Accessibility links

site logo site logo

NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარი აღმოსავლეთ ევროპის სადარაჯოზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 იანვარს


ნატო აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებას აძლიერებს

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მზარდი საფრთხის ფონზე, ნატოს წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპის დასაცავად სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ. 24 იანვარს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებით, დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები აპირებენ ან ფიქრობენ სამხედროების, ვერტმფრენების ან გემების გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპაში.

„ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებით”, - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსული ინფორმაციით, ჯო ბაიდენიც განიხილავს აშშ-ის სამხედრო აქტივების გაზრდას აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში. ბაიდენი შაბათ-კვირას უკვე ესაუბრა ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობას.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს. ერთ-ერთი სავარაუდო გეგმა კი რეგიონში ნატოს მოკავშირე ქვეყნებში 1000-დან 5000-მდე ამერიკელი სამხედროს გაგზავნას გულისხმობს.

დღეს ცნობილი გახდება, რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ევროკავშირის ლიდერებმა ვიდეოზარში, რომელიც რუსეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებს შეეხებოდა და 24 იანვარს საღამოს შედგა. აშშ-ის პრეზიდენტი გაესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, - იუწყება თეთრი სახლი.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა

24 იანვარს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს „ქართული ოცნების“ ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, სადაც პოლიციელის მიერ თბილისის მეტროში მოქალაქის ცემის ფაქტი გააპროტესტეს. ისინი სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ და აქციების გაგრძელებაც დააანონსეს.

მეტროში მომხდარ შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც ძალადობის ფაქტი გადაიღო. ვიდეოკადრები "TV პირველმა" გაავრცელა. კადრებში ისმის ისიც, რომ პოლიციას ეუბნებიან, რომ მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ამბობს პოლიციელი და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.

ძალადობის კადრებში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიციის სხვა თანამშრომელი, თუმცა გავრცელებულ ფრაგმენტში ის კოლეგას არ აჩერებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა 23 იანვარს მოხდა, პოლიციელი კი, რომელიც მოქალაქეზე ძალადობს, ამ ეტაპზე ისევ ირიცხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად.

გუშინ საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ და მასალები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაუგზავნა.

წაიკითხე მეტი.

ბასილაშვილის საქმეზე გავრცელებული ჩანაწერი ბავშვის ინტერესს აზიანებს - PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), რომელიც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლისა და მათი შვილის ინტერესებს წარმოადგენს სასამართლოში, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული აუდიო, რომელიც ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერს შეიცავს, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებია. ორგანიზაციისთვის უცნობია ჩანაწერის გამავრცელებელი პირველწყარო, ამასთან, PHR-ი მიიჩნევს, რომ საუბრის შინაარსი ბავშვის ინტერესებს აზიანებს, შესაბამისად, ორგანიზაცია მედიას და საქმის მხარეებს მოუწოდებს, აიღონ ჩანაწერი საჯარო სივრციდან.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის საუბრის რამდენიმე ფრაგმენტი "ტვ პირველმა" გაავრცელა. ჩანაწერში, რომელსაც თავად ბასილაშვილი „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ ფრაზების ერთობლიობად მოიხსენიებს, რომელიც „არ ასახავს რეალურ შინაარსს“, ისმის ყოფილი ცოლის მიმართ სპორტსმენის შეურაცხმყოფელი სიტყვები.

წაიკითხე მეტი.

Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ასანჟმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ექსტრადიციის საქმის ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების პროცესში

Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა პირველ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა საიმისოდ, რომ ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს მისი აშშ-ში ექსტრადიციის საქმე.

ვაშინგტონს სურს, ასანჟი გასამართლდეს WikiLeaks-ის მიერ ერაყის და ავღანეთის ომებთან დაკავშირებული, 500 000-მდე საიდუმლო სამხედრო ფაილის გამოქვეყნებისთვის.

დეკემბერში, ლონდონში სასამართლომ გააუქმა უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, 50 წლის ავსტრალიელი არ გაეგზავნათ აშშ-ში, რადგან იქ ის თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ იქნებოდა.

ასანჟის ადვოკატებმა შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს "კანონის საკითხის და ზოგადი საჯარო მნიშვნელობის საფუძველზე".

წაიკითხე მეტი.

"უკრაინამ ჩვენგან მეტი დაიმსახურა, ვიდრე ტვიტერის ერთი პოსტია" - შეგნებული სიჩუმე

იმ დროს, როცა უკრაინა ომის მოლოდინშია, ხოლო რუსეთი ნატოს სთხოვს საკუთარ რიგებში არ მიიღოს საქართველო და უკრაინა, თბილისი კრიზისს ფრთხილი და რუსეთის არგამაღიზიანებელი განცხადებებით ეხმაურება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები დგანან. ჯერ არავინ იცის, რით დასრულდება მოლაპარაკებები შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ან რამდენად აქვს საფუძველი იმედს, რომელიც ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიურ სამსახურებში გამოცდილების მქონე სპეციალისტები აკრიტიკებენ იმ პასიურ დიპლომატიურ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებია საქართველომ აირჩია.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე უკრაინისადმი მხარდაჭერის მაგალითების მოყვანისას, იხსენებს 2014 წელს, უკრაინაში ომის დაწყების პერიოდს, როცა, მისი შეფასებით, საქართველომ მეზობელ ქვეყანას მხოლოდ „ფორმალურად დაუჭირა მხარი“.

საქართველოს თითქოს დაავიწყდა, რა ვალი აქვს უკრაინის წინაშე, - გვეუბნება გიორგი გობრონიძე და იხსენებს 2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლას საქართველოში.

რას ნიშნავს ხელისუფლების მოკრძალებული პროტესტი და სოლიდარობა? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

თორნიკეს დაბადება მამამისის, კობა დავითაშვილის პოლიტიკაში მოსვლას ემთხვევა. ახლა უკვე გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სტუდენტი, თორნიკე დავითაშვილი პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა, თუმცა ამბობს, რომ მისთვისაც იგივეა მნიშვნელოვანი, რაც მამამისისთვის - აზრის გამოხატვის უფლება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათლული თორნიკე დავითაშვილი, რომლის მამაც 2007 წელს გაიტაცეს და სცემეს, რადიო თავისუფლების ახალი სერიის, „შვილის“ მეორე გმირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG