუქტურები. უფრო მეტიც, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აშიშვლებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ცრუ ინტეგრაციის და სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკას, სადაც ასეთი კომიტეტის ფარგლებში შექმნილ საბჭოს ესწრება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და ჰარმონიაზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე საუბრობს, მაგრამ არც კი სვამს კითხვას, თუ რამდენად სწორია ასეთი საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის დაქვემდებარებაში.

12 მარტს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ 21 მარტს, ერთი დღით გაუქმებულიყო კომენდანტის საათი და ნოვრუზი, ეს სახალხო დღესასწაული კოლექტიურად, სოლიდარულად და ერთობლივად გვეზეიმა, რაც წაშლიდა იდენტობების საფუძველზე ჩამოყალიბებულ გამრიყავ და გამთიშავ ხაზებს. წერილში ვსაუბრობდით, რომ ამ ზეიმზე გვინდოდა დაგვეპატიჟებინა ჩვენი ქართველი, სომეხი, ქართველი მუსლიმი, ქისტი, იეზიდი და სხვა მეგობრები. მიმართვაში ხაზგასმით გვქონდა აღნიშნული, რომ ნოვრუზი არ არის რელიგიური დღესასწაული, ხოლო მისი რომელიმე რელიგიასთან ასოცირება არის პრობლემური და არასწორი. სამწუხაროდ, 16 მარტს მოგვივიდა პასუხი, რომ თურმე პრემიერის ადმინისტრაციამ წერილი გადაუგზავნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და დაინტერესებული მხარისთვის პასუხის გაცემა მოსთხოვა. ეს ერთი კონკრეტული ფაქტიც კი გვიჩვენებს, თუ რაოდენ არასერიოზულად უდგება სახელმწიფო არადომინანტური ჯგუფების მიერ დაყენებულ საკითხებს, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფოს მხრიდან არადომინანტური ჯგუფების ყოფის, ყოველდღიურობის და კულტურის არცოდნაზე.

ერთი შეხედვით, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის. უფრო მეტიც, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი შტოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაკავშირებაც არასწორი და უსაფუძვლოა. თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევა მიმძაფრებს განცდას, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს სისტემური დისკრიმინაცია და სტრუქტურული ჩაგვრა, სადაც არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს სახელმწიფო „აძალებს“, რომ გახდნენ სხვა ქვეყნის დიასპორა, ხოლო სახალხო დღესასწაულის სრულფასოვნად აღნიშვნის ბედს „განაგებს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

კარგად მესმის, რომ ამ მცირე ბლოგში გამოსავლის შემოთავაზება სავსებით არასერიოზული იქნებოდა. თუმცა გამოსავლისთვის მნიშვნელოვანი ცვლილების თეორია, ალბათ, სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი პოლიტიკის გადააზრება იქნებოდა, სადაც არადომინანტური ჯგუფების გაძლიერების და სამოქალაქო თანასწორობის რიტორიკა საერთაშორისო აქტორების გასაგონად და ლიბერალურ დისკურსში ჩასაწერად კი არ იქნებოდა წარმოთქმული, არამედ პოლიტიკური ელიტა და სახელმწიფო ბიუროკრატია შეიგრძნობდა და აღიარებდა, არადომინანტური ჯგუფების გაუცხოებულ ყოფას და ამის შემდეგ დავილაპარაკებდით პრობლემის გადაჭრის გზებზე. ამ პროცესში, კი დომინანტი ჯგუფის წარმომადგენელი პოტენციური მხარდამჭერების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG