Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი“


1941 წლის ივლისის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში, ლუფტვაფეს მფრინავები, მთელი აღმოსავლეთ ფრონტის პერიმეტრზე, ასეულობით ათასი წითელარმიელის თავზე ჩამოყრიან 14 მილიონ პროკლამაციას. მის ერთ მხარეს იქნება სამი ფოტო. ფოტოების თავზე რუსულად იქნება დაწერილი: „იცნობთამ ადამიანს?“. ფურცლის მეორე მხარეს იქნება დაბეჭდილი ტექსტი:

ეს მე ვარ, იაკობ ჯუღაშვილი, სტალინის უფროსი შვილი. მე-14 ჯავშნოსანი დივიზიის მე-14 პოლკის საარტილერიო ბატარეის მეთაური, ათასობით სხვა ოფიცერთან და ჯარისკაცთან ერთად 16 ივლისს ვიტებსკის სიახლოვეს ტყვედ ჩავბარდი გერმანელებს“.

სტალინის შვილის ამ „მოწოდებას“ შემდეგ უკვე მოსდევდა ვერმახტის სარდლობის მიმართვა:

„სტალინის ბრძანებით, ტიმოშენკო და კომისრები თქვენ გასწავლიან, რომ ბოლშევიკები ტყვედ არ ბარდებიან. მაგრამ აქ წითელარმიელები განუწყვეტლივ ბარდებიან ტყვედ. იმ მიზნით, რომ თქვენ დაგაშინოთ, კომისრები თქვენ გატყუებენ თითქოს და გერმანელები ცუდად ექცევიან ტყვეებს.

სტალინის შვილმა თავისი პირადი მაგალითით აჩვენა, რომ ეს სრული სიცრუეა.

(...) მისდიეთ მის მაგალითს: ის ცოცხალია და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. რატომ უნდა წახვიდეთ უაზრო მსხვერპლზე ან სიკვდილზე, როცა თვით თქვენი მხედართმთავრის შვილი ჩაგვბარდა ტყვედ?!

თქვენც გადმოდით ჩვენს მხარეს!“ (ტექსტის პუნქტუაცია დაცულია - ლ.ო.)

სულ ქვევით პატარა შრიფტით უკვე ორ ენაზე, რუსულად და გერმანულად, ეწერა, რომ ეს სააგიტაციო ფურცელი წარმოადგენს გერმანელების მხარეს გადასასვლელ საშვს წითელარმიელებისათვის.

20 ივლისს, როცა წითელი არმიის სარდლობისათვის სტალინის ვაჟის გაქრობა გახდება ცნობილი, გენერალ ჟუკოვის ბრძანებით შეიქმნება სამძებრო ჯგუფი. 21 ივლისს ეს ჯგუფი მოიძიებს მე-14 ჯავშნოსანი დივიზიიდან გადარჩენილ ვინმე პოპურიდს. „ჩვენ ერთად დავმარხეთ მიწაში ჩვენი საბუთები და გადავიცვით სამოქალაქო ტანსაცმელი. როდესაც ტბის ნაპირთან მივედით, ამხანაგმა ჯუღაშვილმა განმიცხადა, რომ ის იქ დაისვენებდა ცოტას. მე კი გზა მარტო გავაგრძელე“ - დაწერს ჩვენებაში პოპურიდი.

25 ივლისს, კრემლის მიერ პროკლამაციის აღმოჩენის შემდეგ, უკვე სტალინის ბრძანებით იქნება გაგზავნილი ნკვდ-ს ჯგუფი ლეიტენანტ ჯუღაშვილის მოსაძებნად. ეს მისიაც უშედეგოდ ჩაივლის. დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი შვილი მტერს ჩაბარდა ტყვედ, სტალინი იაკობს სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებს და მისი მეუღლის დაპატიმრების ბრძანებას გასცემს (იულია მელცერს მხოლოდ 1943 წლის გაზაფხულზე გამოუშვებენ ციხიდან).

იაკობ ჯუღაშვილის მე-14 ჯავშნოსანი დივიზია, რომელიც მე-7 მექანიზირებული კორპუსის ნაწილი იყო, წითელი არმიის ერთ-ერთ საუკეთესო შენაერთად ითვლებოდა. ამ კორპუსის რეალური მდგომარეობა ნათელ წარმოდგენას იძლევა, თუ რა მდგომარეობაში იყო წითელი არმია 1941 წლის ზაფხულში: კორპუსის 959 ტანკიდან მხოლოდ 12% იყო თანამედროვე (Т-34 და КВ). ამ შენაერთის დაკომპლექტებას აკლდა 300 უმცროსი ოფიცერი, 800 სერჟანტი და ორი მესამედი სატვირთო მანქანებისა. ომის დაწყების შემდეგ ეს კორპუსი გადაცემული იქნება მეოცე არმიას, რომლის მისიაც სმოლენსკის დაცვა იყო. მოსკოვიდან გადასროლილია და ჯერ კიდევ გზაში მყოფი, კორპუსი მექანიკური პრობლემების გამო უბრძოლველად დაკარგავს 381 ტანკს! 7 ივლისს, დარჩენილი ტანკების და საწვავის დეფიციტის პირობებში, მე-14 დივიზია განახორციელებს შეტევას გერმანიის ჯარის მე-7 სატანკო დივიზიაზე, რომელიც ვერმახტის ერთ-ერთი საუკეთესო სატანკო შენაერთი გახლდათ. რამდენიმე საათში გერმანელები გაუნახევრებენ ტანკებს მე-14 დივიზიას. ერთი კვირის შემდეგ კი საბოლოოდ ბოლოს მოუღებენ ამ დივიზიის ნაშთებს.

დივიზიის ამ მძიმე ბრძოლების დროს იაკობ ჯუღაშვილი ძალიან კარგად წარმოაჩენს თავს. იგი უარს განაცხადებს შტაბის ოფიცრებთან ერთად მანქანით გაქცევაზე და დარჩება თავისი ბატარეის სამხედროებთან ერთად. 16 ივლისს, ორდღიანი ხეტიალის შემდეგ (მას შემდეგ რაც მას სავარაუდოდ ადგილობრივი გლეხები დაასმენენ), ჯუღაშვილს გერმანელები დაატყვევებენ ლიოზნოს სიახლოვეს.

ჯუღაშვილის პიროვნების ვინაობა ძალიან მალე გამოაშკარავდება. ამის შემდეგ გერმანელები სტალინის შვილს დასაკითხად ბორისოვოში გადაიყვანენ, სადაც არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შტაბი მდებარეობდა. იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვას სამი ოფიცერი: ერთი არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შტაბის სადაზვერვო გაყოფილებიდან, ერთი რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოდან და ერთიც - ლუფტვაფეს პროპაგანდის ბიუროდან.

დაკითხვის შემდეგ იაკობ ჯუღაშვილს გაამწესებენ ბერლინის სასტუმრო ადლონში. მაგრან ვინაიდან გერმანელები ძალიან სწრაფად დარწმუნდებიან, რომ იაკობი კოლაბორაციაზე არასდროს დათანხმდებოდა, სტალინის ვაჟი ჯერ გადაყვანილი იქნება ჰამელბურგის ოფიცერთა ბანაკში, შემდეგ კი საქსენჰაუზის კონცენტრაციულ ბანაკში, სადაც, 1943 წლის 14 აპრილს იაკობი თავს მოიკლავს - იგი აიძულებს ბანაკის დაცვას, რომ მისთვის ესროლათ.

იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის ტექსტი იქნება მოძიებული საბჭოთა დაზვერვის მიერ 1946 წელს ლუფტვაფეს არქივში. იგი ისტორიკოსებისათვის მისაწვდომი პერესტროიკის შემდეგ გახდება. (დაკითხვის ეს გრძელი ოქმი ძალზედ საინტერესო და მრავლისმთქმელია: ეს დოკუმენტი კარგ წარმოდგენას გვაძლევს როგორც იაკობ ჯუღაშვილის პიროვნებაზე, ისე ჰიტლერის სადაზვერვო სამსახურის პროფესიონალიზმზე).

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირში ბევრი ჭორი ცირკულირებდა იაკობ ჯუღაშვილის ბედის გარშემო. ერთ-ერთი ვერსიით, ჯუღაშვილი 1943 წელს გერმანელების მიერ გადაყვანილ იქნა იტალიის ერთ-ერთ სამხედრო ტყვეთა ბანაკში, საიდანაც სტალინის ვაჟს ადგილობრივი პარტიზანები გამოიხსნიან. ამ ლეგენდის თანახმად, პატიმრობიდან განთავისუფლებული ჯუღაშვილი, კაპიტან მონტის ფსევდონიმით, სათავეში ჩაუდგება პარტიზანების ჯგუფს (აბა სხვანაირად როგორ იზამდა სტალინის შვილი?!) და გმირულად იბრძოლებს გერმანელების წინააღმდეგ. შემდეგ შეუყვარდება შავთვალება ადგილობრივი ლამაზმანი სახელად პაოლა, რომლისგანაც მალე ვაჟი, სახელად ჯორჯო, ეყოლება. სკეპტიკოსების დასარწმუნებლად ამ ვერსიის ადეპტები იტალიურ სოფელსაც კი ასახელებდნენ, - რეფრონტოლს ვენეციის რეგიონში, - სადაც ომის შემდეგ ცხოვრობდა კაპიტანი მონტი-ჯუღაშვილი.

თუ ერთი ლეგენდა ქვევიდან, „ხალხის წიაღიდან“ მოდის, მეორე ლეგენდა სავარაუდოდ კრემლში იღებს სათავეს. ამ მეორე ლეგენდის მიხედვით ჰიტლერს შეუთავაზებია სტალინისთვის ფრიდრიხ პაულუსის იაკობში გაცვლა, რაზეც სტალინს ქედმაღლურად უპასუხია, რომ ჯარისკაცში ფელდმარშალს არ გაცვლის (თუმცა იაკობი ლეიტენანტი იყო და არა ჯარისკაცი).

სინამდვილეში ჰიტლერს არასდროს არ მოსვლია თავში მარშალ პაულუსის ტყვეობიდან გამოხსნა. მეტიც, ჰიტლერი ალყაშემორტყმულ სტალინგრადში პაულუსისთვის მარშლის წოდების მინიჭებას მაშინ განიზრახავს (1943 წლის 30-დან 31 იანვრის ღამეს), როცა გაიგებს, რომ მისი გენერალი მტრისთვის ჩაბარების გადაწყვეტილებას მიიღებს. ფელდმარშლის წოდების მიცემით ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ პაულუსი თავს მოიკლავდა და მტრისთვის ჩაბარებაზე უარს იტყოდა. განრისხებული, რომ პაულუსი თვითმკვლელობას ტყვედ ჩაბარებას ამჯობინებს, ჰიტლერი გამოაცხადებს, რომ მეტი არც ერთ თავის გენერალს არ მისცემდა ფელდმარშლის კვერთხს. თუმცა ამ დანაპირებს 1944 წელს დაარღვევს, როცა ვალტერ მოდელს (ვერმახტის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და ამასთანავე ერთ-ერთ ყველაზე ნაცისტ გენერალს), მარშლის კვერთხს გადასცემს.

სტალინი (რომელიც ყოველთვის ყველას და ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდა) საკუთარი შვილის ტრაგიკულ ბედსაც რომ პოლიტიკურ იარაღად აქცევდა, ამაში არაფერია გასაკვირი. ერთი კითხვა, რომელიც რჩება, ისაა, თუ რატომ ჩამოაქვეითა სტალინმა ამ მითში ლეიტენანტი ჯუღაშვილი ჯარისკაც ჯუღაშვილამდე... მითის დრამატიზების მიზნით თუ უბრალო გულმავიწყობით?

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG