Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ქსენოფობიის მსხვერპლი ტაჯიკებიც ხდებიან


დავით პაიჭაძე, პრაღა უმძიმესი ეკონომიკური პირობები აიძულებს ათასობით მამაკაცს ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან, სამუშაო რუსეთში ეძებოს. ბევრი მათგანი ტაჯიკია. მათი უმეტესობა რუსეთში უკანონოდ მუშაობს.

შესაბამისად, ან იჭერენ, ან იძულებით აბრუნებენ სამშობლოში. ამავე დროს, სულ უფრო იზრდება იმ ტაჯიკთა რიცხვი, რომელთაც ტაჯიკეთში მიასვენებენ: ისინი ან მოკლეს, ან სამუშაო ადგილებზე სხვადასხვა შემთხვევას ემსხვერპლნენ.

ტაჯიკეთის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსეთში მათ თანამოქალაქეებს სულ უფრო ხშირად კლავენ ან სასტიკად ეპყრობიან. ტაჯიკეთის ტრანსპორტის მთავარი პროკურორი, ყურბონალი მუხაბატოვი აღნიშნავს:

[მუხაბატოვის ხმა]: "ამა წლის პირველი 6 თვის მანძილზე ტაჯიკეთის 211 მოქალაქის გვამი ჩამოასვენეს ქვეყანაში. მათგან 42 მოკლეს, 61 უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, 81 ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა".

მუხაბატოვს არ უთქვამს, რა იყო დანარჩენი 27 ტაჯიკის სიკვდილის მიზეზი.

მუზაფარ ზარიპოვი ადამიანის უფლებათა დაცვის ტაჯიკურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს მოსკოვში. ის ამბობს, რომ რუსეთში მყოფი 800 ათასი ტაჯიკიდან 60% მაინც არალეგალურად მუშაობს. ასეთი მუშაობით თვეში 200 დოლარს შოულობენ, როცა ტაჯიკეთში ერთი თვის ხელფასი 10-15 დოლარია. უკანონო მუშახელი განსაკუთრებით მოწყვლადია თავდასხმების წინაშე. ზარიპოვის თქმით, თავდასხმის მსხვერპლი ტაჯიკები, როგორც წესი, ხელისუფლებას არ ატყობინებენ თავდასხმის ფაქტს, რადგან ეშინიათ, რომ დასჯიან ან დეპორტირებული იქნებიან. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები თავადაც ატერორებენ ტაჯიკებს:

[ზარიპოვის ხმა]: "ორი თვის წინ იყო ასეთი შემთხვევა: მიტიშჩიში, ღამის ორ საათზე ბინაში მილიცილელები შეიჭრნენ და ასე ვთქვათ, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას, ერთი ტაჯიკი წიხლების ცემით მოკლეს".

ელენა ბურტინა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო მხარდაჭერის კომიტეტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთში მყოფ ლტოლვილებს ეხმარება. მისი თქმით, შარშან, მოსკოვში "ნორდ-ოსტის" ტრაგედიის შემდეგ გაუარესდა დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, ვისაც აღწერენ, როგორც კავკასიური ეროვნების პირს. აუცილებელი არ არის, ის მართლაც კავკასიიდან იყოს, საკმარისია, ოდნავ მუქი კანი ან აზიური გარეგნობა ჰქონდეს.

[ბურტინას ხმა]: "ტაჯიკებს მართლაც ხშირად ავიწროებენ მილიციელები. მილიციის გარდა, ე.წ. კავკასიური და აზიური ეროვნების პირებს თავს ესხმიან სკინჰედებიც".

ბურტინა ამბობს, რომ ბევრი სასოწარკვეთილი ტაჯიკი მივიდა მასთან და ფული სთხოვა ახლობელთა გადასასვენებლად.

ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ალექსანდრ პოდრობინეკი სააგენტო "პრიმა ნიუსს" ხელმძღვანელობს, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას. რადიო თავისუფლებას მან განუცხადა, რომ რუსები თანდათან უფრო ქსენოფობები ხდებიან. ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს უხუჭავენ ძალადობას უცხოელთა წინააღმდეგ და ამით მეტად აქეზებენ თავდამსხმელებს.

[პოდრობინეკის ხმა]: "უწინარესად ეს გამოიხატება იმათ დაუსჯელობაში, ვინც უდანაშაულო ადამიანებს ესხმის თავს. მოსკოვში უამრავი მილიციელია, სხვა ქალაქებთან შედარებით, გაძლიერებული პატრულირებაა და მაინც ძალიან ხშირია ძალადობა და ექსტრემისტული გამოხტომები არასლავური გარეგნობის ადამიანთა წინააღმდეგ. ეს ძალადობა, პრაქტიკულად, არასოდეს ისჯება. საქმე ძალიან იშვიათად მიდის სასამართლომდე და მაშინაც სიმბოლური სასჯელით მთავრდება".

უცხოელთაგან მხოლოდ ტაჯიკებს არ ესხმიან თავს. სამოქალაქო მხარდაჭერის კომიტეტის წევრი, ელენა ბურტინა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ის შეხვდა ქართველ, სომეხ და ავღანელ იმიგრანტებს. საშინელება იყო - თქვა ბურტინამ - თითქმის ყოველ მათგანს დასხმიან თავს ან უცემიათ რუსეთში. ამასთან, ხელისუფლებას არასოდეს გაუგია ეს მსხვერპლისაგან.
XS
SM
MD
LG