Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო მეტი დამოუკიდებლობის მოლოდინში


თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზი
თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზი
”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონისთვის გამიზნული ცვლილებები არ აკმაყოფილებს საპარლამენტო უმცირესობას, რომლის აზრითაც, ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნას. ყველაზე სადავო აქცენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ მის გადაწყვეტილებაში შესაბამისად არის ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. არასამთავრობო სექტორი ვითარების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უმრავლესობამ გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და გადაწყდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრი ხმათა 2/3-ით იქნება არჩეული. თუმცა გათვალისწინებულია ამავე რეკომენდაციებში ასახული კიდევ ერთი მექანიზმი - თუკი პარლამენტი 2/3-ის ვარიანტს შეარჩევს, უნდა შეარჩიოს ასევე მექანიზმი სავარაუდო ჩიხიდან გამოსასვლელად. დავით უსუფაშვილის თქმით, ასეთი მექანიზმი უკვე განსაზღვრულია:

”პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო იქნება ორი მესამედი. თუ დარჩა ვაკანტური ადგილები ამ ექვსიდან, ამ ვაკანტური ადგილების შევსება მეორე ტურში შესაძლებელი გახდება უკვე 76-ხმიანი უმრავლესობით”.

დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 6 წევრის გარდა, უფლებამოსილება შეუწყდება კიდევ 7 მოსამართლე-წევრს, თუმცა მათ ექნებათ უფლება, მოსამართლეთა კონფერენციაზე თავიანთი კანდიდატურა ხელახლა დაასახელონ და, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, პოსტებს ახალი ვადით დაუბრუნდნენ. ცვლილებები არ შეეხება საბჭოს მხოლოდ 2 წევრს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის უფლებამოსილებაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, და კიდევ ერთ წევრს, რომელიც, საერთო შეფასებით, აკმაყოფილებს ახალი კანონმდებლობის კრიტერიუმებს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე არ ეთანხმება უმრავლესობის აზრს, თითქოს კანონპროექტი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. თუკი არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონსტრუქციულ თანამშრომლობას დავით ბაქრაძე შესაძლებლად მიიჩნევს, იგივე არ ითქმის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან მიმართებით:
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ წევრებმა დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილების ვადა...
ვენეციის კომისია

”სრულიად მიუღებელია ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსამართლეების მიერ არჩეული მოსამართლეების შეცვლას, იმიტომ რომ, ვინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში, პატივი უნდა სცეს მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას და არ შეიძლება ამ ადამიანების შეცვლა. მეტიც, ჩვენ კიდევ შორს მივდივართ და ვამბობთ, რომ 6 წევრიდან მინიმუმ ორი წევრი მაინც აუცილებლად ორი მესამედით უნდა იყოს არჩეული. შესაბამისად, თუკი ტურებში ორი მესამედით ვერ აირჩა ორი წევრი მაინც, ეს ადგილები დარჩება ვაკანტური მანამ, ვიდრე არ მოიძებნებიან კანდიდატურები, რომლებიც მიიღებენ 2/3-იან ნდობას”.

უმცირესობა ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვადაზე ადრე დათხოვნა იქნება პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა საბჭოს შემადგენლობის გამოცვლას ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს იმისათვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. 11 მარტის გვიან საღამოს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოცვლა არამართებული ნაბიჯი იქნებოდა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მოკლე დროში მიღებული, აღძრავს ეჭვს, რომ ის მიზნად ისახავს ზეგავლენის მოხდენას საბჭოს საქმიანობაზე.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ წევრებმა დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილების ვადა”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

გავიხსენოთ, რომ ამავე დასკვნაში გამოყოფილია 4 ძირითადი მიმართულება, რომლებსაც ვენეციის კომისია გაუმჯობესებისკენ გადადგმულ საგანგებო ნაბიჯებად მიიჩნევს: 1. პრეზიდენტი აღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეთა შეთავაზების მიხედვით; 3. საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ისინი არ იქნებიან პოლიტიკოსები, როგორც ეს ამჟამად არის და 4. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრის გზით აირჩევიან.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ თუკი ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონპროექტში სრულად არ იქნება ასახული, ეს საქართველოს პრობლემებს შეუქმნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დამტკიცების ეტაპზე და ეს აქცენტი ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციებშიც არის ხაზგასმული. ეს რომ ასე იქნება, ჩვენთან საუბრისას ასევე ვარაუდობს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ოთარ კახიძე. ის თვლის, რომ უმრავლესობას ეს ფაქტორი გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა, ზოგადად, ოთარ კახიძე ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის შეცვლას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
არ შეიძლება ამ თემის, აი, ასე გამოყენება. მე ვამბობ, რომ, კი, შესაძლებელი იყო მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თუმცა ის, რასაც ჩვენ ვიღებთ ახლა, ეს არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ის, რაც გვქონდა ადრე...
ეკა გიგაური

”თვითონ კანონპროექტი არის პროგრესული. იუსტიციის საბჭოს წევრთა დაკომპლექტების ის წესი, რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, არის უკეთესი, ვიდრე გვაქვს დღეს, და კანონპროექტი, მთლიანობაში, წაადგება სასამართლოს დამოუკიდებლობას. მაგრამ თუკი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ასოცირების შეთანხმების წამოყენებულ წინაპირობებსაც დააკმაყოფილებენ, ეს კიდევ უფრო მეტად წაადგება როგორც მართლმსაჯულებას, ასევე მთლიანად ჩვენს საზოგადოებას”, - უთხრა ოთარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.

კანონპროექტის პროგრესულობაზე ლაპარაკობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონსენსუსი მოხერხდა და კანონპროექტს მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მართალია, კანონპროექტის ამჟამინდელი ვარიანტი, გიგაურის თქმით, მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მაგრამ ის გამართლებულად არ მიიჩნევს ამ საკითხის მიბმას საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების თემასთან:

”არ შეიძლება ამ თემის, აი, ასე გამოყენება. მე ვამბობ, რომ, კი, შესაძლებელი იყო მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თუმცა ის, რასაც ჩვენ ვიღებთ ახლა, ეს არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ის, რაც გვქონდა ადრე. ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ სასამართლო რეფორმა”.

მართალია, ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის ბოლო დღეებში გამართული შეხვედრების შემდეგ დავით უსუფაშვილმა 28 მარტს პოლიტიკური კონსულტაციები დახურულად გამოაცხადა, მაგრამ ის ამბობს, რომ მომავალ კვირაში საპარლამენტო განხილვების პროცესში ყველას მიეცემა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. კონსულტაციები მიმდინარეობს ”ნაციონალური მოძრაობის” წიაღშიც და, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობა” ერთიან პოზიციაზე შეჯერდება.

”საერთო სასამართლოებთან” დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება. კანონპროექტი, რომელიც 22 მარტს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, კვლავ მეორე მოსმენის, ანუ მუხლობრივი განხილვის, პროცედურას დაუბრუნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG