Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორდენი „მადლობისთვის“, თუ სანახაობა პურის გარეშე


იზიდა ჭანია
იზიდა ჭანია

ავტორი: იზიდა ჭანია

მიეცით მათ პური და სანახაობა და არ აჯანყდებიან, ამბობდა რომაელი სატირიკოსი იუვენალისი 2 ათასი წლის წინ. მას შემდეგ ჩვენი მსოფლმხედველობა არ შეცვლილა და, შესაბამისად, არც ახლანდელ პოლიტიკოსებს სჭირდებათ ტვინის ჭყლეტა იმაზე, თუ როგორ დააცხრონ მასების უკმაყოფილება.

დავბრუნდეთ რომიდან აფხაზეთში. აქ პრობლემა გვაქვს! თუკი სანახაობის მხრივ დღევანდელმა ხელისუფლებამ რაღაც მაინც მოახერხა, ხალხისთვის მუქთად პურის დარიგებას ნამდვილად არავინ ფიქრობს.

ამას წინათ ჩვენმა ხელისუფლებამ სცადა ბავშვთა დღისთვის ხალხი გაერთო. გამოაცხადეს, შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავი, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი, აფხაზეთში ჩამოვაო. ამ ინფორმაციამ ყველა მედია მოიცვა, მაგრამ უკვე შაბათ საღამოს გაირკვა, რომ ხაბიბმა ჩამოსვლაზე უარი თქვა. მიზეზი ის შესაძლო სანქციები იყო, რომლებიც აშშ-დან და საქართველოდან წამოვიდოდა. ამ ყველაფერს თავად ხაბიბის განცხადება არ მოჰყოლია, ამიტომ ისტორია არაფერს ამბობს იმაზე, სპორტსმენს მართლაც შეეშინდა ქართული სანქციების, თუ ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა მას ხეირიანად მოლაპარაკებოდა. ასე იყო თუ ისე, ვარსკვლავის ხმამაღალი „მადლობა“ ასლან ბჟანიას მისამართით 1 ივნისს ვერ მოვისმინეთ.

ამის შემდეგ „მადლობისთვის“ ცნობილი რუსი მომღერალი ნიკალაი ბასკოვი მოიწვიეს, რომელსაც, სავარაუდოდ, შიში არა აქვს. ეს ჩვენს პრეზიდენტს ისე გაუხარდა, ნაციონალური ორდენი „ახძ-აპშა“ (ღირსება და სახელი) გაიღო. ამ ორდენს თან ფული არ მოჰყვება და რუსი მომღერლის კოლექციაში უეჭველად მორიგი ჟღარუნის ადგილს დაიკავებს, აი, აფხაზებიდან კი ბევრი აღშფოთდა. დაეჭვდნენ, სოხუმის სანაპიროზე ფონოგრამაზე მოხტუნავე მომღერალს ეს ჯილდო რამდენად ეკუთვნოდაო. რა არის საკამათო? ათჯერ წავიკითხე ჯილდოს აღწერა. ამ ორდენით „შესაძლებელია დაჯილდოვდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე საკუთარი ხალხის მიმართ გაწეული ღვაწლისთვის“. როგორც ჩანს, ბასკოვს „საკუთარი ხალხის მიმართ“ ღვაწლი აქვს გაწეული, ამიტომ აღშფოთების საფუძველიც არ არსებობს - პრეზიდენტს „მადლობა“ გადაუხადეს, მანაც, ჩვეულებისამებრ, „მადლობის“ საპასუხოდ ორდენი გაიღო. ისიც ხეირია, რომ ეს ორდენი იყო და არა სახელმწიფო აგარაკი.

ეს სანახაობაზე, რომელიც, სკანდალებისა და პანდემიის პიკის მიუხედავად, მაინც გვაქვს. რაც შეეხება პურს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების თანახმად, უახლოეს მომავალში აფხაზეთს ორი ეკონომიკური სასწაული ელოდება: ფასების მატება ელექტროენერგიასა და საწვავზე, ეს კი სამომხმარებლო კალათას გააძვირებს.

ბენზინთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წევრს საწვავის ბიზნესი აქვს. აღმოჩნდა, რომ ბენზინის ახლანდელი ტარიფი ეკონომიკურად გაუმართლებელია, „რადგან მისი ღირებულება გაიზარდა რუსეთში, საიდანაც ის შემოაქვთ“.

სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ამ პრობლემას ხელისუფლება საწვავის ბიზნესის დოტაციით მოხსნიდა, მაგრამ ჩვენთან არ მოსულა იზრუნო ხალხზე, ვისაც გაძვირებული ბენზინის კვალდაკვალ პურიც გაუძვირდება.

მაგრამ ესეც მხოლოდ დასაწყისია. 18 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა უაპელაციოდ გამოაცხადა, ფასები ელექტროენერგიაზეც გაიზრდებაო. რაც უნდ პარადოქსული იყოს, მიზეზად ოზგანმა ის დაასახელა, რომ 2021 წელს მოსახლეობამ მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 24 %-ის საფასური გადაიხადა. დანარჩენი 80 %-ის აღმოცენებას მათ უნდა ვუმადლოდეთ, ვისაც პრეზიდენტი და ხელისუფლება ჩვენს ხარჯზე კრიპტოვალუტის მოპოვების საშუალებას აძლევს. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად იზრდება ავარიები ენერგოსადგურებზე, რაც სისტემის შენახვას კიდევ უფრო აძვირებს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვალეობებს თავს ვერ ართმევს, გადამდგარიყო, ჩვენ გაზრდილი ფასები მივიღეთ.

კიდევ ერთხელ ელექტროენერგიისა და ბენზინის ფასზე: ელექტროენერგიის ფასი ჩვენთან, მართლაც, არარეალურია, მაგრამ ასეთივე არარეალურია პატიოსანი ხალხის შემოსავალიც. ამიტომაც ძალზე უცნაურია, რომ დენისა და ბენზინის გაძვირებას პენსიის, შემწეობისა და ხელფასის ზრდა არ მოსდევს.

ხელისუფლების წარმომადგენლების ლოგიკა რაღაცნაირად მაინც რომ ამეხსნა, ასეთი რამ ვიფიქრე: თუკი საარსებო მინიმუმი ოფიციალურად 7 500 რუბლია, ხალხი კი არსებობას 2 500-რუბლიანი პენსიით ახერხებს, ესე იგი მოსახლეობა ახლაც როგორღაც გამოძვრება. ეს რომში იყო საჭირო პური და სანახაობა ერთად; ეს რომაელები არიგებდნენ ხორბალს გლადიატორთა ბრძოლების პარალელურად. ჩვენ სხვა ტრადიცია გვაქვს და, ამიტომაც, მათ რომაულ „პურსა და სანახაობას“ ჩვენს ურყევ ოპტიმიზმს შევაგებებთ - „არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი“!

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG