Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალის ომი - 30 წლის შემდეგ


ამ დღეს 30 წლის წინ დაიწყო ცხინვალის ომი. ეს თარიღი გამქრალია ქართული ისტორიული მეხსიერებიდან. ეს არაა გასაკვირი: საქართველოს ისტორიის თხრობის ორი ძირითადი მოდუსი არსებობს: გმირული და მარტვილური. მოვლენა, რომელიც არცერთში არ ეწერება, თითქმის განწირულია ისტორიული დავიწყებისათვის.

ცხინვალის ომი გვიჩვენებს, რომ ისტორიული როლები, რომლებსაც ჩვენ მივაწერთ ისტორიულ ფიგურებს, როგორც მინიმუმ ამბივალენტურია: დღევანდელი მოძალადე ხვალინდელ მსხვერპლად იქცევა და პირიქით. ასეთი როლი მიუძღვის ცხინვალის ომში და ამ ომში ჩადენილ დანაშაულში ზვიად გამსახურდიას, რომელსაც თანამედროვე ისტორიული მეხსიერება (არ ვიტყვი მეცნიერებას, იმიტომ რომ მეცნიერება ამ საკითხებს უფრო გვერდს უვლის ხოლმე) უფრო სამხედრო გადატრიალების და შემდგომი პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლად სახავს.

ძალიან ცოტას თუ ემახსოვრება, რომ ეროვნული გვარდია, რომელიც ასევე 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა, ცხინვალის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ ცხინვალის ოპერაციისთვის იქმნებოდა. ეროვნული გვარდია, რომელიც 1991 წლის აგვისტოში, "გეკაჩეპეს" პუტჩის შემდეგ გამსახურდიამ დაშლილად გამოაცხადა (მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველ პუტჩისტებს ეს არ მოუთხოვიათ და არც ეცალათ ამისთვის), გავიდა რკონში და დაუპირისპირდა გამსახურდიას. ეროვნული გვარდია, რომელიც ცხინვალის ომიდან 1 წლის თავზე უკვე სამოქალაქო ომში მონაწილეობდა და რომელიც, ჯაბა იოსელიანის მხედრიონთან ერთად იყო სამხედრო გადატრიალების მთავარი ფიგურანტი.

ეროვნული გვარდია მონოგრაფიულადაა შესასწავლი. მონოგრაფიულად შესასწავლია მხედრიონიც და სხვა შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ირხეოდნენ ლეგალურობას და არალეგალურობას შორის: რომლებსაც მთავრობები იყენებდნენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამაგიეროდ აძლევდნენ კარტ-ბლანშს და ფაქტობრივად კანონის გარეშე ამ სიტყვის ორმაგი მნიშვნელობით: ერთი რომ მათ შეეძლოთ არ დამორჩილებოდნენ კანონს, მაგ. უკვე პოლიციად გარდაქმნილ მილიციას და ჩაედინათ დანაშაული სასჯელის შიშის გარეშე, მეორე, რომ როდესაც მთავრობები თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს აღწევდნენ ან ვერ აღწევდნენ, შეიარაღებულ ფორმირებებს ლეგალურ სტატუსს ართმევდნენ და მათ დამნაშავეებად აცხადებდნენ იგივე დანაშაულისთვის, რომელზეც რამდენიმე დღით ადრე თვალს ხუჭავდნენ.

დავუბრუნდეთ ცხინვალის ომს: მისი მოკლე ქრონოლოგია ასეთია: 1988 წლის ბოლოს შეიქმნა "ადამონ ნიხასი" (სახალხო კრება). დაიწყო დაპირისპირებები ქართველებს და ოსებს შორის, რომლის ინიციატორად ხშირად გამოდიოდა ზვიად გამსახურდია. გამსახურდია (ისევე როგორც მის მიმდევართა დიდი ნაწილი) აფხაზებს და ოსებს ჩამოსახლებულებად მიიჩნევდა, ოსებს ეძახდა საქართველოს "უმადურ სტუმრებს" (ისევე, როგორც უარყოფდა აფხაზი ერის არსებობას) და თვლიდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათ პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლებები არ ჰქონდათ.

ეს იყო არა მარტო რიტორიკა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომლებიც, მოქალაქეობით და შეგნებით ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც ეთნიკური ქართველები, არამედ პრაქტიკაც, რომელიც არაა შესწავლილი: დაშინება, შეურაცხყოფა, ჩაგვრა, რამაც, საბოლოო ჯამში, ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია გამოიწვია. იგივე ფასეულობაზე, ეთნიკურ ნაციონალიზმზე და ავტოქტონური ეთნოსის უპირატეს უფლებებზე დამყარებული პოლიტიკის შედეგი იყო უკვე აფხაზეთიდან და ოსეთიდან ასიათასობით ქართველის გამოძევება. ქართველები, აფხაზები და ოსები საერთო ინტელექტუალურ და ფასეულობით საფუძველზე იდგნენ (და დიდი დოზით დღესაც დგანან) ოღონდ ამ ფასეულობებს და არგუმენტაციას ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყენებენ. უმცირესობათა ჩაგვრის ეს ისტორია, ზეპირი ისტორიების დონეზეც კი არაა შესწავლილი და დიდად არავის აინტერესებს.

უმცირესობებისთვის კულტურული და პოლიტიკური შეზღუდვების გზებს ადგა საქართველოს მთავრობა 1989 წლიდან (ჯერ კიდევ გამსახურდიას მთავრობაში მოსვლამდე). მაგალითად 1990 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც კრძალავდა რეგიონული პარტიების მონაწილეობას და პირდაპირ იყო გათვლილი ეროვნულ უმცირესობებზე. ამ კანონმა მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობამ არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩაატარა თავისი არჩევნები, რამაც გამოიწვია შემდეგი ესკალაცია: სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის მიერ ცალმხრივი დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ, რასაც შემდეგ უკვე მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი.

ამ კონფლიქტში, ისევე, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის პირველ ფაზაში, უპირატესობა იყო ამ კონფლიქტში, ისევე, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის პირველ ფაზაში, უპირატესობა იყო ქართველების მხარეს, რომელსაც ისინი იყენებდნენ ისე, რომ ამ ისტორიის მოყოლა, როგორც ზემოთ ვთქვი, არც გმირულ და არც მარტიროლოგიურ თხრობით მოდუსს არ შეესაბამება. შედარებით ნეიტრალურ უცხოენოვან მოხსენებებს თუ წავიკითხავთ, იქ ვნახავთ ჩანაწერს, რომ ქართველები ჩადიოდნენ "დანაშაულს" , სპეციფიკაციის გარეშე. უკვე ზეპირი ისტორიის დონეზე, ამ ამბების ერთ-ერთი მონაწილე მაკაროვის ხელში თამაშით ამაყად მიყვებოდა, რომ ოსები ცივ ლიახვში შეყარეს (სავარაუდოდ მილიციელებზე იყო ლაპარაკი, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეც ბევრი დაზარალდა).

ამ ამბის გაგრძელება იმდენად მტკივნეულადაა ნაცნობი და იმდენჯერ გამეორებულა სამხრეთ კავკასიაში, რომ ყოველ ჯერზე მიკვირს, როგორ ვახერხებდით ჩვენც და სხვებიც ერთსა და იმავე ანკესზე წამოგებას. რუსეთმა ჯერ მისცა ქართველებს სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება, შემდეგ უკუაგდო და ჩადგა შუამავლად. ამ დრამის ქრონოლოგიურად ბოლო მოქმედება ყარაბაღში ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ.

რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ 30 წლის წინანდელი ამბებიდან? შესაძლო დასკვნა იმდენია, რომ ჩამოთვლასაც ვერ მოვახერხებ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, არის არა განსხვავება, არამედ მსგავსება და ადგილმონაცვლეობა მოძალადესა და მსხვერპლს შორის. ეს მსგავსება არის ფასეულობითი (ორივე იზიარებს ერთსა და იმავე ფასეულობას) და ასევე ენობრივი: ორივე იზიარებს ერთსა და იმავე საკომუნიკაციო ენას: ძალადობას, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზას. სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არც განიხილება.

ახლა რომ დავფიქრდეთ, საიდან მოდის ერთიცა და მეორეც, საიდან მოდის ეთნიკური ნაციონალიზმის ის ფორმა, რომელიც უპირატეს უფლებას ანიჭებს ავტოქტონურ ეთნოსს და დანარჩენებს "სტუმრებად" აღიქვამს და ამაზე აწყობს თავის პოლიტიკას, დავინახავთ, რომ ⅩⅨ საუკუნის ბოლომდე ეთნოსი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი კატეგორია და რომ მისთვის მნიშვნელობის მინიჭება იწყება წინა საუკუნის დასაწყისიდან, ხოლო პოლიტიკის საფუძვლად ის იქცევა სტალინის ნაშრომზე "მარქსიზმი და ეროვნული საკითხი" დაფუძნებული საბჭოთა კავშირის ეროვნული პოლიტიკის შედეგად.

ასევე შეგვიძლია ვიკითხოთ, საიდან მოდის პოლიტიკური (და საზოგადოებრივი) კულტურა, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტის გზას ძალადობაში ხედავს. აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრადიცია ყალიბდება ისეთ გარემოში, სადაც სიტყვა, აზრის თავისუფალი გაცვლა, პოლიტიკური წარმომადგენლობა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების დისკუსიით გადაწყვეტის კულტურა საერთოდ არ არსებობს.

რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ამბები ვიცოდეთ? ესეც მრავალი რამის გამო - ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწორად აღვწეროთ ჩვენი ისტორია და დავინახოთ კავშირები მოვლენებს შორის იმისთვის, რომ არ გადავვარდეთ ისტორიის ცალმხრივ, გმირულ ან მარტიროლოგიურ მოდუსში. სწორი კავშირების და მიზეზ-შედეგობრიობის დანახვა კი გვჭირდება არა მარტო ზუსტი ცოდნის და აღწერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ აღარ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები, როდესაც რაღაც ახლის შენებას დავიწყებთ, ეს ახალი არ დავაფუძნოთ საძირკველს, რომელსაც უკვე სიდამპლე აქვს შეპარული და ვერ გაუძლებს მასზე ვერაფრის დაშენებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG