Accessibility links

site logo site logo

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივნისს


ევროპული საბჭო მზად არის, პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი - გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერი დღეს ბრიუსელში შეიკრიბება ორდღიან სამიტზე. აქ გადაწყდება, მიიღებენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა. სამიტი ორდღიანია და საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

ორი დღით ადრე, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა ბრიუსელში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიიდან ცნობა გაავრცელა. იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

წაიკითხე მეტი.

პირველი ვეტო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანგარიშზე - რა იქნება შემდეგ?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველად გამოიყენა ვეტო, რომელიც ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს დაადო. გუშინ, პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი.

„არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველა იმ კანონს დაადებს ვეტოს, რომელიც იქნება „მიღებული არასწორი მიმართულებით“.

საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ვეტოს დაძლევს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება.

კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საშუალებას იძლევა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დამატებით 27 დანაშაულზე. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.

წაიკითხე მეტი.

ღარიბაშვილის ხმაურიანი ანგარიში პარლამენტში - მოკლედ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობის ანგარიშით პარლამენტში მივიდა. გუშინ დეპუტატებმა პრემიერისგან შეურაცხმყოფელი მიმართვებიც მოისმინეს. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად ღარიბაშვილისგან ზურგშექცევით უსმენდა გამოსვლას.

პრემიერმა თქვა:

  • რომ უკრაინას მხოლოდ მიმდინარე ომის გამო აძლევენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
  • რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიუსელში დადიოდნენ და სთხოვდნენ ევროკავშირს საქართველოს არმიღებას. მან ამაში „ლელოს“ დეპუტატს სალომე სამადაშვილს დასდო ბრალი და მას „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.
  • ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდა ბრიუსელსა და ვაშინგტონში უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიაც.
  • თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ნატოში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებაა. მისი თქმით, ამის შესახებ არაერთი ლიდერისგან სმენია.
  • დეპუტატების კითხვებზე პასუხად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი და დასავლელი პარტნიორები აძლევდნენ. კერძოდ, მისი თქმით, რჩევა იყო, რომ „მოსამართლეებს არ შეხებოდნენ“ და მოსამართლეთა ნაწილი უვადოდ ყოფილიყო განწესებული.
  • პრემიერის თქმით, ოლიგარქი არის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ოლიგარქები არიან მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი, მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი.

ურზულა ფონ დერ ლაიენი: წარმატების მისაღწევად, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად

წარმატების მისაღწევად საქართველო - რომელიც იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა - უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, აცხადებს ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.

„საქართველოს აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები - ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა წარმატების მისაღწევად, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან უნდა შექმნას მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად დაადგენს აუცილებელ რეფორმებს, პროცესში ჩართავს სამოქალაქო სექტორს და დაიმსახურებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომაზე.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის არმია უტევს ლისიჩანსკს, მოსკოვი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს უკრაინის ძალები

რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას დონბასზე და ცდილობენ სრულ ალყაში მოაქციონ უკრაინის წინააღმდეგობის უკანასკნელი ბასტიონი ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, ლუგანსკის რეგიონში. ორივე მხარეს იმატებს მსხვერპლი.

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ ლისიჩანსკში უკრაინის ძალები მასიური და უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან. "რუსეთის არმია მასიურად ბომბავს ლისიჩანსკს", - წერს ჰაიდაი ტელეგრამით და დასძენს: "ისინი იქ უბრალოდ ყველაფერს ანადგურებენ... მათ დაანგრიეს შენობები და, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი".

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში 22 ივნისის დილას წერს, რომ ომის შედეგი, დიდი ალბათობით, დამოკიდებული იქნება მხარეთა შესაძლებლობაზე, ფრონტის ხაზზე განათავსონ სარეზერვო დანაყოფები.

წაიკითხე მეტი.

ავღანეთში მიწისძვრას ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პაქთიკის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას ემსხვერპლა სულ მცირე 920 ადამიანი, დაშავებულია 600-მდე. ამის შესახებ იუწყებიან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო და ოფიციალური პირები 22 ივნისს.

დაღუპულთა შესახებ მონაცემი გაავრცელა სააგენტო "ბახტარმა" და ის შემდეგ დაადასტურა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მან "როიტერსს" უთხრა, რომ არის კიდევ ასობით დაშავებული ადამიანი.

მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება აღმოსავლეთის სხვა პროვინციებიდანაც, მათ შორის, ნანჰარჰარიდან და ხოსტიდან. მაშველები ადგილზე ვერტმფრენებით ჩადიან.

წაიკითხე მეტი.

„მევახშის“ ვალი - ოჯახი გასახლების მოლოდინში

კეკელიძის #1-ში მცხოვრებ მარინა ხატიაშვილის ოთხსულიან ოჯახს აღსრულების პოლიცია ბინიდან გასასახლებლად 2022 წლის 5 ოქტომბერს მიაკითხავს. მან მორიგი წერილი აღსრულების ბიუროდან დღეს, 22 ივნისს მიიღო.

17 ივნისს, აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების ბიურომ გადაწყვეტილების შეცვლა იმით ახსნა, რომ ბინაში სამი თვის ჩვილი ცხოვრობს და ოჯახის გასახლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადადო. თუმცა, რამდენიმე დღეში მარინა ხატიაშვილს გასახლების შესახებ მორიგი წერილი გაუგზავნა.

კეკელიძის პირველ ნომერში, პირველ სართულზე მდებარე 108 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, თითქმის ოთხი წელია მარინა ხატიაშვილს აღარ ეკუთვნის. ბინა, რომელშიც მან მთელი ცხოვრება გაატარა, 2018 წელს, მას შემდეგ გაიყიდა აუქციონზე, რაც ვეღარ შეძლო იპოთეკარებისთვის ყოველთვიური სესხის გადახდა.

როგორც მარინა ხატიაშვილი ამბობს, ბინა აუქციონზე თავად მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა, დარეჯან დვალმა, 40 ათას ლარად შეიძინა.

როგორ აღმოჩნდა ბინა აუქციონზე და რას ითხოვს მარინა ხატიაშვილი? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG