Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 16 ნოემბერი. See content from before

ორშაბათი, 15 ნოემბერი 2010

ია ანთაძე
ია ანთაძე
დილემა: ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.

დიდ პატივს ვცემ წონასწორობას, ზომიერებას, ოქროს შუალედს.

პროფესიაც ისეთი მაქვს - მავალდებულებს, ფაქტებს და მოვლენებს ათვლის სხვადასხვა წერტილიდან შევხედო; თავად კი ნეიტრალური პოზიცია შევინარჩუნო და ამ სტანდარტის ხანგრძლივად დაცვით მოვიპოვო საზოგადოების ნდობა...

მაგრამ, რაც დრო გადის, ვგრძნობ, მეც მიჭირს ზომიერების დაცვა და ბევრსაც აღიზიანებს ჟურნალისტური პოზა, როცა შენს სამშობლოში მიმდინარე პროცესები არ გეხება, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ცივსისხლიანი პროფესიონალის როლში უნდა დარჩე.

პრობლემა ის არის, რომ, რაც მეტად ეჭიდები ამ ნეიტრალურ პოზიციას, მით მეტად ხელოვნური და არაგულწრფელი ხდები. ოღონდ, იმიტომ არა, რომ ჟურნალისტიკის სტანდარტი დაძველდა.

მაშ, რატომ?

ამ კითხვის პასუხად, მინდა, სამი მნიშვნელოვანი პროცესი ერთიან სურათად ავკინძოთ. სამივე პროცესში ხელისუფლებაა ჩართული, საზოგადოებასთან ერთად. სამივე პროცესი დემოკრატიის დამკვიდრების ფუნდამენტურ საკითხს ეხება: მედიას, არჩევნებს, სასამართლოს.

პროცესი N1. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ მეტი გამჭვირვალება შევიდეს მედიის მფლობელობის საკითხში. ამავდროულად, მედიაექსპერტების და იურისტების მეტად პატივსაცემმა ჯგუფმა შექმნა და პარლამენტში შეიტანა რვა კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომლის მიზანია მედიამფლობელების და მედიაში მოძრავი თანხების გამჭვირვალება, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მხარს ვუჭერ ორივე ინიციატივას, განსაკუთრებით, კანონპროექტების პაკეტს, რომელშიც რეალური მექანიზმებია აღწერილი მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად.

მიმაჩნია თუ არა შესაძლებლად ამ კანონპროექტების კანონებად ქცევა და მედიაგარემოს რეალური გაჯანსაღება? ცხადია, არა. ხელისუფლება წლიდან წლამდე ქმნის ილუზიას, თითქოს, მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. ტელევიზიები პროპაგანდის და ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი იარაღია. რატომ უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილმა მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე? რა რჯის? არც ერთი მიუკერძოებელი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ უცხოელების ხათრით ან რაიმე შინაური მიზეზით სააკაშვილი ტელევიზიების კონტროლზე უარს იტყვის.

პროცესი N2. რვა ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და, ფაქტობრივად, ახალი საარჩევნო კოდექსის შესაქმნელად. პრეზიდენტი პროცესს მეტად დადებითად აფასებს და საზოგადოებაც, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ურთიერთობა კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცა. თუ გვინდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება არჩევნებით შევცვალოთ და არა ომით ან რევოლუციით, საარჩევნო გარემოს გაკეთილშობილებაზე უნდა ვიზრუნოთ.

მიმაჩნია თუ არა შესაძლებლად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება? ცხადია, არ მიმაჩნია. მთავარი ბერკეტი, რითიც სახელისუფლო პარტია უკვდავებაში შებიჯებას აპირებს (ეს სტატუსი პარტიას თავად პრეზიდენტმა მიანიჭა), არჩევნების შედეგების გაყალბებაა. შეუძლებელია, ხელისუფლება დაინტერესებული იყოს საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანით, რაც ეჭვქვეშ დააყენებს ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებს. ეს გეგმები არა მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმაშია ასახული, არამედ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებშიც. ასე რომ, არც ერთი მიუკერძოებელი ადამიანი არ დაიჯერებს, თითქოს ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობა საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციას რაიმე რეალურ შედეგს მოუტანს.

პროცესი N3. საქართველოში ეტაპობრივად ინერგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც 2012 წლის 1 ივლისამდე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მხოლოდ მკვლელობის საქმეებზე გავრცელდება; ორი წლის შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს და შეეხება ნებისმიერ დანაშაულს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხელისუფლება გვიხსნის, რომ ამ სისტემის შემოღების ძირითადი მიზეზი მართლმსაჯულების უფრო მეტად გადემოკრატიულებაა. საზოგადოება კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ დემოკრატიის ბურჯი – სასამართლო ხელისუფლება – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ გაცილებით სამართლიანი და სანდო გახდება.

მიმაჩნია თუ არა შესაძლებლად სასამართლო ხელისუფლებაში იმგვარი ცვლილებების ინიცირება, რომლებიც მართლმსაჯულებას უფრო სამართლიანს და სანდოს გახდის? ცხადია, არ მიმაჩნია. ავტორიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მედიის კონტროლიც, საარჩევნო ბერკეტებიც, მაგრამ ყველაფერი აზრს დაკარგავს, როგორც კი სასამართლო ხელსუფლება თავისი ფუნქციის შესრულებას რეალურად დაიწყებს. სჭირდება ხელისუფლებას სამართლიანი და ნდობით აღჭურვილი სასამართლო? ცხადია, არ სჭირდება. პირიქით, სჭირდება შეშინებული, დაბეჩავებული სასამართლო, რომლის ძირითადი ფუნქცია პროკურატურის გადაწყვეტილებების დამოწმებაა. ასე რომ, არც ერთი მიუკერძოებელი ადამიანი არ დაიჯერებს, თითქოს ხელისუფლებას ერთი სული ჰქონდეს, როდის გადააქცევს სასამართლოს ჭეშმარიტი მართლმსაჯულების განხორციელების იარაღად.

რა გამოდის? პროცესები, რომლებიც, წესით, ყველა ნორმალურ მოქალაქეს უნდა მოსწონდეს და ჟურნალისტს მოვლენების დაბალანსებული გაშუქების საშუალებას უნდა აძლევდეს, სინამდვილეში, პატიოსან ადამიანს რადიკალიზმისკენ უბიძგებს. იმიტომ, რომ ქვეყანაში მხოლოდ ეს სამი პროცესი არ მიმდინარეობს. მათ გვერდით ბევრი შემაძრწუნებელი ამბავი ხდება. გაცილებით მეტ საკითხს ხელისუფლება განუკითხავად და ძალაზე დაყრდნობით წყვეტს, რისთვისაც დღევანდელ მედიას, დღევანდელ არჩევნებს, დღევანდელ სასამართლოს იყენებს. გამოდის, რომ კონტექსტი თავდაყირა აყენებს ტექსტის შინაარსს. რაზე უნდა ისაუბროს ჟურნალისტმა? ტექსტზე თუ კონტექსტზე? ტექსტზე საუბარი ბალანსის ჩარჩოში კარგად ეტევა, მაგრამ სიმართლეს გვერდს უვლის. კონტექსტზე საუბარი სიმართლეს წარმოაჩენს, მაგრამ ბალანსის ჩარჩოს ანგრევს.

პირადად მე ზოგად ტენდენციას ასე ვხედავ: რაც დრო გავა, ხელისუფლება მით მეტ სფეროში შეეცდება, შექმნას საზოგადოებრივი დიალოგის ფორმატი, როგორც შირმა, რათა ამ შირმის მიღმა ძალის პოლიტიკა გააღრმავოს და სულ უფრო მეტ ადამიანზე გაავრცელოს. არ არის გამორიცხული, ხვალ თითოეული ჩვენგანი ძალადობის და უსამართლობის მსხვერპლი გახდეს. არც ის არის გამორიცხული, ხვალ თითოეული ჩვენგანი კონსტრუქციული დიალოგისთვის მიიწვიონ პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა მინისტრთან. არ წახვალ – ესე იგი, რადიკალი ხარ და რევოლუცია გინდა; წახვალ და – რისთვის მიდიხარ? რის შესანიღბად? ვის მოსატყუებლად?

ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც ზომიერება სულ უფრო მეტად უახლოვდება სიყალბეს, ხოლო გულწრფელობა – რადიკალიზმს და ამბოხს.

ამ რეალობაში ყველა ნორმალური, გაწონასწორებული, წესიერი ადამიანი დგას დილემის წინაშე: იყოს კონსტრუქციული და არაგულწრფელი, თუ იყოს გულწრფელი და რადიკალური? დროის კარნახს დამორჩილდეს, თუ არ შეეგუოს და ღირსების ამბოხზე იფიქროს? თავი გადაირჩინოს, თუ თავი გაწიროს?

პირადად მე არც თავის გადარჩენაზე ფიქრი მხიბლავს და, მით უმეტეს, არც თავის გაწირვა. ჩემთვის არაგულწრფელობაც და რადიკალიზმიც მიუღებელია; თანაც, ჟურნალისტი ვარ და დაბეჯითებით მინდა, საზოგადოება მენდობოდეს. არაგულწრფელებს და რადიკალებს კი საზოგადოება არ ენდობა.

ეს ის შემთხვევაა, როცა რჩევას ვერავის ჰკითხავ. თავად უნდა აირჩიო, როგორ მოიქცე. თუმცა მსჯელობა აუცილებელია, რადგან, დარწმუნებული ვარ, დილემა – ზომიერება თუ გულწრფელობა? მორჩილება თუ ამბოხი? – მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის.
„– ნუ ორიგინალობ რა, ვერ დავიჯერებ, რომ რუმინული ფილმი ყველას სჯობდა!“

ძალიან მკვახედ დამისრულა საუბარი ერთმა ჩემმა სკოლელმა ქალმა 2007 წლის მაისში, როცა კანის ფესტივალიდან ახლად დაბრუნებულმა რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მინჯიუს ფილმის ტრიუმფზე მოვუყევი. დღესაც ვფიქრობ, რომ „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ საუკეთესოა იმ ფილმებს შორის, რომელიც ოდესმე მინახავს კანის კინოფორუმზე. თუმცა, რაღა დაგიმალოთ, ნამდვილად არ გამახსენდებოდა ეს სურათი, რომ არა... რუსული კინოს ფესტივალი თბილისში.

არა, არა, დამშვიდდით. არ ვაპირებ ამ ფესტივალის ორგანიზატორებზე ქილიკს. ვისაც რა უნდა, ის ჩაატაროს და ის კინო ნახოს! ანალოგიას ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთთან მე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებ... დანარჩენი საქართველოს საქმეში კი არ ვერევი... და საერთოდ არ ვახსენებდი ამ ფესტივალს, რომ არა ეს ჩემი სკოლელი ქალი, რომელიც - ბედი არ გინდა? - მაინცდამაინც იმ დღეს შემხვდა თეატრალურთან, როცა რუსული კინოს ფესტივალი იხსნებოდა.

„რუსთაველში“ მიიჩქაროდა რიაზანოვის ფილმზე. რა თქმა უნდა, მკითხა, ვაპირებდი თუ არა ახალი რუსული ფილმების ნახვას. არა-მეთქი. არ მსიამოვნებს და არ მაინტერესებს-მეთქი... ვიცოდი, რომ გაღიზიანდებოდა, მაგრამ მერე რა? მე ის ხალხი მაღიზიანებს, რამდენიმე „ჩამოწერილი“ რუსი რეჟისორის თბილისში ჩამოსვლა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად რომ მიაჩნია.

„– მაშინ ჩეხოვს ნუღარ კითხულობ და ყველა სტატიაში ეიზენშტეინს ნუ ახსენებ!“

მაგრამ სოლოვიოვი და რიაზანოვი – არც ეიზენშტეინია და, მით უმეტეს, არც ჩეხოვი-მეთქი, - ეგ კი ვუთხარი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. გაიბუტა და წავიდა.

ვერ ვისწავლე რა, ასეთ ხალხთან კამათი. მოგვიანებით მივხვდი: უნდა მეკითხა, ასეთივე ენთუზიაზმით გაეშურებოდა თუ არა, დავუშვათ, იმავე რუმინული ფილმების ფესტივალზე? ანდა, სომხური, აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალზე? ანდა ჩვენი ტელევიზიები ასეთივე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად წარმოგვიდგენდნენ თუნდაც ყაზახური კინოს – დღესდღეობით მართლაც საინტერესო კინოს რეტროსპექტივას?

ცხადია, არა. იმ ჩემი სკოლელი ქალისთვის და ნაციონალური ტელეარხების „კულტურული ბლოკებისთვის“ სოლოვიოვი და რიაზანოვი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურებია, ვიდრე ვიღაც რუმინელი მინჯიუ და, მით უმეტეს, ყველასთვის უცნობი ყაზახი რეჟისორები... სოლოვიოვს და რიაზანოვს ცნობენ! მათ ცნობს ის ქართველი-საბჭოთა მაყურებელი, რომლისთვისაც წარსული უპირობოდ უკეთესია, ვიდრე აწმყო, ამიტომ ეს წარსული მუდმივად ენატრება. თანაც სოლოვიოვის და რიაზანოვის ენა იციან! სოლოვიოვისგან და რიაზანოვისგან სიამოვნებთ, როცა ესენი გვეუბნებიან, ზიზღით ცხოვრება არ შეიძლებაო, რადგან ამ ქვეყანაში „ორი რუსეთის“ იდეა კვლავაც პოპულარულია.

პრინციპში, იმ ჩემი სკოლელი ქალის ცხოვრება რომ ვიცი... რომ ვიხსენებ, როგორ გაწევრიანდა თავის დროზე საზოგადოება „თბილისელებში“ (რადგან აწუხებდა „ქაჯების“ შემოსევა), როგორი სიამოვნებით მიმართა ვარიაციებს თემაზე „ეკლესიებს გვინგრევენ!“, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე კომპარტიის წევრი იყო, დაბოლოს, რამდენჯერ დარეკა „ფსიქოში“ თხოვნით, ფილმებს ქართულად ნუ ახმოვანებთ, არ უხდება ამ ფილმებსო, არ გამკვირვებია მისი ინტერესი პუტინის რეჟიმის მიერ „დაშვებული“ კინოს მიმართ.

ესაა ჰარმონია, რომელიც მე - კანონზომიერების და წესრიგის მოყვარულს - ყველანაირი ლოგიკით უნდა მხიბლავდეს და მსიამოვნებდეს. მაგრამ ჰარმონიაც შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს, როცა მუდმივად მეორდება.

წავიდა თუ არა „მზიურის“ კონცერტზე? არ ვიცი. ალბათ.

ფაქტია, რომ კონცერტზე შევარდნაძე მივიდა და როგორც შევიტყვე, წითელყელსახვევიანი ქალების („ყოფილი გოგონების“) მასკარადში „მზიურელებმა“ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ცეკას ყოფილ მდივანს, ვის სახელსაც დაემთხვა ამ ქალების ბედნიერი ბავშვობა – „პაეზდკები“, გადაღებები, პოპულარობა... და ისიც ფაქტია, რომ მათ მადლობას მთელი დარბაზი აჰყვა!

აღარ მინდა! თავად მაინც ხომ უნდა გავემიჯნო განმეორების ამ ჯოჯოხეთს?

შევძლებდი კიდეც ამას, რომ არ გამეგო - „მზიურის“ ვარსკვლავის გახსნას, მთელი თავისი თამარ გვერდწითელის ჩამოყვანით, არც მეტი არც ნაკლები მერია აფინანსებს. ანუ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობს ყელსახვევიანი მასკარადის დადგმაში. სწორედ ის ხელისუფლება, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას რომ უჭერს მხარს და სრულიად ნორმალურ მოვლენად რომ მიაჩნია, თუნდაც შჩუსევის „იმელის“ დანგრევა-დამახინჯება, აბაკელიას, ნიკოლაძის ბარელიეფების „გადაფხეკა“! ეს უკვე აღარაა ჰარმონია. ეს ორმაგი სტანდარტებია, რომლის მიზეზს მომკალით და მაინც ვერ ვხვდები. არ არის გამორიცხული საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას ერთი სახელისუფლო ჯგუფი უჭერდეს მხარს, „პიონერულ მასკარადს“ კი მეორე, მაგრამ ორმაგ სტანდარტებს ორი ჯგუფის არსებობა მაინც ვერ ამართლებს. ფაქტია, რომ რუსული კინოს ფესტივალიც და „მზიურის“ კონცერტიც ნაციონალურმა ტელეარხებმა გააშუქეს, როგორც კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენა – ამ არხების „კულტურის ჟურნალისტებისთვის“ დამახასიათებელი პათეტიკით და ემოციური ჩასუნთქვებით და ამოსუნთქვებით...

ჰოდა, რატომ დავწერე, იცით, ეს ბლოგი?

ის ქალი შემხვდა გუშინ „გუდვილში“. ჩემი სკოლელი. ჭარხალს წონიდა. თვალის არიდება დავაპირე, მაგრამ დამიძახა. ისე მეზარებოდა პოლიტიკაზე (კულტურულ პოლიტიკაზე) ლაპარაკი, რომ ვიფიქრე, დავიქოქები, ვეტყვი, რომ დღეს ჩამოვედი ანკარიდან, რომ ადვილად ავიღე ვიზები მექსიკაში. ბევრს ვილაპარაკებ. მერე საათს დავხედავ, მოვიგონებ რომ მეჩქარება და დავითესები!

არ გამოვიდა.

„ახლა ეს მითხარი, “თორთლაძის კანონს“ თუ გაეცანი? მოგწონს ყველაფერს რომ ანგრევენ?“

მექსიკა ვისღა ახსოვდა. ეგრევე ავყევი. ბოლოს აღარაფერი დაგვრჩება და ვიცხოვრებთ ცარიელი კორპუსებით დამშვენებულ ქალაქში-მეთქი... ეს რომ ვუთხარი, მივხვდი, რომ თანამოაზრე გავხდი ადამიანისა, რომელსაც აქამდე მთელი თავისი ცხოვრებით, პრინციპებით, მორალით ჩემს ანტიპოდად მივიჩნევდი. უცბად გავიაზრე, რომ ორმაგი სტანდარტები იმიტომაცაა დამღუპველი, რომ ფასეულობების სრულ აღრევას იწვევს და იმ ჰარმონიასაც კი ანგრევს, რომელიც შეიძლება მოსაწყენია, მაგრამ მაინც ჰარმონიაა!

ძვირფასო მეგობრებო, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვით რომ გადაწყვიტეთ საბჭოთა წარსულისგან განთავისუფლება, ისე ნუ გააკეთებთ, რომ თქვენს ჯიბრზე ვიღაც-ვიღაცებს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია გაუჩნდეთ. სწორედ იმათ, ვინც აქამდე კომუნისტური ჯოჯოხეთიდან გამიჯვნას ცდილობდა.

თქვენ მაინც ხომ იცით, ქართველებს მსხვერპლი უყვართ. გული უჩუყდებათ ხოლმე. ჰოდა, ნუ „შეაცოდებთ“ თუნდაც სადღაც გურიაში, ყოფილი კოლმეურნეობის წინ დადგმულ პიონერების ქანდაკებებს. რას გიშავებენ? დგანან თავისთვის. შეხედავ, იმ იდიოტურ წარსულს გაიხსენებ და გაგეცინება. ყოველგვარი პათეტიკის, ჩასუნთქვების და ამოსუნთქვების გარეშე!

P.S.:

ამდენ ლაპარაკში ვერც კი შევამჩნიე, რომ ჩემს სკოლელ ქალბატონს მივბაძე და მეც ავიწონე ჩემთვის ჭარხალი.

არადა, ვერ ვიტან!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG