Accessibility links

site logo site logo

რადამ მხარი დაუჭირა უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 თებერვალს


რადამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, 30 დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2014 წლიდან მოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 4 დეპუტატი.

30 დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების უფლება ექნება.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილებას კენჭი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების დასამტკიცებლად უყარა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღება გავლენას არ იქონიებს უკრაინელების ცხოვრებასა და ბიზნესის წარმოებაზე.

რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისა და ღია მუქარის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ 18-60 წლის ასაკის რეზერვისტების გაწვევის ბრძანება გამოსცა. პროგრამა ერთი წლის ვადით იმოქმედებს. მანამდე ზელენსკიმ დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე ჯერ არ გასცემს სამხედროთა სრული მობილიზაციის ბრძანებას.

პარალელურად გამოცემა Newsweek-ი აშშ-ის დაზვერვის უწყებების წყაროებისგან მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სადაზვერვო მონაცემები, რომელთა თანახმადაც, მოსკოვი უკრაინაში მომავალი 48 საათის განმავლობაში აპირებს შეჭრას.

"უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ცნობებზე დაყრდნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, 48 საათში დაიწყებს შეჭრას", - უთხრა გამოცემას პირმა, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს ინფორმაციაზე.

წაიკითხე მეტი.

რა აკავშირებს მესტიის მუზეუმის დირექტორს პუტინისთვის მიწერილ ღია წერილთან

21 თებერვალს პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი ღია წერილი, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. მათ შორისაა „პროფესორთა ლიგაც”. ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მესტიის მუზეუმის დირექტორია.

2013 წელს ეს ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა თავიანთი უფლებების დასაცავად შექმნეს - ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია არქეოლოგი, თსუ-ს პროფესორი ზვიად კვიციანი. 2021 წლის დეკემბრიდან იგი მესტიის მუზეუმის დირექტორია. თანამდებობაზე ის კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. ზვიად კვიციანი ეროვნული მუზეუმის 5-კაციანი დირექტორატის წევრიცაა, შესაბამისად, მონაწილეობს არა მხოლოდ მესტიის მუზეუმის, არამედ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი ყველა მუზეუმის მართვაში.

ზვიად კვიციანი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ნამდვილად არის „პროფესორთა ლიგის“ დამფუძნებელი, თუმცა წერილის შესახებ არაფერი იცის:

„რა პუტინი, რის ხელმოწერა, წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება? თქვენგან ვიგებ ახლა ამას პირველად. შეხებაც კი არ მაქვს იმ დამფუძნებლებთან, ბევრი დამფუძნებელი ჰყავდა იმ ორგანიზაციას. მე სვანეთში წამოვედი ახლა, მესტიის მუზეუმის დირექტორად დავინიშნე, ერთი თვეა. ძალიან დიდ ფორსმაჟორულ ვითარებაში ვართ, უამრავი რამ არის გამოსასწორებელი აქ. ახლაც ერთ-ერთ ტაძართან ვარ, სადაც არტეფაქტების ინვენტარიზაციას ვაკეთებთ“.

ის იხსენებს, რომ წლების წინ მან და მისმა კოლეგებმა „პროფესორთა ლიგა“ მეცნიერების უფლებების დასაცავად შექმნეს, თუმცა ახლა ეს ორგანიზაცია აქტიური აღარ არის.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა პუტინისთვის მიწერილი წერილის სულისკვეთებას, ზვიად კვიციანი გვიპასუხებს: „მე ძალიან მხარს ვუჭერ ჩვენს ხელისუფლებას, მით უმეტეს პრემიერს. ასეთი მმართველი ჩვენ არ გვყოლია. კი არ ვარ ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის კურსი დასავლურია“.

რას წარმოადგენს „პროფესორთა ლიგა“? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

„პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ - ნიკა მელიამ საპროტესტო აქციები დააანონსა

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმეორედ გამოცხადებული შიმშილობის მესამე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიამ სამომავლო გეგმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ ენმ-ის ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

მან აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, რასაც სხვადასხვა კონსილიუმის წევრებიც ადასტურებენ. ასევე ექიმებისა და კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე ნათელია, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი - ის უნდა იქნეს გადაყვანილი უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად“, - აცხადებს ნიკა მელია.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქტივობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და შემდეგ, 5 მარტს, 5 საათზე აქცია ჩატარდება რუსთაველის გამზირზე.

წაიკითხე მეტი.

ღარიბაშვილი სანქციებზე: ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხში საქართველო იმოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, - ასეთი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გაძლიერებასთან და მოსახლეობის დაცვასთან, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ და ვიხელმძღვანელებ. სხვა ყველაფერი, რომელიც გააუარესებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას.

წაიკითხე მეტი.

პოლიციამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ი.ბ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა.

დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხე მეტი.

სომხეთის სკოლების ნაწილში შესაძლოა ქართული ენის სწავლება დაიწყონ

ვაგრამ დუმანიანი, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ განიხილება სკოლის პროგრამაში ქართული ენის სწავლების შეტანის საკითხი.

„დღეისთვის აზერბაიჯანული ენის სწავლების საკითხი არ განიხილება. ამჟამად ჩვენ გვაქვს პროგრამა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან გვსურს გვქონდეს შესაძლებლობა, ზოგიერთ სკოლაში ვასწავლოთ ქართული ენა იმისთვის, რომ გაიცნონ რეგიონის ენები და კულტურა. თქვენ რატომ კონცენტრირდით მაინცდამაინც აზერბაიჯანულ ენაზე? ამ დროისთვის ჩვენ განვიხილავთ ქართული ენის საკითხს, მაგრამ არა როგორც საყოველთაოს და სავალდებულოს“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტარები, მინისტრები, გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები: იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვის

რაც დრო გადის, რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების რაოდენობაც იზრდება და იმ ქვეყნების რიცხვიც, ვინც რუსეთს და ვლადიმირ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ამ სანქციებით უპასუხებს.

22 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რაც "ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". სანქციების დაწესებას ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

სანქცია ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშებისა და ქონების გაყინვას მოიცავს.

სანქცირებულ პირთა სია გრძელია და მოიცავს, მაგალითად, სერგეი შოიგუს, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანტონ ვაინოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარია ზახაროვას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელს და სხვა.

22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის ქმედებებს დაუპირისპირა სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მთავარი ფინანსური ინსტიტუტების ბლოკირებას.

რუსეთი ფინანსური წნეხის ქვეშ და სანქციების გრძელი სია - წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG