Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის მცირე „გარღვევა“ ბელორუსიაში


საპარლამენტო არჩევნები ბელორუსიაში
საპარლამენტო არჩევნები ბელორუსიაში

11 სექტემბერს ბელორუსიაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები - კენჭისყრა, რომელიც, ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, შორს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისაგან, თუმცა აღსანიშნავია ოპოზიციის მცირე „გარღვევაც“: ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, არჩევნების შედეგად ბელორუსიის პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

ოპოზიციის მცირე „გარღვევა“ ბელორუსიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:52 0:00
გადმოწერა

ბელორუსიის პარლამენტში, სადაც, როგორც წესი, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ერთგული დეპუტატები დომინირებენ, მრავალი წლის შემდეგ ბრუნდება ოპოზიცია. 11 სექტემბრის არჩევნების შედეგად დეპუტატის მანდატები მოიპოვეს „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის“ წარმომადგენელმა ჰანა კონოპატსკაიამ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ელენა ანისიმმა, რომელსაც ოპოზიციასთან კავშირი აქვს. კონოპატსკაია და ანისიმი იქნებიან პირველი ოპოზიციონერები ბელორუსიის საკანონმდებლო ორგანოში 1996 წლის შემდეგ. ამ 10-მილიონიან პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები, რომელსაც ეუთოს სამეთვალყურეო მისია თავისუფლად ან დემოკრატიულად მიიჩნევდა. ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს ოპონენტების მიმართ და მკაცრად აკონტროლებს მედიას.

რა მოხდა ახლა? რატომ დაუშვა ლუკაშენკოს რეჟიმმა პარლამენტში თუნდაც ორი ოპოზიციონერის შესვლა? დამოუკიდებელ ინტერნეტპორტალ „ჩვენი ველის“ მთავარი რედაქტორი ანდრეი დინკო ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს სურს თვითონ განსაზღვროს, ვინ იქნება ოპოზიცია: „ორი დამოუკიდებელი დეპუტატის არჩევა მიანიშნებს, რომ ბელორუსიის ხელისუფლება მზად არის გარკვეული ტრანსფორმაციისათვის, მაგრამ სურს ამ ტრანსფორმაციის გაკონტროლება და ძალიან მკაცრად შეზღუდვა. ამავე დროს, მათი არჩევით უხეში პასუხი გაეცა დასავლეთსა და იმ ოპოზიციურ ძალებს, ვისაც ზომიერი ოპოზიციის შექმნის ხელშეწყობა სურდა“, - ასე ფიქრობს დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ანდრეი დინკო.

ბელორუსიის არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კენტ ჰარსტეტის, შეფასებით, „არჩევნები შორს იყო თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრისაგან“. როგორც ჰარსტეტმა მინსკში უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, არჩევნების დროს იმდენი დარღვევა აღირიცხა, რომ პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. მან დასძინა, რომ შეუძლებელია ენდო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რადგან ბელორუსიას შესაცვლელი აქვს საარჩევნო კანონები და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესები.

ამასობაში, ევროკავშირიც გამოვიდა ბელორუსიაში „საარჩევნო რეფორმისაკენ“ მოწოდებით. ევროკომისიის პრესმდივანმა მაია კოციანჩიჩმა 12 სექტემბერს აღნიშნა, რომ არჩევნები ცხადყოფს „ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას ბელორუსიაში დემოკრატიზაციის პროცესში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG