Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს ამოსუნთქვა არ დასცალდა - ბრიუსელი ახალმა სკანდალმა მოიცვა


ეს წელი ევროკავშირისთვის მძიმედ დაიწყო. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მხრივ, ის ამერიკასაც ჩამორჩება და დიდ ბრიტანეთსაც, რის შედეგადაც სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ ბრიუსელის უსარგებლობაზე. რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესაჭე ჟოზეპ ბორელი მისი მოსკოვური ვიზიტისას დაამცირეს, ახლა კი “დივანგეიტმა” ევროკავშირს ჯერაც შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილი მიაყარა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ კვირაში ანკარაში გაემგზავრნენ. გეგმის თანახმად, კვიპროსის, მიგრანტების და სხვა საკითხების გარშემო რამდენიმეთვიანი კინკლაობის შემდეგ, ამას ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა უნდა ამოექოქა, მაგრამ სანაცვლოდ, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, შეხვედრა მათთვის მორიგ დამცირებად გადაიქცა.

შეხვედრის ოთახიდან გავრცელებულ კადრებში ვხედავთ ერთმანეთის პირისპირ დადგმულ ორ სკამს, რომელთა უკანაც ევროკავშირისა და თურქეთის დროშები მოჩანს. მას შემდეგ, რაც ერდოანი და მიშელი შემოვიდნენ და დასხდნენ, უხერხულ პოზაში აღმოჩნდა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ვერ მიხვდა, სად წასულიყო. აღშფოთების გამოსახატავად მან ხელი გააქნია და ჩაიბურტყუნა “აჰმ”, ანდა “ეჰმ”. შემდეგ კადრში ის მორცხვად ზის დივანზე, ორი მამაკაცისგან მოშორებით და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდით. არადა, ეს ადამიანი, მკაცრი პროტოკოლის თანახმად, მასზე გაცილებით დაბლა დგას.

ბოლო ორი დღეა, ამ გამოსახულებებმა ბრიუსელი მოიცვა და ვერდიქტი ისეთივე შეუვალია, როგორიც იყო წლის დასაწყისში, ბორელის მოსკოვური პრესკონფერენციის შემდეგ: ავტოკრატიულმა რეჟიმებმა კვლავ აჯობეს ევროკავშირს ძალის დემონსტრირებაში, წარმოაჩინეს რა მისი მოუქნელობა და აშკარა არაკომპეტენტურობა.

კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ის იყო, რომ ეს ამბავი სექსიზმის სუნიად ყარდა. ვიზიტის წინ თურქეთმა დააანონსა, რომ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციას ტოვებს და ახლა ხელისუფლებამ ევროკომისიის ისტორიაში პირველ ქალ ლიდერს დივანზე უკრა თავი მანამ, სანამ ბიჭები დიდ პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ. ეს ნამდვილად ცუდი სანახავი იყო.

რამდენიმე ევროპელმა ჩინოსანმა და ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ კალიბრის შეხვედრები უწვრილმანეს დეტალებშია გაწერილი და შემთხვევით იქ არაფერი ხდება. მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უარყო ბრალდებები, თითქოსდა ეს გამიზნულად იყო გაკეთებული, და განაცხადა, ჩვენი პროტოკოლის სამსახურები დროულად შეხვდნენ ერთმანეთს და ევროკავშირის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილესო.

მომდევნო დღეს გამართულ 45-წუთიან პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერი, ერიკ მამერი, ჟურნალისტების კითხვებს იგერიებდა. მან უარი თქვა განემარტა, მისი აზრით, რა იდგა სტუმრის აშკარა უპატივცემულობის მიღმა, თუმცა დაადასტურა, რომ კომისიის პრეზიდენტი “ნამდვილად გაკვირვებული იყო” და რომ პროტოკოლის დეპერტამენტს მასთან ერთად არ უმგზავრია COVID-შეზღუდვების გამო. მამერმა შემდეგ დაამატა, რომ ფონ დერ ლაიენს “ისევე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტს და თურქეთის პრეზიდენტს”. ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა “ამჯობინა შეხვედრის შინაარსი პროტოკოლთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე წინ დაეყენებინა და ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან ევოპელი მოქალაქეები მოელიან”.

შემდეგ რისხვა დაატყდა მიშელს, ან, როგორც მას ზოგი დიპლომატი აღფრთოვანებით მოიხსენიებს, “ჯენტლმენ ჩარლის”. რატომ არაფერი არ თქვა და არ გააკეთა? არ შეეძლო დამატებითი სკამი მოეთხოვა, ან ღირსეულად მოქცეულიყო და ერდოანთან ერთად დაჯდომა ფონ დერ ლაიენისთვის დაეთმო?

ბოლოს მიშელმა ფეისბუქზე პოსტი ფრანგულად გამოაქვეყნა. მან არც კრიტიკა მიიღო, არც დაადანაშაულა ვინმე და არც ბოდიშის მოხდა მოუთხოვია. სამაგიეროდ, განაცხადა, გამოსახულებები მცდარ წარმოდგენებს ქმნისო. მისი თქმით, “ორმაგად გაღიზიანებული” იყო. პირველი, იმით, რომ თითქოსდა გულრგილად შეხვდა “ურსულასთან მიმართებაში პროტოკოლის დარღვევას” და მეორე - ამ ეპიზოდმა “ჩრდილი მიაყენა დიდ და ნაყოფიერ გეოპოლიტიკურ სამუშაოს, რომელიც ანკარასთან ერთად გავწიეთ”.

გასაგები მიზეზების გამო, ფემინიზმის კარტიც გაითამაშა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, იყოს იმ ევროპული პროექტის ნაწილი, სადაც ქალები 4 მთავარი ინსტიტუტიდან 2-ს უძღვებიან (კრისტინ ლეგარდი ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია). მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგიის პრემიერის პოსტზე ის ისტორიაში პირველმა ქალმა პრემიერმა, სოფი ვილმსმა, შეცვალა.

შეიძლება ეს ქარიშხალია ჭიქაში, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაფერი ამით არ მორჩება. ევროპული პარლამენტი არასდროს უშვებს ხელიდან შანსს ცეცხლი შეუნთოს საბჭოსა და კომისიას. ამჯერადაც მიშელთანაც და ფონ დერ ლაიენთანაც აღნიშნულ საკითხზე პლენარული დებატი მოითხოვეს. ჯერ მხოლოდ გაზაფხულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წელი ევროკავშირისთვის რთული იქნება. შეიძლება ჯობდეს, დივანზე წამოსკუპდნენ და უკეთეს დროებას დაელოდონ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG