Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აგრველებს სამხედრო ოპერაციას, ბუშის მოწოდების მიუხედავად


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაგრძელდება,

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მის შეწყვეტას მოითხოვს.

კვირას კი კაბინეტის შეკრებაზე შარონმა თქვა, რომ ვინაიდან პალესტინელთა ხელისუფლება არ აპირებს ტერორიზმის აღკვეთას, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით სიტუაციას, რომელიც ოპერაციის დაწყებამდე იყოო.
კაბინეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შარონის წინადადებას ოპერაციის გაგრძელების თაობაზე, იმ შეთხვევაშიც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება ბუშის მოწოდებას.

“ეს ისეთი ისტორიული მომენტია, როცა ჩვენი საუკუთესო მეგობრების არგუმეტებიც კი არ არის საკმარისად დამაჯერებელი სიტუაციასთან შედარებითო”, თქვა ბინათმშებენბლობის მინისტრმა ნათან შჩარანსკიმ.

კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა, იუსტიციის მინიტრმა მეირ შიტრიტმა თქვა, რომ საჭიროა შეერთებული შტატების დარწმუნება, რომ აუცილებელია დასავლეთი ნაპირის ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან გაწმენდა.

სამხედრო პირებმაც კი, რომლებიც, როგორც წესი, თავს იკავებენ პოლიტიკური განცხადებებისგან, მოითხოვეს დამატებითი დრო ოპერაციის დასრულებისთვის, რომელიც უკვე 11დღეა გრძელდება.

თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ისრაელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, საზოგადოება მხარს უჭერს შარონის გადაწყვეტილებას, არ მიუგდოს ყური ბუშის მოწოდებას და გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია, მით უმეტეს, რომ მისი დაწყების შემდეგ ტერორისტული თავდასხმები ფაქტობრივად შეწყდა.

ბუშმა ახლო აღმოსავლეთში მიავლინა სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ისრაელში ამ კვირის ბოლოს იქნება. როგორც ისრაელის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, ის თავის თვალით დაინახავს და დარწმუნდება, რომ სამხედრო ოპერაციის გაგრძელება მართლაც აუცილებელია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ადარდებს როგორც შარონს, ისე ბუშს, არის საკითხი, რა უნდა უყონ არაფატს. ისრაელს ის ქალაქ რამალაში, მის შტაბ-ბინაში ჰყავს გამომწყვდეული, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ავტორიტეტი პალესტინელთა შორის. მაგრამ შარონმა არაფატი მტრად გამოაცხადა, ხოლო ბუშმა მას მატყუარა უწოდა და ამ გამონათქვამების შემდეგ მასთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იქნება.

ისრაელის პრესა ვარაუდობს, რომ პაუელი შესთავაზებს შარონს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაიწყოს დიპლომატიური მოლაპარაკებები პალესტინელებთან, მაგრამ არა არაფატთან.

ამასობაში ისრაელის მთავრობა ეძებს არგუმენტებს, რომლებიც დაარწმუნებს ამერიკელებს, რომ სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია და შეასუსტებს ვაშინგტონის ზეწოლას ისრაელზე. ერთ-ერთი ასეთი არგუმენტია, რომ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისა და გენერალ ენტონი ზინის მისიების წარმატებას ხელი შეუშალა ტერორისტულმა აქტებმა და სახელწიფო მდივნის მისიას უფრო მეტი შანსები ექნება, თუ ისრაელი შეძლებს ტერორისტული ინფრასტრუქტურის ამოძირკვას.

ისრაელი ცდილობს სიტუაციის განმუხტვას ნებისმიერი გზით. ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს არაბ ლიდერებს ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე.
ადრე შარონი მიესალმა საუდის არაბეთის ინიციატივას, რომელიც ისრაელს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის სანაცვლოდ ყოვლისმომცველ მშვიდობას სთავაზობს. მაგრამ შარონმა თქვა, რომ ის ვერ დათანხმდება პალესტინელთა ლტოლვილების დაბრუნებაზე, ხოლო რაც შეეხება საზღვრებს, ეს მოლაპარაკებების საგანია.

ინიციატივა, რომელიც ფორმულირებულ იქნა არაბთა სამიტზე ბეირუთში, მარტის ბოლოს, პირველად აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას.
XS
SM
MD
LG