Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ ბათუმელზე, რომელიც 30 მილიონამდე ადამიანის დახოცვას გეგმავდა


ის, რომ საქართველოს მიწამ გამოზარდა ჯალათების მთელი პლეადა, რომლებიც ბოლშევიკური სისტემის სამსახურში იდგნენ, კარგად იცის ქართველმა მკითხველმა: ბერიებს, გოგლიძეებსა და ცანავებს მხარში ედგათ ასევე ქართულ მიწაზე დაბადებული ქობულოვები და მერკულოვები. მაგრამ მკითხველისათვის შეიძლება ნაკლებად ცნობილია, რომ ქართულმა მიწამ ნაცისტურ სისტემასაც კი გამოუზარდა ერთი ჯალათი, სახელად ჰერბერტ ბაკე, ე.წ. „შიმშილის გეგმის“ ავტორი, რომელიც საბჭოთა კავშირში 30 მილიონამდე ადამიანის გაწყვეტას ისახავდა მიზნად.

ჰერბერტ ბაკე დაიბადა1896 წელს ბათუმში გერმანელი მამისა და ეთნიკური გერმანელი დედის ოჯახში (დედის მხრიდან შთამომავლები იყვნენ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე XIX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლებული გერმანელი გლეხები). 1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, გერმანული პასპორტის მქონე ჰერბერტს კოჯრიდან გადაასახლებენ ურალში, სადაც ის როგორც მტერი ქვეყნის მოქალაქე ინტერნირებული იქნება. ასე მოხვდება ჰერნერტ ბაკე „კოჯრის სამოთხიდან ურალის ჯოჯოხეთში“, როგორც ამის შესახებ ჰერბერტის და დაწერს მოგვიანებით. 1918 წელს, მუჟიკის ძველმანში გადაცმული ბაკე მოახერხებს ურალიდან გერმანიაში გაქცევას და დაიწყებს გეტინგენის უნივერსიტეტში სწავლას. ბაკე აქვე დაუახლოვდება გერმანელი ულტრანაციონალესიტების დაჯგუფებებს, რომლებიც მას 1925 წელს საბოლოოდ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის რიგებამდე მიიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ 1926 წელს სტუდენტი ბაკე ვერ მოახერხებს გეტინგენის უნივერსიტეტში დიპლომის დაცვას თემაზე „მარცვლოვანი კუტურები სამხრეთ რუსეთში“ (სამხრეთ რუსეთში ავტორი გულისხმობდა უკრაინასა და ყუბანის ტერიტორიას), მისი შემდგომი კარიერა დაკავშირებული იქნება უკრაინული ხორბლის გარშემო არსებულ ნაცისტურ უტოპიებთან. ბაკეს სადიპლომო ნამუშევრის სამი პუნქტი (რომელიც მოგვიანებით აღაფრთოვანებს ჰიტლერს და ნაცისტების სხვა ლიდერებს), ნათელს ფენს, თუ როგორ მივიდა ბაკე ე.წ. „შიმშილის გეგმამდე“. პუნქტი პირველი: უკრაინასა და ყუბანის ტერიტორიაზე მოდის იმ რაოდენობით მარცვლოვანი კულტურა, რომელიც ყოველთვის საკმარისი იყო ევროპის გამოკვებისათვის და რომლის ექსპორტიც ევროპაში ხორციელდებოდა ბოლშევიკების მოსვლამდე. პუნქტი მეორე: ბოლშევიკურმა სისტემამ ქვეყნის ჩრდილოეთში შექმნა დიდი ინდუსტრიული ცენტრები - მოსკოვი, ლენინგრადი და აშ - რამაც ხორბალი უკრაინიდან ევროპის ნაცვლად ჩრდილო რუსეთისკენ გადაამისამართა. პუნქტი მესამე: ევროპამ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ უკრაინული ხორბალი უკან დაიბრუნოს. „1914-1918 წლების ომი იქნა წაგებული არა ფრონტის ხაზზე, არამედ ზურგში, რადგან მოსახლეობას არ ჰქონდა საკმარისი საკვები“ - ეს იქნება წინადადება ბაკეს ნაშრომიდან, რომელიც ჰიტლერს ყველაზე მეტად მოხიბლავს.

1931 წელს ბაკე დაუახლოვდება ვალტერ დარეს (ჰიტლერის მთავარ მრჩეველს აგრარულ საკითხებში) და მისი საშუალებით გაიკეთებს ელვისებურ კარიერას: 1933 წელს ქვეყნის სათავეში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ბაკეს დანიშნავენ კვებისა და სასოფლო მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო მდივნის პოსტზე. გამხდარი და ტანმაღალი, დაღარული სახით, ფოლადის ჩარჩოიანი მრგვალი სათვალით, ბაკე გახლდათ ტიპური მაგალითი მეორე თაობის ნაცისტებისა, რომლებიც იყვნენ უცნაური ნაზავი, ერთის მხრივ, ეფექტიანი ტექნოკრატისა და, მეორე მხრივ, ყველაზე უფრო საშინელი იდეოლოგიით გაჯერებული უტოპიისა. 1941 წლის თებერვალში, „ბარბაროსას“ ოპერაციის შემუშავებისას, შეიქმნება ე.წ. აღმოსავლეთის ეკონომიკური შტაბი, რომელშიც ჰერბერტ ბაკეს კარტ ბლანში მიეცემა კვების საკითხებზე (ნაცისტების მიერ კავკასიის დაპყრობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბაკე დაიკავებდა ამ ტერიტორიის რაიხსკომისრის, ანუ გუბერნატორის, თანამდებობას).

1941 წლის 2 მაისს, „ბარბაროსას“ ოპერაციის დაწყებამდე შვიდიოდე კვირით ადრე, ნაცისტური ხელმძღვანელობის ე.წ. ეკონომიური ბლოკი შეიკრიბა ვერმახტის მთავარსარდლობასთან ერთად, რათა განეხილა საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ზონაში ეკონომიკური მოქმედების გეგმა. ამ კონფერენციაზე ბაკე წარადგენს „შიმშილის გეგმას“. ბაკეს გეგმის მიხედვით, საბჭოთა კავშირში გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის შიმშილი გამოიწვევდა უკრაინული ხორბლის დიდ ეკონომიას, რაც როგორც გერმანიის მოსახლეობას, ასევე მის არმიას, საშუალებას მისცემდა ეკონომიკურად თვითკმარი ყოფილიყო და გრძელვადიანი ომი ეწარმოებინა ანგლო-საქსების წინააღმდეგ. 2 მაისის კონფერენციის შედეგებს ალფრედ როზენბერგი იმ დღესვე მოახსენებს ჰიტლერს და ფიურერისგან მიიღებს „ბარბაროსას“ ოპერაციის დაწყებისთანავე შიმშილის გეგმის ამოქმედების თანხმობას.

„ბარბაროსას“ ოპერაციის დაწყების შემდეგ სამხედრო სიტუაცია არასდროს მისცემს ნაცისტებს იმის ფუფუნებას, რომ საჯარისო ნაწილები გამოეყოთ ქალაქების ალყაში მოსაქცევად. მხოლოდ ლენინგრადის შემთხვევაში (სადაც სამხედრო ოპერატული სიტუაცია თანხვეედრაში იყო ბაკეს გეგმასთან), გახდება შესაძლებელი შიმშილის გეგმის განხორციელება, რაც 800 000-ზე მეტი ლენინგრადელის სიკვდილს გამოიწვევს. სულ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (პირველ რიგში ბელორუსიასა და უკრაინაში), შიმშილის და მისგან გამოწვეული დაავადებისგან დაიხოცება 7 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად ქალები და ბავშვები. ბაკეს გეგმა ასევე იქნება გამოყენებული საბჭოთა სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ - დაახლოებით 3 მილიონი საბჭოთა ტყვე გახდება ბაკეს „შიმშილის გეგმის“ მსხვერპლი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაკეს „შიმშილის გეგმა“ მსოფლიო ისტორიაში წარმოადგენდა მასობრივი გაჟლეტის ოდესმე შექმნილ ყველაზე დიდ პროექტს, როგორც 1941 წლის 2 მაისის კონფერენცია, ისე ბაკეს პიროვნება მარგინალიზებულია დასავლეთის ისტორიოგრაფიაში და შესაბამისად, უცხო ხილად რჩება ფართო მკითხველისათვის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG