Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ბრიუსელიდან შინ მნიშვნელოვანი მიღწევებით ბრუნდება


რიკარდ იოზვიაკი არის რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში.
რიკარდ იოზვიაკი არის რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში.

როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ჩავიდა ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ზუსტად არ იცოდნენ, მასთან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ.

ზელენსკი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო და ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საზღვარგარეთ. ის დამწყები პოლიტიკოსი იყო და მედიასთან ურთიერთობისას ნერვიულობა ეტყობოდა. განსახილველიც ბევრი არაფერი ჩანდა - ბლოკი ხელმძღვანელობის ცვლილების პროცესს გადიოდა.

16 თვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ბევრი რამ შეიცვალა.

ევროკავშირის დედაქალაქში მეორე სტუმრობისას ზელენსკის თავი დამაჯერებლად ეჭირა და შინ დაბრუნებისას შეუძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით იამაყოს.

თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობებში, ჰორიზონტზე ღრუბლებიც გამოჩნდა.

დავიწყოთ იმით, თუ რა მოჰყვა კარგი ევროკავშირისა და უკრაინის ყოველწლიურ სამიტს, რადგან ასეთი ბევრი იყო. პირველ რიგში, ეს იყო შთაბეჭდილება, რომელიც ყოფილმა კომიკოსმა დატოვა. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, რომლებიც მასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და ყველა აღნიშნავს, რომ იქ ძალდაუტანებელი ატმოსფერო სუფევდა. ხუმრობდნენ კიდეც. ცხადი იყო, რომ შეხვედრის მონაწილეები დაიღალნენ პანდემიით გამოწვეული ნახევარწლიანი ონლაინკონფერენციებით და ახლა პირადად შეხვედრა სიამოვნებდათ. რაც მთავარია, ზელენსკიმ შეხვედრაზე სანდო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და მას ახლა აღიქვამენ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც საქმის გაკეთება ძალუძს.

ეს კარგი განწყობა შემდეგ პრესასთან ერთობლივ შეხვედრაზეც გაგრძელდა, სადაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა საჯაროდ შეაქეს ზელენსკის საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის მხრივ მიღწეულ პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას და საარჩევნო, მიწის და ბანკის რეფორმებს. სამიტის ბოლოს კი გრძელი და საკმაოდ დეტალური ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

განცხადება რომ გაკეთდა, ეს თავისთავად უკვე პროგრესია. წარსულში მსგავს დოკუმენტს ხშირად ბლოკავდა ხოლმე უნგრეთი, რომელსაც თავისი დაპირისპირება აქვს უკრაინასთან ამ ქვეყანაში მცხოვრებ უნგრელებთან დაკავშირებით. ამჯერად კი განცხადება უპრობლემოდ მიიღეს და ის ბევრ რამეს მოიცავდა. პირველ რიგში, ის „ცნობდა უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მიესალმებოდა მის ევროპულ არჩევანს“ - წინადადება, რომელიც ცოტა ხნის წინ ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ნერვიულობის წყარო იქნებოდა. განცხადებამ ასევე გააქარწყლა სპეკულაცია, რომ უკრაინას შეეძლო ბლოკთან ვიზების ლიბერალიზაცია დაეკარგა ამ ქვეყანაში რეფორმების ნაკლებობის გამო. „მივესალმებით უკრაინის მოქალაქეებთან უვიზო რეჟიმის წარმატებულ იმპლემენტაციასო“, - ნათქვამია განცხადებაში.

უფრო კონკრეტული საკითხებიც ახსენეს. ავიაციის საერთო სივრცის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის გიბრალტარის აეროპორტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო და ის საბოლოოდ მომავალი წლის დასაწყისისთვის უნდა მოგვარდეს. კიევმა სურვილი გამოთქვა, რომ კანონმდებლობა დაუახლოოს ბრიუსელის დიდ პროექტებს და სანაცვლოდ ევროკავშირისგან კონკრეტული დაპირებებიც მიიღო. 2021 წელს კი ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულება გადაიხედება, რამაც, შესაძლოა, მჭიდრო თანამშრომლობის ახალი არეალები გააჩინოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, შეფასების დაწყებაა უკრაინის მზაობაზე შეუერთდეს სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე შეთანხმებას (ACAA).

ACAA ძალიან ბიუროკრატიულად ჟღერს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებითად, ეს არის „ვიზა-ლიბერალიზაცია უკრაინის სამრეწველო საქონლისათვის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ეს პროდუქცია ევროკავშირის რეგულაციებს დაექვემდებარება. ევროკავშირს ამჟამად მსგავსი შეთანხმება მხოლოდ ისრაელთან აქვს გაფორმებული. უკრაინასთან მოლაპარაკებებს წლები დასჭირდება, მაგრამ, თუ ის წარმატებით დასრულდა, ქვეყანას ბლოკთან ბევრად დააახლოებს.

თუმცა კეთილი სიტყვებისა და კონკრეტული შეთავაზებების მიღმა ევროკავშირის სიფრთხილეც ჩანს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ რეფორმების დაჩქარებისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე - განსაკუთრებით, სასამართლოს სფეროში და ძლიერი და კორუფციული ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. ეს ერთი შეხედვით დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა პირად საუბრებში ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ზოგიერთ რეფორმაზე - „პრივატბანკის“ საკითხზე, ეროვნული ანტიკორუფციული ორგანოს ხელმძღვანელობის ცვლილებასა და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე - უკრაინამ შესაძლოა უკან დაიხიოს.

განცხადების თავდაპირველ ვერსიაში ნახსენები იყო ევროკავშირის 600- მილიონევროიანი დახმარება კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად, მაგრამ საბოლოო ვერსიიდან ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროტესტის შემდეგ ამოიღეს. ფონდი უკმაყოფილოა ცენტრალური ბანკის საკითხითა და კორუფციასთან ბრძოლის ტემპებით. აგვისტოში აუდიტორთა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შეამოწმებენ, თუ როგორ დაიხარჯა 2014 წლის შემდეგ ბლოკის მიერ გამოყოფილი 15 მილიარდი ევრო. გამოძიების წინასწარი შთაბეჭდილებები არცთუ საიმედოდ გამოიყურება.

ამჟამად ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობებს მზე დაჰნათის, თუმცა კიევმა, ყოველი შემთხვევისთვის, ქოლგა მაინც თან უნდა იქონიოს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG