Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICOM-მა უარი უთხრა წევრობაზე სამუზეუმო სფეროში თეა წულუკიანის დანიშნულ კადრებს


ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი

მუზეუმებისა და მუზეუმის სპეციალისტების საერთაშორისო ორგანიზაცია ICOM-ის საქართველოს წარმომადგენლობამ უარი უთხრა გაწევრიანების მოთხოვნაზე კულტურის სფეროში მინისტრ თეა წულუკიანის დანიშნულ კადრებს, ნიკა ახალბედაშვილს (ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე), ნიკოლოზ აზნაურაშვილს (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ) და ნინო ჭიპაშვილს (ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი) - გადაწყვეტილების მიზეზი ორგანიზაციის ეთიკის წესებთან მათი საქმიანობის შეუთავსებლობაა. გარდა ინდივიდუალური განცხადებებისა, ICOM-ს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმმა - ორგანიზაციამ არც მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. 2024 წელს ICOM-ის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო და დაამტკიცა 100-ზე მეტი განაცხადი ინდივიდუალურ, სტუდენტურ და ინსტიტუციურ წევრობაზე.

"სამწუხაროდ, აღნიშნული პირებისა და ინსტიტუციების ბოლოდროინდელი საქმიანობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ღირებულებებს, პრინციპებსა და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დებულებებს, კერძოდ მუხლებს: 1.4. ხელმისაწვდომობა, 1.11. საკადრო პოლიტიკა, 2.18. კოლექციის უწყვეტობა, 3.2. კოლექციების ხელმისაწვდომობა, 3.9 ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, 7.1. ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობა, 8.2. პროფესიული პასუხისმგებლობა, 8.3. პროფესიული ქცევა, 8.4. აკადემიური და სამეცნიერო პასუხისმგებლობა", - ნათქვამია ICOM-ის განცხადებაში. აქვე განმარტებულია, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 2022 წლიდან სამუზეუმო სფეროში წარმოებული საკადრო პოლიტიკა (რეორგანიზაციის პროცესი, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა პროფესიული ეთიკა, კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასების გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ინსტიტუციებიდან მასობრივად განთავისუფლდა 100-ზე მეტი თანამშრომელი); სამუზეუმო კოლექციებზე მკვლევართა წვდომის შეზღუდვა; ICOM საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული განცხადებები; განმცხადებლების მიერ ICOM-ის საწევრო ბარათით წლების მანძილზე მოქმედი პროფესიული პრივილეგიებით სარგებლობის შეზღუდვა.

ICOM-ს წევრობაზე თეა წულუკიანის მიერ დანიშნულმა კადრებმა განცხადებით მიმართეს იმის ფონზე, რომ 2 წელიწადზე მეტია, შეზღუდულია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ICOM-ის ბარათების მფლობელებისთვის პროფესიული პრივილეგიებით სარგებლობა - ეს პრივილეგიები მსოფლიოს ყველა ავტორიტეტულ მუზეუმში მოქმედებს.

2022 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივით საერთაშორისო სამუზეუმო ორგანიზაციების ალტერნატივად მუზეუმელთა ალიანსი შეიქმნა, რომელმაც ამ დრომდე ორი ყრილობა გამართა.

XS
SM
MD
LG