Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავყიდოთ სტალინი?!


სტალინი რუსულ უნაგირზედ გადაჯდა და რა ვუყოთ, რომ თვითონ ქართველია და მისი ცხენი კი - უზარმაზარი რუსეთი? თქმაც არ უნდა, სტალინი ამ ცხენიდან ჩამოვარდება. არა იმიტომ, რომ სხვა უკეთესი ბოლშევიკი ჩამოაგდებს. სტალინზედ უკეთესი ბოლშევიკი იქნება არ არის ქვეყნად, მაგრამ სტალინზედ უკეთესი თვითონ ეს მისი ცხენია და სტალინი ჩამოვარდება იმ კანონის ძალით, რომლითაც მხედრებს თვითონ ცხენები აგდებენ, - წერდა ქართველი პატრიოტი, შალვა ამირეჯიბი 1927 წელს, პარიზში გამომავალ გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოში“, წერდა და მწარედ ცდებოდა - სტალინზე უკეთესი არც მისი ცხენი გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, რუსეთმა ბოლომდე მორჩილად ზიდა ბელადის ცოცხალი სხეული და ახლაც, როცა მისი გარდაცვალებიდან 70 წელია გასული, სტალინის აჩრდილი მიაჭენებს გვარიანად მობერებულ რუსულ ცხენს. სწორედ ამაზე მეტყველებს რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება იოსებ ჯუღაშვილისადმი, რომლის როლს რუსეთის ისტორიაში დადებითად აფასებს ქვეყნის მოსახლეობის 70% (ხოლო უარყოფითად - მხოლოდ 14%) - ასეთია რუსეთში მოქმედი ანალიტიკური ჯგუფის, „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედგი, რომელიც რეკორდულად მაღალია.

სტალინის კულტის ამგვარ ხელახლა დაბადებას არაერთი მიზეზი აქვს. პირველი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სამთავრობო პროპაგანდაა, რომლის მიხედვითაც, სტალინი წარმოჩენილია უკიდურესად დადებითი კუთხით და, ამ პროპაგანდით, პუტინიც - ერთგვარი რუსი სტალინია ულვაშის გარეშე - მისი მემკვიდრე და გზის გამგრძელებელი, რომელმაც არ დაუშვა სტალინის შექმნილი საბჭოთა იმპერიის ბოლომდე დაშლა, სტალინის მსგავსად მოიგო ომი (სხვა მასშტაბის, მაგრამ მაინც ომი), ფეხზე წამოაყენა მუხლებზე დაცემული დერჟავა, დაიპყრო ტერიტორიები და ა.შ.

სწორედ ვლადიმირ პუტინის სწორებამ სტალინზე, სტალინის საქმის გაგრძელებამ, განსხვავებული აზრის სტალინური მეთოდებით დათრგუნვამ და სამთავრობო მედიით ხალხთა ბელადის „საგმირო საქმეების“ უწყვეტმა ტრიალმა, გახადა არნახულად პოპულარული სტალინი, ადამიანი, რომელსაც გასული საუკუნის 40-იან წლებში რეპრესირებულმა მწერალმა ალექსანდრე სიგუამ „ხალხთა ჟლეტისა და განადგურების დიდი ხუროთმოძღვარი, მშენებელი ციხეებისა, საკონცენტრაციო ბანაკებისა და ადამიანის საწამებელი მრავალი სხვა ჯოჯოხეთისა“ უწოდა!

თუმცა, როგორც უნდა იყოს, სტალინს იწონებს რუსეთის მოსახლეობის ლამის სამი მეოთხედი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტების სახით სისტემატურად სტუმრობს საქართველოს და, „ლევადა-ცენტრის“ კვლევის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ გორში - სტალინის მშობლიურ ქალაქშიც ჩადის, სადაც მდებარეობს სტალინის მუზეუმი და 2010 წლამდე იდგა სტალინის ძეგლი. სწორედ ამ ძეგლის აღდგენას ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამ გზით ტურისტების ნაკადისა და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას ვარაუდობს, რადგანაც რუსეთი პირველ ადგილზეა საქართველოში ჩასული ტურისტების რაოდენობის მიხედვით (2019 წლის მხოლოდ I კვარტალი - 254 ათასი ვიზიტორი) და რუსები ტურისტები ყველაზე მეტად ინტერესდებიან სტალინთან დაკავშირებული ადგილების ნახვით, ისტორიების მოსმენით, სუვენირების შეძენით და ა.შ.

სწორედ აქ ჩნდება კითხვა, როგორ გავყიდოთ სტალინი?

რა თქმა უნდა, კომერციის თვალსაზრისით სტალინზე მოთხოვნილება ნამდვილად არსებობს და როგორც სავაჭრო მარკა, კარგადაც გაიყიდება ღვინოებზე, მაისურებზე, ქუდებზე და სხვა საგნებზე მიკრული ეტიკეტებისა და სუვენირების სახით, მაგრამ ასეთი გზით სტალინზე ხელის მოთბობა ეწინააღმდეგება „თავისუფლების ქარტიას“ (რომლის მიხედვითაც აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის საჯარო გამოყენება და აღმოფხვრას ექვემდებარება შესაბამისი საკულტო ნაგებობები, ძეგლები, მონუმენტები, ბარელიეფები და ა.შ.) და გაუმართლებელია ეთიკის თვალსაზრისითაც.

სტალინის ჩიბუხის, პაპიროსის, ულვაშიანი ნიღბის, ჩექმის, კიტელის და სხვა ნივთების ასლების გასაყიდად გამოტანა უთუოდ მოიგებდა ბევრი ტურისტის გულს, მოიტანდა ფულად მოგებას, მაგრამ, როგორც სამართლიანად შენიშნავს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, ასევე შეუწყობდა ხელს სტალინის გაფეტიშებას, ტრადიციული დომინანტური სახით წარმოჩენას და უკანა პლანზე გადასწევდა სისხლიანი დიქტატორის რეალურ სახეს, რასაც არანაირი გამართლება არ ექნებოდა რეპრესიების მილიონობით მსხვერპლისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე.

ცხადია, სტალინის გაყიდვა შეიძლება და იყიდება კიდეც მუზეუმებში, მათ შორის ოკუპაციის მუზეუმში! მეტიც, სტალინი აუცილებლად უნდა გავყიდოთ, უნდა გავყიდოთ რაც შეიძლება ბევრ ადამიანზე, მაგრამ გავყიდოთ ყოველგვარი შელამაზებისა და ე.წ. სასაქონლე იერის მიცემის გარეშე ანუ გავყიდოთ სიმართლე სტალინზე და ყველას გავაგებინოთ, რომ „სტალინი არის კაცობრიობის ისტორიის დიდი სისხლიანი წიგნი“, საიდანაც ისმის ქალების კვნესა, კივილი და გოდება, კაცების ბღავილი და ყვირილი...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG