Accessibility links

site logo site logo

ბაჩალიაშვილის საქმე: ოჯახის თქმით, გამოძიება ჭიანურდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 აგვისტოს


თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამოძიებამ გარდაცვლილის მობილური ადვოკატის გარეშე გახსნა

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ გარდაცვლილის ავტომობილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი ადვოკატის დაუსწრებლად გახსნა. ამის შესახებ თამარის მამა, თამაზ ბაჩალიაშვილი აცხადებს.

მობილური ტელეფონი თეთრიწყაროს რაიონში ცხედრის აღმოჩენის დროს დაილუქა და მასზე ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ხელმოწერა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონის გახსნას ადვოკატი უნდა დასწრებოდა, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ტელეფონი უკვე გახსნილი დახვდათ. გარდაცვლილის მამა ფიქრობს, რომ გამოძიება კვალს შლის და პროცესს აჭიანურებს.

გამოძიებას უკვე გახსნილი აქვს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპი, რაც ჯერ კიდევ მაშინ ამოიღეს, სანამ თამარის ცხედარს იპოვიდნენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ახალქალაქში არეულობა და დაპირისპირება მოჰყვა

8 აგვისტოს, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ გულიკამში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივთა განმარტებით, ორ ოჯახს შორის დაპირისპირება მესამე წელია გრძელდება.

მოგვიანებით ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელებმა მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა სასტუმრო "არტსერგი" და მათი ოთხი ნათესავის სახლი გადაწვეს.

სამცხე-ჯავახეთში მთავრობის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ ახალქალაქში უკვე სიმშვიდეა და ვითარებას უკვე სრულად აკონტროლებს პოლიცია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს ბელარუსის არჩევნების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი

აქციების, დაკავებებისა და საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე ბელარუსში გუშინ საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. პირველადი შედეგები დღეს დილიდან გამოქვეყნდება. ცესკომ არჩევნები უკვე გამოაცხადა შემდგარად.

პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ლაბორატორიამ ჩაატარა, ლუკაშენკამ მიიღო ხმების თითქმის 80%, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი - 6,8%.

ხმის მიცემის პროცესი გუშინ სამხედროების მეთვალყურეობის ფონზე გაიმართა. ქვეყანაში შეფერხებით მუშაობდა ინტერნეტი.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იტყობინებიან, საარჩევნო უბნებზე გრძელი რიგები იდგა როგორც მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში, ისე უცხოეთში ბელარუსის წარმომადგენლობებთან.

ბევრმა ადამიანმა ვერ მოასწრო ხმის მიცემა საარჩევნო უბნების დახურვამდე, რამაც ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოიწვია.

„გვინდა მივცეთ ხმა!“, „ლუკაშენკა, წადი!“ - სკანდირებდნენ ისინი.

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ბელარუსში, რა გამოხმაურებები მოჰყვება მას და როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

კორონავირუსით დაავადდა ექიმი გორიდან

კორონავირუსი დაუდგინდა ექიმს გორიდან, რომელიც გორის ჰოსპიტლის გარდა მცხეთისა და თბილისის კლინიკებში მუშაობდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

"ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მას გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. ინტენსიურად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. კონტაქტებს ვადგენთ. უკვე ავიღეთ კონტაქტირებული 28 პირის ნიმუში. გადაგზავნილია ლუგარში და პასუხები დღეს საღამოსთვის იქნება ცნობილი", – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 225-მდე გაიზარდა. ვირუსისგან ქვეყანაში 1 000 პირი განიკურნა.

„მე დავინახე როგორ მიკვდებოდა დედა და და“... ომის ბავშვების ხვედრი

ქეთევანი სიკვდილს ისე გადაურჩა, არც გაუგია, მხოლოდ ერთი დღის იყო, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. მეორე დღეს გორის სამშობიარო დაბომბეს.

მინები ზრიალით წამოვიდა, კარები ჩაიკეტა. ბავშვი ჩემს ჟაკეტში გავახვიე და ფანჯრიდან გადავხტი. მაღალი პირველი სართული იყო, მაგრამ მაშინ მესამედანაც გადავხტებოდი“, - იხსენებს ქეთევანის დედა მაგული ოქროპირიძე.

ქეთევანს არაფერი დაშავებია, სანაცვლოდ, მისი უფროსი და, რომელიც სამშობიაროს ეზოში იდგა, კარგა ხანს ხმას არ იღებდა. შემდეგ მისი ნაწერები ნახეს: მე დავინახე როგორ მიკვდებოდა დედა და და“... წელს ქეთი 12 წლის გახდა.

ფსიქოლოგი ლელა შმიდ-ქსოვრელაშვილი ამბობს, რომ ბავშვები სიკვდილს, როგორც რეალურ საშიშროებას, დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან აცნობიერებენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს მოწყვიტეს, ფიზიკური გადარჩენის გამო და უსაფრთხო ადგილებზე მათ გარეშე მოათავსეს, ბევრად უფრო ტრავმირებულები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მშობლების გვერდით დარჩნენ. მშობლები, თვით ომის პირობებშიც კი, უდიდესი დაცულობის განცდას აძლევენ ბავშვებს.

წაიკითხე მეტი.

▪️ საგულდაგულოდ გასაიდუმლოებული ამბავი - აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტის საეჭვო სქემა, რომლის უკანაც ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან.
▪️ მოახდენს თუ არა ტარიფზე გავლენას ათეულობით მილიონი დოლარი, რომელიც შუალედური კომპანიის ანგარიშებზე ილექება.
▪️ „თავისუფლების მონიტორი” მოგიყვებათ სქემაზე, რომელსაც მინისტრი შეეწირა - ახალი ჟურნალისტური გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG