Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის ახალი შემთხვევები და კლასტერები - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 სექტემბერს


მარინა ეზუგბაია: ჯერჯერობით უცნობია 11 შემთხვევის წყარო

კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა გუშინ ისევ სამნიშნა რიცხვით მოიმატა, თუმცა წინა დღის რეკორდი აღარ მოუხსნია. 13 სექტემბერს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას 152 პაციენტი მიემატა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა, 90 შემთხვევა, აჭარაში დაფიქსირდა.

15 ქუთაისის სკოლის კლასტერია, 15 - „ენგურჰესის“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 - შემოტანილი შემთხვევა. ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება 11 შემთხვევის კონტაქტების კვლევა.

სხვა სიახლეები COVID-19-ის შესახებ:

დღეს ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან სოჭში

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა დღეს ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდება. ეს მათი პირველი შეხვედრაა მას მერე, რაც ბელარუსი ლუკაშენკას საწინააღმდეგო მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

ამ შეხვედრას ემთხვევა ბელარუსში, ქალაქ ბრესტში ბელარუსულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული სწავლება სახელწოდებით „სლავური ძმობა“, რომელიც 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ერთობლივ წვრთნებში სერბეთსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გასულ კვირაში, ოფიციალურმა ბელგრადმა განაცხადა, რომ პროტესტით მოცულ ბელარუსში სამხედროებს აღარ გაუშვებს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საოკუპაციო ძალებმა ძელებზე მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამუშაოები განაახლეს და 12 სექტემბერს დამონტაჟებულ ძელებზე უკვე მავთულხლართების გავლებაც დაიწყეს.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, საოკუპაციო ძალებმა ძველი გამყოფი ხაზი, სოფლის სიღრმეში გადმოწიეს, რამაც იმის საფრთხე შექმნა, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცეს სასაფლაო, საძოვარი და კიდევ რამდენიმე სახლი.

ქედი, სადაც შეიარაღებული პირები მუშაობენ, სწორედ სასაფლაოს და სკოლას ესაზღვრება. ხურვალეთში პატრულირებს პოლიცია. გუშინ ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

წაიკითხე მეტი.

“ფორდზე” მორგებულ მერიის 30-მილიონიან ტენდერში “ჯი-თი გრუპმა” გაიმარჯვა

თბილისის მერიას 300 ცალ ფორდის მიკროავტობუსს კომპანია “ჯი-თი გრუპი” მიაწვდის. 30-მილიონიან ტენდერს ამ კომპანიის ერთადერთი კონკურენტი “ჰიუნდაი ავტო საქართველო” გამოეთიშა.

ფორდი გამარჯვებულად 11 სექტემბერს გამოცხადდა, თუმცა რადიო თავისუფლებამ ჯერ ერთი თვის წინ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ მოარგო მერიამ მრავალმილიონიანი ტენდერი სწორედ ავტომანქანა “ფორდს” და მის დისტრიბუტორ კომპანია “ჯი-თი გრუპს”.

სატენდერო მოთხოვნებში ისეთი პირობები იყო გაწერილი, რასაც რამდენიმე დისტრიბუტორს შორის მხოლოდ “ჯი-თი გრუპი” აკმაყოფილებდა.

წაიკითხე მეტი.

რატომ არის საქართველოში კარანტინი დისკრიმინაციული და უსამართლო

საქართველოს მთავრობა თანდათან ამცირებს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის ხანგრძლივობას. სულ რამდენიმე კვირის წინ კარანტინის ვადა ჯერ 14-დან 12 დღემდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 8 დღემდე შემცირდა.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში წამოწყებული საპროტესტო კამპანიის შედეგად მიიღო. საპროტესტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანია კარანტინის სისტემის დისკრიმინაციულ შინაარსს აკრიტიკებს. ჩანასახის სტადიაზე არსებობს სამოქალაქო პროტესტი ფეისბუკჯგუფითა და პეტიციის ხელმოწერების შეგროვებით, რომლის მონაწილეც გარემოებათა გამო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კახა მჭედლიძეც აღმოჩნდა.

კახა თავის სტატიაში დეტალურად აღწერს თავის მარშრუტს საქართველოდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტამდე და უკან, სადაც ახლა კარანტინის დღეებს ითვლის.

წაიკითხე მეტი აქ.

რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელებში 24 წლის წინ ნაყიდი ბურგერის ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ლპობის და ობის დღესაც არაფერი ეტყობა. ჰოდა, რა ხდება? გვწამლავენ? თუ საქმე ისაა, რომ გამომშრალი ხორცი არ ობდება?

XS
SM
MD
LG