Accessibility links

site logo site logo

ჰოლოკოსტის დასაბამთან (5). შოა და ნკვდ-ს ტერორი


თუ ვერმახტის ქმედებას სამხედრო ოპერაციის პრიზმიდან შევხედავთ, დანაშაულებრივ ბრძანებებსა და ნაცისტურ იდეოლოგიას შეიძლება დავამატოთ კიდევ ერთი კატეგორია - ე.წ. Kriegsnotwendigkeit (სამხედრო აუცილებლობა), გამოწვეული გერმანული ოპერატიული კულტურით. გერმანულ მხედართმთავრობას ჰქონდა ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება დროსა და სივრცესთან: სიჩქარისა და მოულოდნელობის კულტი, ლოგისტიკისა თუ ზურგის მნიშვნელობის უგულებელყოფა მას რადიკალურად განასხვავებდა ყველა სხვა არმიისგან. დაამატეთ ამას საოკუპაციო ჯარების სიმწირე, პოლიტიკური რეფლექსიის არარსებობა ოკუპირებული ტერიტორიების მართვისას... ყველაფერი ეს ვერმახტს უბიძგებდა „ზურგის დასამშვიდებლად“ მხოლოდ მასობრივი ტერორი გამოეყენებინა: რაც უფრო დიდი იყო საბჭოთა წინააღმდეგობა, მით უფრო დიდი იყო გერმანელების დანაკარგები და შესაბამისად ვერმახტის დანაყოფების მიდრეკილება მშვიდობიანი მოსახლეობის, პირველ რიგში ებრაელების, წინააღმდეგ ტერორისკენ.

სამხედრო დანაშაულები, რომლებიც მოტივირებული იქნება სნაიპერების შიშით ან თავდასხმების საპასუხოდ, იქნება სისასტიკის გაგრძელება, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ პოლონეთში აიღებს. თუმცა, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვერმახტი გამორჩეული იქნება ანტიებრაული რეპრესიების სისტემატიზაციით იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მათ დიდი დანაკარგები ექნებათ, ან კიდევ სადაც ნკვდ-ს ტერორის ხილული კვალი იქნება ნაპოვნი: „ჩვენი დანაკარგები საკმაოდ დიდია,“ - ჩაწერს 299-ე დივიზიის ოფიცერი ჰანს როტი თავის დღიურში 26 ივნისს ქალაქ ლუცკში შესვლისას. „ადგილობრივ ციხეში სასტიკი სანახაობა წარმოგვიდგა - გაქცევამდე ბოლშევიკებმა საშინელი სისხლისღვრა ჩაატარეს. ასზე მეტი კაცი, ქალი და ბავშვი პირუტყვივით ჩახოცეს. არასოდეს დამავიწყდება ეს სურათი. [...] ამასობაში რამდენიმე ჩემმა ამხანაგმა თავიანთი სამალავებიდან გამოიყვანა უკანასკნელი წითელარმიელი და ებრაელი. მათ კეფაში თითო-თითო ტყვია დაურიგეს“.

როდესაც საუბარია ნკვდ-ს ტერორის ხილულ კვალზე, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ ტერორის მთავარი მსხვერპლი ხშირად ებრაელობა იყო. ასე, მაგალითად, ნაცისტების მიერ მოწყობილი პოგრომები ლვოვსა (30 ივნისი - 6 ივლისი, 2 000-დან 7000-მდე მსხვერპლი) და გარგჟდაიში (22-24 ივნისი, 800-დან 900-მდე მსხვერპლი), იქნება ნაცისტების პასუხი ნკვდ-ს „იუდაურ-ბოლშევიკურ“ ტერორზე. თუმცა, როგორც ლვოვში, ისე გარგჟდაიში, ნკვდ-ს „იუდაურ-ბოლშევიკური“ ტერორის მსხვერპლს შორის პროცენტულად ყველაზე მეტი ებრაული თემის წარმომადგენელი იყო!

რწმენა, რომ საბჭოთა წინააღმდეგობის მიზეზი ებრაელი კომისრების ფანატიზმია, რომ ბრძოლის პარტიზანული მეთოდები ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმუხთლის შედეგია, ღრმად იყო გამჯდარი როგორც ნაცისტ ლიდერებში, ასევე ვერმახტის ნაწილებში.

ამას დაამატეთ „ბარბაროსას“ ოპერაციის უაღრესად მაღალი ტემპით გამოწვეული „გვერდითი ეფექტები“: 1941 წლის ზაფხულში ქვეით ნაწილებს, რომლებიც ვერმახტის ორ მესამედს წარმოადგენდა, უწევდა დღეში 30-60 კილომეტრის დაფარვა 40-გრადუსიან სიცხეში. „ბარბაროსას“ კამპანიის ეს სიჩქარე თავის მხრივ ხელს უწყობდა სამხედროებში მორალური ბარიერის უკანაკნელი ნარჩენების გაქრობას. „ჩვენი ხალხი უკიდურესად გამოფიტულია. გუშინ ერთ ჩემს მძღოლს ფეხზე ეძინა.“ - ჩაწერს 22 ივლისს თავის დღიურში გენერალი გოთჰარდ ჰაინრიცი. გაუთავებელი მარში, გზები, რომლების დასასრულიც არ ჩანს, (...) გერმანიაში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმ უკიდურესად ნერვულ დაძაბულობას, რომლის მიზეზიც მუდმივად ცვალებადი სიტუაციაა - მუდმივი თავდასხმის საფრთხე უაღრესად დამქანცველია. არც ერთი კამპანიის დროს არ მქონია მსგავსი გამოცდილება“.

გერმანელი ჯარისკაცები, თავიანთ წერილებსა და დღიურებში ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის - პირველ რიგში ებრაელების - ხოცვა-ჟლეტას ხშირად გერმანელი დასახიჩრებული გვამების აღმოჩენით ამართლებენ. „მთვრალი რუსი ჯარისკაცები დაჭრილებს სადისტურად ათავებენ,“ - მისწერს თავის მეუღლეს 37-ე ქვეითი პოლკის ლეიტენანტი 27 აგვისტოს. „თვალებ- და ენაამოკვეთილი, ყურ- და ცხვირმოჭრილი (...) ზოგიერთი სამხედრო ისეა დაჩეხილი, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ხდება“.

1918-1921 წლების რუსეთის სამოქალაქო ომი კარგად აჩვენებს, თუ რა სისასტიკისთვის იყო მზად უნიფორმაში ჩაცმული გლეხობა (მაქსიმ გორკის აქვს ეს ძალზე კარგად აღწერილი). რატომ არ უნდა შეენარჩუნებინა იგივე საქციელი 1941 წელს, სტალინური რეჟიმის მიერ კიდევ უფრო სასტიკად ქცეულ ჯარისკაცს?! გარდა გერმანული ჩვენებებისა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა დოკუმენტი ადასტურებს წითელარმიელების მიერ ტყვეების ლიკვიდაციის ფაქტებს. მე-5 არმიის 30 ივნისით დათარიღებული მოხსენების მიხედვით, „ხშირია შემთხვევები, როცა წითელარმიელები და მათი მეთაურები, ფაშისტი მძარცველების დანაშაულით განრისხებულნი, ტყვედ აყვანის მაგივრად ადგილზე ხვრეტენ მათ“. 26-ე დივიზიის 13 ივლისით დათარიღებული მოხსენება ცხადყოფს, რომ წითელარმიელები 80 გერმანელ ტყვეს ადგილზე დახვრეტენ.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია შევინარჩუნოთ პროპორციის და მიზეზობრიობის გრძნობა. 1941 წლის ზაფხულში არ შეიძლებოდა რაიმე საერთო ყოფილიყო ომის დანაშაულის მსხვერპლ გერმანელ და საბჭოთა ჯარისკაცებს შორის: რამდენიმე ასეული, თუნდაც ერთი ან ორი ათასი ერთ და ასობით ათასი მეორე მხარეს.

„აქ სუფევს რელიგიური ომების ეპოქის წესები და კანონები - ექვსნახეავრი წელია, რაც ომში გავატარე და მე ჯერ ასეთი რამ არ მინახავს.“ - ჩაწერს თავის დღიურში გენერალი ჰაინრიცი 1941 წლის ნოემბერში.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG