Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირთან და დამწვარი „ბავშვთა სამყარო“


ევროკავშირის დროშა თავისუფლების მოედანზე
ევროკავშირის დროშა თავისუფლების მოედანზე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვისა და ნდობის აღდგენის პროცესში ევროსაბჭოს აქტიური ჩართულობა იყო განხილვის თემები ორშაბათს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას. ტორბიორნ იაგლანდი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საუბრისას ტორბიორნ იაგლანდმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი მონიტორინგის განთავსების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ადგილზე და ასე გავავრცელოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად წინ წამოვწიოთ ეს საკითხები ჩვენს კონსოლიდირებულ ანგარიშებში, რომელსაც წელიწადში ორჯერ ვწერთ. მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუკი შევძლებთ, რომ ამ ტერიტორიებზე განვათავსოთ პერმანენტული მონიტორინგის მისია, რათა გვქონდეს უფრო მეტად ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება იქ“.

სებასტიან კურცი ერგნეთში
სებასტიან კურცი ერგნეთში

გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა ასევე და შემდეგ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა. მან საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და მხარეთა წარმომადგენლებს ეუთოს პრიორიტეტები გააცნო. თქვა, რომ ის ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს, იმუშავებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. გარდა ამისა, სებასტიან კურცის განცხადებით, ომით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის პროექტების დაფინანსება გაგრძელდება.

გასული კვირის ორშაბათს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად დაიწვა. ღამის სამ საათზე გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები რვა საათის განმავლობაში აქრობდნენ. დაიწვა იქვე მდებარე საბითუმო ბაზრობის ნაწილიც. ათეულობით ადამიანის ზარალს ამ დრომდე ითვლიან. პროცესში ჩართულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგიც“. სწორედ ამ კომპანიაში იყო დაზღვეული სავაჭრო ცენტრის შენობა. მომხდარის გამო საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დაზარალებულები ჩიოდნენ:

ბავშვთა სამყარო ხანძრის შემდეგ
ბავშვთა სამყარო ხანძრის შემდეგ

„ვალები გვაქვს ყველას ბანკების. დაგვეხმაროს ხელისუფლება. არ ვიცი როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ“...

„ძალიან დიდი ზარალი გვაქვს, ძალიან... ეს უკვე მეორე ხანძარია ამ ბოლო ხნის განმავლობაში“.

„მილიონებზე იქნება, ალბათ, ლაპარაკი. მარტო მე, ჩემს ოჯახს ჰქონდა 60-70 000 ლარის საქონელი, რაც სულ განადგურდა“...

„მე სამი ათასი ლარის საქონელი დამეწვა. სხვასთან შედარებით იქნებ ცოტაა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო. დღეში 10 ლარი მრჩებოდა და ამით ვცხოვრობდი... არც დაზღვეული მაქვს რამე და არაფერი. რა გვეშველება?“

31 იანვარს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დახმარების გზებზე იმსჯელეს თბილისის მერიაში გამართულ საკოორდინაციო თათბირზე, რომლის მსვლელობისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა:

„რამდენიმე ბაზრობიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დაზარალებულებს შესთავაზებდნენ ალტერნატიულ ფართებს და 3-დან 6 თვემდე შეღავათიან რეჟიმში, ფაქტობრივად, ქირის გარეშე იმუშაონ“.

თუმცა მოვაჭრეთა უმრავლესობას ეს შეთავაზება არ აკმაყოფილებს. მოვაჭრეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია 4 თებერვალსაც გამართა, ისინი მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ხელისუფლებისგან გზების გამონახვას მოითხოვდნენ.

31 იანვარს „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, („თავისუფლება მსოფლიოში – 2017“) საქართველო 64 ქულით უწინდელ პოზიციებს ინარჩუნებს და კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გვხვდება. „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში195 ქვეყნისა და 15 ტერიტორიის მაგალითზე ასახავს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების რეალიზების მხრივ არსებულ სურათს მსოფლიოში. ტერიტორიების კატეგორიაში ვხვდებით აფხაზეთს, როგორც „ნაწილობრივ თავისუფალს“, და სამხრეთ ოსეთს, როგორც „არათავისუფალს“.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქე ვიცე-პოლკოვნიკი გია (გიორგი) ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამ ნაბიჯის გადადგმა მან ძირითადად რუსეთის მხრიდან დევნის გამო გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის და მისი ოჯახი თავს დაცულად ვერც საქარველოში იგრძნობენ. 47 წლის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც რუსეთის საერთაშორისო მოთხოვნის საფუძველზე უკრაინაში დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, უნდობლობას უცხადებს „ერთეულ სახელმწიფო სტრუქტურებს“ და ლაპარაკობს წნეხზე თავისი ოჯახის მიმართ. ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელსაც 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპატიმროდან 26 იანვარს, ღამის 11 საათისთვის, უკრაინის გენერალური პროკურობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. გია ცერცვაძე, მოხალისის რანგში, აქტიურად მონაწილეობდა ასევე უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ქართველი სამხედრო რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2003 წლიდან მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იძებნებოდა, ხოლო ინტერპოლის არხებით მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა და 15 იანვარს კიევში მისი დაკავებაც სწორედ ამ საფუძვლით მოხდა მას შემდეგ, რაც მან თავისუფლად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.

გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის, ცხადია, მოექცა შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 553 ხმით (66-ის წინააღმდეგ) 2 თებერვალს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის. ხუთშაბათს, პლენარულ სესიაზე, დებატების ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა, რომ 2 თებერვალი ისტორიული დღეა საქართველოს მოქალაქეებისთვის და რომ ვიზების გაუქმება კიდევ უფრო დააახლოებს ერთმანეთთან ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს. ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსიც. მანაც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას უკვე დიდი ხანია ელოდებიან და რომ სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების შემდეგ - 2012 წლის ივნისის შემდეგ - საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა კონკრეტული მოთხოვნების პირნათლად შესრულების გზაზე.

ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი

„სავიზო ლიბერალიზაცია შეიტანს არსებით წვლილს კულტურული და ეკონომიკური კავშირების გამყარებაში საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის, რადგანაც სავიზო ლიბერალიზაცია ხელშესახები მექანიზმია, რომელიც უშუალოდ ხალხს უკავშირდება. როცა მე პირველად ვესტუმრე თბილისს ევროკომისრის რანგში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავი დროშის ნახვამ ქალაქში. იქ ვნახე ევროკავშირის ბევრად მეტი დროშა, ვიდრე ბრიუსელში მინახავს. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, ევროკავშირს ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ. და როცა ჩვენ აქ ვისმენთ ანტიევროპულ რიტორიკას, საქართველოს მოქალაქეები შეგვახსენებენ, რომ ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უნიკალური მიღწევაა“.

2 თებერვალს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციის კენჭისყრის პროცესს ესწრებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ხელმძღვანელობით.

თბილისში, მთავრობის სხდომაზე, ევროპარალამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი სიტყვებით, იმისათვის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სარგებელი სრულად იქნეს გამოყენებული, საქართველოს მოქალაქეებსაც შესაბამისი ქცევა მოეთხოვებათ:

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ისინი გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება“.

ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მოსყიდვის მორიგ მცდელობად“ შეაფასა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ სიახლით სარგებლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ და არა აფხაზეთის რესპუბლიკის მკვიდრთ. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამაც.

გასულ კვირაში რუსთავში აქციებს მართავდნენ „რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები. სამსახურში მისულ 350-მდე თანამშრომელს საშვები გაუქმებული დახვდათ. ისინი დღემდე უშედეგოდ მართავენ აქციებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ჯერჯერობით უნაყოფოა ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება, რომელშიც პროფკავშირიც მონაწილეობს.

პარასკევს სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ცვლილებების კანონპროექტის მოტივირებულ შენიშვნებზე საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებისა და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართა. შეხვედრას არ დასწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტთან კონსულტაციები სასარგებლო იქნებოდა ვეტოს დადებამდე და არა მის შემდეგ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი სასამართლო რეფორმის ეგრეთ წოდებულ „მესამე ტალღას“ კანონად აქცევს პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG