Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო ომი


კაენი მოკლავს აბელს, რადგან იგი ღმერთის რჩეული იყო. რომულუსი მოკლავს რემუსს, ვინაიდან ქალაქს, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა დაეპყრო, მხოლოდ ერთი მბრძანებელი უნდა ჰყოლოდა. ძმათა შორის სისხლისღვრა ჩვენი კულტურის ნაწილია და ვერც ერთი დიდი ცივილიზაცია (დაწყებული ანტიკურით და დამთავრებული თანამედროვე საბერძნეთით) ვერ გაექცა სამოქალაქო ომს.

უკვე საუკუნეებია, რაც ძმათა შორის სისხლისღვრა სათავეს უდებს ახალ ერებს და ახალ რელიგიებს. ძმათა შორის სისხლისღვრის შედეგად ჯერ მუსულმანური სამყარო გაიყო სუნიტებად და შიიტებად. შემდეგ უკვე დასავლეთ ევროპას (ჯერ გერმანიას, შემდეგ ჰოლანდიასა და საფრანგეთს) მოიცავს რელიგიური სამოქალაქო კონფლიქტები. ამ პერიოდიდან დაწყებული, ძმათა შორის სისხლისღვრის მიზეზი რელიგიური ან პოლიტიკური იდეალი იქნება, კონფლიქტის მიზანი კი - არა ახალი ტერიტორიის დაპყრობა, არამედ საერთო საცხოვრებელი სივრცის „გასუფთავება უცხო და უწმინდური ელემენტებისგან“. შედეგად ამისა, კონფლიქტის მთავარი მსხვერპლი არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო მოსახლეობა გახდება.

გვძულს ის, ვინც ყველაზე ძალიან გვგავს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისგან განსხვავებული გავხდეთ - ალბათ ეს არის ის ნიშანი რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს თანამედროვე სამოქალაქო ომებს.

თუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ძმათა შორის შუღლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა პოლიტიკური იდეოლოგია იქნება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ომში პოლიტიკურ იდეოლოგიას ეთნო-რელიგიური კონფლიქტი ჩაანაცვლებს. მეოცე საუკუნის ბოლოს კი, ყველასთვის მოულოდნელად, ორგანიზებული დანაშაული დარღვევებს კონფლიქტის „მიზეზ-შედეგობრიობის კანონს“ და გახდება ის ჟანგბადი, რომლითაც სამოქალაქო ომები ისაზრდოებენ.

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობამ 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად „გაიარა“ დაახლოებით 150 სამოქალაქო ომი. ჩინეთი თერთმეტი, ხოლო კოლუმბია და ესპანეთი შვიდ-შვიდი სამოქალაქო კონფლიქტის ეპიზოდით რჩებიან ძმათაშორის სისხლისღვრის ყველაზე აქტიური მიმდევრები. მეოცე საუკუნის ევროპის ისტორიაში ოთხმა სამოქალაქო კონფლიქტმა დატოვა განსაკუთრებულად დიდი ბზარები: რუსეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და იუგოსლავიაში.

დღეს, როდესაც უკან ვიყურებით და ვაკვირდებით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობის პროცესს, გარდაუვალი გვეჩვენება ძმის მკვლელი ომების ეტაპის გავლა (მკითხველისთვის მიმინდვია, გადაწყვიტოს რამდენად შეეხება ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს).

ძველმა ბერძნებმა ძმათა შორის სიხლისღვრის შეწყვეტის მიზნით გამოიგონეს ამნისტია, ანუ კოლექტიური ამნეზია, დავიწყება ჩადენილი დანაშაულებებისა. მაგრამ როგორ უნდა დაივიწყოს აბელმა კაენი ან რემუსმა რომულუსი? როგორ უნდა იცხოვრონ ჯალათმა და მისმა მსხვერპლმა მხარდამხარ? ანტიკურ ხანაში ბერძნები თვლიდნენ, რომ სამართლიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი სამოქალაქო მშვიდობა იყო და, შესაბამისად, დროებითი ამნეზია აუცილებელი გახლდათ. დროებითი, სანამ ჭრილობები შეხორცდებოდა, რათა შემდეგ სამოქალაქო ომი ისტორიკოსის „ნადავლი“ გამხდარიყო და ამ უკანასკნელს შესძლებოდა ჭრილობამოშუშებული ქვეყანა ამნეზიიდან გამოეყვანა და აწ უკვე გარდაცვლილ რომულუსისა და კაენისათვის თავისი მიეზღო.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG