Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონკურენცია იმატებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 მარტს აბიტურიენტების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

იმის თაობაზე, თუ რამდენი აბიტურიენტი ეცდება წელს სახელმწიფო გრანტის მიღებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ზუსტი მონაცემი 16 მარტს ექნება. დაახლოებით ერთ თვეში ისიც გახდება ცნობილი, რომელ ფაკულტეტს და უმაღლეს სასწავლებელს ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები. ერთადერთი, რაც დღეს დანამდვილებით ცნობილია, ის გახლავთ, რომ წელს მისაღებ გამოცდებზე კონკურენცია გაიზრდება.

ბოლო სამი-ოთხი დღეა, თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, ახალგაზრდების სიმრავლეა. როგორც ქართველებს გვჩვევია, აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღისთვის გადადო, ახლა კი რიგში და ჭეჭყვაში უწევს საგამოცდო ანკეტის შევსება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრში რეგისტრაციას ის აბიტურიენტები გადიან, ვინც სკოლა შარშან ან კიდევ უფრო ადრე დაამთავრა. ამ ახალგაზრდებს შორის მრავლად არიან ისინი, ვინც ბედს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეორედ ცდის:

[გოგონას ხმა] "ქულები დამაკლდა, მაგრამ ჩემზე ნაკლებქულიანებიც მოეწყვნენ. უცხო ენებზე ვაბარებდი პედაგოგიურში."

[გოგონას ხმა] "გეპეიში ვაბარებდი და დამაკლდა ქულები."
[ბიჭის ხმა] "სამედიცინოზე, სტომატოლოგიურზე."
[ბიჭის ხმა] "შარშან სატრანსპორტოზე ვაბარებდი. ფრანგულში ჩავიჭერი."

სტაჟიანი აბიტურიენტები ამბობენ, რომ წელს ისინი გამოცდებისთვის უკეთ არიან მომზადებულები - ეს განსაკუთრებით ე.წ. უნარ-ჩვევების გამოცდას ეხება:

[გოგონას ხმა] "უნარებში უფრო გამოცდილი ვარ. ახლა ვიცი, როგორ უნდა მოვემზადო. შარშან არ ვემზადებოდი."
[გოგონას ხმა] "ჩვეულებრივად მოვემზადე და ვერ ჩავაბარე. ახლა განსაკუთრებულად ვემზადები მასწავლებლებთან."
[ბიჭის ხმა] "შედარებით მომზადებული ვარ."

მათ შორის, ვინც წელს კიდევ ერთხელ ცდის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, ერთი ისეთი ადამიანიც აღმოჩნდა, ვინც შარშან გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ წელს ისევ გადის გამოცდებზე:

[ბიჭის ხმა] "სდასუ-ში ჩავაბარე. წელს ESM-ში ვაბარებ. ახლა აუცილებლად ჩავაბარებ."

"წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონკურენცია მეტი იქნება", - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილაძე:

[სოსო გოგილაძის ხმა] "გასულ წელს, განსხვავებით სხვა წლებისგან, ადგილი ჰქონდა ერთ ფაქტს: უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩა დაახლოებით 14 ათასი ადამიანი. 2005 წლის წინა წლებში ასეთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი: ფაქტობრივად, იმდენი ადგილი იყო უმაღლეს სასწავლებლებში, რამდენი მსურველიც. ეს ეხება განსაკუთრებით კერძო უმაღლეს სასწავლებლებს. როცა ჩატარდა აკრედიტაცია, პირველ კურსზე მისაღებთა რაოდენობა შემცირდა. ამან გამოიწვია ის, რომ 14 ათასი აბიტურიენტი დარჩა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ."

წელს რეგისტრაციისას ახალი წესი იქნა შემოღებული: მეთერთმეტეკლასელები რეგისტრაციას საკუთარ სკოლაში გადიან - შეგახსენებთ, შარშან რეგისტრაცია მხოლოდ რესურს-ცენტრებში იყო ნებადართული. სოსო გოგილაძის აზრით, ამით ცენტრს საქმე გაურთულდა. სამაგიეროდ, აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა:

[სოსო გოგილაძის ხმა] "ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოსახერხებელი და გაადვილებული პროცედურა იყოს. ტექნიკური მხარე მაინც. რეგისტრაციის პროცესი შარშან გართულებული იყო იმით, რომ, დავუშვათ, სარეგისტრაციო პუნქტში სოფლებიდან უნდა ჩასულიყვნენ რეგიონულ ცენტრში. ეს გარკვეულ უხერხულობას ნამდვილად ქმნის. ზოგჯერ უწევდათ ორჯერ ჩასვლა - როცა დარეგისტრირდებოდნენ და შემდეგ. თუ შეცდომა იქნებოდა, მეორედ უწევდათ მისვლა."

რამდენი აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ეს მხოლოდ 16 მარტს გახდება ცნობილი, როცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას მიიღებს სკოლებიდან. თბილისის 23-ე საშუალო სკოლის დირექტორმა ნატო გაბოშვილმა ნამდვილად იცის, რომ მისი სკოლიდან გამოცდებში 47 მეთერთმეტეკლასელიდან 44 მიიღებს მონაწილეობას. სკოლის კურსდამთავრებულთა შარშანდელი წარმატების შემდეგ, ის ფიქრობს, რომ წელსაც არაერთი 23-ე სკოლელი გახდება სტუდენტი.

[ნატო გაბოშვილის ხმა] "43-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. აქედან აბარებდა 39. ჩაირიცხა 32. 32-იდან 14-მა გრანტი მოიპოვა ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიცაა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი - ჩაირიცხა სამი მოსწავლე. კავკასიის ბიზნესსკოლაში 7 მოსწავლე ჩაირიცხა. ანუ გვაქვს ნორმალური მონაცემები, მაგრამ გვინდა მეტი."

აქვე გეტყვით, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს ხანში იმ პირველკურსელთა აკადემიური მოსწრების გამოკვლევას აპირებს, ვინც უმაღლეს სასწავლებელში პირველი ეროვნული გამოცდების შედეგად მოხვდა.
XS
SM
MD
LG