Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიტლერი, სტალინი, სუვოროვი და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი


ჩემი წინა ბლოგის კომენტატორების ნაწილმა ვიქტორ სუვოროვის თეორიის მიმდევრობა დამაბრალა, ზოგმა კი ამ თეორიის არცოდნის გამო გამაკრიტიკა. იმ მითებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს განუყრელად თან სდევს, არის ერთი, რომელსაც თავისი რადიკალური პოზიციის გამო განსაკუთრებული ადგილი უკავია: დაიწყო რა 1941 წლის 22 ივნისს ომი, ჰიტლერმა მხოლოდ რამდენიმე დღით დაასწრო სტალინს, რომელიც მესამე რაიხზე თავდასხმას ამზადებდა.

ეს მითი, რომელსაც მეორე სიცოცხლე გრუ-ს ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმირ რეზუნმა (ფსევდონიმი ვიქტორ სუვოროვი) ჩაჰბერა, ისეთივე ძველია, როგორც „ბარბაროსას“ ოპერაცია: 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერი საკუთარი ერის და შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვაში ხაზს გაუსვამს, რომ საომარი მოქმედებები სსრკ-ის წინააღმდეგ დაიწყო წითელი არმიის მიერ გერმანული საჰაერო და სახმელეთო საზღვრის მრავალჯერადი დარღვევის გამო. როგორც 1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის დაწყებას პოლონელებს დააბრალებს (გლაივიცის ინციდენტი), ასევე 2 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირზე თავდასხმა კრემლს დაბრალდება.

ამ მითს რეზუნ-სუვოროვი გააცოცხლებს ჯერ 1985 წელს გამოქვეყნებული სტატიით „ვინ გეგმავდა 1941 წლის ივნისში თავდასხმას, ჰიტლერი თუ სტალინი?“ და შემდეგ 1988 წელს პარიზში რუსულ ენაზე გამოცემული წიგნით: „ყინულმჭრელი“.

1989 წელს წიგნი გამოვა გერმანულ და 1990 წელს - ინგლისურ ენებზე. მალე ყინულმჭრელი გახდება ბესტსელერი გერმანიაში, ავსტრიასა და რუსეთში, სადაც დღემდე ამ წიგნის საერთო ტირაჟმა 10 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

თავისი თეორიის დასამტკიცებლად სუვოროვ-რეზუნი ამახინჯებს ფაქტებს და იშველიებს სტალინის მიერ „წარმოთქმულ“ სიტყვებს გამოგონილი პოლიტბიუროს სხდომებიდან. ყველაზე საინტერესოა პოლიტბიუროს სხდომა, რომელსაც, სუვოროვის ვერსიით, ადგილი ჰქონდა 1939 წლის 19 აგვისტოს, ანუ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერამდე ოთხი დღით ადრე. ამ „სხდომის ჩანაწერის“ თანახმად, სტალინი პოლიტბიუროს და მოწვეული კომინტერნის წევრებს თავის ჭეშმარიტ გეგმებს ანდობს: „ჩვენ აბსოლიტურად დარწმუნებული ვართ, რომ იმ შეთხვევაში, თუ ხელს მოვაწერთ ალიანსის ხელშეკრულებას საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, გერმანია იძულებული იქნება უარი თქვას პოლონეთზე და ეძებოს modus vivendi დასავლეთის ქვეყნებთან. ამ შემთხვევაში ომი თავიდან იქნება, აცილებული და სიტუაციის შემდგომი გაუარესება მიიღებს ჩვენთვის ძალიან საშიშ ხასიათს. თუ ჩვენ დავთანხმდებით გერმანიის წინადადებას და ხელს მოვაწერთ მათთან თავდაუსხმელობის პაქტს, ამ შემთხვევაში გერმანია ნამდვილად დაესხმება თავს პოლონეთს, რაც თავის მხრივ ომში ჩაითრევს ფრანგებს და ინგლისელებს. ამ სიტუაციაში ჩვენ დიდი შანსი გვაქვს დიდი ხანი დავრჩეთ კონფლიქტის მიღმა და დავუცადოთ კონფლიქტში ჩართვის ჩვენთვის ხელსაყრელ მომენტს“.

იმის გარდა, რომ არც პოლიტბიუროს და არც სტალინის არქივში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი რომელიც ირიბად მაინც მიუთითებდეს, რომ 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომა შედგა, მხოლოდ ისტორიკოსმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სტალინის დიქტატურის ბუნებაზე, შეიძლება სანდოდ ჩათვალოს სიურეალისტური სცენა, რომლის მიხედვითაც, 1939 წელს სტალინი პოლიტბიუროს და, მით უმეტეს, კომინტერნის წევრებს ანგარიშს აბარებს, ან თუნდაც უზიარებს საკუთარ გეგმებს (მაგალითად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმება პოლიტბიუროს ყველა წევრისათვის - გარდა სტალინ-მოლოტოვისა - სრული სიურპრიზი იყო). დღეს მკვლევრები თანხმდებიან, რომ 19 აგვისტოს სხდომა გამოგონილია შვეიცარელი ჟურნალისტის, ჰენრი რუფინის მიერ, რომელიც 1939 წლის 28 ნოემბერს ჰავასის სააგენტოში შესაბამისი შინაარსის კომუნიკეს გააგზავნის.

ასევე აბსურდულია სუვოროვ-რეზუნის სხვა „მტკიცებულებები“, რომლებიც 1941 წელს სტალინის აგრესიულ გეგმებზე მიუთითებს, იქნება ეს 1941 წლის 5 მაისს ჯუღაშვილის მიერ კრემლში ნამდვილად წარმოთქმული სიტყვა თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ციტატები სამხედროების მოგონებებიდან. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ირიბად მაინც მიგვანიშნებდეს, რომ 1941 წელს სტალინი ჰიტლერზე თავდასხმას აპირებდა.

ზოგადად ჯუღაშვილის 1941 წლის განზრახვებზე მსჯელობისას საჭიროა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს პირველი მსოფლიო ომის შედეგად და სტალინს მუდმივად ეშინოდა, რომ ძალაუფლება შეიძლება დაეკარგა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, რომელშიც კრემლი „ანტიბოლშევიკურ საერთაშორისო კოალიციას“ დაუპირისპირდებოდა. აქედან გამომდინარე, რამდენადაც რადიკალური იყო ჯუღაშვილი საშინაო პოლიტიკაში, იმდენად ფრთხილი გახლდათ იგი საგარეო საქმეებში. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან კი საბჭოთა კავშირის წინაშე რეალური საფრთხეები არსებობდა როგორც აღმოსავლეთში - იაპონიის, ისე დასავლეთში - ჰიტლერის მხრიდან. თვით საბჭოთა დიქტატორს ეშინოდა (უსაფუძვლოდ) შესაძლო ალიანსისა ვარშავასა და ბერლინს ან (საფუძვლიანად) ბერლინსა და ტოკიოს შორის: 1939 წლის გაზაფხულ-ზაფხულში წითელი არმია მონგოლეთში იბრძოდა იაპონიის, გერმანიის ახლო მოკავშირის, წინააღმდეგ.

მიუნხენის შეთანხმების (1938 წლის სექტემბერი) და განსაკუთრებით გერმანიის მიერ ჩეხეთის სრული ოკუპაციის (1939 წლის მარტი) შემდეგ ჯუღაშვილი დარწმუნებული იყო (საფუძვლიანად), რომ ლონდონი და პარიზი ჰიტლერს აღმოსავლეთით ექსპანსიისკენ უბიძგებდნენ: მართალია, საბჭოთა კავშირს დადებული ჰქონდა ურთიერთდახმარების შეთანხმება საფრანგეთთან და ჩეხოსლოვაკიასთან, მოსკოვი, ისევე როგორც პრაღა, იგნორირებული იქნებიან 1938 წლის მიუნხენის მოლაპარაკებებისას. ჩეხეთის ოკუპაციით კი, ვერმახტისათვის იქმნებოდა სამხრეთის დერეფანი უკრაინის მიმართულებით დარტყმის განხორციელებისათვის. ამ უნდობლობის ფონზე, 1939 წლის ივლისში, მოსკოვში პარიზ-ლონდონთან დაწყებული მოლაპარაკებები თუ მძიმედ მიდიოდა, ამაში დამნაშავე სამივე მხარე იყო.

რაც შეეხება ჰიტლერს, მას აღმოსავლეთით ექსპანსიისკენ არავის წაქეზება არ სჭირდებოდა: ჰიტლერი, 1933 წელს ძალაუფლებაში მოსვლისთანავე გეგმავდა ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მისი ბრძანებით გერმანიის შეიარაღებული ძალები ამ პერიოდიდან იწყებს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციის შემუშავებას სსრკ-ის წინააღმდეგ. ჰიტლერის საწყის გეგმებში პოლონეთს (გეოგრაფიიდან გამომდინარე), მცირე პარტნიორის ფუნქცია გააჩნდა „ჯვაროსნულ ომში ბოლშევიზმის“ წინააღმდეგ და მხოლოდ 1939 წლის მარტში, როცა ვარშავა საბოლოოდ უარს ეტყვის ბერლინს დანციგის კორიდორის დათმობაზე და ლონდონს დაუახლოვდება, ჰიტლერი გადაწყვეტს, „უკუღმა“ იმოქმედოს: ჯერ პოლონეთი დაიპყროს და მხოლოდ შემდეგ დაესხას თავს საბჭოთა კავშირს. 1939 წლის დასაწყისში ვარშავას რომ დაეთმო ბერლინისთვის დანცინგის კორიდორი, მაშინ ჰიტლერი სსრკ-ის წინააღმდეგ ომს 1939 წელს დაიწყებდა. პარიზს და ლონდონს კი ბერლინისათვის ომი რომ არ გამოეცხადებინათ 1939 წლის 3 სექტემბერს, მაშინ გერმანია სსრკ-ის 1940 წლის გაზაფხულზე დაესხმებოდა თავს. დავამატებ, რომ როგორც ჰიტლერს, ისე მის გენერალიტეტს, წითელი არმია და არა საფრანგეთის არმია მიაჩნდა სუსტად და ფიურერი მხოლოდ საბჭოთა კავშირის კოლონიზების და მისი რესურსების დაუფლების შემდეგ აპირებდა ომს დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ: 1939 წლის ოქტომბრამდე გერმანელ სამხედროებს საერთოდ არ ჰქონდათ შემუშავებული საფრანგეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გეგმა (მიუხედავად იმისა, რომ როლფ-დიტერ მიულერმა, გერმანიის სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის (MGFA) ხელმძღვანელმა, ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების ოპერატიული გეგმების შესწავლის შედეგად, ნათლად აჩვენა ეს თავის 2011 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, ზოგიერთი ამერიკელი, ავსტრიელი ან გერმანელი ისტორიკოსი - რიჩარდ რააკი, ჰაინც მაგენჰაიმერი, ვალტერ პოსტი და ა.შ. - დღემდე იზიარებს სუვოროვის თეორიას).

რაც შეეხება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაწერილა (იმავე რადიო თავისუფლების ჟურნალისტების მიერ), ჰიტლერს ეს შეთანხმება პოლონეთში შეჭრისათვის არანაირ მწვანე შუქს არ უნთებდა: ფიურერი1939 წლის მაისში ადგენს პოლონეთში შეჭრის თარიღად 26 აგვისტოს, (შემდგომში ეს თარიღი 6 დღით გადაიწევს), ხოლო სტალინთან ალიანსში შესვლას მხოლოდ ორი თვის შემდეგ განიზრახავს. ფიურერს ჯუღაშვილთან პაქტის დადების იდეა თუ ივლისის ბოლოს უჩნდება, ამის მიზეზი მოსკოვში მიმდინარე ბრიტანულ-ფრანგულ-საბჭოთა მოლაპარაკებები იყო. თუ ივლისის ბოლოს ჰიტლერი გადაწყვეტს, რომ დროებით ჯუღაშვილისთვის მიეცა პოლონეთის ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვ-პარიზ-ლონდონის ალიანსი აეცილებინა თავიდან. ფიურერი თვლიდა, რომ ამ შემთხვევაში მას დასავლეთიდან საფრთხე არ ელოდა და მარტო პარიზი და ლონდონი ბერლინს ომს არ გამოუცხადებდნენ. ჰიტლერისათვის ეს ტაქტიკური კომპრომისი იდეალური გახლდათ, ვინაიდან 1939 წლის შემოდგომაზე (პოლონეთის დაპყრობის შემდეგ), წვიმებისგან გამოწვეული უგზოობის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებდა. სამაგიერად საერთო, ახლადშექმნილი და გაუმაგრებელი საზღვარი სსრკ-სთან, 1940 წლის გაზაფხულზე სამხედრო ოპერაციისათვის საუკეთესო წინაპირობა გახლდათ.

სტალინი, თავის მხრივ, ხვდებოდა, რომ ჰიტლერთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გერმანიის მიერ პოლონეთის შთანთქმა (რაც თვით ჰიტლერისგან იცოდა, რომ გარდაუვალი იყო) საბჭოთა კავშირისათვის დიდ საფრთხეებს შეიცავდა. გერმანიასთან შეთანხმებით კი, ჯუღაშვილი იმედოვნებდა, რომ იაპონიის ნეიტრალიზაციას მოახდენდა (საფუძვლიანად) და გერმანიასთან ომის საფრთხეს სულ ცოტა 3-4 წლით აიცილებდა (უსაფუძვლოდ). სავარაუდოდ, ამ ფაქტორებმა მთავარი როლი ითამაშეს სტალინის საბოლოო გადაწყვეტილებაში (რა თქმა უნდა, ბოლშევიკების მიერ ოციოდე წლის წინ დაკარგული ტერიტორიების ხელახლა დაპყრობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ).

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვითაც, ჰიტლერ-სტალინის თანამშრომლობა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ორი ტოტალიტარული სისტემა ძალზედ ჰგავდა ერთმანეთს და ერთი დიქტატორი მეორისთვის მოდელი იყო, შეიძლება ინტელექტუალურად მომხიბვლელია, მაგრამ ისტორიულად მოკლებულია მყარ საფუძველს: ორ სისტემას უამრავი მსგავსება, მაგრამ უფრო მეტი ძირეული განსხვავება გააჩნდა. პირადად ჰიტლერს კი სტალინი, დიდი ტერორის ორგანიზების გამო, გიჟად მიაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ფიურერი მხოლოდ 1944 წლის 20 ივლისის მერე (როცა გერმანელი სამხედროების ჯგუფი ჰიტლერის მოკვლას შეეცდება) იწყებს სინანულის გამოთქმას, რომ „ეშმაკი კავკასიელივით“ არ გაანადგურა თავისი გენერალიტეტი, ძირითადად ციტირებენ ფიურერის სიტყვებს წარმოთქმულს სიცოცხლის ბოლო ცხრა თვის განმავლობაში. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, ჰიტლერი ამ სახელმწიფოს მიიჩნევდა ჩამორჩენილ აზიატურ სახელმწიფოდ, დასახლებულს ზარმაცი ველურებით, რომლის კოლონიზება და „აყვავება“ გერმანელებს უნდა მოეხდინათ. ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, ისტორიკოსებს არ უყვართ გახსენება, რომ სახელმწიფო, რომლითაც ჰიტლერი აღტაცებული იყო, ეს ამერიკის შეერთებული შტატები გახლდათ და რომ ფიურერს მესამე რაიხის იმპერიის შექმნა დიდი ბრიტანეთის მოდელზე უნდოდა განეხორციელებინა. ასე რომ, ზოგადი თეორიები ტოტალიტარული სისტემების გარდაუვალ სიმბიოზზე ან მიმეტიზმზე, ხშირად მხოლოდ ისტორიის მორალიზატორული შეფასების მცდელობის შედეგია.

რაც შეეხება სუვოროვის პამფლეტს - უცნაურია, მაგრამ „ყინულმჭრელი“ აღიქმება მკვეთრ ანტისტალინისტურ წიგნად. ჩემთვის, პირიქით, ეს პამფლეტი ძალზედ სტალინისტურია. თვითონ განსაჯეთ: ამ წიგნის მიხედვით ჯუღაშვილი არის გენიოსი, დაჯილდოებული ზებუნებრივი ნათელჭვრეტით, ნამდვილი დემიურგი, რომელსაც ჯერ ნაცისტები მოჰყავს ძალაუფლების სათავეში, შემდეგ ატყუებს ჰიტლერს და აწერს მასთან რიბენტროპ-მოლოტოვის ხელშეკრულებას, და ბოლოს ჰიტლერის ხელით ასუსტებს დასავლეთის დემოკრატიებს, აიძულებს რა ფიურერს, ეომოს საფრანგეთს და ბრიტანეთს. კრემლში დადგმული ამ სპექტაკლის ბოლო აქტში კი, როცა სტალინი უკვე მზადაა „ევროპის განთავისუფლებისათვის“, აი, მაშინ დაასწრებს მას ჰიტლერი. კიდევ უფრო კურიოზულია „ყინულმჭრელი“, როგორც სოციოლოგიური ფენომენი: მიუხედავად იმისა, რომ რეზუნ-სუვოროვის წიგნი არის კლასიკური მაგალითი ბულვარული პამფლეტისა, იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიბერალური წრეების რუს ისტორიკოსებში (ანდრეი ზუბოვი, მარკ სოლონინი) და, რაც ღრმად დასანანია, ყოფილ დისიდენტებში, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს. პარიზში სუვოროვის ყოველი ვიზიტი, მისი მორიგი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, ორგანიზებულია რუსი ვეტერანი დისიდენტების მიერ, რომლებიც ხელგაშლილი ხვდებიან „ანტისტალინისტ“ სუვოროვს. ბევრად ნაკლებად კურიოზული ის არის, რომ რუს ლიბერალებთან ერთად სუვოროვის პამფლეტის თაყვანისმცემლებს მრავლად ნახავთ გერმანელ და ავსტრიელ ფაშისტურ-პოპულისტური პარტიების რიგებში. ერთი შეხედვით რა აქვს საერთო რუს დისიდენტს (რომელიც 1968 წელს წითელ მოედანზე საბჭოთა არმიის პრაღაში შეჭრას, ხოლო 2014-ში პარიზში უკრაინის ოკუპაციას აპროტესტებდა) გერმანელ ან ავსტრიელ ულტრამემარჯვენესთან, რომლისთვისაც პუტინი ფინანსური წყარო და პოლიტიკური ეტალონია? ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სუვოროვის მაგალითი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ისტორია მხოლოდ მანიქეურად მოაზროვნეებისთვის არის შავ-თეთრი ფერებით დახატული.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG