Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაწყენი მომავალი, ანუ სინგაპურიზაციის საფრთხე


მე მეგონა, ”სინგაპური” ალეგორია იყო. დაახლოებით ისეთი, შევარდნაძემ რომ გვითხრა 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველო შვეიცარია გახდებაო. საერთოდ, ის პერიოდი, ქართველი მწერლები, მხატვრები, რეჟისორები რომ დაეწყნენ და აეროპორტში გაემართნენ სსრკ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (”დიქტატურის გამო” გადამდგარის) დასახვედრად, ზოგიერთმა მწერალმა, მხატვარმა, რეჟისორმა ალეგორიის დასასრულის ეპოქად მონათლა. შევარდნაძის დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ალმანახ ”კინოში” ჩემი რეცენზია გამოქვეყნდა ნანა მჭედლიძის ფილმზე ”დანაშაული მოხდა”, რომელშიც ამავე რეჟისორის ”პირველ მერცხალზე” დაწერილი აკაკი ბაქრაძის სტატია გავიხსენე - სტატია, სათაურით ”პირველი მერცხლის ალეგორია”. ჰოდა მეც ჩემს რეცენზიას ვუწოდე ”ალეგორია აღარ გვჭირდება?” მხოლოდ კითხვა დავსვი, რაზეც კინემატოგრაფისტთა ერთ თავყრილობაზე მითხრეს, აღარო. ალეგორია, მეტაფორა და იეროგლიფებით აზროვნება ტოტალიტარული ეპოქის გადმონაშთიაო. ახლა ჩამოვიდა შევარდნაძე, მალე შვეიცარია გვექნება და ცნობიერების მარწუხებისგანაც საბოლოოდ გავთავისუფლდებითო.

მერე რაც მოხდა, ხომ იცით. გავიდა დრო და ახლა მიხეილ სააკაშვილი დაგვპირდა, საქართველო სინგაპური გახდებაო. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი ”ჭამა და სექსი”, რომელიც ზოგიერთმა რეცენზენტმა ასე შეაფასა: ”ბოლო დროს ასეთი ფილმი არ გადაღებულა”. არადა პირადად მე სატელევიზიო სერიალი ”ჩვენი ოფისი” უფრო მომწონდა; სატელევიზიო სერიალს ტელევიზორში უნდა უყუროს კაცმა. კინოთეატრში მაყურებელს, რომელსაც ”კინოს მოყვარული” ჰქვია (კინოს მოყვარული!), ყოველთვის აქვს სურვილი ავტორმა ოდნავ მაინც აქეთ ”გამოსწიოს” კამერა, რათა რეალობა დაინახოს. და თუ რეჟისორი ამას არ აკეთებს და ადამიანთა სახეები უყვარს, მაშინ ისე უნდა ათამაშოს მსახიობი, რომ მისი სახე თავად გადაიქცეს ”რეალობად”. ”ჭამა და სექსი”კი სატელევიზიო სერიალს ჰგავს - შეგიძლია ჩაი დალიო, პარალელურად ისაუზმო. უფრო მეტიც, ”სექსითაც დაკავდე” და ისე უყურო. მე თუ მკითხავ, კარგი მთხრობელი რომ იპოვო, შეგიძლია ”ჭამა დე სექსის” ხუთივე ნოველა მოაყოლო და ასე, ცხრა თუ ათი ლარი დაზოგო. ეს ის არაა, რასაც ”სანახაობას” ეძახიან - სასაცილო 5 ამბავია, რომელსაც, მაგალითად, ჩემი მოსკოველი კოლეგა კორა წერეთელი შესანიშნავად მოყვებოდა.

მაგრამ ”ჭამა და სექსი” იქით იყოს. მე ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის azrebi.ge-ზე გამოქვეყნებულმა რეცენზიამ უფრო დამაინტერესა. წერილის შინაარსმა კინემატოგრაფისტთა 20 წლის წინ გამართული კონფერენცია გამახსენა; ”ალეგორიულობა/კარნავალურობა - მხოლოდ იქ მუშაობს, სადაც გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს, ან უკიდურესად შეზღუდულია” - წერს ავტორი. ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვინიდან საბჭოთა კავშირი დიდი ხანია აღარ არსებობს და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მიღწეულია, კარნავალური ესთეტიკა, შენიღბული აზრები, ”ნიშნების ენა” წარსულს უნდა ჩაბარდეს. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის რექტორის აზრით ”ჭამა და სექსის” ავტორებმა ”ინტელექტუალიზმის მოყვარულ მაყურებელსაც გადმოხედეს დამცინავი თვალით”.

ეს ”გადმოხედეს” მენიშნა ყველაზე მეტად. ”ჭამა და სექსის” ავტორებმა გადმოხედეს და დასცინეს. ვის? ვისაც ”ინტელექტუალიზმი” უყვარს? ანუ ვისთვისაც ხელოვნება ფიქრის იმპულსია? და რას ვიღებთ ამის სანაცვლოდ? ა, გამახსენდა. კი, რა თქმა უნდა. სინგაპური! ეკონომიკურად აყვავებული სინგაპური, სადაც ავტორიტარული რეჟიმი ხელს არ უშლის ”კაი ჭამას და სექსს”... ეს ”ინტელექტუალიზმის მოყვარულები” კი, რომელთაც ისინი, ვისაც ფიქრი და განათლება ეზიზღება, ”პეროიანებს” უწოდებენ, წარსულის გადმონაშთად ცხადდება, ”სინგაპურში” მათთვის ადგილი, შესაძლოა, მოინახოს. ოღონდ შესაბამისი ”პერეკვალიფიკაციის” შემდეგ.

ახლა აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რომ მხატვრული ნაწარმოები არ არის მხატვრული ნაწარმოები, თუკი ხელოვანი მხატვრული სახეების რაღაც სისტემას არ ქმნის და რომ ”კარნავალიზაცია” არ არის ტოტალიტარული ეპოქის პროდუქტი. ”კარნავალის ესთეტიკას” უამრავი დასავლელი ხელოვანი ქმნის. მე მერიდება ამაზე წერა. ამ ტექსტის მკითხველები დაწყებით კლასებში არ სწავლობენ. მაგრამ ყბადაღებულ ”სინგაპურზე” ფიქრში კი მიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაც-ვიღაცეები ამ ქვეყანაში მართლაც ცდილობენ მთელი ქართული საზოგადოება დაწყებითი კლასების მოწაფეებად აქციონ; ცალმხრივობა, სქემატურობა, კატეგორიულობა, ნიუანსების შიში და სიძულვილი, იდუმალებასა და საიდუმლოზე უარის თქმა, ერთგვარი ეგზიბიციონიზმი, უბრალოდ, აუცილებლი ხდება ”სინგაპურისთვის”, სადაც მომხმარებელი საზოგადოება მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღმა უბრალოდ ვეღარ დაინახავს უსამართლობას...

თუკი საბჭოთა წარსულთან დამშვიდობება, ”კარნავალზე” უარის თქმას ნიშნავს, აუცილებლად გაჩნდება კითხვა, რამდენად საინტერესო იქნება ცხოვრება კარნავალის გარეშე, ფიქრის გარეშე... ვიცინებთ, ვიმხიარულებთ, თუ გნებავთ, ჩვენს ნაკლოვანებებს დავცინებთ და ”ინტელექტუალიზმის მოყვარულებს” ზემოდან შევხედავთ და მერე? როგორ ვიცხოვრებთ ”სინგაპურის სამოთხეში”? რა აგვიჩუყებს გულს, რაზე წამოგვივა ცრემლი, ვის ვუთანაგრძნობთ? თუ საბჭოთა კავშირის დანგრევასთან და ”გამოხატვის თავისუფლების” მიღწეევასთან ერთად, სიტყვები ”სიკეთე”, ”სიყვარული”, ”გატაცება”, ისევე როგორც ”ღალატი”, ”შეცდომა”, თუ გნებავთ, ”დანაშაული” სრულიად ამოვარდება ჩვენი კულტურის ენიდან?

საერთო თუ იქნება კულტურა იმ თქვენს ”სინგაპურში”? თუ მხოლოდ იქნება ”ჭამა”, ”სექსი” და ფასტფუდ-ხელოვნება, რომელსაც ბევრი დაღეჭვა და გადამუშავება არ სჭირდება. ისეთი, ჩემი მოსკოველი კოლეგა კორა წერეთელი რომ ადვილად მოყვება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG