Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ მარშალი - ევროპის დავიწყებული მამა


70 წლის წინ, 1948 წლის 3 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ხელს მოაწერს კანონს, რომელიც ჯორჯ მარშალის გეგმას აამოქმედებს. ასე დაიწყება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ძალიან მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის დაარსებით.

და, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ენაზე რომ დაგუგლოთ „ევროკავშირის დამაარსებლები“ (The founding fathers of the European Union), ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ნახავთ გუგლის საპასუხო სიაში ჯორჯ მარშალს. არადა, სავარაუდოდ, სწორედ მან შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის დაარსებაში.

მარშალის გეგმა, ისტორიის ეს მართლაც რომ წარმტაცი, მაგრამ ძალზე სარისკო წამოწყება, დაიწყება 1947 წლის გაზაფხულზე მოსკოვში, სადაც სრული ფიასკოთი დასრულება სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა. როგორც ჟურნალ „ნიუსუიკი“ დაწერს შეხვედრის დამთავრებისას, „ვაშინგტონში ოფიციალური პირები თვლიან, რომ დღეს არსებული საოკუპაციო ოთხი ქვეყნის რეჟიმის გაგრძელება გერმანიის მთელ ტერიტორიაზე კომუნიზმის გამარჯვებამდე მიგვიყვანს“. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ მარშალს ეშინოდა, რომ გაუსაძლისი ეკონომიური სიტუაცია არათუ გერმანიას, არამედ მთლიანად ევროპას მიიყვანდა შიმშილამდე და გაწითლებამდე. უკვე თვითმფრინავში ყოფნისას (რომელსაც მარშალი მოსკოვიდან ვაშიგტონისკენ მიჰყავდა), აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუვა უსასყიდლო ფინანსური დახმარების იდეა. „მომდევნო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში ევროპის საჭიროება საკვებისა და სხვა საარსებო პროდუქტებზე (...) იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გარეშე იგი იძულებული იქნება გაუმკლავდეს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას“ - განაცხადებს მარშალი ამერიკაში დაბრუნებისთანავე.

1947 წლის ივლისში დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს შორის, რის შედეგადაც, დახმარების ყულაბა 19 მილიარდი დოლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული. 19 მილიარდი წარმოადგენდა ამერიკის ბიუჯეტის 15 %-ს და ამ ასტრონომიული თანხის გაცემაზე კონგრესის დათანხმება ჯორჯ მარშალის ყველაზე დიდ სიძნელეს წარმოადგენდა - დაწყებული მემარცხენე ჰენრი უოლასიდან, დამთავრებული მემარჯვენე რობერტ ტაფტით, მარშალს ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება კაპიტოლიუმზე. თუმცა აქ მარშალს “მოკავშირედ” გამოუჩნდება სტალინი - 1948 წლის თებერვალში, პრაღაში, კრემლის მიერ ორკესტრირებული გადატრიალება საბოლოოდ გაუქარწყლებს ამერიკელ კანონმდებლებს ყოველგვარ ილუზიებსა თუ ეჭვებს.

მიუხედავად ჯორჯ მარშალის ურყევი რწმენისა, ევროპის ყველა ქვეყანა (მათ შორის საბჭოთა კავშირი), ჩაერთო დახმარების პროგრამაში, ვაშინგტონი სტალინისგან ცივ უარს მიიღებს. 1947 წლის ოქტომბერში მოსკოვი და მისი სატელიტი სახელმწიფოები გამოწვდილ „ოქროს ხელს“ კომინფორმის შექმნით დაუპირისპირდებიან (ისე, როგორც დღეს პუტინი ევროკავშირს უპირისპირებს ევრაზიულ პროექტს).

კომინფორმის შექმნით სტალინი შეძლებს, ერთი მხრივ, ევროპის ორ ბანაკად გაყოფას და, მეორეს მხრივ, ადგილობრივი კომუნისტური პარტიების საშუალებით - იტალიური, ფრანგული და ა.შ. - დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტში ტროის ცხენების შეყვანას. (დაახლოებით ისე, როგორც დღეს საქართველოში, ზოგიერთ რელიგიურ თუ პოლიტიკურ წრეებზე დაყრდნობით, კრემლი თბილისში ხსნის „ტროის საჯინიბოს“).

ტრუმანსა და მარშალს კარგად ახსოვდათ 30-იანი წლების დეპრესია და ყველაზე მეტად ეშინოდათ ევროპაში ეკონომიური ნაციონალისტური რეფლექსების გამოღვიძებისა (ისეთი პროტექციონისტულისა, როგორიც დღეს ამერიკაში იღვიძებს). ასე რომ, პირველ რიგში ჯორჯ მარშალი შეეცდება ევროპის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას. ეკონომიკის ლიბერალიზაციასთან ერთად, ამერიკა დაარწმუნებს ძველ კონტინენტს პროფკავშირების გაძლირების აუცილებლობაში. ამერიკელების აზრით, მხოლოდ დამსაქმებლებსა და მუშებს შორის მჭიდრო ალიანსი, მხოლოდ მიღებული შემოსავლის სამართლიანი გადანაწილება ამ ორ ძალას შორის, იქნებოდა მომავალი წარმატების საწინდარი. ამ ალიანსის შედეგად, მარშალის გეგმა შექმნის გარემოს, რომელიც ევროპის სოციალისტურ პარტიებს კომუნისტური უტოპიის მარწუხებისგან გამოგლიჯავს.

მარშალის გეგმას არ ექნება ვარდებით მოფენილი გზა: თუ ინგლისელები შეშინებული იქნებიან (ისე, როგორც დღეს ბევრი ქართველი), რომ ამერიკელების დახმარება ძირს უთხრის მათ ეკონომიკურ სუვერენიტეტს, ფრანგებს აღაშფოთებს მარშალის გეგმაში გერმანიის ჩართვა.

ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მარშალის პროგრამაში მონაწილე ქვეყნები ხელს მოაწერენ კონვენციას, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპულ ორგანიზაციას ჩაუყრის საფუძველს. ეს უკანასკნელი კი, ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების „გავლით“, ევროკავშირამდე მიიყვანს ძველ კონტინენტს.

ამგვარად, მარშალის დახმარებით, გუშინდელ მოსისხლე მტრებს შორის ნამდვილი თანამშრომლობა დამყარდება და ძველი კონტინენტის ბინადარნი ამერიკული დახმარების „გემოს“ ძალზე სწრაფად იგრძნობენ. 1951 წელს, ევროპის სამრეწველო წარმოება უკვე 35%-ით გაუსწრებს ომამდელ ეკონომიკას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მარშალის გეგმა წარმოჩინდება როგორც ნაზავი საღი აზრისა და უსაზღვრო ხელგაშლილობისა, ანუ როგორც ჭეშმარიტი აქტი პოლიტიკური კეთილშობილებისა (სავარაუდოდ იგივე შეიძლება ითქვას დასავლეთის მიერ დღესდღეისობით საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე).

უინსტონ ჩერჩილი მარშალის გეგმას მსოფლიო ისტორიის ყველაზე უანგარო აქტად მონათლავს. როგორც ხშირად, არც ამჯერად შეცდება ის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მეოცე საუკუნის დიდ ადამიანთა პანთეონში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG