Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი გვამი და დიდი პრემია


ყოველგვარი მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების მიზნით, სოციალურ ქსელში ანონიმურად გავრცელებული ვიდეო (რომელზეც „მუხროვნის ამბოხის“ დროს ინციდენტის ადგილზე მისული შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ამჟამად კი განსასჯელი ივანე მერაბიშვილი „დიდი პრემიის“ სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან „ორ გვამს“ ითხოვს) დაუყოვნებლივ საჭიროებს კვალიფიციურ ექსპერტიზას.

გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი, გვარდიის დეპარტამენტის მაშინდელი სარდალი შმაგი თელია და ის სხვა ოფიცრები, რომლებიც, როგორც ამ კადრებზე ჩანს, მუხროვნის ამბოხის ჩაფუშვის მომენტისათვის ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ და კარგად უნდა ახსოვდეთ, რა ბრძანება გასცა მერაბიშვილმა.

უდავოა, რომ სამხედრო ნაწილში ამბოხის ორგანიზება თუ წაქეზება ყველა ქვეყანაში მკაცრად ისჯება. შესაბამისად, მუხროვნის ამბოხის დროსაც, ყველა მოქმედსა თუ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ამ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, პასუხი უნდა ეგოთ კანონის წინაშე. მაგრამ ეჭვმიტანილთა ლიკვიდაცია მხოლოდ ყველაზე სასტიკ დიქტატორულ სახელმწიფოში შეიძლებოდა მომხდარიყო და არა საქართველოში, რომელსაც აქვს პრეტენზია, სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოდ იწოდებოდეს.

თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ვიდეოზე მერაბიშვილის ხმა - „ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი! პრემია დიდი!“ - მონტაჟი და წინა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ბოროტი ხუმრობაა, ეს მნიშვნელოვნად განმუხტავს იმ შოკურ ვითარებას, რომელშიც აშკარად იმყოფება საქართველოს ბევრი მოქალაქე; თავზარდაცემულია, პირველ ყოვლისა, ალბათ, პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის ოჯახი, რომელმაც, ამ კადრების ნახვის შემდეგ, ფაქტობრივად, საყვარელი ადამიანის სასიკვდილო განაჩენი მოისმინა იმ მოხელისგან, ვისთვისაც სასამართლოსა და გამოძიების გარეშე კაცის ლიკვიდაციის უფლება არავის მიუცია.

მაგრამ თუ ამ ვიდეოკადრების ავთენტურობა დადასტურდა, მაშინ პროკურატურამ გადაჭრით უნდა იმოქმედოს და წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ კიდევ ერთი ხმაურიანი გამოძიება უნდა დაიწყოს. მით უფრო, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის დროზე ჰქონდა ეჭვი, რომ მუხროვნის ამბოხის გამჟღავნების დროს საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი დანაშაულის ორგანიზატორებს. თუ მერაბიშვილის ოპერატიულ ლექსიკონში სიტყვა „გვამი“ არ ნიშნავდა რაიმე პაროლს, მაშინ დიდი ალბათობით „ორ გვამად“ უნდა ქცეულიყვნენ 2009 წლის ამბოხის ორგანიზატორები - გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე.

მათგან ერთი - გია კრიალაშვილი - მართლაც დაიღუპა ამბოხიდან ორი კვირის თავზე, გლდანის გზაზე მოწყობილი სპეცოპერაციის დროს, ხოლო მძიმედ დაჭრილი კობა ოთანაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს (მოგვიანებით სასამართლომ მას 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა).

მართალია, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მუხროვნის ამბოხისათვის მსჯავრდებულ პირებს პოლიტპატიმრების სტატუსი მიანიჭა და 2013 წლის იანვარში საპყრობილიდან გაათავისუფლა, მაგრამ ჯერჯერობით არავის უცდია, ეპასუხა შემდეგ შეკითხვებზე: თუ ოთანაძე, კრიალაშავილი, ამირიძე და სხვები დამნაშავეები არ იყვნენ, მაშ რა მოხდა ხუთი წლის წინ მუხროვნის სამხედრო ბაზაზე? ვინ მიიღო ეჭვმიტანილი პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება?

რა დასამალია, რომ საქართველოში ბევრს უტოვებს უსამართლობის განცდას გახმაურებული საქმეების გარშემო დარჩენილი ასეთი პასუხგაუცემელი კითხვები. ხოლო სადაც სამართლიანობა არ არის, იქ, როგორც ცნობილია, არც მშვიდობაა; იქ (ამ შემთხვევაში საქართველოში), რომელიღაც ყოფილი მოხელისა თუ ოპერატორის არქივში, ყოველთვის მოიძებნება თავზარდამცემი ნივთმტკიცება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის იმ ცხრაწლიანი პერიოდიდან, რომლის დროსაც, კარგთან ერთად, სამწუხაროდ, ცუდიც ბევრი მოხდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG