მეტი ნატო პუტინს - შვედეთი და ფინეთი ალიანსში მიიწვიეს
ის, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა რუსეთს, ნატოს მადრიდის სამიტზე ფორმალურად გადაწყდა. ალიანსმა შვედეთი და რუსეთის მეზობელი ფინეთი ნატოში მიიწვია.
გადაწყვეტილებას მწვანე შუქი მისცა ალიანსის მოკავშირე თურქეთმა, რომელიც მანამდე წინააღმდეგი იყო ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების.
თურქეთი მოითხოვდა, გაუქმებულიყო მისთვის დაწესებული ემბარგო თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაზე. ემბარგო თურქეთს ნატოს ქვეყნებმა 2019 წელს დაუწესეს, მაშინ ანკარამ რუსეთისგან სარაკეტო სისტემები შეიძინა და სირია დაბომბა.
გარდა ამისა, მაისში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ არ ენდობა ფინეთსა და შვედეთს. მისი თქმით, ორივე ქვეყანამ შეიფარა და არ გადასცა თურქეთს ომებს გამოქცეული ეთნიკური ქურთები და ერდოანის პოლიტიკური ოპონენტები. მათ ანკარა ტერორისტებს უწოდებს.
ამჟამად რუსეთი ესაზღვრება ნატოს ხუთ წევრს: ნორვეგიას, ლატვიას და ესტონეთს, და კალინინგრადის მოწყვეტილი ოლქის მეშვეობით - ლიეტუვასა და პოლონეთს. ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით, ნატოს 1200 კილომეტრის სიგრძის საზღვარი რუსეთთან 2500 კილომეტრამდე გაიზრდება.
რა დათმეს შვედეთმა და ფინეთმა და როგორ შეცვალა გადაწყვეტილება თურქეთმა? წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.
ომის გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვეში მიანიჭებენ - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი
პარტია "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები დღეს, 29 ივნისს გავრცელებულ საერთო წერილში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვეშიც არ მიანიჭებენ, თუ "ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა".
დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის განცხადება პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.
სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ", - წერენ დეპუტატები.
ცნობილი ხდება, რომ მოსამართლე კობახიძემ "სუს-ის ფაილებში" მოხვედრის გამო იჩივლა
საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, რომელიც 2021 წლის სექტემბერში მედიებისთვის გაგზავნილ ე.წ. სუს-ის ფაილებში ფიგურირებს, პროკურატურაში გამოძიების დაწყება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ინფორმაცია მედიისთვის 29 ივნისს, გახდა ცნობილი.
როგორც მანანა კობახიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, ის საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოჰკითხა.
კობახიძე ამ ფაილებში პრეზერვატივ "აიისას" საქმესთან კომუნიკაციის ეპიზოდით მოხვდა. ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს ის შემადგენლობა განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მოსამართლეც თავად მანანა კობახიძეა. საქმის მიმართ ინტერესი აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსაც - ჩანაწერებში ფიგურირებს საპატრიარქოს წარმომადგენელი მამა გიორგი ზვიადაძე.
თბილისი პრაიდი გრძელდება: პროტესტი და მხარდაჭერის გზავნილები კვირეულს
„პრაიდ კვირეული“ გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზატორებს წელს მხოლოდ დახურული ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.
გუშინ საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა სოციალურ ქსელებში განცხადებები გაავრცელეს, სადაც მადლობა გადაუხადეს პოლიციას კვირეულის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში კი საგანგებო განცხადებით მხარდაჭერა გამოხატა ლგბტქი+ თემის მიმართ.
"ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ", - წერია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.
გუშინ პოლიციას უსაფრთხოების დაცვა მზიურის პარკშიც უწევდათ, სადაც კაფე „მზიურის“ ფასადზე გამოკიდებულ ცისარტყელას ფერებიან დროშას ჰომოფობიური განწყობების მქონე ულტრანაციონალისტები აპროტესტებდნენ.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
თბილისში, 24 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, მისი გარეგნობისა და თვითგამოხატვის გამო, თავს დაესხნენ
თბილისში, 24 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, მისი გარეგნობისა და თვითგამოხატვის გამო, უბნელები თავს დაესხნენ და თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყეს.
შემთხვევა თემქაზე მოხდა. 28 ივნისს, ნიკა [სახელი შეცვლილია] მეგობართან მიდიოდა, ავტობუსის გაჩერებამდე კი უნდა გაევლო სკვერი, რომელშიც ბევრი ადამიანი იკრიბება.
დედა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი შვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, გამოირჩევა ინდივიდუალური ჩაცმის სტილითა და ყურზე პირსინგით. ამის გამო, თანაუბნელებისგან არაერთხელ სმენია მის მიმართ დამამცირებელი რეპლიკა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
ამჯერად მას ჰომოფობიური, დამამცირებელი სიტყვა უწოდეს, რაზეც ნიკამ ასევე შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა. ამის შემდეგ, დედის თქმით, ბიჭს რკინის ხელკეტი ჩაარტყეს თავში.
უკრაინის ცნობით, განხორციელდა ტყვეების ყველაზე დიდი რაოდენობით გაცვლა ომის დაწყების შემდეგ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა.
უწყების ინფორმაციით, შინ, უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო. მათი დიდი ნაწილი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ დასაცავად იბრძოდა.
ამდენივე, 144 ტყვე გადასცა რუსეთს უკრაინამაც. უკრაინელ სამხედროებზე გაიცვალნენ რუსეთის სამხედროები და სეპარატისტთა მებრძოლები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“.
რას საქმიანობენ რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში
საქართველოში 40-ზე მეტი ორგანიზაციაა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ფონდის "რუსულ სამყაროსთან" არიან დაკავშირებულნი და უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდებიან, - ამბობს თავის ბოლო კვლევაში მედიის განვითარების ფონდი (MDF).
რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში კი 20-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლებიც თავს რუსულ დიასპორას უწოდებენ.
"საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა" 20 ივნისს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად რუსი ახალგაზრდებისთვის სემინარი დაიწყო სახელწოდებით "ახალგაზრდა მქადაგებლები". შეხვედრაზე ჟურნალისტების გამოჩენისა და სემინარით დაინტერესების შემდეგ, მონაწილეებმა სასტუმრო დატოვეს. იმ დღეს სემინარი შეჩერდა, თუმცა გაგრძელდა დარჩენილი ორი დღე.
ონლაინმედია სოვამ, რომელმაც სემინარზე დასწრება შეძლო, დაწერა, რომ ახალგაზრდებს ისტორიული მოვლენების კრემლისტურ ინტერპრეტაციას აცნობდნენ. "მთელი ლექციის განმავლობაში "ევრაზიის ფონდის" დირექტორი საუბრობდა საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე როგორც საქართველოს, ისე სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების გადარჩენაში", - წერს სოვა.
რაზე იხარჯება კრემლის ფული საქართველოში? წაიკითხე ვრცლად ლანა კოკაიას სტატიაში.
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას, „შინ ევროპისკენ.” მოძრაობის მოთხოვნა 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრის გადადგომაა იმის გამო, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. მთავრობის გადადგომის შემდეგ მოძრაობა გეგმავს ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომლის მიზანიც ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. პრემიერ-მინისტრი ამ მოთხოვნას ჯერ საჯარო განცხადებით არ გამოხმაურებია, მმართველი პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
რადიო თავისუფლება შეეცადა, საპროტესტო მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხები გიორგი ქადაგიძისგან მიეღო.
დაწერეთ კომენტარი