Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშისტური სუბიექტის დაბადება


სუბიექტივაცია

ფაშიზმი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე გაჩნდა და მეორე მსოფლიო ომით დასრულდა. ის არც მხოლოდ ნეოფაშისტურ პოლიტიკურ დაჯგუფებებამდე დაიყვანება. ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო ფაშიზმის განსაკუთრებულ ძალას, უპირველეს ყოვლისა, ყოფითობასა და ადამიანის ცნობიერებაში ხედავდა: „ფაშიზმი ყველა ჩვენთაგანში, ჩვენს თავებსა და ჩვენს ყოველდღიურობაში, ფაშიზმი, რომელიც ძალაუფლებას გვაყვარებს, სწორედ იმას გვანდომებს, რაც ჩვენ გვიმორჩილებს და გვჩაგრავს.“ ფუკო ერთი იმ მოაზროვნეთაგანია, ვინც ძირითადი აქცენტი იდეოლოგიის ანალიზიდან თანამედროვე ინდივიდზე გადაიტანა, ანუ როგორაა ფაშიზმი ფესვგადგმული ჩვენს ქმედებებში, აზროვნებაში, ჩვენს სხეულში; რამდენადაა შესაძლებელი მისგან „ჩვენი გულების და ჩვენი ვნებების გათავისუფლება“?

ამგვარი მიდგომით, ყურადღების ცენტრში ექცევა არა კონკრეტული ისტორიული მოვლენა, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ თავად რიგითი ადამიანი, რომელთა ერთობის ძალაც, გამთლიანებული ბელადის, ფიურერისა თუ „ქარიზმატული“ ხელისუფლის ქვეშ, ფაშიზმს პოლიტიკურ რეალობად აქცევს. ფაშიზმის სუბიექტი რიგითი ადამიანია, ინდივიდი, რომელიც ფაშისტად სუბიექტივაციას განიცდის.

სუბიექტს, რომელიც, დეკარტედან მოყოლებული, ახალი დროის ფილოსოფიურ ტრადიციაში მოაზროვნე მედ, საკუთარი მეს ცნობიერებად, ან თვითცნობიერებად გაიგებოდა და ღვთაებრივთან გათანაბრების შარავანდედით იყო მოსილი, ფუკო ისტორიული განვითარებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების შედეგად ჩამოყალიბებულ ადამიანად გაიაზრებს. თავის ერთ გვიანდელ ნარკვევში („სუბიექტი და ძალაუფლება“) ფუკო სუბიექტის ორ მნიშვნელობას გამოყოფს: „ის, ვინც მეორის ძალაუფლებასაა დაქვემდებარებული და მასზე დამოკიდებულია და [...] ის, ვინც ცნობიერებით და თვითშემეცნებით საკუთარ იდენტობასაა მიბმული.“

ფუკოს მასწავლებლის ლუი ალთუსერის აზრით, სუბიექტი არაა მოცემულობა, არამედ ინდივიდი იდეოლოგიების მიერ „დაძახებით“ გარდაიქმნება სუბიექტად, როდესაც მას სტრუქტურაში თავისი ადგილი მიეჩინება. ამ პროცესს ალთუსერი სუბიექტივაციას უწოდებს. ფუკოსთან სუბიექტივაცია ადამიანის თვითქმნისა და „თვითობის ტექნიკის“ შედეგია. ანუ ადამიანი, ინდივიდი, რომელიც ფუკოსთვის ძალაუფლების წნეხითაა შექმნილი, თავად ქმნის საკუთარი თავისგან სუბიექტს. რომ შევაჯამოთ, ადამიანი, როგორც სუბიექტი, იდეოლოგიური ზემოქმედების შედეგიცაა და საკუთარი თვითშემოქმედებაც. მას ქმნიან, უხმობენ თავის ადგილას და ის თავადაც ირჩევს, იგონებს საკუთარ თავს, ან, როგორც ნიცშე ამბობს („მორალის გენეალოგიისათვის“), სუბიექტად ყოფნა „იძლევა ამაღლებული თვითმოტყუების შესაძლებლობას, რომ სისუსტეც კი თავისუფლებად, ამად თუ იმად ყოფნა დამსახურებად გაიგოს“. სუბიექტი - მოდერნისა თუ პოსტმოდერნის ეს მთავარი პროტაგონისტი, მუდამ ამაღლებული იდეებით რომ მოსავს საკუთარ მეს - არის ის მასალა, რომლისგანაც იქმნება თანამედროვე იდეოლოგიები და პოლიტიკური სისტემები, რომლებიც მასვე აფორმებენ, ადგილს მიუჩენენ და მის ცხოვრებას შინაარსსა და მიზანმიმართულებას სძენენ.

როგორ იბადება, როგორ იქმნება თუ როგორ ქმნის საკუთარ თავს ფაშისტური სუბიექტი? მისგან დამოუკიდებელი თუ მისი თანამონაწილეობით მოქმედი რა მექანიზმები ამოძრავებენ მის ფაშისტოიდად სუბიექტივაციას? ამ კითხვებზე შესაძლო პასუხების წარმოდგენას ვალტერ ბენიამინისეული „ვერგანხორციელებული რევოლუციის“ პერსპექტივიდან შევეცდები.

რევოლუციური სიტუაცია

თუ მივიღებთ იმ აზრს, რომ ფაშიზმის უკან ვერგანხორციელებული რევოლუციაა საძიებელი, იგივე პრინციპი ინდივიდუალურ დონეზეც შეიძლება გადმოვიტანოთ: ფაშისტური სუბიექტი ვერგანხორციელებული რევოლუციის ნაყოფია, ოღონდ ეს რევოლუცია პიროვნული მასშტაბისაა, სადაც ისეთივე მექანიზმები და ფაქტორები მოქმედებს, როგორიც პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე. როგორც განუხორციელებელი თუ არშემდგარი რევოლუცია გადადის ტოტალურ რეაქციაში და აშენებს ჩაგვრის იმაზე უფრო მძლავრ სისტემას, ვიდრე ის, რომლის დამხობაზეც რევოლუციურად განწყობილები ოცნებობდნენ, ისე გადაინაცვლებს თავად რევოლუციაშეწყვეტილი ინდივიდი ძალაუფლების ბნელ მხარეს და ყველა იმ პრინციპის დამცველი და მიმდევარი ხდება, რომლებსაც ერთ დროს თავადვე უპირისპირდებოდა. წარსულში მისი რევოლუციური განწყობა და ამბოხზე ფიქრი იღებს სამარცხვინო მოგონების სახეს, რომლის გადაფარვასაც ის საკუთარი პროგრესირებადი რეაქციონერობით ცდილობს. ფაშისტოიდად სუბიექტივაცია არაღიარებული მარცხის შენიღბვაა, წარუმატებელ გადატრიალებაზე რეაქციაა, რომელიც გადასატრიალებლის უტრირებული ფორმით დაბრუნებას იწვევს. ამგვარი მექანიზმის გასაგებად დავუბრუნდეთ რევოლუციას და მისი ინდივიდის მასშტაბებთან მისადაგება ვცადოთ.

რევოლუცია რომ მოხდეს, ამისთვის გარკვეული წინაპირობა და გარემოებებია საჭირო. რევოლუციურად ლენინი მიიჩნევდა ისეთ ვითარებას, როდესაც ჩაგრულთა უკმაყოფილებას მჩაგვრელთა დასუსტება ემატება: „რევოლუციისათვის საკმარისი არ არის, რომ ქვედა ფენებს აღარ სურდეთ უწინდებურად ცხოვრება. მისთვის აუცილებელია, რომ ზედა ფენებსაც აღარ შეეძლოთ ისე ბატონ-პატრონობა და მართვა, როგორც ადრე.“ ანუ, რევოლუციის მოსახდენად აუცილებელია, რომ ძალაუფლება, რომელიც ურთიერთობის არსებულ წესებსა და ნორმებს განსაზღვრავს, შეირყეს, ბზარები გაუჩნდეს, აღარ შეეძლოს უწინდებურად მართვა.

ამ ტიპის ერთგვარი რევოლუციური სცენარი 1913 წელს აღწერა ზიგმუნდ ფროიდმა თავის წიგნში „ტოტემი და ტაბუ“. აქ ფროიდს შემოჰყავს მისივე შექმნილი პირველადი (ან დიდი) მამის (Urvater-ის) ფიგურა, რომელიც ადამიანთა პირველყოფილ ჯოგში მბრძანებლობს და მისაკუთრებული ჰყავს ტომის ყველა ქალი, ხოლო საკუთარ ვაჟიშვილებს კასტრაციით ემუქრება, თუკი ისინი გაბედავენ და მას შეეწინააღმდეგებიან. კასტრაციის შიში ფსიქოანალიზში მხოლოდ სასქესო ორგანოს დაკარგვის საფრთხეს როდი გამოხატავს. ფალოსი სიმბოლურად განასახიერებს ძალაუფლებას, რომელიც კასტრაციის საფრთხის წინაშე მდგომი ბავშვისათვის მამის პრივილეგიად აღიქმება. სწორედ კასტრაციის შიში ათქმევინებს უარს (ვაჟი)შვილს მამის წინააღმდეგ აჯანყებასა (მამის მკვლელობა) და სიამოვნების იმ ობიექტის დაუფლებაზე, რომელიც მამას აქვს დასაკუთრებული. ამ შიშის დაძლევას, ფროიდის თანახმად, შვილი მამასთან იდენტიფიკაციით ახერხებს, ანუ ის მამას ემსგავსება.

მამის მიბაძვით, მასთან თავის გაიგივებით, ფაქტობრივად, ხორციელდება შვილის „კასტრაცია“. ის მთლიანად მამის ნებას ემორჩილება, ისევე, როგორც მისი მამაც თავისი მამის მორჩილებაში იმყოფება და ასე გრძელდება უსასრულოდ, რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ ერთი პრეისტორიული დიდი მამის ხატებამდე, რომლის რეპროდუქციაც მიმდინარეობს უ(საკუთარ)სახო „მამათა“ მთელი ჯაჭვის ურთიერთკასტრაციით. ფსიქოანალიტიკოს ჟაკ ლაკანის განმარტებით, „კასტრაციის შიში“ წმინდად სიმბოლური ფენომენია, რომელიც „მამის სახელით“ წარმოებს (le Nom-du-Père) და მისი მეშვეობით ხდება ადამიანის ინტეგრაცია საზოგადოებრივსა და ნორმატიულ წესრიგში. ლაკანთან „მამის სახელი“ განასახიერებს წესებს, კანონებს, ნორმებს, ჩარჩოებს, წესრიგს და მათდამი მორჩილების ვალდებულებას. მამის წინააღმდეგ ამბოხი მთელი წესრიგის ამოყირავებისა და დამხობის ტოლფასია.

„კაპიტალის“ I ტომის ერთ სქოლიოში მარქსმა, თითქოს სასხვათაშორისოდ, აღწერა პრინციპი, რომელზეც მონარქიული ერთმმართველობა დგას: „ეს ადამიანი, მაგალითად, იმიტომაა მეფე, რომ სხვა ადამიანები მასთან ისე იქცევიან, როგორც ქვეშევრდომები. თავის მხრივ, მათ სჯერათ, რომ ქვეშევრდომები იმიტომ არიან, რადგანაც ის მეფეა.“ თვითმპყრობელური ძალაუფლება ასეთ ორმხრივ „შეთანხმებას“ ეფუძნება, როდესაც ქვეშევრდომი თანახმაა ქვეშევრდომობაზე და მისი ქვეშევრდომობა განაპირობებს ზემდგომის აღმატებულობას. რევოლუციას სწორედ ამგვარი ურთიერთაღიარების რღვევა იწვევს: ძალაუფლების ავტორიტეტი და აღმატებულობა მაშინ ირღვევა, როცა ქვეშევრდომი უარს ამბობს ქვეშევრდომობაზე. რევოლუცია მაშინ ხორციელდება, როდესაც ამბოხებული ქვეშევრდომი უარს ამბობს არა მხოლოდ მეფის, ან სხვა სახის სუვერენის ქვეშევრდომობაზე, არამედ მთელ თავის გენეალოგიურ მითზე, თავის „დიდ მამაზე“, და თავად ხდება საკუთარი თავის სუვერენი, თავად აფუძნებს საკუთარ თავს. არტურ რემბო ამბობდა, თუ საძირკვლებიც არ დავანგრიეთ, მაშინ არაფერი დაგვინგრევიაო. საძირკველი დასაბამის მითია, საიდანაც სათავეს იღებს „დიდი მამის“ ხატება და მისი ძალაუფლება, რომელიც შვილის განადგურების ხარჯზე ანონიმური მამის რეპროდუქციას ახორციელებს. როცა ასეთი ძირეული ამოტრიალება არ ხდება, რევოლუცია წყდება და გამოთავისუფლებულ ადგილს მამის აჩრდილი იკავებს.

„მამის აჩრდილი“ და „მამის ვერსია“ (père-version)

ფროიდის მიერ „ტოტემსა და ტაბუში“ შექმნილი ჰიპოთეზის თანახმად, ვაჟიშვილებმა გაბედეს და მოკლეს ტირანი „დიდი მამა“, რასაც მოჰყვა ინცესტის აკრძალვა, მორალური ცნობიერების გაჩენა და პირველი სამართლებრივი აქტების გამოგონება. „დიდი მამის“ მკვლელობა ფროიდის მოძღვრებაში ისტორიის ათვლის წერტილია. ამავე დროს, ეს აქტი ერთგვარი რევულუციის პროტოტიპიცაა. ამ წიგნის გამოსვლას ევროპის კონტინენტზე სულ რაღაც ოთხ-ხუთ წელიწადში მოჰყვა რევოლუციებისა და თვითმპყრობელური რეჟიმების ნგრევის მთელი სერია. დაიშალა რუსეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიები. რეალობად იქცა ფროიდის მიერ შექმნილი და აღწერილი სამეცნიერო ფანტაზია „დიდი მამის“ მოკვლისა და ძალაუფლების გადანაწილების შესახებ: მონარქიები რესპუბლიკურმა მმართველობებმა შეცვალა. „მამა-მეფე“, რომელიც მიწაზე მამა-ღმერთის წარმომადგენლად მიიჩნეოდა, რევოლუციებმა ქვეყნიდან გააძევეს, რუსეთში კი, როგორც ადრე ინგლისსა და საფრანგეთში, სიკვდილით დასაჯეს.

იმ სიმბოლურ ენაზე, რომლითაც ძალაუფლება, ტრადიციულად, საკუთარ თავს გამოხატავდა, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციებით განხორციელდა მამის მკვლელობის აქტი. შვილები დაეუფლნენ „დედა-სამშობლოს“. ამით დასრულდა ღმერთის, როგორც ტრანსცენდენტული მამის, მიწიერი რეპრეზენტაცია: ამიერიდან ვერც ერთი მიწიერი სუვერენი ვეღარ იქნებოდა მისი წარმომადგენელი. რესპუბლიკურ მმართველობაში ხელისუფლება იმანენტურია და ხალხით არის წარმოდგენილი.

ერთი თეორიის თანახმად, ჯერ კიდევ განმანათლებლობით დაწყებული ძალაუფლების დესაკრალიზაციის პროცესმა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში რევოლუციებით დაგვირგვინდა, მართალია, გაფანტა მონარქის ფიგურაზე კონცენტრირებული „საკრალური ენერგიები“, მაგრამ ისინი არ გაუქრია. სწორედ ეს საკრალური ენერგიები დაბრუნდა სეკულარულ სამყაროში ბელადებისა და დიქტატორების სახით. ყველაზე მეტად წარმატებული რევოლუციების ქვეყნებში - საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში (ვაიმარის რესპუბლიკა) - რევოლუციური თავისუფლება ტოტალიტარულ რეჟიმებად შემოტრიალდა, თავისი ცოცხალი თუ მკვდარი ბელადებით.

„დიდი მამის“ ფროიდისეულ მითში მოკლული მამა განაგრძობს არსებობას კოლექტიური დანაშაულის განცდაში, რომელიც მის მკვლელ შვილებს მორალურ მცნებებსა და სამართლებრივ ნორმებს აქმნევინებს. ჩადენილი დანაშაულის განცდა, რომელიც, ფროიდის თანახმად, რელიგიურ ცნობიერებად და გამოსყიდვის ფანტაზიებად სუბლიმირდება, ადამიანთა კოლექტიური ერთობისა და სოციალური ორგანიზაციის საფუძველია. როგორც საკრალური ენერგიები გაცოცხლდა სეკულარულ პიროვნების კულტებში, ისე გადაიქცა „მოკლული მამა“ მამის აჩრდილად, რომელიც შექსპირის „ჰამლეტის“ მამის აჩრდილივით დაუბრუნდა შვილებს და მისი მკვლელობისთვის შურისძიება მოითხოვა. მკვდარი მამის აჩრდილის გამოჩენით, რევოლუცია გაუკუღმართებას, პერვერსიას განიცდის, ის „მამის ვერსიად“ გარდაისახება.

ჟაკ ლაკანმა სიტყვა „პერვერსია“ ფრანგულ ენაში ფონეტიკურად იდენტურ père-version-თან - „მამის ვერსიასთან“ - გააიგივა და ამგვარად სცადა სექსუალურ პერვერსიათა შინაარსის ინტერპრეტაცია. უკვე ფროიდთან პერვერსია, რომელიც ნორმატიული, გამრავლებაზე ორიენტირებული სექსუალობისგან გადახვევას ნიშნავს, პირდაპირი ამბოხია მამის, როგორც ძალადობრივი და რეპრესიული ინსტანციის მიმართ, მისი აკრძალვებისადმი დაუმორჩილებლობაა. ადამიანი იმიტომ ხდება პერვერსიული, რომ მას ნებისმიერ ფასად სურს მიიღოს სიამოვნება, რომლის აკრძალვაც სურვილს კიდევ უფრო უძლიერებს და ამ ჭიდილში მას უკომპრომისოს ხდის.

ლაკანმა ფროიდის ეს მოსაზრება დაუკავშირა არა იმდენად აკრძალულს, არამედ თავად აკრძალვას: პერვერსს სურს მამის კანონის ამოქმედება, ანუ თავის პარტნიორთან ისეთი ურთიერთობის აგება, რომელიც შესაძლებელს გახდის დანაშაულის ჩადენას და ამ დანაშაულისთვის დასჯას. ამდენად, მისი სიამოვნების ფორმა მამისგან მომდინარე აკრძალვების დარღვევისა და შესაბამისი სასჯელების ინსცენირებაა. ანუ პერვერსია პერმანენტულად „მამის სახელით“ აკრძალვების დარღვევა და მამის ავტორიტეტთან მუდმივი ჭიდილია, რაც მას ერთგვარი პერმანენტული რევოლუციის მდგომარეობაში აყენებს. კანონმორჩილებასა და ძალაუფლებას პერვერსი ამჯობინებს ასრულებას სურვილებისა, რომლებიც ეროტიკული შინაარსისაა. რა მომენტშიც მამის კანონი ძალაში შედის და ადამიანი მამის დაწესებულ ნორმებსე მორჩილება, სურვილი მას წინააღმდეგობას ვეღარ უწევს და სუბიექტი მამის მორჩილებაში გადაჰყავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ, როგორც ლაკანი თავის ცნობილ ნარკვევში - „კანტი სადთან“ - წერს, „კანონი და განდევნილი სურვილი ერთი და იგივეა.“ ამ პრიზმიდან თუ შევხედავთ, რევოლუცია არის სიამოვნებაზე უფლება, რომლის მოსაპოვებლადაც მამის გადალახვაა საჭირო.

რევოლუცია, რომელიც მამის, როგორც ძალაუფლებისა და კანონის სიმბოლოს წინააღმდეგ ამბოხით იწყება და მისი დამხობით გვირგვინდება, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ის განხორციელებულად ჩაითვალოს. რა მომენტშიც მამის აჩრდილი გამოჩნდება და დანაშაულის განცდამორეულ შვილებს საკუთარ ნება-სურვილს უკარნახებს, რევოლუცია კონტრრევოლუციად შემოტრიალდება. 1933 წელს, უკვე საბჭოთა კავშირიდან განდევნილ ლევ ტროცკის ფსიქოანალიტიკოსი და „სექსუალური რევოლუციის“ მთავარი თეორეტიკოსი ვილჰელმ რაიხი ერთ პირად წერილში წერდა, რომ საბჭოთა კავშირში სტალინის დიქტატურის დამყარების მიზეზი ჯერ კიდევ 20-იან წლებში იქ შეწყვეტილი სექსუალური რევოლუცია იყო. შეუძლებელია თავისუფლება იქ, სადაც ადამიანის სხეული, მისი სექსუალობა თავისუფალი არ არის.

თუ რევოლუციის ამ პარადიგმას ინდივიდზე გადავიტანთ, ადამიანის სუბიექტივაცია პერვერსიული ვნებისა და მამის აჩრდილს შორის ბრძოლის ფონზე მიმდინარეობს. სხეულის სურვილებზე ორიენტირებული პერვერსიული ვნება მას ექაჩება სუბვერსიისკენ, ანუ აკრძალვების ტირანიისა და სოციალური იერარქიების წესრიგის დამხობისკენ. ამის საპირისპიროდ, ფაშისტად სუბიექტივაცია ადამიანის შინაგანი კონტრრევოლუციით იწყება, როდესაც ის წყვეტს მამის ხატებასთან დაპირისპირებას და უკან იხევს, სიამოვნებაზე თავის უფლებას ძალაუფლებაზე ცვლის. ძალაუფლებით მოხიბვლა რევოლუციის მარცხის პირველი ნიშანია, რომელმაც მეხსიერებიდან უნდა ამოშალოს ვერგანხორციელებული ამბოხი. რევოლუციაში დამარცხებული საკუთარი მპყრობელის თაყვანისმცემლად იქცევა.

P.S.: „როგორ ავიცილოთ თავიდან ფაშისტად ყოფნა?“ - ეს კითხვა მიშელ ფუკომ დასვა და პასუხი ერთ წინადადებაში შეაჯამა: „ნუ შეიყვარებ ძალაუფლებას!“ ფაშისტური ლტოლვა სასიცოცხლო ენერგიების, ეროსის განადგურებისკენ, ძალაუფლების სიყვარულით კომპენსირდება. ფაშისტური სუბიექტის მხრიდან საკუთარი სათავეებისა და ფესვების ძიება, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების მითოსური საწყისებისკენ დაბრუნების ინსტინქტია სასიცოცხლო იმპულსებზე უარის ხარჯზე. ესაა ფაშიზმის უნივერსალურობა, რომელიც მას ისტორიულ-პოლიტიკური ჩარჩოებისგან ათავისუფლებს და არადროითს ხდის.

შემდგარი რევოლუცია საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულში ხდება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ადამიანი მამის აჩრდილის დაქვემდებარებაში გადადის, მის განკარგულებებს ასრულებს, მისგან ნაკარნახები ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც მუდმივად ფაშისტოიდური სტრუქტურებისა და ფორმების კვლავწარმოებაშია. მამის აჩრდილი - ესაა ფაშისტური ერთობის განმსაზღვრელი ძალა, რომელიც შვილს აცლის საკუთარ ნებას და მას თავისი ნება-სურვილებით უნაცვლებს, ძალა, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობით მიღებულ იდენტობაში ამწყვდევს, ხოლო სასიყვარულო იმპულსებით დამუხტულ მის სხეულს ნორმალურობის ერთფეროვან უნიფორმას აცვამს და საკუთრივობას ართმევს.

ფროიდის თქმით, გმირი ის არის, ვინც გაბედულად აღდგა საკუთარი მამის წინააღმდეგ და დაამარცხა ის. ეს არის შემდგარი რევოლუცია, რომელიც საკუთარ თავში მამის აჩრდილზე გამარჯვებას და საკუთარ საწყისად ქცევას ნიშნავს. თუ ბოლომდე ვერ დაძლიე ის, ვისაც უჯანყდები, ეს უკანასკნელი გაათმაგებული ძალითა და სისასტიკით მოგიბრუნდება. რევოლუცია, რომელიც საკუთარ თავთან, საკუთარ საძინებელ ოთახში არ იწყება, კონტრრევოლუციური და თავისუფლების გამანადგურებელია.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG