Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმართლის ცოდნის უფლება


„მე მგონი, ჩვენ თუ ახლა ქალაქში დავბრუნდებით და, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ფართო ფენებს საფუძვლიანად გავაცნობთ მთავრობის გეგმებს, ავუხსნით, ჩანჩქერთან ერთი მუჭა ქოხმახების არსებობასთან შედარებით რამდენად მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურის აგება, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვუგზავნით ბელადის ცოლს ჩვენს დაბეჭდილ წინადადებებს ფოსტით, - რა თქმა უნდა, შეცდომით, იმედია, ხვდებით, არა? - საქმე ბევრად უფრო გაგვიიოლდება.“

კენ კიზი, „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

2006 წლის ოქტომბერში ჩილელი გარემოსდამცველის, კლოდ რეიესის და მისი ორი მეგობრის წყალობით მსოფლიომ ადამიანის უფლებების სფეროში ახალი სიტყვა თქვა. ამერიკის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგიური ინსტიტუტია, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე კლოდ რეიესი და სხვები ჩილეს წინააღმდეგ და ცოდნის უფლება, ანუ ინფორმაციის მიღების უფლება, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარა.

მომჩივნები: გარემოსდამცველი მარსელ კლოდ რეიესი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი, სებასტიან კოქს ურეიოლა და ჩილეს პარლამენტის წევრი, არტურო ლონგტონ გერერო ჩილეს საგარეო საინვესტიციო კომიტეტისგან ითხოვდნენ ინფორმაციას სატყეო კომპანია „ტრილიუმისა“ და „რიოს კონდორის“ პროექტის შესახებ, მაგრამ ვერ მიიღეს. „რიოს კონდორის“ პროექტი ეხებოდა ტყეების გამეჩხრებას, ანუ დეფორესტაციას. ჩილეში ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისა და ყველა დონეზე საქმის წაგების შემდეგ ამ სამმა მოქალაქემ მიმართა ინტერამერიკულ სასამართლოს, სადაც საქმე მოიგო. მოგვიანებით ინტერამერიკულ სასამართლოს მხარი ევროსასამართლომაც აუბა და ცოდნის უფლება მანაც აღიარა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად.

გადაწყვეტილებაში საქმეზე „კლოდ რეისი და სხვები ჩილეს წინააღმდეგ“ ინტერამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია, საჯარო მოხელეები ხელმძღვანელობდნენ მაქსიმალური გამჭვირვალობის პრინციპით, რომელიც ადგენს პრეზუმფციას, რომ ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ექვემდებარებოდეს გამონაკლისთა შეზღუდულ სისტემას“; ხოლო შეზღუდვები „უნდა შეესაბამებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.“

საგულისხმოა, რომ ამ სფეროში ასეთ გარდატეხას სწორედ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უნდა ვუმადლოდეთ. ჩვენდა საამაყოდ, საქართველოს კონსტიტუცია არა მხოლოდ იცნობს ინფორმაციის მიღების საყოველთაოდ მიღებულ, ზოგად სტანდარტს (24-ე მუხლი), არამედ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე განსაკუთრებულ ყურადღებასაც ამახვილებს. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 37-ე მუხლები უზრუნველყოფს ჩვენს უფლებას, ვიცოდეთ სიმართლე ხუდონჰესის პროექტის შესახებ. ინფორმაცია კი ყოვლისმომცველი, ობიექტური და დროული უნდა იყოს. ამას გარდა, 2000 წელს საქართველომ რატიფიკაცია მოახდინა ორჰუსის კონვენციისა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობას. განურჩევლად იმისა, მესტიაში ვცხოვრობთ თუ საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში, დაბასა თუ სოფელში, ორჰუსის კონვენცია გვანიჭებს უფლებას, არა მხოლოდ გავიგოთ სიმართლე გარემოზე ასეთი პროექტების ზემოქმედების შესახებ, არამედ ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და, თუ მიღებული გადაწყვეტილებები არ მოგვეწონა, გავასაჩივროთ კიდეც ისინი.

ამას გარდა, კონსტიტუციის 37-ე მუხლი არა მარტო უფლებას გვაძლევს, ვისარგებლოთ ჩვენი გარემოთი, ბუნებრივი რესურსებითა და კულტურული მემკვიდრეობით, არამედ მათს მოვლა-პატრონობას ჩვენს ვალდებულებად მიიჩნევს. როცა საქმე გარემოს, ბუნებრივ რესურსებსა და კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მათთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები გეოგრაფიულად არ ვიწროვდება.

37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.“

რა ლეგიტიმური ეჭვები არსებობს ხუდონჰესის მისამართით და რის ცოდნის უფლება გვაქვს ამ პროექტზე?

სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ხუდონჰესის აშენება, ისევე როგორც სხვა ჰესების მშენებლობა, უცხოური ინვესტიციით დაფინანსდება. ცნობილია, რომ პროექტის განმახორციელებელი „ტრანსელექტრიკა“ ოფშორში დარეგისტრირებული, არაგამჭვირვალე და საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის მქონე კომპანიაა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება, ზუსტად ვიცოდეთ, ეს კაპიტალი უცხოურია თუ, სულაც, ქართული. რამდენიმე წლის წინ, მედიის მფლობელობა ავუკრძალეთ ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს, რადგან ოფშორში რეგისტრაცია გარკვეულწილად უკვე ნიშნავს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების უგულებელყოფას. გარემო და ენერგეტიკაც ხომ ისეთივე მნიშვნელოვანი საჯარო სიკეთეა და ისეთივე გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, როგორიც მედიას. თუმცა, რეგისტრაციის საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, პრაქტიკულად, არავითარი ზღვარი არ არსებობს.

ამას ემატება ისიც, რომ სექტემბრის ბოლოს დაფუძნებული თანაინვესტირების ექვსმილიარდიანი ფონდიც ოფშორში არის დარეგისტრირებული. ერთი მილიარდი აშშ დოლარით ამ ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ფონდის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ენერგეტიკული პროექტები წარმოადგენს. აღმასრულებელი დირექტორის თანახმად, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წარმოებული ახალი პროდუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ექსპორტს, ასეთი პროდუქციის მაგალითად კი მას ელექტროენერგია მოჰყავს, როგორც „ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი“. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ელექტროენერგიის გაყიდვა. რამდენად გულისხმობს მიღებული კომერციული სარგებელი საჯარო სიკეთეს, ანუ თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის ინტერესს, ძნელი სათქმელია; იმიტომ, რომ ძნელია სახელმწიფოს მფარველობით მოსარგებლე საეჭვო წარმომავლობის კომპანიებს ან საკუთრივ მდიდარ სახელმწიფო მოხელეებს ენდო მაშინ, როდესაც გამჭვირვალობის ელემენტარული მოთხოვნებიც არ არის დაკმაყოფილებული. ოფშორში ბიზნესის კეთება იმიტომაც მიიჩნევა არასერიოზულად (არა კომერციული, არამედ საზოგადოებრივი თვალსაზრისით), რომ ის ყოველთვის ბუნდოვანია. პრემიერ-მინისტრის გავლენა და მფარველობა კი კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხესაც ზრდის.

ხუდონჰესის მიერ გამოსამუშავებელი 1,4 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიიდან საქართველომ მხოლოდ 200 მილიონი უნდა მიიღოს, რაც საკმარისი მაინც არ იქნება, რადგან ამჟამად საქართველო 700 მილიონ კოლოვატსაათს რუსეთისგან ყიდულობს. ამას გარდა, რუსულ ფასსა და „ტრანსელექტრიკის“ ფასს შორის განსხვავება სულ რაღაც ერთი ცენტია (რუსული ფასი - 6,64 ცენტის, „ტრანსელექტრიკის“ ფასი - 5,64 ცენტი). ნუთუ ხელისუფლებას მართლა სჯერა, რომ „ტრანსელექტრიკის“ მიერ მიღებული კომერციული მოგება ჩვენს უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს? მართალია, არის მომიჯნავე სარგებელიც, როგორიცაა დაახლოებით 40 მილიონის მოცულობის წლიური შენატანები სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, დასაქმება, ენერგეტიკული ეფექტი სხვა ჰესებზე და ა.შ. მაგრამ საგანგაშოა, როცა ამ მასშტაბის პროექტისგან მხოლოდ მცირე სარგებელსა და სერიოზულ ხიფათს ვიღებთ.

ხელისუფლება ცდილობს, ხაიშელების უფლებებიდან მხოლოდ საკუთრების უფლებას გაუსვას ხაზი. თუმცა, ამ უფლების გარდა, იქ მცხოვრებ ყველა პირს აქვს საკუთარი ხვედრის არჩევისა და განსაზღვრის უფლება, რაც მათი პირადი ცხოვრების უფლებიდან გამომდინარეობს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იქ იცხოვროს, სადაც მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ და ყველას აქვს უფლება პატივს სცემდნენ მის იდენტობას, მეხსიერებას და დამოკიდებულებას საკუთარი წარსულისადმი. საკუთრების უფლებაზე მსჯელობისას, ხელისუფლებაც და თითქმის ყველა დაინტერესებული მხარეც ფუნდამენტურ შეცდომას უშვებენ. როდესაც ამტკიცებენ, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური არ არის, ავიწყდებათ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა შეიძლება მოხდეს უფრო მაღალი ლეგიტიმური ინტერესის არსებობის გარეშე. ადამიანის უფლების შეზღუდვა გამართლებულად რომ ჩაითვალოს, ამისათვის უფრო მაღალი ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, შეზღუდვა აუცილებელიც უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. დემოკრატიული საზოგადოებისთვის ადამიანის ხარჯზე აშენებული ჰესი კი არა, სწორედ ადამიანის პატივისცემაა აუცილებელი. სოფლის ჩაძირვასა და ხალხის გადასახლებას ხელისუფლება უალტერნატივო ზომად წარმოაჩენს, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო ხალხის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ალტერნატივების მოძებნას უნდა ცდილობდეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მრავალგვერდიანი შენიშვნები გაუგზავნა „ტრანსელექტრიკას“ და დასძინა, რომ „ზემოაღნიშნული შენიშვნები გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარმოდგენამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, კანონით დადგენილი წესით გასცეს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.“ მიუხედავად ამისა, თუკი გარემოს დაცვის სამინისტროს ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ექნა, ის ხუდონჰესზეც ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც ყაზბეგი-ჰესთან დაკავშირებით მიიღო. სპეციალისტების აზრით, ენგურის ხეობა ბუნებრივი კატასტროფებისთვის ისედაც მოწყვლადი რეგიონია და ასეთი მასშტაბის ჰესის აშენება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გარემოს.

და ბოლოს, როგორ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესი? ჯერ კიდევ მაისში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი „მე-9 არხის“ გადაცემაში ამბობდა, რომ ხუდონჰესის აშენების გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ ხალხის დარწმუნებაა საჭიროო. ცხადია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ შეიძლება ვუწოდოთ უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობას და მის სიკეთეში ხალხის დარწმუნებას. მაისის შემდეგ რიტორიკა შეცვლილია, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი და მისი მოადგილე ხელიდან არ უშვებენ შანსს, განაქიქონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო ხაიშის მოსახლეობა კანონთან დაპირისპირებულ, პროგრესთან მებრძოლ ჯგუფად არ წარმოადგინონ, პროგრესი მაინც აშკარაა. დღემდე მჯეროდა, რომ საქართველოში არაფერია ისე გაუფასურებული, როგორც ცნება „გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა“. თუმცა ხუდონჰესის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულების ამდენი ადამიანისა თუ ორგანიზაციის ინტერესი და აქტიურობა, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მაგრამ იმისთვის, რომ ეს მონაწილეობა სრულყოფილი იყოს, ხელისუფლებას აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ ამომწურავი პასუხები ამ კითხვებზე. თუ ხუდონჰესთან დაკავშირებით ინფორმირებულ არჩევანს არ გავაკეთებთ, არჩევანს ჩვენ მაგივრად ხელისუფლება გააკეთებს. სხვადასხვა პეტიცია, ღია წერილი, დისკუსია თუ აქცია, რაც ბოლო დროს გამართულა ხუდონჰესის საკითხზე, იმედს მიჩენს, რომ მხოლოდ ის სიყვარული და სენტიმენტები არ შეგვრჩება ხელთ, რასაც კენ კიზის წიგნის პერსონაჟი დაცინვით უწოდებს „სალი კლდეების სიყვარულს“.

და იმედი მაქვს, სვანეთს გადავარჩენთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG