Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკული საშუალებები ლუკა სირაძის საქმეში და 3 წლიანი პატიმრობა გამომძიებელს


წარწერა მწვანე სკოლის კედელზე. ლუკა სირაძეს ამ და სხვა, ამავე სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გაკეთების აღიარებას სთხოვდნენ პოლიციის სამმართველოში გამოკითხვისას.
წარწერა მწვანე სკოლის კედელზე. ლუკა სირაძეს ამ და სხვა, ამავე სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გაკეთების აღიარებას სთხოვდნენ პოლიციის სამმართველოში გამოკითხვისას.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამომძიებელი მარიანა ჩოლიაიანი. მისი ადვოკატი სასამართლოს სხდომის შემდეგ საქმეში არსებულ ამ დრომდე გაუხმაურებელ ფაქტზე, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე აკეთებს აქცენტს.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი დღეს ნამდვილად ვერ ჩააბარა დღევანდელი განაჩენით. განაჩენი, რომელიც გამოცხადდა არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური, სამართლიანი და გულისხმიერი, რასაც სასამართლოს ავალდებულებს კანონმდებლობა” - უთხრა მედიას გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა მას შემდეგ, რაც ჩოლოიანი სასამართლომ არასრულწლოვანი ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ჩვენების იძულებით მიცემას გულისხმობს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამომძიებლის ადვოკატის თქმით, ის გააგრძელებს სამართლიანობისთვის ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მიზეზი არ გამხდარა პოლიციაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობა. ჩოლოიანი დანაშაულს არ აღიარებს, მისი დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობაში არასრულწოვანის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და სასამართლო არ მოიქცა სამართლიანად, როცა დამნაშავეობის საკითხზე მთავარ მტკიცებულებად გარდაცვლილი მოზარდის დედის ჩვენება მიიღო. დღეს გაგი მოსიაშვილმა საქმეში არსებულ და ამ დრომდე გაუხმაურებელი გარემოებაც გახადა საჯარო და მედიას უთხრა, რომ ლუკა სირაძე იმ დროს, როცა მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა, ფხიზელი არ იყო.

“ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არასოდეს არავის კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გადმოვარდნის დროს ლუკა სირაძე იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ” - უთხრა გაგი მოსიაშვილმა მედიას.

ლუკა სირაძის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას მარიანა ჩოლიანის დამნაშავეობა-უდანაშაულობის შეფასებისთვის მნიშვნელოვნ გარემოებად არ მიიჩნევს ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რევაზ აჭარაძე. ის ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენი სწორედ მარიანა ჩოლოიანის დამნაშავეობის აღიარებაა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტი.

“აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი რაიმეს თრობის ქვეშ იყო თუ არა, არაფერ კავშირში არ არის იმ ქმედებასთან, პოლიციამ მასზე როგორი ქმედება განახორციელა. ადამიანი არის კარგი, ცუდი, თუ რას საქმიანობს, მასზე არ უნდა ხორციელდებოდეს არანაირი ზეწოლა პოლიციაში და პოლიციელმა უნდა დაიცვას მისი უფლებები და არა დაარღვიოს.

ამ შემთხვევაში მარიანა ჩოლოიანმა თავისი უფლებამოსილება ისე გამოიყენა, რომ არასრულწლოვანის მიმართ განახორციელა ძალადობა, აიძულებდა ჩვენების მიცემას და იმ ქმედების აღიარებას, რაც დღემდე არ არის დადგენილი, ჩაიდინა თუ არა ლუკა სირაძემ” - ამბობს რევაზ აჭარაძე.

ლუკა სირაძის საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილ არასრულწლოვანს ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი აღმოაჩნდა იმ დროს აღებულ სისხლში, როცა სასწრაფოს ეკიპაჟმა ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მიიყვანა.

მარიანა ჩოლოიანმა წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით აბსოლუტურად დაუმსახურებლად მიიღო 3 წლიანი განაჩენი, ეს არის დაუსაბუთებელი განაჩენი. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლავე გეტყვით, რომ ორ ეპიზოდში ჰქონდა ძალადობის ბრალდება. არასრულწლოვანი თ.ზ.-ს ნაწილში გამართლდა მარიანა ჩოლოაინი და ის დამნაშავედ ცნო სასამართლომ ლუკა სირაძის ეპიზოდში, სადაც ბრალდების სახელმძღვანელოდ ბოლომდე იყო მხოლოდ დედის ჩვენება, რომელიც იყო დაინტერესებული, სუბიექტური მხარე. მხოლოდ დედის ჩვენება სამართლიანი სასამართლოსთვის არ არის მტკიცებულება” - ამბობს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს. 7 სექტემბრის სასამართლო სხდომამდე, ყველა პროცესი დახურული იყო მასში მონაწილე არასრულწლოვანების გამო.

თ.ზ., რომლის მიმართ ძალადობასაც ასევე ედავებოდა ბრალდების მხარე მარიანა ჩოლოიანს, არის ლუკა სირაძის ყოფილი კლასელი მწვანე სკოლიდან, რომელსაც პოლიციის განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს დააპირისპირეს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ლუკა სირაძე ჩვენების მიღების მცდელობისას. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციის შენობაში დღის მეორე ნახევარში მარიანა ჩოლოიანს ერთდროულად ჰყავდა ლუკა სირაძე, თ.ზ., კიდევ ერთი არასრულწლოვანი და მწვანე სკოლაში ლუკა სირაძის ყოფილი კლასელი ბიჭი და მწვანე სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ არასრულწლოვანმა გოგომ იმავე ღამეს სუიციდი სცადა და საკუთარ სახლში თვითდაზიანებები მიიყენა. მწვანე სკოლა ამ ფაქტის შესახებ იმავე დღეს იყო ინფორმირებული, თუმცა მათ არ მოუკითხავთ მათი ყოფილი მოსწავლე, ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციის განყოფილებაში 11 დეკემბერსაც დაიბარეს იმის გამო, რომ 10 დეკემბერს მან ჩვენების მიცემაზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის მიუხედავად, უარი თქვა.

თვითმკვლელობა ლუკა სირაძემ სწორედ პოლიციაში მეორედ მისვლის შემდეგ, 11 დეკემბერს სცადა. დედის თქმით, პოლიციის შენობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მან თქვა, რომ იმ დღეს სახლში არ მივიდოდა. რამდენიმე საათში კი მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა. სხეულის მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში კლინიკაში მიყვანილი მოზარდი საავადმყოფოში 17 დეკემბერს ისე გარდაიცვალა, რომ გონზე აღარ მოსულა.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა. გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

ლუკა სირაძეს “მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის ფაქტი სამართალდამცველებთან არ უღიარებია. არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათია გამოძიების წარმართვას მართებულად მიიჩნევდა წამების მუხლით. ორგანიზაციაში მიიჩნევდნენ, რომ პოლიციის შენობაში ყოფნიდან მოკლე დროში სუიციდის გადაწყვეტილება მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების ეჭვებს აჩენს.

15 წლის მოზარდის საქმეში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გარდა მონაწილეობდა კიდევ ორი პოლიციელი, რომელთაც გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. 7 სექტემბერს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ როგორც პროკურორმა, ასევე ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ ამ ორი პირის მიმართ საქმეში ამ დრომდე არ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო მტკიცებულებები.

ამავე საქმეზე 500 ლარით დაჯარიმდა მწვანე სკოლა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მოზარდების პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტი დაადგინა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG