Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვური დღიური


მოსკოვში ჩასვლას ჩემთვის არა მხოლოდ სივრცეში გადაადგილების, არამედ წარსულში მოგზაურობის მნიშვნელობაც აქვს: ის არა მხოლოდ რუსეთის დედაქალაქია, არამედ იმ სახელმწიფოსიც, რომელშიც მე დავიბადე და რომლის მოქალაქეც 21 წლის მანძილზე ვიყავი. მოსკოვი არასდროს აღმიქვამს ჩემი სამშობლოს დედაქალაქად, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩემთვის მშობლიური, ჩემი ბავშვობის ქვეყანა იყო, თავისი „Ну, погоди“-თ თუ „В гостях у сказки“-თ, „მაროჟნით“ და „დათუნია“ შოკოლადით, რომელიც ყველაზე გემრიელი მხოლოდ მოსკოვში მოიპოვებოდა. მე მთელი ბავშვობისა თუ მოზარდობის ასაკში ძალიან მრცხვენოდა, რომ, განსხვავებით ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრისაგან, მოსკოვში არ ვიყავი ნამყოფი. „დედაქალაქში“ ჩასვლაც პირველად მხოლოდ მაშინღა მოვახერხე, როდესაც ის ჩემი ქვეყნის დედაქალაქი აღარ იყო. მაგრამ მოსკოვი, კერძოდ კი პუშკინის ძეგლი, სრულიად შემთხვევით ჩემი პირველი დიდი სასიყვარულო ისტორიის ხსოვნის ადგილად იქცა და ამიტომ რიტუალივითა მაქვს მოსკოვში ყოფნისას ამ მიდამოების მოხილვა. ახლა კი მოსკოვი იმ სახელმწიფოს ცენტრია, რომელიც საქართველოსთან „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომაც ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელთან ერთადაც მოსკოვში ოთხი დღით ვიყავი, ჩვენს მოგზაურობას ინგლისური კინოკომედიის სახელი, „მისტერ პიტკინი მტრის ზურგში“ უწოდა.

მოსკოვში ჩვენი მასპინძელი იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, რომელმაც მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიგვიწვია. ფილოსოფიის ინსტიტუტის გასწვრივ მდებარეობს ახალი მოსკოვის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა – Храм Христа Спасителя (ქრისტე-მაცხოვრის ტაძარი), რომელსაც პოპულარულმა რუსმა მწერალმა ვიქტორ პელევინმა Храм Христа Спасателя (ქრისტე-მაშველის ტაძარი) უწოდა. ეს ტაძარი ნაპოლეონზე გამარჯვების აღსანიშნავად აიგო, შემდეგ კი 1931 წელს დაანგრიეს „საბჭოების სასახლის“ ასაშენებლად, რომლის მშენებლობაც ვერ მოხერხდა და უკვე ელცინის რუსეთში ტაძრის რეკონსტრუქციას შეუდგნენ. ჩემი განცვიფრება კი თეთრი მარმარილოს ფასადებზე სპილენძის ბარელიეფებმა გამოიწვია, რომელზედაც, მართლმადიდებლური არქიტექტურისათვის სრულიად უჩვეულოდ, რუსი ხალხის დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლის პანორამაა გამოსახული. ამ ტაძრის დანგრევასთან ერთად კი სტალინური არქიტექტურა დაიბადა, რომელმაც თითქოს მისი ფასადებიდან გადაიღო პანორამული ბარელიეფების სტილი. ასე რომ, განახლებული ტაძარი იდეალურად შეერწყა მოსკოვის კოლოსალურ სტალინურ არქიტექტურას და სტალინიზმი და მართლმადიდებლობა ერთი მედლის ორ მხარედ გამოსახა. გარდა ამისა, ამ ტაძრის რეკონსტრუქციამ მთელ პოსტსაბჭოთა სამართლმადიდებლოში ახალი ეკლესიების მშენებლობის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მის პარალელურად თბილისში წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დაიწყო და მალე თბილისმა მოსკოვს ეკლესიათა მშენებლობის ტემპებსა და რაოდენობაშიც აჯობა და ზომა-წონაშიც. საერთოდაც, ჩემთვისვე სრულიად მოულოდნელად, ახალმა, 20 მილიონ მობინადრემდე გაზრდილმა მოსკოვმა თბილისი მომაგონა. ასეთ შეგრძნებას მოსკოვის მეტროში ქართულად მეტყველთა, ხოლო ქუჩებში ქართულ რესტორანთა სიხშირეც აძლიერებდა. თბილისი დაპატარავებულ, მაგრამ, ამავე დროს, კონცენტრირებულ მოსკოვად წარმომიდგა, იმის გათვალისწინებითაც, რომ რაოდენობრივი ცვლილება თვისებრივშიც გადადის. თბილისში უგემოვნებობაც კი არანამდვილია, რაღაცის იმიტაციაა, რომლის „ორიგინალიც“ სადღაც სხვაგან მდებარეობს: დაცვიანი სახლები და ჯიპები, შარდენი და პეროვსკაია, გადაშენების გზაზე მდგარი ინტელიგენცია და წარმატებულთა ახალი ელიტა, „ლიბერალი“ ენჯეოშნიკები და გაბრწყინების მომლოდინე მოძღვრიანები – ყველაფერი მოსკოვური საზოგადოების მინიატურულ, მცირემასშტაბებიან ნაირსახეობად წარმომიდგა. თუმცა თუკი რუსეთი დიდია, საქართველოს ყველაფერი, რაც მისთვის ფასეულია, მოსკოვზე დიდი ზომისა აქვს: დიდი გული, დიდი საკათედრო ტაძარი, დიდი პრეზიდენტი.

ზურაბ წერეთლისეულმა პეტრე პირველის მონუმენტმა კი თბილისში ამავე ხელოვანის „წმინდა გიორგი“ და რუს და ქართველ ხალხთა ძმობის საბჭოურ-ერთმორწმუნეობრივი იდეა გამახსენა. მოსკოვში ისიც გვითხრეს, რომ ამ მონუმენტის მოცილება უნდათო, მაგრამ მისი დემონტაჟი დადგმაზე უფრო ძვირი ჯდება და საამისო თანხებს მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უძვირესი და უმდიდრესი ქალაქიც კი ვერ იმეტებსო. აი ამაშიც უფრო წარმატებულია საქართველო, სადაც ერთი მოცილებული საბჭოთა ძეგლის სანაცვლოდ, გველეშაპის თავებივით, რამდენიმე ახალი ქართულ-პატრიოტული მონუმენტი ამოიზრდება ხოლმე. დამხობილ ძეგლებზე ფიქრმა სტალინის საფლავის მონახულება მომანდომა. მე და ზაალი წითელი მოედნისაკენ ფეხით გავემართეთ, მაგრამ მისი მისადგომები მილიციისა და ომონის რაზმებით გადაკეტილი დაგვიხვდა. ამ დროს მოსკოველმა მეგობრებმა მობილურზე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, მანეჟის მოედანზე არ გახვიდეთ, ნეოფაშისტების თავყრილობააო. ჩვენ ტვერის ქუჩაზე წიგნების მაღაზიაში გვინდოდა გასვლა, მაგრამ გზა აგვერია და მხოლოდ რუსეთის დუმის შენობის დანახვაზეღა მივხვდით, რომ ზედ მანეჟის მოედანზე ვიდექით. უცებ მეტროს შესასვლელთან ჩემგან სულ რამოდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ვიღაცის მუშტმა ჩაიქროლა და ძალიან გამიხარდა, რომ ის მე არ მომხვდა. თუმცა კი ალბათ კაი სანახავი იქნებოდა ორი ქართველი ინტელექტუალის მოსკოვის ცენტრში გატყეპის სცენა და, ვინ იცის, იქნებ ჩვენს დასისხლიანებულ სახეებს დაემშვენებინათ რუსული თუ დასავლური პრესის სატიტულო გვერდები და ჩვენი დახეთქილი ტუჩებიდან წამოსულ სისხლს კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მსოფლიოსათვის რუსების მიერ ქართველების ჩაგვრის ფაქტი... მოკლედ, გერმანიაში ცხოვრებამ ჩვენს სახეებსაც დაუკარგა კავკასიურ-აზიური იერი და ამიტომაც ვერ აღმოვჩნდით ცუდ უცხოელებზე გაბრაზებული რუსი ფეხბურთის გულშემატკივრების აგრესიის სამიზნედ, რომლებიც, როგორც გვითხრეს, აზიელების მიერ მათი მოძმის მოკვლის გამო იყვნენ აბობოქრებულები.

იმ საღამოს მოსკოვის კინოს სახლშიც და ერთ დროს მის თბილისურ ფილიალშიც მოსკოვში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორის, დიმიტრი მამულიას ფილმის, „სხვა ზეცის“ ჩვენება იყო. ფილმი, რომელშიც არც ერთი რუსი მსახიობი არ თამაშობს, ძირითადად სპარსულ ენაზეა. მასში ნაჩვენებია ერთი ტაჯიკი მწყემსი, რომელიც თავის 12 წლის ბიჭთან ერთად მოსკოვში სამუშაოდ წასული და დაკარგული ცოლის მოსაძებნად ჩამოდის და უცებ რაღაც მისთვის სრულიად უცნობ სამყაროში აღმოჩნდება. „Москва – это ад“ („მოსკოვი ჯოჯოხეთია“), - ასე ჰქვია ჟურნალ „ოგონიოკში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს დიმიტრი მამულიასთან. ფილმის მოქმედება კი გიგანტური ქალაქის კულისებში ხდება, ერთგვარ პარალელურ სამყაროში, თავისი მორგებითა და ბორდელებით, გამოსაფხიზლებლებითა და საავადმყოფოებით, ბომჟებითა და გასტარბაიტერებით, რაც ფასადური რეალობის შიგნეულობას წარმოადგენს. კამერა ექოსკოპიასავით შედის ამ შინაგან ორგანოებში და მათი გაშუქებით თითქოს გარე სამყაროში გაუხილვადებულ საგნებს, მათ პირველად სახეს აჩვენებს. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ საგანთა უხილავი ბუნების დასანახად საჭიროა ხედვისა და შეგრძნების იმ განსაკუთრებული ორგანოს გამომუშავება, რომელიც დაბადებით არ გვეძლევა: საგანი შეიძლება ყოფით სფეროში იმყოფებოდეს, მაგრამ მისი გამომჟღავნება პოეტური ფიგურებითაა შესაძლებელი. პოეტურობის ენა კი გაუგებარია კლასობრივი, სქესობრივი თუ ეროვნული ნიშან-სტერეოტიპებით მეტყველებისას. თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დიმიტრი მამულიას ფილმში კინოში გათვითცნობიერებული ქართველი მაყურებლის ნაწილმა „მოსაწყენი ფილოსოფიური იგავი“ და რუსული კინოს ტრადიციები დაინახა; „ტარკოვსკის სუნი გვცემსო“, - ფეისბუკზეც ითქვა. რუსმა კინოკრიტიკოსებმა კი მას რუსული კინოს ისეთი სიახლე უწოდეს, რომელიც „მხოლოდ ას წელიწადში ერთხელ თუ ხდება“. არც ეროვნული სიამაყე შელახვია ვინმეს იმის გამო, რომ ქართველმა რეჟისორმა მოსკოვს ჯოჯოხეთი უწოდა და ამ ქალაქის ყველაზე ბნელი და შეუხედავი ადგილები გამოამზეურა. თავის დროზე არც მერაბ მამარდაშვილის მიერ რუსული ყოფითი კულტურისა თუ პოლიტიკური და სააზროვნო ტრადიციების ზოგჯერ საკმაოდ უხეში ფორმებით კრიტიკას აღუშფოთებია მისი რუსი მსმენელი. ქართული საზოგადოებისათვის კი მამარდაშვილი დღემდე მხოლოდ ერთი ფრაზით რჩება ცნობილი: „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!“ და ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის სამშობლოს გარდა სხვა ჭეშმარიტება უცნობია, ყველაფერი, რაც ჭეშმარიტების ამ ერთადერთი ცნობილი ფორმის საზღვრებს გარეთაა, მისთვის მტრული, საეჭვო ან, უბრალოდ, არასაინტერესო უნდა იყოს.

ბერლინში გამომგზავრების წინ ტვერსკაიაზე, პუშკინის ძეგლთან გავჩერდი, მაგრამ მივხვდი, რომ ყოფილი შეყვარებულის მიმართ პუშკინივით გულკეთილი ვერ ვიქნებოდი და ამიტომაც მისი ყველაზე ცნობილი ლექსის ბროდსკისეული ვერსია ლოცვასავით წარმოვთქვი: „Я вас любил, так сильно, безнадежно, как дай Вам бог другими... но не даст!“

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG