Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კარტოგრაფების საქმეზე“ გამოკითხვები გრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ოქტომბერს


„კარტოგრაფების საქმეზე“ ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს

„კარტოგრაფების საქმის“ ფარგლებში გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს. გამოკითხვის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. ნოღაიდელი ვარაუდობს, რომ მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი 2005 წელს დავით გარეჯის კომპლექსის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის მიწერილი წერილი იყო.

„ჩემი სურვილია, რომ ჩემდაუნებურად არ გავხდე დღევანდელი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის მონაწილე. რამდენადაც შევძლებ, თავს ავარიდებ პოლიტიკურ ან პარტიულ კომენტარებს“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.

13 ოქტომბერს „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ნატალია ილიჩოვა ციხეში მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ მოინახულა. მისი თქმით, ილიჩოვა თავს მხნედ გრძნობს. ნატალია ილიჩოვა ივერი მელაშვილთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. განჩინება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

გუშინ ამ საქმის შესახებ ტვიტერზე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეთა დაკავებით რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რას უპირებს რუსეთის საპატრიარქო გარეჯს, გურჯაანს, ბოდბეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესებისა და ქვეყნის საქმეებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების ფონზე, თეოლოგები და ისტორიკოსები რუსეთის ეკლესიის ბაქოს ეპარქიის ზრახვებს იხსენებენ. რუსეთის ეკლესიის მიერ ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად არის გამოცხადებული დავით გარეჯი, გურჯაანი თუ ბოდბე. ექსპერტებისთვის თვალნათელია, რომ მოსკოვი ნოყიერად კვებავს მითებს და მეზობლებს შორის განხეთქილებასაც ელოდება.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედი ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის საზღვრები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა. თუმცა ეს საზღვრები კიდევ უფრო ფართოვდება, როდესაც რუსეთის ეკლესია ცდილობს გააძლიეროს აზერბაიჯანელების რწმენა - რომ ისინი ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეები არიან.

რა პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს და რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზავო შეთანხმების დარღვევაში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალები განაგრძობენ სროლას მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო, მიუხედავად ორივე მხარისადმი მიმართული საერთაშორისო მოწოდებებისა, დაიცვან რუსეთის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმების პირობები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ღამით კონფლიქტის ზონის რამდენიმე მონაკვეთზე ვითარება დაძაბული რჩებოდა. მან სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო დილით ტერტერის რაიონის დაბომბვაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებას უარყოფს.

გუშინ ოფიციალურმა თბილისმა დეზინფორმაცია უწოდა ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით ხდება კონფლიქტის ზონაში სამხედრო ტვირთის გადაზიდვა. საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაპირისპირების დაწყებისთანავე საქართველომ სამხედრო დანიშნულების ტრანზიტი შეაჩერა.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

გუშინ საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა. უმრავლესი, 207, აჭარიდანაა. თბილისში მცირედით, 168-მდე შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი. გუშინ გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.

ვირუსის შემთხვევების სწრაფმა ზრდამ ევროპის ქვეყნებს ზომების გამკაცრება აიძულა. ერთ-ერთია ჩეხეთი, სადაც დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხნიშნა ნიშნულებს აღწევს. ხვალიდან ჩეხეთში დაიხურება რესტორნები, კაფეები და ბარები.

წაიკითხე განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.

ისტორიული მატჩი: დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება

14 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მეოთხე ტურში, ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. C დივიზიონის ცენტრალური შეხვედრა სწორედ ეს იქნება, რადგან ხუთ-ხუთი ქულით ეს ნაკრებები არიან ჯგუფის ლიდერები.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა სკოპიეში უკვე ივარჯიშა. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო დღეს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია და ჯაბა კანკავა. სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში ოცდასამი ფეხბურთელი დარჩა.

წაიკითხე მეტი.

გაზეთ "ბათუმელებს" სოლიდარობა გამოუცხადეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა, აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გაზეთ „ბათუმელებს“. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის გინების ფაქტი.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების" ჟურნალისტს აგინა. ამის შესახებ 12 ოქტომბერს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ განცხადებით, მერი გააღიზიანა შეკითხვამ, რომელიც ეხებოდა საარჩევნო პროცესში მერიის კუთვნილი მანქანის გამოყენებას. სიტყვიერი შეურაცხყოფის სატელეფონო ჩანაწერი გამოცემამ გაასაჯაროვა.

წაიკითხე მეტი.

სიკვდილი კოვიდით და თანმდევი დაავადებები - რატომ გვიყვებიან ექიმები ავადმყოფობის ისტორიას?

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 102 პაციენტია გარდაცვლილი. მათგან ყველაზე ბევრი, 9 პაციენტი 24 საათში გარდაიცვალა. როგორც წესი, ვრცელია ნუსხა იმ თანმხლები, ქრონიკული დაავადებებისა, რომლებსაც მკურნალი ექიმები თითოეული გარდაცვლილი პაციენტის შესახებ საუბრისას პირდაპირ ეთერში ჩამოთვლიან ხოლმე.

მაგალითად, ეს დაავადებებია: ჰიპერტენზიული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ე.წ. ჭარბწონიანობა; სუნთქვის ორგანოების ავადმყოფობები, ისეთები, როგორიცაა, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები; თირკმლის უკმარისობა; ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

გარდაცვლილი კოვიდპაციენტების ანამნეზის გაცნობის შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი, შეიძლება ითქვას, თავს იმშვიდებს, რადგან მათ ქრონიკული დაავადებები არ აქვთ და ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსს ადვილად დაამარცხებენ. მეორე ნაწილი შფოთავს, რადგან არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათ ქრონიკული დაავადებები არ აქვთ. არიან ისეთები, ვისაც წლებია ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, თუმცა მათ მართვას ახერხებდნენ, ახლა კი დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა დაავადებები გაურთულდეთ.

რამდენად სწორად არის კომუნიკაციის ენა შერჩეული, როდესაც საუბარია „თანმხლებ დაავადებებზე“ და როგორია საქართველოში ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობრივი ვალის შესრულება არა მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემით, არამედ სხვა საქმითაც არის შესაძლებელი - ეს ნაწილი არჩევნებზე არასდროს ან თითქმის არასდროს დადის და ამის მიზეზი სხვადასხვაა: ხან ვერ გადაუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა, ხან საარჩევნო სისტემის სამართლიანობის არ სჯერათ, ხან კი საარჩევნო უბანზე მისულები ისეთი დარღვევების მოწმე გამხდარან, რომ, უბრალოდ, აღარ დარჩენიათ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი და უკან გაბრუნებულან. ასეა ამ ვიდეოს გმირიც - პოეტი თორნიკე სიბაშვილი, რომელსაც არასოდეს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? რა არის მისი ბოიკოტის მიზეზი? თორნიკე ერთ-ერთია, ვინც თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.

XS
SM
MD
LG