Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მოდის


"ჩვენ რუსები ვართ! ღმერთი ჩვენთაანა"- მსვლელობა ჯვრით პრიმორსკის ოლქში. 2003 წ.
"ჩვენ რუსები ვართ! ღმერთი ჩვენთაანა"- მსვლელობა ჯვრით პრიმორსკის ოლქში. 2003 წ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, მოულოდნელად წარმოშვა რუსეთიდან გაქცეული ადამიანების დიდი ნაკადი, რომლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველოს, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყანასაც შეაფარა თავი. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი ამის საშუალებას იძლევა.

საქართველოს რუსეთიდან გამოქცეული ადამიანებისთვის ადრეც არაერთხელ მიუცია თავშესაფარი, ამ საქმიდან გარკვეული ხეირი თვითონაც კი უნახავს, განსაკუთრებით XX საუკუნის 10-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ტფილისს ლამის მთელი კულტურული რუსეთი მიაწყდა, მაგრამ საქართველოს ასევე ახსოვს რუსების სხვაგვარი „მოსვლებიც“.

საქართველოში რუსები მრავალი საუკუნის განმავლობაში მოდიოდნენ. ქრონოლოგიურად, პირველი ყველაზე გახმაურებული მოსვლა, რა თქმა უნდა, „პირველი რუსის“ დამოყვრების წარუმატებელი მცდელობა იყო.

ასევე არაფრის მომტანი, უნაყოფო და უდღეური იყო რუსების გამოჩენა XVI საუკუნეში, როცა ივანე მრისხანემ მდინარე თერგის ხეობაში ციხესიმაგრეების მშენებლობა დაიწყო, თუმცა, ირანისა და ოსმალეთის გაღიზიანების შიშით, მალევე მოარღვია ჯერ კიდევ კირშეუმშრალი საფორტიფიკაციო ნაგებობები და უკან, ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდა...

მერე და მერე უფრო საფუძვლიანად მოდიოდნენ რუსები: ჯერ ჩვენი მეფეები ეძებდნენ პროტექტორატს (ალექსანდრე II-ის „ფიცის წიგნი“, ერეკლეს ტრაქტატი...), შემდეგ კი თავპატიჟი აღარ სჭირდებოდათ, თავისით მოდიოდნენ, არაფერს ეკითხებოდნენ არც ჩვენს მეფეებს და არც მათ შთამომავლებს და მკვიდრდებოდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ.

საქართველოს მეფეებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსების მოსვლით ტრადიციულ მტრებს შეაშინებდნენ („რუსი მოდის! რუსი მოდის“ - გახსოვთ მხატვრული ფილმი „გიორგი სააკაძე“?), მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ვერაგი მტრის ხელში ჩაიგდეს თავი. 1812 წლის კახეთის დიდი აჯანყების მონაწილე ბოდბისხეველებმა თავიანთ მოურავს, იოსებ ანდრონიკაშვილს ასე აუხსნეს რუსების წინააღმდეგ „მოხდენილი აჯანყების“ მიზეზი:

„ამგვარი უღვთოობა და უბედურობა არ გამოგვიცდია ლეკთა, ყიზილბაშთა და ოსმანთა ბატონობის დროსააც-კი. ვითმენდით, ვიტანდით თავზე მოვლენილ ჭირსა, რადგან ერთგულების ფიცი მივეცით ხელმწიფეს, მაგრამ როდესაც ხელიდან ცოლები წაგვგლიჯეს, ვეღარ მოვითმინეთ და ავიშალენით. რუსებმა მოსტაცეს ცოლი ბინობაშვილს. ორი კვირა ჰყავდათ ბოდბისხევში და შემდეგ დაითხოვეს. ბაღაშვილსა და ხოპაშვილსაც წაართვეს ცოლები. თითოთ კვირა ჰყავდათ და მერე დაითხოვეს. ცოლთა გაუპატიურება და ნამუსის ახდა საკუთარის თვალით იხილეს... აქამდე ქალების დასჯა ვიღას გაეგო. წაავლებდნენ ხელს დედა-კაცებს, ჩახდიდნენ ნიფხვებს და ჯოხებით უკან ტანს უჭრელებდნენ“.

აჯანყების მონაწილე კახელებმა და ქიზიყელებმა, რომლებმაც იარაღი იხმარეს რუსი მხედრობის წინააღმდეგ, ასევე შესჩივლეს ალექსანდრე ჭავჭავაძესაც, ვისი ქალიშვილის ნინოსა და სიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის სიყვარულის ამბავი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ყველაზე გამძლე და ყბადაღებული კლიშე გამოდგა, თუმცა საქმეს ვეღარ უშველა ვერც 1812 წლის და ვერც 1832 წლის აჯანყებებმა, რადგან „ერმოლოვის ნაჯახს“ პერიოდულად ენაცვლებოდა „პუშკინის სამოვარი“, მათრახს - თაფლაკვერი, ცოფიან ციციანოვს - მშვიდი ვორონცოვი, რუსები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.

საგულისხმოა, რომ 1800 წლის აღწერაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 784,7 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რუსები, უმნიშვნელო რაოდენობის გამო, საერთოდ ვერ მოხვდნენ, 1832 წელს კი, თუ არ ჩავთვლით ჯარს, საქართველოში 500 რუსს უცხოვრია, 1865 წელს - 25,9 ათასს, 1886 წელს - 42,5 ათასს, 1897 წელს - 101,1 ათასს, 1959 წელს კი - 407 ათასს. საინტერესოა 1897 წლის თბილისის დემოგრაფიული სურათიც: ქართველი - 27,7%, რუსი - 26,8%.

როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, საუკუნისწინანდელ თბილისში ეთნიკური რუსების მაღალ კონცენტრაციას მარტივი ახსნა აქვს: საქართველოს დედაქალაქში მდებარეობდა კავკასიაში რუსეთის იმპერიის ადმინისტრაცია თავისი უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატით, რომელიც ძირითადად ჩამოსული ან ჩამოსახლებული რუსებისგან შედგებოდა:

„როცა დაიწყო ქართული ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობა და ბიუროკრატიის გაეროვნულება, პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გამოცდილი მოხელეების გაშვების მოტივაცია არც ჰქონია, მაგრამ რუსმა მოხელეებმა ქართული ენა არ იცოდნენ, ასევე იყვნენ ისეთებიც, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ უნდოდა. წინააღმდეგობა იმდენად ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომ თბილისის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციული აპარატის მოხელეებმა სცადეს საბოტაჟის ორგანიზება მთელი ქვეყნის მასტაბით, თუმცა პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ შეძლო იმის დასაბუთება, რომ პროტესტს ჰქონდა არა ეკონომიკური ან სოციალური, არამედ შოვინისტური საფუძველი“.

საქართველოში, ცხადია, მხოლოდ რუსი მოხელეები არ მოდიოდნენ. 1917-1921 წლებში თბილისი იქცა თავისებურ კულტურულ ოაზისად, რომელსაც თავი შეაფარა სამოქალაქო ომსა და შიმშილს გამოქცეულმა რუსეთის ლამის მთელმა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ.

„ყოველ დღე ვსადილობდით, ყოველ საღამოს ვვახშმობდით“, - იხსენებდა წლების შემდეგ თბილისში გატარებულ დღეებს მწერალი ილია ერენბურგი, რომელსაც, ოსიპ მანდელშტამთან ერთად, ცისფერყანწელები მასპინძლობდნენ.

„შემოვიდა კბილებჩაცვენილი, მელოტი, დაბალი და ჩამომხმარი კაცი, რომელსაც ფეხებზე დახეული წუღები, ტანზე წვრიანი ბლუზა და მუხლებმოგრეხილი შარვალი ეცვა. სანახაობა უწვერ-ულვაშო და ბიბლიური“, - ასე აღწერა ნიკოლო მიწიშვილმა 1919 წელს საქართველოში ჩამოსული ოსიპ მანდელშტამი, რომელიც, როგორც საეჭვო პიროვნება, საგანგებო რაზმს ჰყავდა დაპატიმრებული. ქართველმა პოეტებმა იშუამდგომლეს ბენია ჩხიკვიშვილთან, რომლის განკარგულებითაც მანდელშტამმა მიიღო ტანსაცმლისა და ერთი თვე კვებისთვის სამყოფი ფული...

რუსი სახელმწიფო მოხელეები და რუსი პოეტები მერეც, მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ჩამოდიოდნენ: საქართველოში ქვეყნის მეორე პირი („მეორე მდივანი“), დაუწერელი კანონით, რუსი უნდა ყოფილიყო, რუს პოეტებს კი, ევგენი ევტუშენკოს რომ დავესესხოთ, საერთოდ პოეტობა ვერ წარმოედგინათ საქართველოს გარეშე:

Про Грузию забыв неосторожно,
Поэтом быть в Росси невозможно.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსმა პოეტმა (რომელიც საქართველოს დავიწყებით თურმე პოეტობას კარგავს), ერთხელ მაინც გამოხატა წუხილი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის გამო... ან კი როგორ გამოხატავდა, როცა ის ასევე არის საყოველთაოდ ცნობილი და ანეკდოტურად ცინიკური სიმღერის - „უნდათ კი რუსებს ომი“ ტექსტის ავტორი...

ცალკეულ პოეტებსა თუ ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლებს შორის, ალბათ მართლაც არსებობდა გულწრფელი მეგობრობა და ნორმალური, საქმიანი ურთიერთობები, მაგრამ წარმოუდგენლად ბევრნი და გამძლენი აღმოჩნდნენ ისინი, ვისთვისაც ქართული კულტურა და საქართველო მხოლოდ და მხოლოდ დროის კარგად გასატარებელი ეთნოგრაფიული ადგილის ფონია. ამ დამოკიდულებას კარგად აღწერს რუსი საბჭოთა ტურისტების ერთი ლექსი, რომელიც წლების წინ, პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ გაიხსენა:

Мы приехали в Тбилиси
И сейчас же напились,
Что то ели, Что-то пели,
Что-то Шота Руставели
[ჩვენ ჩამოვედით თბილისში,
და მაშინვე დავთვერით,
რაცხა საჭმელი, რაცხა სასმელი
რაცხა შოთა რუსთაველი]

როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ესეც გაქრა. „მზიანმა საქართველომ“ მყარად მოიკიდა ფეხი რუსეთის მოქალაქეების მიერ მტრად აღქმული ქვეყნების პირველ სამეულში, 2008 წელს კი საერთოდაც თავს დაგვესხა და „რუსის მოსვლაც“ ლამის ოკუპაციის, დაპყრობის სინონიმად იქცა.

ცხადია, რუსები, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ მოვიდნენ საქართველოში (როგორც შსს მინისტრი ამბობს, 25 ათასი ადამიანი და ბევრნი გავიდნენ კიდეცო), ოკუპანტები არ არიან, მაგრამ ნაწილი მასპინძლებისა შიშობს, რომ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მათთვის საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა კი არა, უბრალოდ ომამდელი, სანქციებამდელი რუსეთის ნაგლეჯია.

შესაძლოა, ამგვარი დამოკიდებულება ამ ეტაპზე არც არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორი და რამხელა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაშინ, სულ ცოტა, უკეთესად მაინც გავუგებთ ჩვენი საზოგადოების ამ, მშფოთვარე ნაწილს.

განა, რუსებს, თუნდაც ჩვენთან მოსულებს, შეუძლიათ თქვან, ბედნიერი ვართ, რომ ვეკუთვნით იმ ერს, რომელიც მეტად პატარაა იმისთვის, რომ დიდი სისულელეები ჩაიდინოსო?

ცხადია, არ შეუძლიათ, მორიგ სისულელეს კი, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ახლაც სჩადიან უკრაინაში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG