Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი ბრძანებით მისცეს რუს ოფიცრებს ბათუმში წასვლის უფლება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოფელ სიმონეთთან ბლოკირებულ ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების ავტოკოლონას 24 საათიანი იძულებითი ლოდინის შემდეგ ბათუმისკენ გამგზავრების უფლება მისცეს.

მხარეებმა ინციდენტი ამუწურულად ჩათვალეს, თუმცა დღემდე გაუგებარია, რამდენად კანონიერი იყო რუსეთის ოფიცრების ჯერ ბლოკირება და შემდეგ გათავისუფლება.


ამ კითხვაზე პასუხს ის ქუთაისელი სტუდენტებიც ითხოვდნენ, რომლებმაც 1 ოქტომბერს, სიმონეთთან ბლოკირებული რუსეთის სამხედროების თბილისში დაბრუნების მოთხოვნით, სახელდახელო აქცია გამართეს. თუმცა მოულოდნელად საქმეში ცენტრი ჩაერია: საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ტელეფონით დაუკავშირდა ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდლის მოადგილეს პოლკოვნიკ ვლადიმირ ტიხონოვს და ბათუმისკენ გადაადგილების უფლება მისცა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებას ადასტურებს ქუთაისის გარნიზონის უფროსი კობა ლაჭყებიანიც, რომელმაც წინა დღეს, 30 სექტემბერს, ორი ავტომატით შეიარაღებული ოფიცრისა და ერთი სნაიპერის დახმარებით, ვირტუოზულად შეასრულა დავით თევზაძის წინა ბრძანება: სოფელ სიმონეთთან შეაჩერა 7 მსუბუქი მანქანისა და ერთი ავტობუსისგან შემდგარი ავტოკოლონა, რომელსაც 39 სამხედრო მოსამსახურე თბილისიდან ბათუმში მიჰყავდა იქ განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის ინსპექტირებისთვის.
ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს პრობლემა ექმნებათ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას. გემახსოვრებათ, აპრილის დასაწყისში, შესაბამისი ნებართვის უქონლობის გამო, თბილისში დააკავეს სამი საბარგო ავტომანქანა, რომელსაც ამუნიცია და საკვები პროდუქტი გადაჰქონდა ახალქალაქის ბაზაში. ორი კვირის წინათ, ასევე თბილისში, დააკავეს ოთხი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ყოფილ სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ნაწილში მსახურობენ და თბილისში, თითქოს, ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ. დაკავების მიზეზი კი გახდა ის, რომ ექსკურსანტებს პასპორტში საქართველოს ვიზა არ ჰქონდათ.
რუსეთის მხარის განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, ახალქალაქის ბაზის 100 ჯარისკაცს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვადა ამოეწურათ, არა აქვს რუსეთში დაბრუნების საშუალება იმავე მიზეზით. როცა ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი არ მოქმედებდა, ახლა კი, სავიზო რეჟიმის პირობებში, საზღვრის გადალახვა მათთვის პრობლემად იქცა.
სოფელ სიმონეთთან მომხდარი გაუგებრობის მშვიდობიან დასრულებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომლის განმარტებითაც, რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესები არ დაურღვევიათ.
სხვათა შორის, 1 ოქტომბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. “არასასურველ პირთა” სიის შექმნის თაობაზე, რომელშიც, საერთაშორისო პრაქტიკის ნორმების გათვალისწინებით, ის საჯარო პირები შევლენ, ვინც თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის კონსტიტუციას და მის მოსახლეობას. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თავისუფლების ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კავკასიური ინსტიტუტი, პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის, საზოგადოების კვლევის ცენტრი და ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, “არასასურველ პირთა” კანდიდატებად, დუმის ვიცე-სპიკერ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან, ფედერაციის საბჭოს წევრ მარგელოვსა და გენერალური შტაბის უფროს კვაშნინთან ერთად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვიც არის დასახელებული.
XS
SM
MD
LG