Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების პერსპექტივა და რურუას ფაქტორი - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ივნისს


სწორება გიორგი რურუაზე

ახალი საარჩევნო სისტემის მესამე მოსმენით განხილვის წინ ვითარება კვლავ უცვლელია: „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა ისევ დაკავებულია, ხოლო მისი პატიმრობის გამო საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავაც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ოპოზიცია ამ საკითხს 8 მარტის შეთანხმების პრინციპულ ნაწილად განიხილავს და დათმობას არ აპირებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების იგნორირებაში ადანაშაულებს, „კრიმინალურს“ უწოდებს და ბრალდებების დაუდასტურებლად დასავლეთს ატყობინებს, რომ პოლიტპატიმრად მოხსენიებული გიორგი რურუა მძიმე კრიმინალია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ 24 ივნისს დაადასტურა, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებული წერილი მართლაც გაიგზავნა საერთაშორისო პარტნიორებთან. თუმცა მან დააზუსტა, რომ ინფორმაცია გაგზავნა არა პირადად მან, არამედ - პარტია "ქართულმა ოცნებამ" და ადრესატები მხოლოდ ევროპარლამენტარები არ ყოფილან.

პარტიის გაგზავნილია... ეს არ იყო ოფიციალური წერილი და ეს არ იყო ოფიციალური მიმართვა კონკრეტულად ვინმეს მიმართ. ეს არის სიახლეები, რომლებიც გამოწერილი აქვთ არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ... (გამოწერილი აქვთ) მათ შორის - ამერიკის კონგრესის, სენატის წარმომადგენლებს“.

წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, „ქართული ოცნება“ ატყობინებს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს დაკავებულ კრიმინალს - გიორგი რურუას. ტექსტში მაგალითად ნათქვამია, რომ:

  • გიორგი რურუა ცნობილია დაახლოებით 30 წლის წინ ჩადენილი საშინელი დანაშაულებით, იქნება ეს განზრახ მკვლელობები თუ ადამიანების გატაცება;
  • გიორგი რურუას კრიმინალურ დაჯგუფება - „ბოროტების საძმო“ მონაწილეობდა 1992 წელს თორაძეების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში, ხოლო 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი ძმისშვილის მკვლელობაში;
  • გიორგი რურუა სხვა გვარითა და სახელით (დავით კურცხალია) ცხოვრობდა აშშ-ში, ინტერპოლის მიერ იძებნებოდა ფულის გამოძალვის გამო და 2000 წელს მოხდა მისი დეპორტაცია საქართველოში;
  • გიორგი რურუას „მთავარი არხის“ მეწილედ ყოფნა (2.5%-იანი წილი 2 500 ლარად იყიდა ) საკუთარი მიზნებისთვის, ანუ თვალის ასახვევად დასჭირდა.

როგორ აღიქმება "ქართული ოცნების" ასეთი ძალისხმევა გიორგი რურუასთან მიმართებით? როგორი პერსპექტივა აქვს ამ ფონზე ახალი საარჩევნო სისტემის საბოლოო დამტკიცებას? განმუხტავს თუ ვერა პოლიტიკურ დაძაბულობას მხოლოდ ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცება - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 914

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 771

კარანტინში - 2744

სტაციონარში - 258

გუშინ დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ სამიდან ორი შემთხვევა შემოტანილია, ერთი კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 914 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 771 გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსი აქვს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის კიდევ ერთ მცხოვრებს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მანამდე დაინფიცირებული ქალის სიძეა. შუახნის ქალს კორონავირუსი 23 ივნისს დაუდასტურდა.

„ამ დროისთვის დაუდგენელია, სიძეა ინფიცირების წყარო თუ სიდედრი. ამის დადასტურებას, ალბათ, თბილისს ვთხოვთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძიებულია შუახნის ქალის სამი კონტაქტი და მათგან ტესტირების პასუხი დადებითია მხოლოდ ერთ, სიძის შემთხვევაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობსი გათვალისწინებით ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრის გასახსნელად ემზადება. თუმცა, საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც 1 ივლისს საზღვრის გახსნის რეკომენდაციით გამოდის ევროკავშირის კომისია. რეკომენდაცია სავალდებულო არ არის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ, ვის გაუხსნან საზღვრები. ევროკომისია პარასკევს გეგმავს რეკომენდაციის საბოლოო ვარიანტის მიღებას.

წაიკითხე მეტი.

შსს-ს პასუხი, თუ რატომ ვერ შლის საიტებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის კადრებს

ბავშვთა პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან ერთი წლის თავზე, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-და ვიდეომასალის ნაწილი, რომელზეც 5-დან 16 წლამდე გოგოები არიან აღბეჭდილნი და რომლის დამზადებისა და რეალიზაციისათვის, ჯამში, 21 პირია დაკავებული, კვლავაც არსებობს ინტერნეტში.

პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო- და ვიდეომასალა წაშლილია იმ რამდენიმე ქართული დომეინიდან, რომელთა მისამართებიც ბავშვთა პორნოგრაფიის 13-ტომიან საქმეში დევს. თუმცა, ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტში მაინც არსებობს.

ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც მოზარდები პოზირებენ, ხელმისაწვდომი გახდა ჟურნალისტთა ნაწილისთვისაც. რამდენიმე დღის წინ, ეს კადრები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით, ე.წ. დაბლარული ფორმატით, იმ მოტივით გავიდა, რომ ჟურნალისტებს შესაბამისი უწყებების ყურადღება მიეპყროთ, რათა დროულად მომხდარიყო რეაგირება და ფოტო-ვიდეომასალა ინტერნეტიდან წაშლილიყო.

24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალის გარკვეულ ინტერნეტსაიტებზე არსებობის საკითხს. განცხადება უწყების ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ფეისბუკის გვერდზე დაიდო.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტსაშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო დიდი მოცულობის ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელთა ხელში მოხვედრას.

წაიკითხე მეტი.

სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს ელისო კილაძე

დღეისთვის გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთამ დაკავშირებულ საქმეზე დაიბარეს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც კილაძე ამბობ, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა მას დაუკონკრეტა, რომ გამოკითხვა შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების საქმეს.

„ტვ პირველის“ ეთერში ელისო კილაძემ სუს-ში დაბარება „იმედზე“ გასულ ჟურნალისტ ოლეგ დეინეკასთან ინტერვიუს დაუკავშირა. როგორც კილაძე ამბობს, ის ცნობილია პრორუსული განწყობებით. დეინეკა გიორგი გაბუნიასა და ელისო კილაძეს ანტიპუტინური მოძრაობის კონტექსტში ასახელებს. ელისო კილაძე ამ ტიპის მოძრაობაში მონაწილეობას უარყოფს.

კილაძის თქმით, მას დეიენკამ უკრაინულ-ქართული მედიაპროექტის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია სთხოვა, თუმცა მისი შეტყობინება რამდენიმეთვიანი დაგვიანებით ნახა. მიუხედავად ამისა, ტელეფონის ნომერი მაინც მისწერა, მაგრამ მას არავინ დაკავშირებია. ამ საკითხზე კილაძე „ფეისბუკზეც" წერდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება. პლენუმი 15:00 საათისთვის შეიკრიბება და კანდიდატთა მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩევს თავმჯდომარეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ორი კანდიდატი მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიდან ტურავას დასახელებას ხუთმა კოლეგამ დაუჭირა მხარი, იმერლიშვილს - ორმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს საჭირო ხუთი ხმის მოპოვებას, ერთი თვის განმავლობაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

რას აკეთებს და რას აპირებს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო

ახალი ინვესტორი შესარჩევად ტენდერი 2021 წლამდე არ გამოცხადება, მანამდე კი წინა წელთან მილიონით გაზრდილი დაფინანსებით ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო ტენდერისთვის ემზადება.

სააგენტოში განმარტავენ რომ ტენდერამდე არსებული პერიოდი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ განახლდეს სატენდერო დოკუმენტაცია, მომზადდეს დამატებითი ეკონომიკური კვლევები და გატარდეს მარკეტინგული ღონისძიებები პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიზნით”, უშუალოდ ტენდერი კი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებისა, ანაკლიის პორტის მშენებლობა რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. შესაბამისად, მუშაობის შეწყვეტა აღნიშნული მიმართულებით არ იგეგმება- უთხრეს რადიო თავისუფლებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში.

სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს მისი ბიუჯეტი თითქმის ერთი მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით და 3-ჯერ არის გაზრდილი 2017 წლის შემდეგ, როცა ის შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა არც შტატიან და არც შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა მკვეთრად გაიზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება.

წაიკითხე მეტი.

ღალატობდა ერეკლეს ცოლი თუ Fake News XIX ს-ში?

ერეკლე II-მ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში სამჯერ იქორწინა. მესამედ და უკანასკნელად - დარეჯან (დარია) დადიანზე, რომლისგანაც 19 შვილი შეეძინა. „იძახიან: რაც დარეჯან დედოფლის ნება იყო, სულ იმის ნების მიმყოლი იყო მეფე ირაკლიო და ამილახვარ ოსეფა ყორღანაშვილიც ჰყვარობდაო“, - ალექსანდრე ორბელიანის ჩანაწერებში, რომელიც 1851 წლითაა დათარიღებული, 23 გვერდი ეთმობა დერაჯან დედოფლის, მისი ამილახვრის ოსეფა ყორღანაშვილისა და ერეკლე II-ის ურთიერთობის გარჩევას ანუ იმის გარკვევას, ღალატობდა თუ არა ცოლი ერეკლე II-ს.

ჭორიკანა კაცები

ალექსანდრე ორბელიანს, როგორც ირკვევა, კალამი მას შემდეგ აუღია ხელში, რაც ყურადღებით გადაუკითხავს „რუსულათ დაბეჭდილი წიგნი მოგზაურობა მურავიოვისა საქართველოში“, სადაც დედოფალი დარეჯანი და „მეფის ირაკლის სასახლე სრულად გარყვნილად“ იყვნენ გამოყვანილი.

ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანი ერეკლეს შვილიშვილია, მეფის სასახლის ამბები კი დედისგან, თეკლე ბატონიშვილისგან იცის და ამიტომაც აღშფოთებულია წაკითხულით.

„იმათ სახლში იყო წმინდა ზნეობა და პატიოსნებითი ქცევა მოწიწების კრძალულებით. სხუას ნურაფერს ნურას ვიტყვი, ეს მაინც მინახავს, რომ მეფის ირაკლის ქალები, დარეჯან დედოფლისგან დიდის ყურადღებით გაზრდილები: ქეთევან, ეკატერინე, ანასტასია და დედაჩემი, ასეთი ღვთიური და პატიოსნები იყვნენ“, - ამბობს ალექსანდრე ორბელიანი და იქვე შენიშნავს, რომ დედოფალ დარეჯანზე ნათქვამი აუგი ბოლომდე მურავიოვის ბრალი არ არის, რადგან „ღენერალ ოტ-ინფატერს თავად გიორგის იასეს ძეს ქსნის ერისთოვს და იმის მეგობარს რუსეთის ჩინოვნიკს პლატონ იოსელიანს უანბია და მურავიოვსაც დაუწერია, ასე ჰგონებია: ეს რუსეთის დიდი ჩინოვნიკები ტყუილს არას მეტყვიანო“.

ალექსანდრე ორბელიანის თქმით, მურავიოვს რომ კარგად გამოეკითხა, გაიგებდა როგორი დასჯილი იყო ერეკლეს დროს გიორგი ერისთოვის გვარი ღალატისთვის და როგორ ჰქონდათ ჩამორთმეული მამული და ყმები, როგორ ძლვის შოულობდნენ საცხოვრებელსო და ა.შ. მოკლედ, გულუბრყვილოდ სჯერა, ყოველივე ეს რომ სცოდნოდა, მურავიოვი სხვას დაწერდაო.

წაიკითხე მეტი.

შვეიცარიელმა აკრობატებმა 3 000 მეტრის სიმაღლეზე საჰაერო შოუ გამართეს. შოუს მიზანი იყო COVID-19-ით დაზარალებული არტისტების მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG