Accessibility links

კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიზანშეწონილობის შესახებ


საქართველოს უმაღლესი კანონის, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომელიც სპეციალურმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა, „საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის“ არის გამოტანილი. ერთი ასეთი განხილვა, თბილისში 15 მაისს ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ღონისძიებაზე „აუდიტორია 115“-ის წევრებს, რომლებიც ტყიბულის მაღაროში ოთხი მუშის დაღუპვის ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირებას ითხოვდნენ, „ახალგაზრდა კომუნისტები“ უწოდა და „ილიას გზაზე“ სიარულისკენ მოუწოდა. ასეთ ტრაგიკომიკურ გამოსვლებს და „ქართული ოცნების“ პარტაქტივისტების ყალბ აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვა სერიოზული პროცესია და, წესით, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ცხადია, ყველა ცალკეულ ცვლილებას აქ ვერ შევეხებით. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვებსაიტზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ კონსტიტუციის ცვლილების კანონპროექტს.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ ამჟამინდელი კონსტიტუციის 94-ე მუხლზე, რომელმაც მწვავე იდეოლოგიური დებატები გამოიწვია მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფებს შორის. ეს მუხლი კონსტიტუციის ახალ კანონპროექტშიც უცვლელად არის გადატანილი. იხილეთ 67-ე მუხლის მეორე პუნქტი ახალ კანონპროექტში. მასში ვკითხულობთ:

„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.“

საპარლამენტო რესპუბლიკისთვისაც (რომლის შექმნისკენაც მიისწრაფვის მმართველი ძალა, ყოველ შემთხვევაში, რითიც ამართლებენ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმებას) კონსტიტუციაში ასეთი მუხლის არსებობა უცნაურ აბერაციას წარმოადგენს. თუ სხვა სფეროებში, საქართველოს კონსტიტუციის ახალი კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტი იღებს ძირითად გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკური კურსის განსაზღვრისთვის, ამ შემთხვევაში რეფერენდუმის გზას ენიჭება უპირატესობა და მისი დანიშვნის უფლებაც მხოლოდ მთავრობას აქვს მინდობილი.

პირველ რიგში, დავიწყებ იმ მარტივი კითხვით, თუ რატომ ენიჭება რეფერენდუმის დანიშვნის უფლება ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მთავრობას? საქართველოს ორგანულ კანონში „რეფერენდუმის შესახებ“ ვკითხულობთ, რომ ამ შემთხვევის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში რეფერენდუმის დანიშვნის უფლება აქვთ: საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს. (მუხლი 4) რატომ არ უნდა ჰქონდეთ გადასახადების გაზრდის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის უფლება საქართველოს პარლამენტს ან 200 000 ამომრჩეველს? რითია ეს შემთხვევა ასეთი განსაკუთრებული, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობას შეუძლია ინიციატივის წამოყენება? თუ აღნიშნული მუხლი ასეთი რედაქციით შენარჩუნდება, ეს არა მხოლოდ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს დაამახინჯებს (იმის გამო, რომ პარლამენტს აღარ ექნება რეფერენდუმის დანიშვნის უფლება და მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დარჩება გამოსავლის გზად), არამედ პირდაპირი დემოკრატიის პრინციპსაც (რადგან თავად ამომრჩევლებს არ შეეძლებათ წამოაყენონ მსგავსი ინიციატივა რეფერენდუმზე).

მეორე პრობლემა ამ მუხლთან დაკავშირებით ჩემთვის ის არის, რომ იგი ეხება რეფერენდუმის წესით მხოლოდ გადასახადების გაზრდას (ან ახალი გადასახადის შემოღებას) და არა პირიქით, მათ შემცირებას. რატომ ჩამოაყალიბა წინა მთავრობამ ეს მუხლი ამგვარი რედაქციით, ამის ახსნა ადვილია: „ნაციონალური მოძრაობა“ მემარჯვენე, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც მხოლოდ ინვესტორების ინტერესებზე იყო მორგებული. ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკა, ამ სფეროში, გაუგებარია: ერთი მხრივ, ისინი კონსტიტუციის კანონპროექტში სოციალური სახელმწიფოს მოდელს უჭერენ მხარს და მეორე მხრივ, უცვლელად გვიტოვებენ ამ სადავო მუხლს ამგვარი „მემარჯვენე“ ფორმით. ისევ და ისევ, თუ საქმეს ვირთულებთ და მხოლოდ რეფერენდუმის გზით ვზრდით გადასახადებს, რატომ არ ვირთულებთ საქმეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გადასახადების შემცირებას ეხება? ერთ შემთხვევაში მხოლოდ ამომრჩეველს ვენდობით და მეორე შემთხვევაში - საერთოდ აღარ ვენდობით? რა არგუმენტით? ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის პოვნა ძნელია. თუ რეფერენდუმის ჩატარება ისევ სავალდებულო მოთხოვნად დარჩება, მაშინ იქვე უნდა ჩაიწეროს, რომ ეს შეეხება როგორც გადასახადების გაზრდას, ისე შემცირებას.

დაბოლოს, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, თუ საერთოდ რაში გვჭირდება ამგვარი მუხლი კონსტიტუციაში. ბევრი მემარცხენე აქტივისტი და ბევრ საკითხში ჩემი თანამოაზრე ამ მუხლის მთლიანად გაუქმების წინააღმდეგ გამოდის. ამ შემთხვევაში მე რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ არ გამოვდივარ, თუმცა არც მის გაუქმებაში ვხედავ რაიმე ფუნდამენტურ პრობლემას ან ტრაგედიას. ერთი მხრივ, პირდაპირი დემოკრატია (რომლის ერთ-ერთი ფორმაც არის რეფერენდუმი) წარმომადგენლობით დემოკრატიაზე უფრო დემოკრატიული მმართველობაა; მეორე მხრივ, პარლამენტისთვის გადასახადების გაზრდის უფლების ჩამორთმევის შედეგად, ახლადარჩეულ მთავრობებს აღარ ექნებათ საშუალება სწრაფად და ეფექტიანად განსაზღვრონ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა.

ორივე ზემოაღნიშნული არგუმენტი წონიან არგუმენტად მიმაჩნია, მაგრამ მე მაინც უფრო პირველისკენ ვიხრები. ჩემთვის რეფერენდუმის ჩატარების დამატებითი პლუსი ისიც არის, რომ ამ შემთხვევაში, ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, ჯეროვნად გაიაზრონ, თუ რაში და რატომ იხდიან გადასახადებს, რაც, ჩემი აზრით, პოლიტიკურ და სამოქალაქო კულტურას აამაღლებს. პროგრესული გადასახადებიც, რასაც მემარცხენეების დიდი ნაწილი (მათ შორის მეც) ვუჭერთ მხარს, ამ შემთხვევაში უფრო გააზრებულად და მაღალი ლეგიტიმაციით დაწესდება.

ამავე დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვფიქრობ, რომ თუ რეფერენდუმს გავაუქმებთ, ეს ჩვენი დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა არ იქნება. მსოფლიოს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში ამგვარი სავალდებულო რეფერენდუმები კონსტიტუციით დაშვებული რა არის; ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი რედაქციით კონსტიტუციის 94-ე მუხლის შენარჩუნება სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია. როგორც აღვნიშნე, ამ მუხლს აუცილებლად უნდა დაემატოს ის, რომ რეფერენდუმის ჩატარება თუ აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს გადასახადების როგორც გაზრდის, ისე შემცირების შემთხვევაში და მისი ჩატარების ინიციატივის წამოყენების უფლება ჰქონდეს როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს და 200 000 ამომრჩეველს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG