Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კრაზანის ბუდეში


გაეროს მიერ აღიარებულ პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჟის ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარისკაცები.
გაეროს მიერ აღიარებულ პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჟის ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარისკაცები.

კვირის დასაწყისში აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ გაავრცელა ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება რუსული ავიაციის სირიიდან ლიბიაში გადასროლის შესახებ, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ორ დაპირისპირებულ ძალას - მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ნაციონალურ არმიასა და გაეროს მიერ აღიარებულ პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჟის ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარებს შორის.

კრემლი დღემდე ჯიუტად უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში.

თუმცა აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკული სარდლობის საიტზე გამოქვეყნებული ფოტო და გრაფიკული მასალა მოწმობს, რომ ცოტა ხნის წინ სირიიდან ლიბიაში გადაისროლეს სულ ცოტა 14 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ხალიფა ჰაფთარის არმიისა და მის მხარეზე მებრძოლი რუსეთის კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ ერთობლივი სახმელეთო ოპერაციის მხარდასაჭერად.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი სულ უფრო ღრმად ეფლობა ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, სადაც ხან ერთი მხარე აღწევს წარმატებას და ხან მეორე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერც ერთი ვერ იმარჯვებს, საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების - პირველ ყოვლისა, მოსკოვისა და ანკარის - გეოპოლიტიკური ინტერესების გამო.

გადამწყვეტი იერიშის წინ

თურქეთის უპილოტო ავიაციის აქტიური მხარდაჭერის შედეგად, ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის (GNA) შეიარაღებულმა ძალებმა მაისის შუა რიცხვებში ტრიპოლიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის „ალ-ვატიას“ ავიაბაზიდან უკუაგდეს ე.წ. ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ნაციონალური არმიის (LNA) დანაყოფები.

მაგრამ ამ მარცხიდან მალევე, 26-27 მაისს, ლიბიის ნაციონალური არმია დედაქალაქ ტრიპოლის გარეუბანში კონტრიერიშზე გადავიდა და, როგორც იუწყებიან, LNA-ს მებრძოლებმა კვლავ დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი სტრატეგიული ავტოტრასის მახლობლად.

გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ლიბიის დედაქალაქის რამდენიმე მისადგომთან, მათ შორის თითქმის მიწასთან გასწორებულ ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტთან. ამასთან, ლიბიის ნაციონალური არმიის სარდლობაში აცხადებენ, რომ დაიწყება „ლიბიის ისტორიაში უდიდესი საავიაციო ოპერაცია“ ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის, GNA-ს, მისი მხარდამჭერი თურქეთის ჯარებისა და ავიაციის წინააღმდეგ.

ამ განცხადების ფონია აშშ-ის აფრიკული ძალების სარდლობის (AFRICOM) მიერ გავრცელებული ანგარიში მოსკოვის მიერ ლიბიაში 14 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავის გადასროლის შესახებ. ესენია მიგ-29 და სუ-25 ტიპის გამანადგურებლები, საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ და, როგორც იუწყებიან, ასევე უახლესი მოდელის სუ-34 ტიპის მოიერიშე-გამანადგურებელი. მთელი ეს ძალა, AFRICOM -ის ხელთ არსებული ცნობით, განკუთვნილია ხალიფა ჰაფთარისა და მის მხარეზე მებრძოლი „კსკ - ვაგნერის“ მხარდასაჭერად.

აფრიკული სარდლობის მეთაურის, სტივენ ტაუსენდრის, ცნობით, თავდაპირველად რუსეთი უარყოფდა ლიბიის კონფლიქტში მონაწილეობას, მაგრამ ახლა უკვე „ამას აღარ მალავს“. გარდა ამისა, არც ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნული არმია და არც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ფლობს დამოუკიდებლად მეოთხე თაობის თვითმფრინავებს, რომლებიც ლიბიაში გამოჩნდნენ.

„დაქირავებული რუსი მფრინავები იფრენენ რუსეთის მიცემული თვითმფრინავებით და დაბომბავენ ლიბიელებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

AFRICOM-ის საიტზე განთავსებულია ასევე რუსული თვითმფრინავების სურათები.

კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს AFRICOM-ის განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. სამაგიეროდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოში გაკეთდა მყისიერი კომენტარები, რომლებშიც ამერიკული სარდლობის განცხადებას სიცრუე უწოდეს. მოსკოვი საერთოდ უარყოფს მონაწილეობას ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ლიბიაში „თუკი მაინც იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის ინტერესს და არ იღებენ ფულს რუსეთის მთავრობისგან“.

საიტმა „The Drive”-მა, რომელმაც ლიბიაში ჩასული სამხედრო თვიმფირინავების სურათები გააანალიზა, ეჭვის ქვეშ დააყენა ვერსია, რომ ისინი რუსეთს ეკუთვნის. საინტერნეტო რესურსის თანახმად, ასეთი კლასის თვითმფრინავები შეეძლო ბელარუსში შეეძინა და ლიბიაში ჩაეტანა არაბთა გაერთიანებულ საამიროს ან ეგვიპტეს, რომელსაც შეიარაღებაში აქვს მსგავსი ავიაცია. ითვლება, რომ ორივე ეს ქვეყანა რუსეთთან ერთად აქტიურად უჭერს მხარს და იარაღით ამარაგებს მეამბოხე ლიბიელი გენერლის, ხალიფა ჰაფთარის, არმიას.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მთავარი მოკავშირეა თურქეთი.

თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირება

ისევე როგორც ყველა საომარ კონფლიქტში, ლიბიის სამოქალაქო ომშიც მხარეთა შორის დაპირისპირება საინფორმაციო ფრონტზეც გრძელდება.

სირიიდან ლიბიაში რუსული ავიაციის გადასროლის შესახებ AFRICOM-ის მიერ გავრცელებული ზემოხსენებული განცხადების კვალდაკვალ, ლიბიის ოპოზიციური ფრთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობაში ამტკიცებენ, რომ, ბოლო დღეების ბრძოლების შედეგად, მათ დაატყვევეს მრავალი დაქირავებული მებრძოლი, რომლებიც სირიიდან თურქეთმა გადმოიყვანა ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის (GNA) მხარდასაჭერად.

თავის მხრივ, ტრიპოლიში განლაგებული GNA-ს სარდლობაზე დაყრდნობით, თურქეთის ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუმ“ გაავრცელაცნობა, რომ ხალიფა ჰაფთარის არმიის ბოლოდროინდელი მარცხის შედეგად რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ათასზე მეტმა მებრძოლმა სასწრაფოდ დატოვა პოზიციები. უფრო ზუსტად, მოხდა მათი სასწრაფო ევაკუაცია Ан-32 ტიპის ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.

ამასთან, „ვაგნერელთა“ ახალი დისლოკაციის შესახებ არაფერია ცნობილი. თუ მათი რაოდენობა მართლაც 1600 იყო, როგორც ამას ლიბიელი პოლკოვნიკი, მუჰამედ კუნუნუ, ამტკიცებს, მაშინ საეჭვოა, რომ მათი ევაკუაცია შესაძლებელი ყოფილიყო მხოლოდ ორი ერთეული Ан-32 ტიპის სამხედრო თვითმფრინავით, რადგან, როგორც ცნობილია, თითოეულს მაქსიმუმ 40-50 კაცის გადაყვანა შეუძლია.

მაგრამ „ვაგნერის“ კვალი ლიბიის კონფლიქტში სულ უფრო ცხადად იკვეთება.

ბრიტანული „ტაიმსი“ წერდა, რომ „კსკ ვაგნერის“ მებრძოლთა უკანდახევა შესაძლოა მეტყველებდეს კრემლსა და ხალიფა ხაფთარს შორის არსებულ მზარდ უთანხმოებაზე, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ორი ფაქტორით. პირველია თურქეთის მიერ დეკემბერში გამოხატული ღია სამხედრო მხარდაჭერა ეროვნული თანხმობის მთავრობისადმი, რაც გამოიხატა უპილოტო ავიაციისა და სირიაში თურქეთის მხარეზე მებრძოლი ვეტერანების გადასროლით ლიბიაში, სადაც „ვაგნერის“ შემდგომი როლი უკვე გაუგებარი ხდება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

„იანვარში პუტინი შეეცადა სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზებას მოსკოვში, რაც მსოფლიოში მისი ახალი ანგარიშგასაწევი როლის მანიშნებელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ხაფთარმა შეხვედრა დატოვა. ამის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი ცდილობდა ნიადაგის მოსინჯვას ფელდმარშალის კონკურენტების მოსაძებნად. მათ შორის სახელდებოდა ყოფილი დიქტატორის შვილი, სეიფ ალ-ისლამ კადაფი. მაგრამ როდესაც დაეცა „ალ-ვატიას“ საავიაციო ბაზა, სადაც თურქეთის ავიაციამ სულ მცირე შვიდი ერთეული Панцирь-С1 მოდელის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა, დიდი უხერხულობა შეექმნა მოსკოვს, რომელიც მსგავს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მთელ მსოფლიოში ყიდის“, - წერს „ტაიმსი“.

მსგავსება ლიბიისა და სირიის კონფლიქტებს შორის

ლიბიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას გამოეხმაურა პარიზი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა სიტუაციას საგანგაშო უწოდა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ ლიბიაში ვითარება სირიის სცენარით ვითარდება. „ჩვენ ლიბიის სირიიზაციის წინაშე ვდგავართო“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიბიაში სირიის სცენარით მოვლენების განვითარებას წინასწარმეტყველებს სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილ მაგიდი, რომელიც ფიქრობს, რომ ლიბიაში სიტუაციის განმუხტვა საკმაოდ რთული ჩანს სხვადასხვა საგარეო მოთამაშეების, მათ შორის, პირველ რიგში, თურქეთისა და რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გამო.

მიხაილ მაგიდი: „თავიდანვე მსურს აღვნიშნო, რომ არ განვიხილავ ლიბიის ომს როგორც რაღაც სრულიად განსხვავებულს სირიის კონფლიქტისაგან. საომარი მოქმედებები ამ ორივე ქვეყანაში სინქრონულად ვითარდება და ამ ცვლილებების ფაზები ერთმანეთს დროშიც კი ძალიან ემთხვევა. რუსეთისა და არაბთა გართიანებული საამიროს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო ხალიფა ჰაფთარისა და ლიბიის ნაციონალური არმიის (LNA) ძალების შეტევა ტრიპოლიზე. ჰაფთარი საკმაოდ წარმატებულად მოქმედებდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის (GNA) სამხედრო ქვედანაყოფებს ყველაზე დიდი ზარალი, დაახლოებით, 30%, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა მიაყენეს. განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებდნენ „სკსა ვაგნერის“ სნაიპერები“.

უკვე 2020 წლის დასაწყისისათვის ისე ჩანდა, რომ ხაფთარი იმარჯვებდა. თანაც, 2019-2020 წლების მიჯნაზე იდლიბზე შეტევა წამოიწყეს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, ჯარებმა. ეს ოპერაცია საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა იმავე სპონსორების, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროს, მხარდაჭერით, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა.

მიხაილ მაგიდი: „პირველად თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში იდლიბის მისადგომებთან დაიწყო მკვეთრი კონტრშეტევა და თურქეთმა იქ შეიყვანა თავისი ჯარი. და ჩვენ ვეხდავდით საშინელ სურათს, როდესაც ასადის ათობით და ასობით ერთეული ჯავშანმანქანა იწვოდა, ეს იყო განადგურება! ამის შემდეგ, 5 მარტს, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ლიბიაშიც, ზუსტად ასე, კონტრშეტევა დაიწყო აპრილ-მაისში (ზოგიერთები ფიქრობენ, რომ უფრო ადრე) და ყველაფერი მოგვაგონებდა ბრძოლებს იდლიბის მახლობლად. თურქეთმა გადაისროლა იქ (ლიბიაში) უპილოტო საბრძოლო ავიაცია და განადგურებულ იქნა ხაფთარის ათობით ერთეული საბრძოლო ტექნიკა. თურქეთის მონაცემებით, დაიწვა 15 ერთეული რუსული წარმოების საზენიტო კომპლექსი „პანცირი“, თუმცა, შესაძლოა, ეს ციფრი გადაჭარბებული იყოს. ძალიან ჰგავს, რომ ეს ორი ომი დღეს ერთ ომად ერთიანდებოდეს, რუსეთ-თურქეთის საერთო დაპირისპირების ფონზე. თურქეთმა სირიიდან ლიბიაში გადაისროლა თავისი მოკავშირის, ანტიასადური კოალიციის, 10 ათასამდე მებრძოლი, ხოლო რუსეთმა - საბრძოლო თვითმფრინავები“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან რეალურია რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ძალების პირდაპირი შეჯახება ლიბიაში, სადაც, როგორც ზემოთ ითქვა, კვლავ გრძელდება გააფთრებული ბრძოლები ლიბიის დედაქალაქის შემოგარენში. მით უფრო, რომ, როგორც მიხაილ მაგიდი ამბობს, იდლიბის შემთხვევაში თურქეთმა არა მხოლოდ უპილოტო ავიაცია გამოიყენა, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებიც, რომლებმაც ბაშარ ალ ასადის სამი ბომბდამშენი გაანადგურეს. არ არის გამორიცხული, რომ თურქეთმა საჭიროების შემთხვევაში მთელი თავისი ავიაცია აამოქმედოს ლიბიაში და ასევე მოიქცეს რუსეთიც. „მთლიანობაში, პერმანენტული რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი, რომელიც ხან ცხელ ფაზაში შედის, ძალიან საშიშია“, - ამბობს მიხაილ მაგიდი.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დაიწყო.

ლიბიაში ხანგრძლივი ზავის მიღწევისა და სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მიმართული საერთაშორისო საზოგადოების ძალისმხევა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს.

სულ ბოლოს, 21 მაისს, ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სერგეი ლავროვმა და მევლუდ ჩავუშოღლუმ სატალეფონო საუბარი გამართეს სწორედ ხალიფ ჰაფთარის არმიის, „ალ-ვატიას“, ავიაბაზასთან მარცხის შემდეგ. ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ ლიბიის კრიზისის განმუხტვის მიზნით, რუსეთი და თურქეთი ემხრობიან „მხარეთა აუცილებელი მონაწილეობით პოლიტიკური პროცესის განახლებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და ბერლინის კონფერენციის გადაწყვეტილებათა საფუძველზე“.

თუმცა რუსეთ-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარში არაფერია ნათქვამი ბერლინის კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ პოსტულატზე - ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა მხარდაჭერაზე, რაშიც მოსკოვსა და ანკარას შექმნილ ვითარებაში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG