Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?


29 დეკემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „პირდაპირი საუბარი“ ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა პროგნოზი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას: განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი შეიძლება პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიას ჩაუდგეს სათავეში.

ეს პროგნოზი - იმის მიუხედავად, ასრულდება თუ არა - უკვე თავისთავად იწვევს ბიძგს ისედაც მოწყვლად პოლიტიკურ გარემოში. იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობა ორგვარ განცდას აჩენს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებში: იმედს და შიშს. შესაძლოა, გადადგომის პლუს-მინუსების ბალანსის დადგენა არის კიდეც ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა.

სიტყვას აღარ გავაგრძელებ იმის შესახებ, რომ, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის მართვაში. ასე რომ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილს სწორედ საპარლამენტო არჩევნების მოგება სჭირდება. 2013 წლიდან ქვეყანაში ძალაუფლების სამი ცენტრი იქნება: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ გახდება, ხოლო დანარჩენი ორის ვინაობას საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს. ჰოდა, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე სწორად იყო ინფორმირებული, როცა უცხოურ მედიას განუცხადა, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდებაო, ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გვარი საპარლამენტო სიაში ჩაიწერება (პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის აუცილებელია პარლამენტის წევრობა). კანონმდებლობის თანახმად, თუ პრეზიდენტი საპარლამენტო სიას ჩაუდგება სათავეში, ცესკოსთვის ამ სიის წარდგენიდან ორი დღის ვადაში უნდა გადადგეს (საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლი).

განვიხილოთ ორივე ვერსია - რა არის მოსალოდნელი პრეზიდენტის გადადგომის ან არგადადგომის შემთხვევაში?

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მას, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიანიჭებს უკლებლივ ყველა ოპონენტის წინაშე. გადადგომა იქნება მაუწყებელი, რომ სააკაშვილს რისკის არ ეშინია, რომ იგი საკუთარ თავს ენდობა და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის. მთელი ქვეყანა (და არა მხოლოდ) დაინახავს, რომ პრეზიდენტი თავის გუნდში და პოლიტიკურ ელიტაში პირველობას არ თმობს, კვლავ ძველებურ ფორმაშია და ხმები მისი ქარიზმის დაბერების შესახებ გადაჭარბებულია. საპარლამენტო სიის პირველ ნომრად მიხეილ სააკაშვილის გვარის ჩაწერა სიას მაქსიმალურად მყარს და მიმზიდველს გახდის. ამ ნაბიჯით ხელისუფლების მომხრეებს - უახლოესი გარემოცვით დაწყებული, რიგითი ამომრჩევლით დამთავრებული - მიხეილ სააკაშვილი პირადი მაგალითით დამუხტავს ბრძოლისთვის. აღმასრულებელი ვერტიკალის შუა და ზედა რგოლის მუშაკების მოტივაციის გაზრდისთვისაც არ არსებობს უფრო ეფექტური ნაბიჯი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის გვარის ჩაწერა სიის პირველ ნომრად. პირადად ჩემთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია არჩევნების მოსაგებად.

მაგრამ, მეორე მხრივ, გადადგომა უდიდესი საფრთხის შემცველია პირადად პრეზიდენტისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის პირველი პირი დავით ბაქრაძე ხდება. თუკი მიხეილ სააკაშვილი სრულად არ ენდობა პარლამენტის თავმჯდომარეს და იმ სახელისუფლო გუნდს, რომელსაც ბაქრაძე წარმოადგენს, გადადგომაზე ფიქრიც კი გამორიცხულია. რადგან საკმარისია, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ბერკეტებს ჩამოცილებული ყოფილი პრეზიდენტი საკმარისად დასუსტებულია, - სააკაშვილს საკუთარ გუნდში პრობლემები არჩევნების დღის დადგომამდე ბევრად უფრო ადრე შეექმნება.

კიდევ უფრო სერიოზულია საფრთხე ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნების წაგების შემთხვევაში. გავითვალისწინოთ, რომ ამჯერად მოქალაქე სააკაშვილს გაცილებით ძლიერი და გულწრფელი ოპონენტი ეყოლება, ვიდრე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰყავდა. თითოეულ ამომრჩეველს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ამჯერად იმდენად რეალური არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი, რომ მის შინაარსს წინასწარ ვერავინ ამოიცნობს. ხოლო თუ საპარლამენტო უმრავლესობას ივანიშვილის კოალიცია მოიპოვებს (თუნდაც, 50%+1 ხმით), სააკაშვილი გახდება პარლამენტის რიგითი წევრი, რომელსაც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ იმუნიტეტიც კი მოუხსნან. ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი, პირველ რიგში, ყველაზე უარეს ვერსიებს გაითვლისწინებს. ასე რომ, სათქმელად ადვილია, მაგრამ, სინამდვილეში, გადადგომა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს.

რას უნდა ველოდეთ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ გადადგება?

ცხადზე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის საარჩევნო გზავნილი იქნება მოკლე და მკაფიო: არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანიშვილი გახდება ქვეყნის პირველი პირი - პრემიერ-მინისტრი. ხოლო ნაციონალური მოძრაობის გზავნილი იქნება ვრცელი და ბუნდოვანი: ჩვენ გთავაზობთ არცთუ მიმზიდველ სიას იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ძალაუფლება და ერთი წლის შემდეგ ქვეყნის პირველ პირად, ანუ პრემიერ-მინისტრად, დავნიშნოთ ვინმე ჩვენიანი, ვთქვათ, გიგა ბოკერია, ან გიგი უგულავა, ან ვანო მერაბიშვილი ან, შესაძლოა, თავად მიხეილ სააკაშვილიც კი.

აქვე ვიტყვი: სრულიად არაადეკვატურად მიმაჩნია საუბარი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი, შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე გახდეს. არ მგონია, ან თავად პაატა ბურჭულაძისთვის და ან ნებისმიერი ამომრჩევლისთვის საინტერესო აღმოჩნდეს ამ მეტად პატივსაცემი ადამიანის მხედართმთავრობა სხვის ომში.

„შემოვლითი“ გზავნილი ამჟამინდელი პრეზიდენტის შესაძლო გაპრემიერების შესახებ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში „იმუშავებს“, თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი რეიტინგი იქნება ძველებურად მაღალი, ხოლო მისი პოლიტიკური ფიგურა - უალტერნატივო - მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის რიგებში. დღეისათვის, მიხეილ სააკაშვილის ქცევა და რიტორიკა მეტისმეტად ჩამორჩება საპრეზიდენტო სტანდარტს, რასაც, პირველ რიგში, მისი უახლოესი გარემოცვა ხედავს. ამიტომ, შიდა სახელისუფლო გუნდში კონკურენცია იზრდება და, საგანგებო ნაბიჯების გადაუდგმელად, მიხეილ სააკაშვილს გაუჭირდება თუნდაც თავისი ხუთკაციანი გუნდის დარწმუნება, რომ მას საკმარისი რესურსი დარჩა ქვეყნის პირველი პირის ფუნქციის შესასრულებლად.

თუ შევაჯამებთ, გამოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა მისი შინაგანი რესურსის მიმართ უნდობლობაა - როგორც ახლო გარემოცვის, ასევე მოსახლეობის მხრიდან. მან საკუთარ თავს და ყველა დანარჩენს უნდა დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია ნამდვილი ბრძოლა და ნამდვილი გამარჯვება. მისი მოგზაურობა საქართველოს ქალაქებში, ხალხთან შეხვედრა, სხვადასხვა „ობიექტის“ გახსნა, ბავშვების შეძახილები, სატელევიზიო ეთერები, ზღაპრული იდეები და ახალი წლის ორიგინალური მილოცვა: „მომავალ წელს სოხუმში!“ - თითქმის აღარაფერს ნიშნავს, რადგან თავიდან ბოლომდე ყალბია. ბრძოლა კი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილზე ნამდვილი ელის. ამ ბრძოლას ვერც პოლიცია მოიგებს, ვერც მედია, ვერც სასამართლო და ვერც საარჩევნო კომისია, რადგან ამ სეგმენტებიდან თითოეული მოჭოჭმანე მდგომარეობაშია: „ვაითუ, ივანიშვილმა გაიმარჯვოს?“ „ვაითუ, ბოკერია ან მერაბიშვილი პრეზიდენტის ზურგს უკან სხვა თამაშის მონაწილეები არიან?“ „ვაითუ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეთა კავშირის ბედი გაიზიაროს?“

ერთადერთი, ვისაც არ აქვს ჭოჭმანის უფლება, ვინც საკუთარ თავსაც და სხვებსაც სიმტკიცის მაგალითი უნდა აჩვენოს, მიხეილ სააკაშვილია.

ამიტომ, ბრძოლას მოიგებს ან წააგებს პირადად მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი მისი აქტიურობა ცრუაქტიურობაა და წასაგებად არის განწირული. ამას ბოლო ხანს დაშვებული მძიმე შეცდომებიც ადასტურებს. სააკაშვილმა რეალურად ძლიერი ნაბიჯებით უნდა გაიცოცხლოს ქარიზმა - თუკი ძალა შესწევს.

გამოდის, არგადადგომა ნაკლები საფრთხის შემცველია, მაგრამ გამარჯვების შანსს თითქმის არ ტოვებს; გადადგომა კი რისკს ზრდის, მაგრამ, ამავდროულად, მოგების რეალურ შანსს აჩენს.

გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი? To be, or not to be…

1995 წლიდან ვადევნებ თვალს მიხეილ სააკაშვილის კარიერას და, ვასილ მაღლაფერიძის მსგავსად, მეც დაბეჯითებით მგონია, რომ გადადგება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG