Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აზოტის” ეპოპეაში ”იტერა” იმარჯვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ის პროექტი, რომლის შესახებაც პოლიტიკურ წრეებში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დისკუსიები არ წყდებოდა და რომელიც

არც მომავალში დარჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა.

პრეზიდენტმა მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე ხელი მოაწერა ბრძანებულების პროექტს, რომლის თანახმად, სააქციო საზოგადოება ,,აზოტის” აქციათა 90 პროცენტი საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფ ,,იტერას,” პირდაპირი წესით, 500 ათას აშშ დოლარად მიეყიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მანამდე, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მონაწილეობით, სამშაბათს სატენდერო კომისიამ მიიღო. ამგვარად, ”იტერას” რამდენიმეწლიანმა ოდისეამ და სხვადასხვა ფორმით ზეწოლამ ლოგიკური შედეგი გამოიღო და საქართველოს მრეწველობაში ლამის ერთადერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალის მქონე წარმოება, რომლის აქტივები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად იყო შეფასებული, ნახევარ მილიონად ”ჩაიჯიბა”.

”აზოტის” მფლობელი გახდა კომპანია, რომელსაც არაერთხელ შეუსრულებია საქართველოს მიმართ რუსული, არცთუ კეთილგანწყობილი, პოლიტიკის ეკონომიკური ბერკეტის როლი. მიუხედავად ამისა,
შევარდნაძის განცხადებით, მას ,,სულაც არ აშინებს” ის, რომ ,,აზოტი” რუსულ კომპანიას მიეყიდა, მით უფრო, რომ ,,იტერა” ამერიკელებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ამასთან, პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ,,აზოტის” დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის საწარმოში დარჩენას.
ოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესგეგმის თანახმად, 2003 წლის პირველ ნახევარში ,,იტერა” “აზოტში” განახორციელებს 3 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციებს, მომავალი წლის ბოლოსათვის 5 მილიონ 100 ათას აშშ დოლარს დააბანდებს, 2004 წელს კი - 5 მილიონ 400 ათასს აშშ დოლარს.
ბიზნესგეგმის მიხედვით, ”იტერა” ვალდებულებას იღებს, რომ ,,აზოტში” მომუშავე პერსონალი შენარჩუნდება და საწარმოში დასაქმებული 3 400 ადამიანის საშუალო ხელფასი 2003 წელს 300 ლარით განისაზღვრება, მომდევნო ორ წელიწადში 30-30 პროცენტიანი მომატებით.
,,იტერამ” ვალდებულება იკისრა 3 წელიწადში გაისტუმროს საწარმოს 100 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება, საიდანაც 33 მილიონი საბიუჯეტოა. ამასთან, ,,იტერა” ამ ვალების ნაწილის წარმოშობას საეჭვოდ მიიჩნევს. სამაგიეროდ, ”იტერას” სრულებითაც არ აეჭვებს ის ვალდებულებები, რომელიც ”აზოტმა” ბოლო წლებში მის მიმართ დააგროვა და რომლის წყალობითაც მან ხელში ჩაიგდო ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქიმიური საწარმო.

ოპოზიცია ამ გარიგების მიმართ ყოველთვის სერიოზული სკეფსისით იყო განწყობილი, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც პრეზიდენტის ნების მიხედვით გადაწყდა, რამაც პოლიტიკოსებს შევარდნაძეზე იერიშის მიტანის კიდევ ერთი მიზეზი მისცა.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” სააქციო საზოგადოება “აზოტის” პრივატიზაციის წინააღმდეგი გამოდის.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა შეეწინააღმდეგება “აზოტის” პრივატიზებაზე საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფ “იტერასთან”.
მერაბიშვილის თქმით, “აზოტის” სასწრაფო წესით პრივატიზება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის კლანის ინტერესებშია, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე “აზოტი” მმართველი “მოქალაქეთა კავშირის” დაფინანსების წყარო გახდეს.
მისი მტკიცებით, “აზოტის” ქსელების გაყიდვა საერთაშორისო კონკურსით უნდა მომხდარიყო.
პარლამენტარის თქმით, ფრაქციები “ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” და “დემოკრატები” უკვე მომავალ კვირაში აღნიშნულ საკითხს ერთობლივ სხდომას მიუძღვნიან, სადაც დაფიქსირდება ორივე ფრაქციის საერთო პოზიცია მთავრობის იმ წევრების პასუხისმგებლობის თაობაზე, ვინც ხელი მოაწერა “აზოტის” აღნიშნული წესით პრივატიზებას.

გასულ კვირაში რუსული თემა საკანონმდებლო ხელისუფლებაში მხოლოდ ”იტერას” ირგვლივ აგორებული სკანდალით არ დასრულებულა.

ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება “საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრის შესახებ”.

პარლამენტარებმა მთავრობას დაავალეს სამი თვის ვადაში დათვალოს რუსული მხარის დავალიანება 1992 წლიდან მიწითა და უძრავი ქონებით სარგებლობისათვის და ანგარიში რუსეთს წარუდგინოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ამ თანხამ შეიძლება 704 მილიონი დოლარი შეადგინოს.
6,5 მილიონი დოლარით განისაზღვრება საკომუნიკაციო ხარჯები.
გარდა ამისა, ქართული მხარე 10-15 მილიარდი დოლარით აფასებს რუსეთის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოსათვის მიყენებულ ეკოლოგიურ ზარალს.
ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, რუსული მხარის დავალიანება რამდენჯერმე აღემატება იმ ვალს, რომელიც საქართველოს რუსეთთან დაუგროვდა და რომელიც, ენერგეტიკულ თემასთან ერთად, პოლიტიკური სპეკულირების ერთ-ერთ მექანიზმად აქვს არსენალში ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. მაგრამ აქ ერთია საქართველოს პარლამენტში დასმული საკითხი სამხედრო ბაზების განთავსებაზე გადასახადის გადახდის შესახებ და მეორე - საერთო პოლიტიკური ნება. კანონმდებლებს არაერთხელ დაუსვამთ საკითხი რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანისა და 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მაგრამ დღემდე ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ამასთან, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საზოგადოებისა და თავად რუსეთის დამოკიდებულება ფულადი კომპენსაციისადმი. მაგრამ ყველაზე საყურადღებო საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებაში არის ის, რომ საქართველოს თავისი, არცთუ საფუძველს მოკლებული, ულტიმატუმების წამოყენება შეუძლია, რაც ყოველთვის იძლევა პრინციპული და არაკაპიტულანტური პოლიტიკის გატარების შანსს. სამწუხაროა, რომ ამ შანსს თითქმის არასოდეს ვიყენებთ.
XS
SM
MD
LG