Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის 82-ე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 მაისს


ვითარება უკრაინაში: რუსეთის არმია "აზოვსტალს" ცეცხლგამჩენი ჭურვებით უტევს

რუსეთის არმიამ "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიში მიიტანა ცეცხლგამჩენი ჭურვებით. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხრიდან.

Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენლის, რუსლან ლევიევის თქმით, საუბარია არა ფოსფორიან საბრძოლო მასალაზე, არამედ თერმიტულ იარაღზე, რომლის გამოყენებაც გაეროს კონვენციით აკრძალულია ისეთი ადგილებში, სადაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდეს.

პარალელურად რუსეთი ცდილობს ალყაში მოაქციოს ლუგანსკის ოლქში მყოფი უკრაინელი სამხედროები. საუბარია რუბეჟნეს, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიებზე. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ქალაქებთან რუსული ტექნიკის განლაგება მიმდინარეობს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ამ თემაზე ასევე ნახე:

იენს სტოლტენბერგი: უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან ომის მოგება შეუძლია

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში გამარჯვება.

სტოლტენბერგმა ასეთი განცხადება ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გააკეთა. თავად სტოლტენბერგი, რომელიც წინა დღით კორონავირუსით დაავადდა, ამ შეხვედრაში მხოლოდ დისტანციურად მონაწილეობდა.

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ "უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია", რადგან რუსეთის ფედერაციამ კიევი ვერ აიღო, ხარკოვიდან უკან იხევს და დონბასში მათი დიდი შეტევა შეფერხდა.

"უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება. უკრაინელები გაბედულად იცავენ სამშობლოს", - დარწმუნებულია ნატოს გენერალური მდივანი.

წაიკითხე მეტი.

სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს ნიკა გვარამიას საქმეზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.

სახალხო დამცველმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ მოსაზრება, რომელიც სასამართლოს ამ საქმეზე 2019 წლის 4 ნოემბერს გაეგზავნა, მოსამართლეს დაეხმარება სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

"ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო... დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მიშო ჯავახიშვილი: ჟიურიმ უმაღლესი ქულა მიანიჭა უკრაინას

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ეროვნული ჟიურის ერთ-ერთი წევრი მიშო ჯავახიშვილი უკრაინის შეფასებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„როგორც ევროვიზიის 2022 წლის კონკურსის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დამტკიცებული ეროვნული ჟიურის წევრი ვაცხადებ, რომ საბოლოო შეფასება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გადაგზავნილ იქნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხმების დათვლის სამსახურში გენერალური რეპეტიციის დასრულებისთანავე და საბოლოო შეფასებაში დაფიქსირებული არის ჟიურის უმაღლესი ქულა და ეს ქულა ჟიურიმ მიანიჭა უკრაინას! შეფასება დამოწმებულია ნოტარიულად!“, - ნათქვამია განცხადებაში.

15 მაისს 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. კონკურსის მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხალხმა (მაყურებელმა) უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა. საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ კი - 6.

წაიკითხე მეტი.

რუსეთში მაღაზიებიდან საქონლის ქურდობის რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე, რუსული მაღაზიებიდან საქონლის ქურდობის რაოდენობა 18%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქონლის ხუთი კატეგორია, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოაქვთ მაღაზიებიდან, მოიცავს საკონდიტრო ნაწარმს, ძეხვს, ალკოჰოლს, ყველს, ყავას და კაკაოს, ხოლო ერთდროულად მოპარული საშუალო თანხა თხუთმეტი ათასი რუბლია, რაც 25%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე.

ექსპერტები ქურდობების რაოდენობის ზრდას მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის მკვეთრ კლებას და ფასების ზრდას უკავშირებენ.

წაიკითხე მეტი.

ზმეინის სტრატეგიული შესაძლებლობები - აქილევსისა და რაკეტების ნაკვალევი პატარა კუნძულზე

ოდესის ოლქის კუნძულ ზმეინიზე (გველის კუნძული) ფეხის მოკიდება რუსეთის არმიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იქცა. უკრაინა 17 ჰექტარი მიწის დათმობას არ აპირებს და მის დასაბრუნებლად იბრძვის. 12 მაისს თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა დაადასტურა კიდეც რუსეთის გარკვეული დანაკარგები.

შავი ზღვის პატარა კუნძულის ამბავი მსოფლიომ ომის პირველ დღეებში გაიგო. უკრაინელი მესაზღვრის სიტყვები „რუსკი ვოენნი კარაბლ იდი ნა ხ..“ - სწორედ "ზმეინიდან" გაისმა და უკვე აპრილში უკრაინელებმა ის გემი - რუსეთის ფლოტის ფლაგმანი "მოსკვაც" ზღვის ფსკერისკენ გაუშვეს.

თუკი მიზანს მიაღწევს და რუსეთი დაპყრობილ კუნძულს შეინარჩუნებს, ის შავი ზღვის დასავლეთის სრულ გაკონტროლებას შეძლებს - საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვას და ნატოსაც.

რატომ სწირავს რუსეთის არმია თავის სამხედროებს პატარა კუნძულისთვის? ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პოლიტიკური და საეკლესიო კორუფცია წმინდა სინოდის, მთავრობის წევრების და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. რა მიზნით მიდის მთავრობა ეკლესიასთან უკანონო გარიგებებზე და რას იღებს სანაცვლოდ? "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება.

XS
SM
MD
LG