Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება


საქართველოში არსებული სიტუაციისა და ქვეყნის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესის გასაცნობად თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება.

ტერი დევისი აცხადებს, რომ განსაკუთრებულადაა დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივით, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სამშვიდობო გეგმა სწორედ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან შესთავაზა.
საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა პარასკევს გაიმართება, პირველი კი, ვისი აზრიც ტერი დევისმა თბილისში ამჟამინდელი ვიზიტისას მოისმინა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა კომისიის ყოფილი მომხსენებელი ტერი დევისი, რომელმაც 1999 წელს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, საქართველოს რეკომენდაცია გაუწია, 6 წლის თავზე თბილისს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სტატუსით ეწვია.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ევროსაბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულება და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაა ის საკითხები, რომლის განხილვასაც ტერი დევისი საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას აპირებს. პირველი, ვისი აზრითაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დაინტერესდა, არასამთავრობო სექტორი იყო:

[თინა ხიდაშელის ხმა] ,,ჩვენ შევეცადეთ, რომ მიგვეწოდებინა ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. როგორც წესი, ის განსხვავდება ხოლმე ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან და, ალბათ, ესეც არის მიზეზი იმის, რომ ყოველი ჩამოსვლის დროს ევროსაბჭოს სხვადასხვა დელეგაციები ყოველთვის გვხვდებიან.” (სტილი დაცულია)

იურისტ თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განიხილებოდა პოლიტიკური პლურალიზმის მხრივ საქართველოში არსებული საკმაოდ რთული სიტუაცია, ოპოზიციის ამჟამინდელი მდგომარეობა და ფაქტობრივად ერთპარტიული მმართველობის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევისს საქართველოში ადამიანთა წამების შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების ამჟამინდელი ხარისხისადმი საკუთარი პოზიციაც გააცნეს:

[ტერი დევისის ხმა] ,,მე მზად ვარ დიალოგისთვის. მოვისმინე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. გარკვეული სასიკეთო ცვლილებები არის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ამ თემას პრეზიდენტთან შეხვედრისას განვაგრძობ. საუბარი შეეხება სამშვიდობო ინიციატივასაც, რომელიც საქართველომ გამოთქვა.”

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ განსაკუთრებულადაა დაინტერესებული იმით, თუ რა კონკრეტული სახე მიიღო სამშვიდობო ინიციატივამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას იანვარში, ევროსაბჭოში გამოსვლისას, შესთავაზა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ტერი დევისის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ევროპის საბჭოსადმი საქართველოს ვალდებულებების შესრულებაა. ამ პროცესზე ხუთშაბათს გენერალურ მდივანს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,სერიოზულად დავაჩქარეთ პროცესი ამ რეკომენდაციების შესრულებისა. ის ახალი გრაფიკი, რომელიც ევროსაბჭომ დაგვიწესა კონვენციების რატიფიკაციით, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებით ნაწილობრივ სრულდება, თუმცა, გვაქვს ის ვალდებულებებიც, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო უახლოეს ხანში ვერ ვასრულებთ.” (სტილი დაცულია)

ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება დეპორტირებული მესხების დაბრუნებაა, რასაც ევროსაბჭო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და საქართველოს კიდევ რამდენიმე წლის ვადას აძლევს. თუმცა შემოდგომამდე აუცილებლად უნდა დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მზადება. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დოკუმენტის - მათ შორის, სოციალური ქარტიის და ეთნიკური უმცირესობების დაცვის კონვენციის - რატიფიცირება უნდა განახორციელოს. ამავე პერიოდში ევროპის საბჭო საქართველოსგან მოითხოვს აჭარის ამჟამინდელი ავტონომიური მოდელის შეცვლას, მისთვის ფართო უფლებების მინიჭებას და გასული წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG