Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეცენზია: Kayakata - Sadaa


შეფასება: 9/10

საუკეთესოები: Polo Palace, Ghost Industrial Boys, Sarbeni

ისერა: Cash Credit, Hood Tennis

მოკლე შინაარსი: Kayakata-ს პირველი სრულფასოვანი ალბომი Sadaa უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ჯგუფისთვისაც და, ზოგადად, თანამედროვე ქართული მუსიკისთვისაც. ბოლომდე სრულყოფილი არ არის, მაგრამ, რამდენიმე ნაკლის მიუხედავად, ამიერიდან ყველა დროის საუკეთესო თანამდეროვე ქართული მუსიკალური ალბომების ნებისმიერი ჩამონათვალი Sadaa-ს გარეშე არასრული იქნება.

ძალიან გრძელი შინაარსი: „კაიაკატა“ თავიდანვე უცნაური, წინააღმდეგობებით აღსავსე ჯგუფი იყო.

ერთი მხრივ, მათი მუსიკა თანამედროვე, ამწამიერი ჰიპ-ჰოპის ტენდენციების გამოძახილია. ხშირად, სავარაუდოდ, შთაგონებას „სანდქლაუდის“ რეპერებისგან იღებენ. მეორე მხრივ კი, ზურა ჯიშკარიანს და მაქს მაჩაიძეს ყოველთვის ახლო კავშირი ჰქონდათ მამების ან სულაც დიდი პაპების სულისკვეთებასთან. ეს, შეიძლება, მაქსის შემთხვევაში, პირდაპირი გაგებით მამა იყოს ან, ზურას სულიერი წინაპრად თვითაღიარებული, ლეგენდარული სისონა დარჩია.

მუსიკა თან სრულიად უცხოურია (Dilas ჩვეულებრივად ჩაეწერებოდა ჩიკაგოს რომელიმე ჰიპ-ჰოპ კლუბის პლეილისტში), თუმცა, ამავე დროს, თავიდან ბოლომდე ჩვენებური - ტექსტი ყოველთვის საქართველოს შეეხება. ტრეკებსაც ქართულ სახელებს არქმევენ და ინგლისური ტრანსლიტერაციით წერენ.

ტექსტი თან თითქოს რეალისტურია - კორპუსების, სამზარეულოების, ლომბარდების გარშემო ტრიალებს, მაგრამ ეს რეალობა ყოველთვის ვარდისფერი, ციფრული სათვალიდანაა დანახული, საიდანაც მახინჯი კვარტლები ელექტრონულ გეტოებად მოჩანს, ასფალტის ბზარზე კი 8-ბიტიანი ყვავილი ამოსულა.

უცნაური კი ის არის, რომ ეს წინააღმდეგობები მათ მუსიკას უფრო კრავს, ვიდრე შლის. თითქოს ძალიან განსხვავებული მოცემულობები ჯგუფის მუსიკაში ორგანულადაა ჩაწერილი და მას მხოლოდ ხიბლს თუ მატებს.

Sadaa ჯგუფის პირველი ალბომად მოიხსენიება, თუმცა, ცხადია ეს მათი დებიუტი არ გახლავთ. „პირველ სრულფასოვანი ალბომი“ ქართული მუსიკის ლამის უკვე ვეტერანებმა ჩაწერეს („კაიაკატას“ წინამორბედის წინამორბედი, Kung-Fu Junkies 2007 წელს შეიქმნა). ბოლო ორი თუ რამდენი წელია, ჯგუფი ყველა ქართულ ფესტივალზე ჰედლაინერის სტატუსით გამოდის. ასე, რომ ალბომზე გადასვლამდე ორი სიტყვა აქამდე მომავალ გზაზეც უნდა ვთქვათ,

Kayakata აქამდე ყოველთვის უფრო ფორმა იყო, ვიდრე შინაარსი. უფრო განწყობა, ვიდრე თხრობა. ან, როგორც თავად ზურამ უკეთ ჩამოაყალიბა „კატების“ საპროგრამო ტრეკში – „მეტი ესთეტიკა და ნაკლები ეთიკა“.

ეს ესთეტიკა აგებულია ქართული რეალობის პარალელურ, მითიური აღქმაზე - გაჟღენთილია „ნარკატით“ და „კიბერნეტიკით“, „ტომებით“, რომლებიც თბილისიდან შანხაიმდე განფენილად. gang-ებით, რომლებიც „ცისარტყელას იყნოსავენ“, ტვინი ეხსნებათ, კვანტურ უკიდეგანობას ეზიარებიან და „ტეკენის“ თამაშს იწყებენ.

როდესაც კარგად გამოსდით, ზურას და მაქსს ამის აღწერაში ბადალი არა ყავთ. ეგაა „კაიაკატას“ პური და ყველი ან, გნებავთ, „ჰოfმანი და iso“. ერთი და იმავე იმიჯების სხვადასხვაგვარი გამეორება ჯგუფს ერთგვარ არამიწიერ აურას აძლევს და ორიგინალურ, ყველასგან განსხვავებულ სახეს უქმნის. თავს დავდებ, ზურა ბარში ვერ შევა ისე, რომ ვიღაცამ „ტომები აქ ვდგავართო“ შესძახოს.

თუმცა, აი ეს “მეტი ესთეტიკა“ მალევე და ადვილად გადადის ერთფეროვნებაში. „მიკროდოზები“„პერედოზებად“ იქცევა. ერთი ისაა, რომ, აბა, რამდენჯერ უნდა თქვა მახვილგონივრულად, რომ დილიდან illegal ხარ? რომ შენიანები ყველგან არიან? რომ sega atari nintento? რაღაც დროს ეს ხიბლად კი არა, სიზარმაცედ უფრო აღიქმება. აი, ერთხელ რომ გიზიარებს მეგობარი, „მოლის და ბოლის და დრამის“ ამბებს საინტერესოა. მაგრამ, როდესაც ამას უკვე მერამდენე ღამეს, მერამდენე დღეს აკეთებს, უკვე მოსაწყენი ხდება.

“ნაკლები ეთიკაც“ ბაზარი არაა, ვინ ოხერი... მაგრამ, აი, ხომ გინახავთ, ფანტასტიკურ ფილმებში უცებ ვირტუალური სათვალე რომ ითიშება ხოლმე და სინამდვილეს ხედავ? „კაიაკატას“ მოსმენისას, დროდადრო ჯგუფის მიერ დახატული ციფრული რეალობა მიქრება და საოცარი ახალი სამყაროს ნაცვლად გონებაში ბანალურ ყოველდღიურობას ვხედავ. იქ, სადაც გენგები მოლით გონებაგახსნილები კი არა, უგვანად გადახსნილები მოძრაობენ.როდესაც, შეკითხვაზე „ვისკენ?“ მზერას გალაქტიკებისკენ კი არა, იმისკენ ისვრიან, ვინც ფაქტს მოიტანს. როდესაც კრისტალები საშუალება კი არა, მიზანი ხდება. You know what I mean, brotha. ადრე თუ გვიან, ქალაქის თავზე დანთებული ჯოინტები ყროლდება.

თუმცა, ცხადია, „კატებს“ ამის მიღმაც ბევრი ჰქონიათ სათქმელი და საუკეთესო მომენტებსაც მაშინ ქმნიდნენ ხოლმე, როდესაც, კარმის კალკულატორებს მოისვრიდნენ - ან ბოლომდე უკიდეგანობაში გადიოდნენ და გრინჩის პირით შემოქმედს უთვლიდნენ - ვარსკვლავების დასების დალაგებისას ბასებს აუწიეო (მაგის მოსმენისას ყოველ ჯერზე მბურძგლავს), ან კი, პირიქით, სამზარეულოში ისხდნენ და ნახევრად სერიოზულად განიხილავდნენ, ნეტა რა მოხდება, ეგ უუმაგრესი სანთებელა რომ დათესოო (პასუხია - სავარაუდოდ, ხანძარი გაჩნდება).

პრობლემა ის იყო, რომ ბოლო ხანებში დასამახსოვრებელი მომენტები სულ უფრო და უფრო ნაკლები ჰქონდათ ხოლმე. როდის იყო, ერთი წელი გავიდა უკვე, როდესაც კვირაში თითო ტრეკს დებდნენ? ჰო, ცუდი არც ერთს ეთქმოდა, ფანებს გაუსწორდებოდათ, მაგრამ გადასარევიც რომ არ ყოფილა? რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ „კაიაკატა“ კლასის ხარჯზე გადიოდა იოლას - ხარისხს დებდა, მაგრამ აფეთქებები აღარ გამოსდიოდა.

მოვედით ახალ ალბომთან.

ჩემი აზრით საუკეთესო მეტაფორა ასეთია: Sadaa -ს „კაიაკატა“ შენი მეგობარია, რომელიც, თავის ოფოფებიანად გიყვარდა. ცოტა ხანს არ გინახავს, ერთ დღეს კი შეხვდით და ხედავ, რომ, მართალია, იგივე ტიპია, მაგრამ ბევრად წინ წასულა. უკეთეს ტანზე დგას, უფრო საკაიფოდ აცვია და ახალ და საინტერესო რამეებს გიყვება.

მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ Sadaa ტრეკების კოლექცია კი არა, ალბომია. სათანადოდ დასაფასებლად თავიდან ბოლომდე უნდა მოუსმინო. შეკრული, ერთიანი და მთლიანი ტიპია.

ამაში (და, ზოგადად ჯგუფის ზრდაში) ფოცხვრის წვლილი Sabanadze-ს მიუძღვნის - „კატების“ პროდიუსერს, ბიტმეიკერს თუ რაც ქვია...ნიკა საბანაძეს აქამდეც გაუკეთებია მკვლელი ბიტები, მაგრამ აქ კიდევ სხვა დონის ცოდნა ეტყობა. ემჩნევა, რომ ახლა ნიჭიერი კი არა, უკვე ოსტატია. ალბომი თავიდან ბოლომდე პროფესიონალურად, საინტერესოდ და გაბედულად ჟღერს.

(აქვე მივამატებ, რომ ამ რეცენზიაში ბიტების დეტალურ ანალიზს და რომელი საუნდი საიდან მოდის და როგორია, მაგის განხილვას ვერ შეხვდებით. მაგ მუსიკას უფრო გულით აღვიქვამ, ვიდრე გონებით და მაინცდამაინც კარგად მაგაში ვერც ვერკვევი. ვინც იცის, იმან განიხილოს.)

მარტო საბანაძე კი არა, ყველა გაზრდილი და დაღვინებულია და ეს ლამის ყველა ტრეკზე იგრძნობა. ჯერ მარტო Ghost Industrial Boys რად ღირს - თავისი არაამქვეყნიური დრამენბეისით, შუაში გრძელი და გადასარევი ჭედვით და მაქსის ფალცეტით. დესერტად კიდე გოგი ძოძუაშვილის პროექტთან ალუზიით.

ამ ალბომს „კაიაკატაა“ მეტი ესთეტიკით, რომანტიკით და ლირიკით მიუდგა. რაც, ჩვენში დარჩეს და, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო. კატები აქ მთელი სიჩქარით მიაჭრიან ხოლმე გოიმობის ზღვართან და ზედ ხაზზე დრიფტავენ - რბოლის ვიდეოთამაშებში იყო ხოლმე, საშიშ ზონაში გეწერებოდა სამმაგი და ხუთმაგი ქულები, ხაზზე გადასვლისას კი ყველაფერი გინულდებოდა. „კატები“ ფინიშთან უდანაკარგოდ მიდიან.

აი, მაგალითად, ზემოთ ნახსენებ Ghost Industrial Boys-ში „დილა საბანს გადაატარე / სულ სიმშვიდეში მატარე / წვიმაში კორპუსებს შემადარე“. ან, Sarbeni-ს „არასდროს არ გაიზარდო / ეს გული რომ სხვა გულს ანდო / არასდროს არ დაიდარდო / ნაწვიმარ სილაში ვარდო.“ ოდნავ ნაკლები ოსტატის ხელში ეს სიტყვები ყალბად გაიჟღერებდა, „კაიაკატა“ კი მათ ქულბლასტერიდან ბლასტავს.

Sarbeni სავსეა ამგვარი რბილი სითბოთი: „წყვდიადებში დაკარგულს ვუთხრა u’re not lost-ით“, ღამეების ციცინათელებივით მანათობელიველური ბავშვებით, იმავე ბავშვებით, რომლებიც ამჯერად კორპუსებს ღეჭავენ, თითქოს კომიქსის ფურცლები იყოსო.

რაზე ლაპარაკობენ კატები ყოველთვის გასაგები არ არის და არცაა საჭირო - ისედაც ასწორებს და ერთგვარ იდუმალებასაც სძენს. ზოგან ეტყობა, რომ არც არაფერია გასაგები - ცნობიერების ან რითმების ნაკადია. სხვაგან კი ვერ მიხვდები შეიძლება რამეს გულისხმობდნენ, შეიძლება - არა. მაგას მხოლოდ გენგების ენაზე მოლაპარაკეები ჩაწვდებიან. აი, მაგალითად - ფორთოხლის ფრეში, რომელსაც მაქსი წამდაუწუმ ახსენებს ხოლმე, რამის აღმნიშვნელი კოდია თუ, უბრალოდ კაი დასალევია და მაგიტომ? მათარა რა არის? რამე კონკრეტული მათარაა თუ შიფრია? ფერარი რა არის? ან, კიდევ უკეთესი, ჩემი ფერარი რა შეიძლება იყოს?

აზრზე არა ვარ, იდეაში აბსურდია, მაგრამ, იცით, მუშაობს.

სიტყვების ეს ნაკადიხან ასწორებს, ხან კი - ნაკლებად. მოწოდების ფორმაზე, მუსიკაზე და პონტზეა დამოკიდებული. Polo Palace-ის (ალბომის და, ზოგადად „კატების“ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის) ბოლოს მაქსის ჩაჭერა ბოლომდე გულთან მოდის: „პალასა ქარის / პილესოსს რთავს / მეტი მტვერი ვარსკვლავის / მეგობარი ვარ ქარის / მეგობარი ვარსკვლავის / მეტი მტვერი ვარსკვლავის“ მუსიკასაც აკვდება და განწყობაც მოაქვს. აი, ეს კი, ჩემი აზრით სულ არაა ქეშ მანი, იმისდა მიუხედავად, დევს თუ არა მანდ რამე აზრი: „faya მანდოო სადაა აპაა? / ჰავა მანდოო sadaa hawa? / kayabando ქუჩის კატა ვარ / eastი მანდოო westით მატარაა“. (Kaya Mango).

ინგლისურს, „კატები“, როგორც წესი, ოსტატურად ურთავენ ხოლმე ტექსტს. ან რითმისთვის იყენებენ, ან სლენგად, ან კი ფლოუს გასამარიაჟებლად. თუმცა,დროდადრო ზედმეტი მოსდით. კარგია, როცა ორნამენტადაა გამოყენებული. ცოტა ვრცლად რომ შეუყვები, ადვილად შეიძლება გოიმობისკენ წაგათრიოს. მაგალითად ეს, Hood Tennis-იდან: „God is gang affiliated / is God like a flower in the wind? /is it in the gun of the jungle kid? /flowers sproute out from the cracked concrete“. მომკალი და, ნაძალადევად და ბანალურად ჟღერს. ქართულად ეგეთები არ გაეპარებოდათ.

ბოლოსკენ, კოლაბორაციებზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. (ისიც ვახსენოთ, რომ „კაიაკატა“ დუეტი არ არის. საბანაძე არავისზე ნაკლები კატაა. გრინჩმაც, უკვე წლებია, რაც დაგვტოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯგუფიდან არსად წასულა. „კატების“ ტომი კიდევ უფრო მეტ ადამიანს თუ, რა ვიცი, სასტავს მოიცავს. ვინ უწყის, სად იწყება LTFR, სად გრძელდება Undersky, სად მთავრდება Kayakata და, საერთოდ, რომელი რა არის?) როგორც წესი, თანამშრომლობა ჰიპ-ჰოპს ამდიდრებს - სხვა არტისტები ტრეკს უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოს ხდიან ხოლმე. „კატების“ შემთხვევაში კი ასე იშვიათად ხდება - იმდენად განსხვავებული, თავიანთი პონტი აქვთ, რომ ან, აი, ზუსტად მათ მუსიკაში ჯდება და მრავალფეროვნების მუღამს კარგავს - სტუმარს „კაიაკატას“ ესთეტიკა ჭამს დ თავის ადგილს აღარ უტოვებს, ან კი ამოვარდნილად ჟღერს. მამაflex-საც, რა ვიცი, ყავს თავისი დამფასებლები. მე ვერც ცალკე ვამუღამებ და ვერც „კატებში“.

თუმცა, ესენი უფრო წვრილმანებზე გამოკიდებაა, ვიდრე რეალური ხარვეზების აღწერა. Sadaa-ს შედარებით სუსტი ტრეკებიც ამ ალბომის საუკეთესო სიმღერებთან შედარებითაა სუსტი. ცალკე აღებულს არაფერი უჭირს და ალბომშიც ყველა თავის ფუნქციას ასრულებს. მაგრამ, ალბომი მაინც ცოტა არათანაბარი გამოდის - რამდენიმე სიმღერა (რომლებიც სულ თავშივე ვახსენეთ) ისეთი კარგია, რომ დანარჩენებს ჩრდილავს.

Sadaa „კატების“ შემოქმედების პიკია. ზრდასრული, მრავალფეროვანი, საინტერესო ალბომი, რომელიც თან პროფესიონალურია და, ამავე დროს, არც თავის ხულიგნურ ფესვებს ღალატობს. ამ ნამუშევრით Kayakata-მ წინაღობები თავზე დაილეწა და თანამედროვე ქართულ მუსიკაში ახალი გზა გაკვალა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG