Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბსოლუტური ნული


ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებისას, პირველი, რაც გაგახსენდება, ბევრი ნულია. ნულიდან საქმის დაწყება, ნული საჯაროობა, ვალების განულება, ნულების გრძელი მწკრივი მის საბანკო ანგარიშებზე და ა.შ. როგორც იტყვიან, ნული ბიძინა ივანიშვილის ბედისწერაა, მისი სიძლიერისა და უძლურების გამომხატველია და, სულაც არაა გასაკვირი, რომ იგი ამ ნულ(ებ)ს ისე ებღაუჭება, როგორც წყალწაღებული მაშველ რგოლს, რომელსაც, ბედის ირონიით, ასევე ნულის ფორმა აქვს.

ცხადია, იმის გამო, რომ ნული ყოველგვარი გარკვეული რაოდენობის უარყოფაა, იგი სულაც არაა უშინაარსო. უფრო პირიქით, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა მის მიერ შემოსაზღვრული რიცხვები, ოღონდ მომხრეებისთვის ბიძინა ივანიშვილი ის ნულია, რომლის მარჯვნიდან მიწერით რიცხვის მნიშვნელობა ათმაგდება, მოწინააღმდეგეებისათვის კი - ის ნული, რომელზე გამრავლებაც სპობს ყველა რიცხვს.

ბიძინა ივანიშვილმა ეს თავის საყოველთაო "ნულობა" კიდევ ერთხელ გამოავლინა მორიგ ეპისტოლესა და სატელევიზიო ინტერვიუში. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც, ალბათ, ივანიშვილის მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც თანხმდებიან, ისაა, რომ „ბატონი ბიძინა“ არ იცვლება ჭეშმარიტ ნულივით! იცვლება დრო, იცვლება ხალხი, იცვლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, იცვლება კლიმატიც კი, მაგრამ არ იცვლება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის სრულყოფილი და მართალია! მართალია მაშინაც კი, თუ ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ცნობილი დებულების ძალიან თამამი ინტერპრეტაცია რომ მოვიშველიოთ, თუ ფაქტები ბიძინა ივანიშვილის ხედვას არ შეესაბამება, მით უარესი ფაქტებისათვის!

სიღარიბე, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, არაეფექტიანი მმართველობა და ა.შ. - ეს ყველაფერი შეიძლება ვიღაცისთვის ჯიუტი და მარტივად დასანახი ფაქტები იყოს, მაგრამ არა ივანიშვილისთვის, რომლისთვისაც თანაპარტიელების განზე გადგომა, ოპოზიციონერი კანდიდატისათვის მილიონამდე ხმის მიცემა და შვილმოკლული მამების სასოწარკვეთილი პროტესტი ან „შეცდომაში შეყვანის“ შედეგია ან - ღალატისა. ამასთან, ივანიშვილის კლასიფიკაციით, ღალატი პოლიტიკოსების საუფლოა (დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ეკა ბესელია და ა.შ.), ხოლო „შეცდომაში შესვლით“, ძირითადად, ხალხი ირთულებს ცხოვრებას, ის ხალხი, რომელიც გარდა იმისა, რომ უხვად მოიხმარს „სიცრუის მანქანის“ პროდუქტს, თურმე, ასევე იკვებება მდარე სერიალებითაც.

რატომ შეიძლება მოსწონდეს ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან დიდი დროის განმავლობაში „მდარე ხარისხის“ ტელესერიალი?

იქნებ, არც ისე „მდარე ხარისხისაა“ სერიალი?

იქნებ, ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიმართლეც ურევია მასში?

მაგრამ განა, რა ფასი აქვს ხალხის სიმართლეს თუ ის წინააღმდეგობაში მოდის ბიძინა ივანიშვილის სიმართლესთან?

ბიძინა ივანიშვილს ხომ ყოველთვის აქვს თავისი სიმართლე, რომელიც ყველა სხვა (სხვის) სიმართლეზე მეტია და ამის გამო სხვა (სხვისი) სიმართლის გათვალისწინებას, ურჩევნია თავის სიმართლეს მოარგოს ქვეყანა, ხალხი, ტელევიზიები და სერიალებიც კი.

ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად სჯერა, რომ შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ღვაწლის, დამსახურებისა და ავტორიტეტის როგორც განულება, ასევე გაათმაგება. სწორედ ამ საოცარი უნარის წყალობით იქცნენ „ნულებად“ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო თანამებრძოლები წინა ხელისუფლებასთან ომში, სწორედ ასე იქცა „ნულად“ ადვოკატი შალვა შავგულიძე, გირგვლიანების ოჯახის მებრძოლი ადვოკატი, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელების ლმობიერი მოსამართლის, ლევან მურუსიძის ავტორიტეტი და ფასი გაათკეცდა.

ბიძინა ივანიშვილი ამ თავის უსასრულო ნულებით ნამდვილი ბეჭდების (ბეჭედიც ხომ ლითონის ნულია) მბრძანებელია: თითქმის ყველაფერი შეუძლია, თითქმის ყველაფერი გასდის, თუმცა, მისი ეს უსაშველო ნულობა ბოლომდე იდეალურიც არაა. არსებობს (რიცხვთა) სისტემა, რომელშიც ნულთან მიახლოება დაღუპვის ტოლფასია. პრინციპში, ბიძინა ივანიშვილის ყველა ნული სწორედ ამ სისტემის ნულსა და ნულთან სიახლოვეს უპირისპირდება. სისტემას, ცხადია, არჩევნები ჰქვია...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG