Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკის სისასტიკე


ხშირად მიფიქრია, რატომ მოიპოვა სხვადასხვა სოციალურ ქსელებს შორის ფეისბუკმა ასეთი პოპულარობა საქართველოში? ევროპაში (მაგალითად, გერმანიაში) ფეისბუკი ყოფის „დამატებითი ღირებულებაა“, ხოლო საქართელოში, ჩემი დაკვირვებით, უკვე აშკარად გამოიკვეთა ფეისბუკზე დამოკიდებულთა მასშტაბური ჯგუფი, რომლის წევრებისთვისაც ფეისბუკით კომუნიკაცია ყოველდღიური ცხოვრების წესის არსებით შემადგენელ ნაწილად იქცა და უმისოდ ცხოვრება, უბრალოდ, უინტერესო გახდა.

ეს საკითხი სერიოზულია და იმსახურებს კვლევას. ფეისბუკს უთუოდ აქვს ის უნიკალური უპირატესობები, რამაც იგი, დღესდღეობით, ერთ-ერთ ყველაზე უფრო ეფექტიან მედიატორად აქცია.

თუმცა, ამ წერილში მსურს საკითხი „დავავიწროვო“ და ვუპასუხო შეკითხვას: როგორ შეიძლება აიხსნას ადამიანთა შეურაცხყოფის ის დაუოკებელი ვნება, რომლითაც გაჟღენთილია ფეისბუკი? მე, პირადად, არ მეგულება სხვა ასპარეზი, სადაც ხალხი ასე თანმიმდევრულად, უშეღავათოდ, გამწარებით და დაუმსახურებლად ლანძღავს ერთმანეთს. ფაქტია: ფეისბუკი გადაიქცა ადამიანთა შორის სიტყვიერი ანგარიშსწორებისა და სიძულვილის სასტიკ ველად, რომელსაც არაფერი აკავებს. ეს ველი, არსებითად, ფსიქოლოგიური ძალადობის სივრცეა, რომლის ნეგატიური ეფექტი ჯერჯერობით არავის გაუზომავს, თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანთა დათრგუნვასა და დასტრესვაში ფეისბუკის წილი მნიშვნელოვანია. და მაინც: რატომ ხდება ასე? რატომ ხდება ადამიანი ასე დაუნდობელი ფეისბუკის წიაღში?

ჩემი აზრით, ფეისბუკს შემდეგი თავისებურებები ახასიათებს:

1. ფეისბუკი მედიის ისეთი საშუალებაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საკუთარი აზრების, განწყობების, დამოკიდებულებებისა და ემოციების საჯარო სივრცეში გამოხატვის საშუალებას, საჯარო ფიგურად ან „ცნობად სახედ“ ყოფნის გარეშე. ჩვეულებრივ, არ არის იოლად ხელმისაწვდომი სატელევიზიო სივრცე (მაგალითად, ტოკშოუში მონაწილეობა). ამას იმდენად უნდა იმსახურებდე, რომ ტელეარხის მენეჯმენტს (ან გადაცემის პროდიუსერს) შენი დაპატიჟება მოუნდეს. ტელეგადაცემებში მიწვეულთა წრე, ზოგადად, არ არის ფართო, ხოლო საქართველოში განსაკუთრებით დავიწროებულიც კია – ერთი და იგივე ხალხი მონაცვლეობს გადაცემიდან გადაცემაში. კიდევ უფრო რთულია ბეჭდური მედიის ავტორად ყოფნა – ინტერვიუებს „რჩეულებისგან“ იღებენ, ხოლო სტატიის დაწერის მოტივაცია და უნარ-ჩვევები კიდევ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს. საჯარო ასპარეზზე გამოჩენის ამ წყურვილს სულზე მიუსწრო ფეისბუკმა – საჯარო სივრცეში მოსახვედრად ადამიანს არ სჭირდება „ელიტის“ წევრობა, მან აუდიტორია შინიდან გარეთ გაუსვლელადაც შეიძლება მოიპოვოს. და, რაც მნიშვნელოვანია, ეს აუდიტორია იმაზე მრავალრიცხოვანიც შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე რომელიმე საგაზეთო სტატიისა თუ ინტერვიუს შემთხვევაში. შესაბამისად, ფეისბუკმა დააკმაყოფილა „სოციალურ მე“-დ შედგომის მოთხოვნილება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ადამიანთა უმრავლესობაში არსებობს.

2. ფბ-მა ადამიანი უფრო თამამი გახადა იმით, რომ მას სპეციფიკურ ერთობაში გაწევრიანების საშუალება მისცა. ამ ერთობას ფეისბუკის „მეგობართა“ წრე შეადგენს, ხოლო თემის ყველაზე მტკიცედ შემკვრელი ინსტრუმენტი „ლაიკებია“, რომლებიც ახდენს ადამიანის პიროვნული გამოხატვის აღიარება-დადასტურებას. შესაბამისად, ფბ-ზე ადამიანს დიდი შანსი აქვს, არ დარჩეს მარტო, იპოვოს თავისიანი და „ლაიკების“ მეშვეობით გამოსცადოს „ძალა ერთობაშია“-ს ხიბლი.

ამრიგად, ფეისბუკით გამოხატული სიძულვილი კორპორაციულია, და არა ინდივიდუალური. კორპორაციის (იმავე ფეისბუკის „მეგობართა“ წრის) შექმნის კრიტერიუმები სხვადასხვაა: პოლიტიკური სიმპათიები, საერთო ღირებულებები, ინსტიტუციური (მაგალითად, სამსახურებრივი) გავლენები, ნათესაური მიკუთვნებულობა და სხვა. ამ კრიტერიუმებმა შეიძლება გადაფაროს ერთმანეთი (მაგალითად, პოლიტიკურმა სიმპათიამ გადაკვეთოს ღირებულებითი ორიენტაცია), თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე სტაბილური კორპორაციები სწორედ პოლიტიკური სიმპათიების ნიადაგზე იქმნება: „ნაცი“, „ქოცი“ და „შუაშისტი“, დღესდღეობით, ისეთ იდიომებად მოგვევლინა, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტიკური დისკურსის, არამედ მთელი სოციალური ყოფის უნივერსალურ მარკერებად გადაიქცა. საინტერესო ისაა, რომ ამ კორპორაციების საზღვრები საკმარისად მყარია და ერთმანეთში შეჭრას, როგორც წესი, ვერ იტანს: „ნაცები“, „ქოცები“ და „შუაშისტები“ ერთმანეთს (ჯგუფის შიგნით) „ულაიკებენ“ სტატუსებს და თუ აღმოჩნდა ვინმე ურჩი, რომელიც კორპორაციულ იდენტობას უღალატებს და სხვა ერთობის წევრს რაღაცას მოუწონებს, მას ამისათვის ახსნა-განმარტებების გაკეთება უწევს; მეტიც: ზოგჯერ, შესაძლოა, კორპორაციის წევრებისგან გარიყვა, ანუ „დაბლოკვაც“ დაიმსახუროს (ყველაზე ნაკლებად ხისტები, ამ თვალსაზრისით, „შუაშისტები“ არიან, თუმცა, ცხადია, მათაც აქვთ ე.წ. „აკრძალული ზონები“).

3. ფეისბუკზე გამოჩენილ სითამამეს კიდევ ერთი საფუძველი აქვს: ადამიანი სრულიად თავისუფალია გამოხატვაში და მას არ ევალება არანაირი მედიასტანდარტის დაცვა. გაზეთი არ დაბეჭდავს უკიდეგანო უწმაწურობას (უშვერი სიტყვებით ლანძღვას), ამის უფლებას არც ტელევიზია იძლევა, ბოლოს და ბოლოს, ბეჭდურ ან ტელემედიაში მიყენებული შეურაცხყოფისთვის შეიძლება სასამართლოშიც გიჩივლონ და ა.შ. ფეისბუკი ამ შეზღუდვებისგან თავისუფალია: თქვი და დაწერე, რაც გინდა, ამისთვის ვერავინ გიჩივლებს ვერც სასამართლოში, და ვერც მედიაეთიკის რომელიმე კომიტეტში; ამ გზაზე არ არსებობს არავითარი ბარიერი, სინდისის გარდა.

სწორედ ამ ბოლო სპეციფიკიდან გამომდინარე, ფეისბუკი არ არის კლასიკური საჯარო სივრცე, რადგან ადამიანს არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს; თუმცა, ის არც პირადი სივრცეა, რადგან ათასობით ადამიანის მობილიზება შეუძლია. ამდენად, ფეისბუკი კვაზისაჯარო სივრცეა, უფრო სწორად, საჯარო და პირადი სივრცის ერთგვარი ნაზავი.

ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილ თავისებურებებში იმალება ფეისბუკით გაცხადებული დაუნდობლობისა და აღვირახსნილობის საიდუმლო: ადამიანს აქვს მოთხოვნილება, ვინმეს მიმართ საკუთარი ანტიპათია თუ ზიზღი გულში კი არ ჩაიხვიოს ან მხოლოდ „სამზარეულოებში“ და განდობილთა ვიწრო წრეში გადმოაფრქვიოს, არამედ მეტ-ნაკლებად ფართო საზოგადოებასაც აუწყოს; მის პროვოცირებას „ლაიკებით“ გამოხატული მხარდაჭერა ახდენს და ამ მხარდაჭერით შთაგონებული, ის კიდევ მეტად ამძაფრებს სიძულვილის ენას. თანაც იცის, რომ ასეთი თავაშვებულობისთვის მას სამართლებრივად (სასამართლოსა თუ რაიმე სხვა ოფიციალური გზით) პასუხი არ მოეთხოვება.

რასაკვირველია, აქ მაინც არსებობს რამდენიმე საფრთხე, რაც ფეისბუკს არცთუ „უწყინარ“ და „ჩუმი“ (განუზრახველი) ძალაუფლების მატარებელ სივრცედ აქცევს:

ა) ფეისბუკზე ადამიანის პიროვნება, როცა ის ამ ქსელის მეტ-ნაკლებად აქტიური მომხმარებელია, ისე მოჩანს, როგორც ხელისგულზე. სოციალური ქსელის მეშვეობით მოკლე ხანში ადამიანი შეიძლება იმაზე გაცილებით უკეთ გაიცნო, ვიდრე მრავალი წლის „ფიზიკური“ ურთიერთობის მანძილზე. თუმცა, სწორედ ასეთი „გაშიშვლებისთვის“ ადამიანმა შეიძლება სერიოზულად ზღოს: ის შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ (მაგალითად, ქსენოფობიური აზრების გამოთქმისთვის, ან ავტორიტარულ საზოგადოებაში ხელისუფლების არმოსაწონი სტატუსის „დალაიკებისთვის“); მავანმა, შესაძლოა, ისეთი სტიგმა აიკიდოს, რომელიც მის რეპუტაციას საშვილიშვილოდ დააზარალებს (გავიხსენოთ ოპერის მომღერლის, თამარ ივერის შემთხვევა, როცა მან ჰომოფობიური აზრები გაავრცელა ფეისბუკით) და ა.შ. თუმცა, მეორე მხრივ, ადამიანს მაინც რჩება ლეგიტიმური უფლება, საკუთარი „მე“ ორად გაყოს: ფეისბუკის „მედ“ და საჯარო „მედ“ (ასეთი დაყოფა განსაკუთრებით უყვართ ტელეჟურნალისტებს, რომლებიც დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ფეისბუკზე მათი საქციელი მათსავე ეთერზე არ აისახება).

ბ) ფეისბუკის საშუალებით შეურაცხყოფილმა ადამიანმა შეიძლება მაგინებლის პირად (ფიზიკურ) ანგარიშსწორებაზე იფიქროს. თუმცა, ამ საფრთხეს სხვადასხვა ფაქტორი ანეიტრალებს: ა) როდესაც შეურაცხყოფა დისტანციაზე ხდება, ანგარიშსწორების რეალიზაციის ჟინი და შესაძლებლობები იკლებს; ბ) შეურაცხმყოფლისა და ანგარიშმსწორებლის პასუხისმგებლობები შეუდარებლად არათანაზომიერია: ფეისბუკით ლანძღვაზე ფორმალური პასუხისმგებლობა ნულოვანია, ხოლო შეურაცხმყოფლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მავანს შეიძლება პატიმრობადაც კი დაუჯდეს; გ) შეურაცხყოფილს შეუძლია „ხურდა“ ფეისბუკითვე დაუბრუნოს მაგინებელს და სიტუაცია ასე „დააბალანსოს“.

ფეისბუკზე განსაკუთრებული სიძულვილი მაინც პოლიტიკურ ნიადაგზე გაჩენილ რადიკალურ კორპორაციებს („ნაცებსა“ და „ქოცებს“) შორის ტრიალებს. ყველაზე მარტივი და საღი აზრიც კი მოწინააღმდეგის ბანაკში მყისვე გარდაიქმნება სატანურ აზრად, ხოლო მისი ავტორი გამოცხადდება სატანის მოციქულად, რომლისკენაც ნიაღვარივით მიედინება აგრესია და სიძულვილი. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ, რაც უფრო საღია აზრი, მით უფრო იმატებს აგრესია და გამანადგურებელი იარლიყები. ამ ნაკადში კორპორაციის ერთგული წევრები წვეთი წყალივით ემსგავსებიან ერთმანეთს: აქ მნიშვნელობას კარგავს ვინმეს განსხვავებული განათლება, სოციალური კაპიტალი, თანამდებობა, „ოჯახიშვილობა“ და სხვა ფონური მახასიათებლები. ასე გადაიქცევიან კორპორაციები ეგზალტირებულ მასებად, რომელთაც თავიანთი აღიარებული ბელადები ჰყავთ...

საბოლოო ჯამში, ფეისბუკით გამჟღავნებული სისასტიკე ჩემთვის ამ საზოგადოების ერთ-ერთი დიაგნოზია – ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ ბუნებრივი ინსტინქტური მდგომარეობისგან დისტანცირებას, როცა „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, ვერ ვახერხებთ, კომუნიკაციაში აქცენტი დავსვათ იმაზე, თუ რა ითქმება და არა მხოლოდ იმაზე, თუ ვინ ამბობს, ვერ ვეგუებით ჩვენგან (ჩვენი თემისაგან) განსხვავებულს, გვძულს მრავალფეროვნება და გვიყვარს ხაფანგების დაგება არაჩვენიანთა პარალიზებისთვის...

რასაკვირველია, ფეისბუკს ჰყავს არაკორპორაციული და არაეგზალტირებული „მარტოხელა მონადირეები“, ერთგვარი დისიდენტები, რომლებსაც, მართალია, ასევე ჰყავთ „ფრენდების“ თავიანთი წრე, მაგრამ ეს „მეგობრობა“ მათ არაფერს ავალდებულებს, ან, მით უფრო, აიძულებს. შესაძლოა, ზოგჯერ ისინიც ბილწსიტყვაობდნენ, მაგრამ ეს კიჩური ესთეტიკის ნაწილი უფროა, ვიდრე მიზანმიმართული სისასტიკისა.

მათზეც დავწერ, ალბათ, ოდესმე...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG