Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლოკოსტის დასაბამთან (9). მხუთავი მანქანებიდან სიკვდილის ბანაკებამდე


საკონცენტრაციო ბანაკების, ევთანაზიის პროგრამისა და მხუთავი აირიანი მანქანების საშუალებით განადგურების გამოცდილება ნაცისტებისთვის ნათელს გახდის, თუ რას მოიტანდა მთელი ამ ცოდნის გაერთიანება.

ოქტომბრის დასაწყისში ბრიანსკში და ვიაზმაში გამარჯვების შედეგად - 64 განადგურებული საბჭოთა დივიზია, ერთ მილიონამდე დაკარგული წითელარმიელი - ბერლინი დარწმუნდება, რომ კრემლს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაიჯერებენ რა, რომ აღმოსავლეთში ომის აქტიური ფაზა დასასრულს მიუახლოვდა, ნაცისტები 15 ოქტომბერს დაიწყებენ გერმანელი, ავსტრიელი და ჩეხოსლოვაკიელი ებრაელების დეპორტაციას აღმოსავლეთით. 15 ოქტომბრამდე მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ემიგრაციის თეორიული საშუალება. 15 ოქტომბერს ისინი ამ უფლებას კარგავენ და შოას მსხვერპლის „რიგში დგებიან“.

ამის პარალელურად, ნაცისტები დაიწყებენ ოთხი სიკვდილის ბანაკის - აუშვიც-ბირკენაუს, ბელჟეკის, ხელმნოსა და სობიბორის - მშენებლობას პოლონეთის ტერიტორიაზე. ასევე შეირჩევა ადგილები სიკვდილის ბანაკებისთვის ბელორუსიაში (მოგილიოვი) და ლატვიაში (რიგა). მოგილიოვში კრემატორიუმის ღუმელიც კი იქნება გაგზავნილი დეკემბერში, მაგრამ საბოლოოდ რიგის და მოგილიოვის პროექტები აღარ განხორციელდება.

აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკი.
აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკი.

თუმცა, მხუთავ აირზე და სიკვდილის ბანაკებზე აქცენტის გადატანა არ ნიშნავდა ყუმბარებსა და ფეთქებად ნივთიერებებზე უარის თქმას. ყუმბარები გამოყენებულ იქნება ათეულობით ხოცვა-ჟლეტაში, რომელსაც ადგილი ექნება 1941 წლის ნოემბერში ბელორუსიაში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში თუ ყირიმში. ერთ-ერთი მათგანი მოხდება 15 ნოემბერს სლონიმის გეტოს ლიკვიდაციისას.

ყოფილი პოლონური ოციათასიანი სლონიმი (მათ შორის 9000 ებრაელი, 5000 პოლონელი და ამდენივე ბელორუსი) 1939 წლის ოქტომბერში, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შედეგად, ბელორუსიის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი გახდება. ნაცისტების სლონიმში მისვლამდე, ნკვდ აღმოსავლეთში გადაასახლებს 1000 ებრაელსა და 1000 პოლონელ „კლასობრივ მტერს“. გასაბჭოების მოკლე პერიოდში სლონიმს კიდევ დაემატება ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთიდან გაქცეული 14 000 ებრაელი. 22 ივნისისათვის ებრაელების საერთო რაოდენობა ქალაქში 20 000-ს გადააჭარბებს. „ბარბაროსას“ ოპერაციის დაწყებიდან 48 საათში, სლონიმი გერმანელების ხელში აღმოჩნდება. ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში არტურ ნებეს Einsatzkommando 8 -ს (Einsatzgruppe B) და 314-ე პოლიციის ბატალიონის წევრები იქ დახვრეტენ 1100 ებრაელს. ოპერაცია ჩატარდება ერიხ ფონ დემ ბახ-ზელევსკის (ჰიმლერის მარჯვენა ხელი ბელორუსიაში) ზედამხედველობის ქვეშ.

15 სექტემბერს ცოცხლად დარჩენილ ებრაელებს მოათავსებენ ქალაქის განაპირას ახალშექმნილ გეტოში. 14 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, გერმანელი ჯარისკაცები გეტოს ალყას შემოარტყამენ. 15-ში დილის 6 საათიდან დაიწყებენ გეტოს ბინადრების სატვირთო მანქანებში განაწილებას და იქვე ტყეში გაყვანას. ტყეში გერმანელების მიერ იქნება გამზადებული 10 მეტრის სიგანის და 6 მეტრის სიღრმის თხრილები. -15C° სიცივეში ყველას გააშიშვლებენ და დახოცავენ ორი მეთოდით: თორმეტ-თორმეტს თხრილთან დაყენებულს კეფაში ტყვიით, ან კიდევ წინასწარ თხრილში ჩაყრილ ებრაელებს ყუმბარებს დაუშენენ. „ჯარისკაცები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს სხეულის კიდურების ამოფრქვევებსა და ხორციანი სისხლის შადრევნებს”, - იხსენებდა ერთი მოწმე სამი კვირის თავზე.

9 600-მდე ებრაელი ბავშვი, ქალი და კაცი იქნება იმ დღეს ამგვარად განადგურებული.

Post scriptum

1939 წლის ოქტომბერში ევთანაზიის პროექტის ხელმძღვანელებთან გაგზავნილ წერილს (რომელშიც ჰიტლერი მოითხოვდა ექიმების შესაბამის მომზადებას), ფიურერი 1 სექტემბრით დაათარიღებს. ამ წერილის 1939 წლის 1 სექტემბრით დათარიღებით, ჰიტლერს კიდევ ერთხელ უნდოდა სიმბოლურად გაესვა ხაზი ომსა და „უსარგებლო სიცოცხლის განადგურებას“ შორის კავშირისთვის.

1941 წლის 22 ივნისს „უსარგებლოთა“ განადგურების მასშტაბი გეომეტრიული პროგრესიით დაიწყებს ზრდას, რაც ნაცისტებში საკმარისი „ხელების და ფეხების“ დეფიციტს გააჩენს. ივლისში ჰიმლერი აინზაცჯგუფებს პოლიციის შენაერთებით გააძლიერებს - 16 700 კაცი იქნება გადასროლილი. პარალელურად 25 ივლისს ჰიმლერი, ჰიტლერის კურთხევით, აინზაცჯგუფების დასახმარებლად დაიწყებს ადგილობრივების რეკრუტირებას. ამგვარად, აგვისტოს დასაწყისისათვის ნაცისტების ხელთ არსებული ყველა რესურსი იქნება კონსოლიდირებული საბჭოთა ებრაელობის გასაწყვეტად. აგვისტოს მეორე ნახევარში ნაცისტების ლიდერები მივლენ პარადოქსულ დასკვნამდე, რომ 1. თეორიულად მათ შეეძლოთ საბჭოთა ებრაელობის გაწყვეტა, მაგრამ 2. არსებული modus operandi არ იძლეოდა 2-დან 3 მილიონამდე საბჭოთა ებრაელის გაწყვეტის საშუალებას. დაიწყება გამოსავლის ძიება. საომარი მოქმედებები რადიკალურად დააჩქარებს ამ პროცესს. შემოდგომის დასაწყისში ნაცისტების არნახული გამარჯვებები ჰიტლერს გეგმის შესწორებისკენ უბიძგებს: თუ ჯერ კიდევ აგვისტოში ფიურერი გეგმავდა მესამე რაიხი Judenrein (ებრაელებისგან გაწმენდილი) გაეხადა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, კიევში გამარჯვების შემდეგ გადაწყვეტს, 1941 წლის დასასრულამდე განახორციელოს ეს გეგმა. დასავლეთიდან პირველი ეშელონები დაიძვრება პოლონეთისკენ. ოქტომბრის დასაწყისში ვიაზმისა და ბრიანსკის გამარჯვების შემდეგ გადაწყდება სიკვდილის ბანაკების მშენებლობა. პარალელურად გაგრძელდება მასობრივი მკვლელობის ოპტიმალური მეთოდის, ნახშირბადის მონოოქსიდის თუ Zyklon-B-ს ძიება.

„ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ მიიღებს კონკრეტულ ფორმებს. ამიერიდან შოა რეალობად იქცევა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG