Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კულტურული ნაციიდან“ კულტურულ ნარცისიზმამდე



„კულტურული ნაცია“

ტერმინი „კულტურული ნაცია“ XIX საუკუნის მიწურულის ევროპაში გაჩნდა. მისი ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი, გერმანელი ისტორიკოსი ფრიდრიხ მაინეკე ერების ორ კატეგორიას განასხვავებდა: კულტურულ ნაციებს და სახელმწიფო ნაციებს. თუ სახელმწიფო ნაციების თვითშეგნება მათ სახელმწიფოებრიობაზე იყო მიბმული, კულტურული ნაციები სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობდნენ და მათი ეროვნული ინტეგრაციის განმსაზღვრელი არა საერთაშორისო სამართლის სუბიექტობა ან კონსტიტუცია იყო, არამედ საერთო კულტურა, თავისი ენობრივი, რელიგიური, სულიერი და მატერიალური კულტურის ტრადიციებით. ასეთი კულტურული ნაციები XIX საუკუნის ევროპაში იყო გერმანია და იტალია, რომლებიც ერთი სახელმწიფოთი არ იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ ამ ერების ეროვნული თვითშეგნების ფაქტორი მათი კულტურები იყო და საკუთარი თავის სწორედ კულტურასთან და არა რომელიმე სახელმწიფოსთან გაიგივება. მსგავსი მოდელის საქართველოში შემოტანა სცადეს ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა, რომელთა პროექტიც საქართველოსგან სწორედ კულტურული ნაციის შექმნა იყო.

კულტურული ნაციის პროექტი, ზოგადადაც და კონკრეტულად ის მოდელიც, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში გაჩნდა, ფაქტობრივად ამ კულტურის და მისი შემადგენელი ძირითადი ელემენტების - სალიტერატურო ენის, კულტურული სიმბოლოებისა და არტეფაქტების - გამოგონებით იწყება. იქმნება ტრადიცია, რომელიც ტრადიციული წეს-ჩვეულებების სანაცვლოდ, მოცემული კულტურული ელემენტების მუდმივ ქმნადობას და განახლებას გულისხმობს. ეს პროცესი მძაფრი პოლემიკების ფონზე მიმდინარეობს და არასდროს ჰომოგენური არაა, ანუ რომელიმე ერთ ეთნიკურ ჯგუფამდე და მის ტრადიციულ ყოფასა თუ რწმენა-წარმოდგენებამდე არ დაიყვანება. პირიქით, კულტურული ნაცია არა წარმომავლობით თუ სისხლით ნათესაობის პრინციპს, არამედ კულტურულ ელემენტთა ერთობას ემყარება. ეს ელემენტები კი სხვა კულტურებთან გაცვლითა და სინთეზით მიიღება. ასეთ დროს ხშირია სხვა კულტურებიდან კულტურული შინაარსის ინვესტიციები, ანუ ის, რაც ქმნადობის პროცესში მყოფ კულტურაში არ არის მოცემული ან მის წიაღში წარმოშობილი, მისი უცხოეთიდან შემოტანა და გათავისება ხდება. მაგალითად, 1851 წელს, კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით დაარსებულ თბილისის ოპერას არაფერი საერთო ქართულ ეროვნულ ტრადიციებთან არ ჰქონია, მაგრამ ის დროის უმოკლეს მონაკვეთში იქცა ქართული კულტურის ორგანულ ნაწილად და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს, როგორც კულტურული ნაციის შექმნაში.

გარდა ოპერის, თეატრის, საჯარო ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული ჟურნალ-გაზეთების, მოგვიანებით კი უნივერსიტეტის დაარსებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისეთი ცნებებისა და არტეფაქტების გამოგონება, როგორიცაა „მამული“, „სამშობლო“, „ერი“, რომლებიც, თუმცა ქართული ლექსიკური ფონდიდან იყო აღებული, მაგრამ მათში ჩადებული შინაარსები XIX საუკუნის ევროპული და რუსული მოდელების ანალოგიით იყო ქართულთან მისადაგებული. კულტურული ნაციის შექმნის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ახალ სალიტერატურო ენას და ლიტერატურას, როგორც მედიას, რომელმაც სწორედ XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა საერთო-სახალხო ფუნქცია. ლიტერატურა და სალიტერატურო ენა თუკი აქამდე რომელიმე სოციალური კლასისა თუ ინსტიტუციის საკუთრება იყო, ამ დროიდან მისი ნაციონალიზაცია დაიწყო და ის საერთო-ეროვნულ საუნჯედ გამოცხადდა. ამან თავად მწერლის პროფესია და ლიტერატურული კრიტიკა გააჩინა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, კულტურული ნაცია არა „ბუნებრივი“ თუ „გენეტიკური“ მემკვიდრეობით მიღებული მოცემულობა, არამედ, შეიძლება ითქვას, არტეფაქტია, სხვადასხვა წარმომავლობის და განსხვავებულ გარემოებებში წარმოშობილი ელემენტების შერწყმით მიღებული ჰეტეროგენული კონსტრუქციაა, რომელიც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორის ფუნქციას იძენს. განსხვავებით მენტალიტეტისაგან ან მენტალური ერთობისგან, კულტურული იდენტობა, რომელიც კულტურული ნაციის წიაღში იქმნება, ამ ერში გაერთიანებული ადამიანების კულტურასთან ცნობიერ კავშირს, კულტურის, როგორც ერთგვარი კონსტიტუციის, ცნობიერ მიღებას და გათავისებას გულისხმობს. კულტურა არის კულტურული ნაციის მთელი ღირებულებათა სისტემისა და მორალური წარმოდგენებისათვის ფორმისა და გარეგნობის მიმცემი. კულტურული ნაციის კულტურა, შეიძლება მასალად იყენებდეს ფოლკლორს, ისტორიას, მაგრამ ის არ არის ანონიმური ან კოლექტიური შემოქმედების პროდუქტი. პირიქით, მწერლებმა, ხელოვანებმა, ინტელექტუალებმა კულტურული ნაციის მთავარი რეპრეზენტანტის ადგილი დაიკავეს და ერის, როგორც კოლექტიური თუ „წარმოსახვითი ერთობის“, ფაქტობრივ ავტორებად იქცნენ. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად შედგა ილია ჭავჭავაძისეული კულტურული ნაციის პროექტი, რაც კოლექტიური იდენტობის ამ ფორმის გაცნობიერებას და გათავისებას გულისხმობს.

„ოფიციალური კულტურა“

კულტურული ნაციის კულტურა ე.წ. „ოფიციალური კულტურაა“, ანუ ის კულტურული კონსტრუქციაა, რომელიც ჰეგემონიურმა სოციალურმა ფენებმა შექმნეს და საზოგადოებაში მათი ჰეგემონიური როლი მნიშვნელოვანწილად მათ მიერვე შექმნილმა კულტურამ განაპირობა. XIX საუკუნეში ესაა ძირითადად პროგრესსა და განმანათლებლურ პრინციპებზე ორიენტირებული არისტოკრატია და „ახალი წოდება“, რომელთა ხელითაც ევროპა ძველი, ფეოდალური ურთიერთობებიდან სამყაროს ახალ წესრიგზე – მოდერნზე – გადადის. ამ ახალ წესრიგში იბადებიან ერები და ნაციონალური სახელმწიფოები, რომელთა კონკურენციას იმავე საუკუნის ბოლოს სამყარო ე.წ. იმპერიალიზმის ხანაში შეჰყავს. იმპერიალიზმი, ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობით, გულისხმობს დასავლური ცივილიზაციის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსპანსიას და სხვა ქვეყნებზე გაბატონებისკენ სწრაფვას, რისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღიც კულტურაა. XIX და XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაციონალურ სახელმწიფოებში კულტურა, როგორც საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის განსაზღვრისა და დაცვის, ასევე კულტურული აღმატებულობის იმპერიალისტური მისწრაფებების სამსახურშია.

ამგვარ პირობებში კულტურა, რომელიც არასდროს ყოფილა პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდა. „ეროვნული კულტურა“, რომლის განმსაზღვრელიცა და მმართველიც სახელმწიფო იყო, არა მხოლოდ სხვა ეროვნულ სახელმწიფოებთან კონკურენციისათვის, არამედ, კიდევ უფრო მეტად, საკუთარი მოსახლეობის ინდოქტრინაციისათვის გამოიყენებოდა. განსაკუთრებით XX საუკუნის ტოტალიტარულ რეჟიმებში ოფიციალური კულტურის მეშვეობით, რომლის უკანაც სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატი იდგა, ყველა იმ კულტურული მრავალფეროვნების განადგურება მიმდინარეობდა, რომელიც ოფიციალური კულტურის კანონს არ შეესაბამებოდა. „ოფიციალურმა“ კულტურამ XX საუკუნეში თავისი რეპრესიული ბუნებაც გამოააშკარავა. მაგალითად, გერმანულმა ნაციზმმა ბრძოლა გამოუცხადა „გადაგვარებულ“ ხელოვნებას, რომელსაც თავად უკვე იმ დროს ცნობილი გერმანელი ხელოვანები ქმნიდნენ. ნაცისტურ გერმანიაში მოდერნისტული ხელოვნებისა და ლიტერატურის მთელი მიმდინარეობები (ექსპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, დადაიზმი, კუბიზმი) „გადაგვარებად“ და „ავადმყოფობად“ იქნა შერაცხული. მათ სანაცვლოდ ოფიციალური კულტურა ხალხურ ტრადიციებში შემონახული „სუფთა“ სახის, უცხო და „არასრულფასოვანი“ რასებისგან შეურყვნელი ეროვნული კულტურის იძულებით დამკვიდრებას შეუდგა.

გერმანელ ნაცისტებამდე მსგავსი პროცესები უკვე 20-იანი წლების საბჭოთა კავშირშიც დაიწყო და უკვე ამ პერიოდში გაჩნდა იდეოლოგიურად მტრული ხელოვნების აღმნიშვნელი ტერმინი „ფორმალიზმი“, რომლის სამიზნეც თავდაპირველად 1915 წელს შექმნილი ლიტერატურული კრიტიკისა და ანალიზის ფორმალისტური სკოლა და რუსულ ავანგარდისტულ კულტურაზე მისი გავლენის აღმოფხვრა იყო. მოგვიანებით „ფორმალიზმში“ საბჭოთა კულტურისთვის იდეოლოგიურად მიუღებელი ყველა სახის ელემენტი იგულისხმებოდა. ოციანი წლების საბჭოთა ავანგარდისტული ექსპერიმენტების ხანა ოცდაათიან წლებში მთლიანად აღმოიფხვრა და მისი ადგილი დაიკავა ერთსახოვანმა და მთლიანად იდეოლოგიური აპარატის მიერ დაწესებული ნორმებით შემოსაზღვრულმა „სოციალისტურმა რეალიზმმა“, რომლის ერთ-ერთი ამოცანა საბჭოთა კულტურის უცხო და მტრული ელემენტებისგან „გასუფთავებაც“ იყო.

20-30-იანი წლების საბჭოთა კავშირში იქმნება ახალი, საბჭოთა ერების და მათი კულტურების განმსაზღვრელი სტერეოტიპები და ცხადდება ეროვნულ კულტურებად. საბჭოთა კავშირი, როგორც „ერების იმპერია“, სტალინისეული ფორმულის, „ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტურის,“ პრინციპზე აწყობს ეროვნულ კულტურებს და მათ ინსცენირებებს. ეროვნული კულტურების ინსცენირებაში ჩნდება ახალი ელემენტი, რომელიც უცხო იყო „კულტურული ნაციების“ პროექტებში. ესაა ეროვნულის ჰომოგენიზაცია და მისი, ფაქტობრივად, ეთნიკურთან გაიგივება. ეთნოგრაფიული ობიექტები და ფოლკლორი ერის, მისი ეროვნულობის გამომხატველ მთავარ ნიშნებად იქცა. მაგრამ ეს არ ყოფილა დათრგუნული სოციალური ფენების კულტურა, რომელიც „ელიტარული“ შინაარსის „კულტურული ნაციის“ კულტურის ჰეგემონიის პირობებში იჩაგრებოდა. ერთ დროს დაბალი სოციალური ფენების კულტურას კი არ განუცდია ემანსიპაცია და არც საკუთარი თვითგამოსახვის სივრცე მოუპოვებია, არამედ ამ კულტურის გარეგნული ნიშნების სტილიზაცია მოხდა. ეროვნულობის გამომხატველად იქცა ეთნოგრაფია, რომელმაც „კულტურული ნაციის“ ადგილი დაიკავა. ტრადიციული ყოფის ნიშნები, როგორებიცაა ჩაცმულობა, ჭამა-სმის წეს-ჩვეულებები, ხალხური მუსიკა და ცეკვა, ეროვნული თვითგამოხატვის ფორმებად დაწესდა. ამ წესების დამდგენი კი არა ხალხი, არამედ ტოტალიტარული სახელმწიფოს ძალაუფლების ცენტრალური ორგანოები იყო.

სწორედ ამ დროს მკვიდრდება ქართველი მამაკაცის, როგორც ჩოხოსნის ფიგურა, რომელსაც სხვა ეგზოტიკური სტერეოტიპებიც მიება. ეთნოგრაფიის ეროვნული კულტურის რეპრეზენტაციის რანგში აყვანით საქართველოს და სხვა „ერებისა და ეროვნებების“ სრული გაეგზოტიკურება განხორციელდა. ამ ჩოხოსან-მანდილიან ქართველთა ეგზოტიკას 1937 წელს შესაბამისი იარლიყი - „მზიური საქართველო“ - მიეკერა. ეს იარლიყი კი ყველა იმ სტერეოტიპს გულისხმობდა, რომლებიც სტალინური ხანის საქართველოში შეიქმნა და დღესაც ქართველის თვითრეპრეზენტაციისა და იდენტობის განმსაზღვრელია. საქართველოს, როგორც კულტურული ნაციის პროექტი, რომელიც არა სახელმწიფო თუ ძალაუფლების სხვა სტუქტურების დიქტატით, არამედ ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების ინიციატივით ამოქმედდა, სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა და ის „საბჭოთა ერის“ მოდელით შეიცვალა, რომელიც, თუმცა კულტურული ნაციის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავდა, – შეიქმნა პანთეონები, მწერალთა და „საზოგადო მოღვაწეთა“ საკულტო ფიგურები, მათი იუბილეები და ა.შ., - მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ეროვნული იდენტობის თვისებრივად განსხვავებული ფორმა იყო. სტალინის ხანაში ეროვნულის ეთნიკურთან გაიგივებამ, ერთი მხრივ, „კულტურული ნაცია“, როგორც მუდმივად განახლებადი და მომავალზე ორიენტირებული კულტურა, დააქვეითა და ქართული კულტურის გაგება ეთნოგრაფიის საგნად აქცია; ამასთანავე ქართულის სიძველესთან დაკავშირებით, კულტურის ხედვა წარსულისკენ შეაბრუნა. „ძირძველი“, „უძველესი“ – ეს ის იარლიყებია, რომლებითაც დაკანონდა ქართული კულტურის გამოცხადება ისტორიის კუთვნილებად. მეორე მხრივ, ნაციის გაეთნიკურებამ სათავე დაუდო ეთნოცენტრისტულ ნაციონალიზმს, რომელმაც თავისი დამანგრეველი სახე საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევის პროცესში გამოაჩინა. ქართველმა, რომელიც საკუთარ თავს ეთნიკურად ქართველად გაიაზრებდა, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკურად არაქართველი უცხო და მტრულ ელემენტად აღიქვა. ამით საქართველო საკუთარ კულტურასთან და მისი ისტორიული განვითარების პროცესთან გაუცხოებული აღმოჩნდა და განსაბჭოების სახელით ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურის ნგრევას შეუდგა იმ ეთნოგრაფიული სტერეოტიპების სასარგებლოდ, რომლებიც სინამდვილეში ზემოდან თავსმოხვეული კულტურული იდენტობის შემადგენელი ნაწილები იყო.

„იდენტობას გვართმევენ“, ანუ კულტურული ნარცისიზმი

თანამედროვე ქართულ ოფიციალურ კულტურაში მეტი სტალინია, ვიდრე ილია ჭავჭავაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძისეული „კულტურული ნაციის“ პროექტი „უძველესი“ და „უმდიდრესი“ კულტურის“ სტალინურმა მითმა შთანთქა და თავად ილია ჭავჭავაძეც ამ მითის ნაწილად აქცია. 1937 წელს სტალინის მითითებით ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილის აღნიშვნა მისი წმინდანად შერაცხვის ტოლფასი აქტი იყო: ამით ილია ჭავჭავაძის არა მხოლოდ ოფიციალური კულტი დაწესდა, არამედ ამ კულტის საბჭოთა „თეოლოგიაც“ შეიქმნა, ანუ ილია ჭავჭავაძის ნააზრევიც და მისი ფიგურაც საბჭოთა ერის მოდელს შეუსაბამდა. 50 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა იდეოლოგიამ რღვევა დაიწყო, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. თუ ამ ფაქტს დღევანდელი გადმოსახედიდან შევხედავთ, მაშინ ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იდეოლოგიური ჩანაცვლების პროცესის ათვლის წერტილად, საიდანაც მარლმადიდებლობა თანდათანობით ჩაენაცვლა საბჭოთა იდეოლოგიას და ის სტალინისგან ნამემკვიდრევ „ფორმით ეროვნულ, შინაარსით სოციალისტურ“ ეროვნული კულტურის კონსტრუქციაში „სოციალისტურის“ ადგილს დაეუფლა. „სოციალისტური რეალიზმი“ კი მართლმადიდებლურმა სიურრეალიზმმა შეცვალა.

ასეთი ჩანაცვლებით იქმნებოდა მართლმადიდებლობისა და სტალინური ყაიდის ეთნოცენტრიზმზე აგებული ნაციონალიზმის ჰიბრიდი, რომელიც დღევანდელ საქართველოში ეროვნული იდენტობის ფაქტობრივად ერთადერთი მოდელი აღმოჩნდა. ამ ჰიბრიდიდან დაიბადა იდენტობის განმსაზღვრელი ფორმულები: „ზეციური საქართველო“, „საქართველო გაბრწყინდება“, „გენეტიკურად ქართველი“, „გენეტიკურად მართლმადიდებელი“, აგრეთვე „იდენტობას გვართმევენ“. XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში საქართველომ ფაქტობრივად აღიარა, რომ ის კულტურულად აწმყოში არ იმყოფება და მისი კულტურული თვითიდენტიფიკაციის საყრდენი ძირითადად საბჭოთა ხანაში შექმნილი ისტორიული მითებია, რომლებსაც თუ საბჭოთა დროს უსახელმწიფოობის კომპენსაციის ფუნქცია უნდა ჰქონოდა, პოსტსაბჭოთა პერიოდში გადაიქცა კულტურულ ნარცისიზმად, რომლის ერთადერთი დანიშნულება აწმყოში კულტურის არქონის გადაფარვაა.

თავად ისეთი წარმოდგენა, როგორიცაა „იდენტობას გვართმევენ“, იმის ნიშანია, რომ ეს „იდენტობა“ მკვდარი კონსტრუქციაა, რომლის დაკარგვის შიში მხოლოდ იმის სიმპტომია, რომ რეალურად ეს „იდენტობა“ არ არსებობს. „დაკარგვა“ აქ უკვე დაკარგულის აღმნიშვნელია. ნარცისიზმი, როგორც საკუთარ თავში შეყვარებულობა და თვითტკბობა, სიყვარულის ობიექტის არარსებობას ნიშნავს; ესაა უუნარობა, საკუთარ თავს გასცდე და სხვა ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა დაამყარო. კულტურის კონტექსტში ნარცისიზმი საკუთარი კულტურული სტერეოტიპების გაღმა გახედვის და სხვასთან კულტურული გაცვლის უნარის არქონაა, იმის შიშით, რომ სხვასთან მიმართებაში საკუთარი კულტურა უღიმღამო შეიძლება აღმოჩნდეს და ამით საკუთარი განსაკუთრებულობისა და სხვებზე აღმატებულობის ილუზიებით თვითტკბობის ეროტიკული ხალისი გაქრეს.

მართლმადიდებლურ-პატრიოტული კიჩი, რომელსაც ოფიციალური ქართული კულტურა ეწოდება, არც რაიმე ესთეტიკურ თუ ეთიკურ ღირებულებას არ შეიცავს, ის უბრალოდ მკვდარია, შინაარსისა და ღირებულებებისაგან ცარიელია. სამაგიეროდ მთელი კულტურული სივრცე უკავიათ სუროგატებს, რომლებიც კულტურის თუ კულტურულობის მოჩვენებითობას ქმნიან და ამ სუროგატების ფუნქცია კულტურული სივრცის დარაჯობაა, რომ შემთხვევით არ გაჩნდეს რამე ცოცხალი, აქტუალური და არანაძალადევი, რომელსაც თანამედროვე საქართველოს ტოტალურ და ერთფეროვან უსახობაში დისონანსის შემოტანა შეეძლებოდა.

თანამედროვე საქართველო არ არის „კულტურული ნაცია“ - ქვეყანა, რომელიც თავისებურ და თუნდაც საკუთარი თავისათვის ღირებულ კულტურას ქმნის და საკუთარი კულტურულობა გაცნობიერებული აქვს. ხაზს ვუსვამ, გაცნობიერებული და არა დაჯერებული. ჩვენ გვჯერა, გვგონია, რომ კულტურა გვაქვს და გვეამაყება ის წარმოდგენა, რომელიც ჩვენს თავზე შეგვიქმნია, როგორც „უძველეს“ და „უმდიდრეს“ კულტურაზე და ამგვარი წარმოდგენის ქონა თვითკმარია და ჩვენს კულტურულ მოთხოვნილებებს ფარავს. სინამდვილეში ეს კულტურულობა კი არაა, არამედ პოლიტიკური იდეოლოგია კულტურულობის შესახებ, სატყუარა, რომელსაც კულტურის ადგილი უკავია.

ის, რასაც საქართველოში კულტურის ადგილი უკავია, მთლიანად პოლიტიკოსებისა და სამღვდელოების კარნახით იმართება და, შესაბამისად, მათ გონებრივ და ესთეტიკურ დონეს გამოხატავს: ესაა ტრაფარეტული და ყოველგვარ კონტექსტსა თუ აქტუალობას მოკლებული რელიგიურ-პატრიოტული კიჩი, თავისი ჩოხებითა და ჩურჩხელებით, წმინდანებითა და გმირებით, მითებითა და ისტორიებით, რომლებსაც აწმყოსთან და თანამედროვე სამყაროსთან არაფერი საერთო არა აქვთ. ასეთი „კულტურის“ ერთადერთი დანიშნულება იდენტობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ფორმისაგან და თვითგამოსახვის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ აგრესია და სიძულვილიღა შემორჩენია ყველაფერი იმის მიმართ, რაც მისი „იდენტობის“ ფარგლებში არ ჯდება.

თავისთავად „კულტურული ნაციის“ პროექტი XXI საუკუნეში უკვე სრული ანაქრონიზმია და მას კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებში ჰქონდა აზრი. შესაბამისად, მისი გაცოცხლება და ახალი დიდი კულტურული ნარაციების შექმნა მორიგი იდეოლოგიური სიყალბე იქნებოდა. „ოფიციალური“ კულტურის, ანუ რელიგიურ ხარისხში აყვანილი ეთნოგრაფიულ-ისტორიული კიჩის პარალელურად, თანამედროვე საქართველოში არსებობს მთელი რიგი კულტურული წახნაგები, რომლებზეც შემდეგ წერილში ვისაუბრებთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG