Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 8 დეკემბერი 2010

სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი ტერაქტების ოფიციალურმა ვერსიამ დაადასტურა ის საშიშროება, რაზე ხმამაღლა საუბარიც საქართველოში დღემდე მკრეხელობად ითვლებოდა: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ქართველების გადაბირება საქართველოში დივერსიული და ტერორისტული აქტების მოსაწყობად.

ჰუმანური მოსაზრებით, კარგი არც ის იქნებოდა, თუ გალში მცხოვრები რომელიმე პატრიოტი ქართველი იერიშს მიიტანდა საოკუპაციო ჯარების პოსტებზე და ბადრაგზე. 1996-1999 წლებში, როდესაც გალში პარტიზანული წინააღმდეგობის მოძრაობა დივერსიულ აქტებს აწყობდა, იმ ქმედებებს ჰქონდა რეზონანსი, ხოლო პარტიზანებს - მოტივაცია. დღეს კი საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ხელი აიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დივერსიულ საქმიანობაზე, არამედ პირობა დადო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს.

გალის რაიონში მცხოვრები რამდენიმე ათასი ადამიანი იმედგაცრუებულია. ბევრი მათგანი, მარგინალიზებული და მიტოვებული, ლუკმა-პურის საშოვნელად და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად, შესაძლოა, საოკუპაციო ძალასთან და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტოს.

როგორც ტერაქტების შემსრულებლად მიჩნეული გოგიტა არქანიას ჩვენება ცხადყოფს, მოხალისე ტერორისტსა და მის თანამზრახველებს სწორედ გასამრჯელოს მიღების სურვილი ამოძრავებდათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს (როგორც გალში, ისე ახალგორსა თუ კოდორის ხეობაში), რუსეთის საოკუპაციო ძალებს არც მომავალში უნდა გაუჭირდეთ საქართველოში წყლის ამღვრევის მოსურნე ქართველების მოძიება და სათანადოდ მომზადება.

მეტიც, საქართველოში ვითარების დესტაბილიზების მიზნით რუსეთი მომავალში უსათუოდ გამოიყენებს ჩრდილოეთკავკასიურ აგენტურას და შინნაზარდ დივერსიულ-ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ბევრად უფრო საზარელი ტერაქტების მოწყობა შეუძლიათ, ვიდრე არქანიასა და მის ჯგუფს. და რამდენიც უნდა ამტკიცონ რუსმა დეპუტატებმა, რომ საქართველოში მომხდარ ტერაქტებთან კრემლს ხელი არ აქვს, შუბი ხალთაში არ იმალება.

აჭარაში რუსეთის აგენტურული ქსელის ჩავარდნას, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის მოსალოდნელ აღიარებას, ან საქართველოს გადაქცევას თავისუფალი კავკასიის მედროშედ, რუსეთის სპეცსამსახურები აუცილებლად უპასუხებენ მრავალფეროვანი ძირგამომთხრელი საქმიანობით.

არავის ვაშინებ, მაგრამ საქართველოში, შესაძლოა, განმეორდეს 90-იანი წლების ვითარება, როდესაც საცხოვრებელ სახლებთან თავს ესხმოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს (ნიკა კეკელიძე, გია გულუა, გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი) ან ტერაქტს უწყობდნენ ქვეყნის პირველ პირს.

ერთადერთი იმედი, რომ საქართველოს დესტაბილიზაციის ყველაზე უარესი სცენარი არ განხორციელდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში გაერთიანებული სპეცსამსახურებია. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა შეძლეს სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი ტერაქტების გახსნა; მანამდე გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი აჭარაში. ამისთვის საქართველოს სპეცსამსახურებს ქების სიტყვა ეკუთვნით. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, საქართველოს უსაფრთხოების ძალები უკეთ მოქმედებენ მომხდარი დანაშაულის გახსნისას და ტრადიციულად მოიკოჭლებენ პრევენციაში.

ვერც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში საქართველოს სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს სახელმწიფოსათვის საშიში ქმედების თავიდან აცილება: „ენვერმა“ და მასში მონაწილე ჯაშუშებმა საიდუმლო ინფორმაცია იოლად მიაწოდეს რუსეთის დაზვერვას, ხოლო გოგიტა არქანიამ, ენგურის გავლით, უმტკივნეულოდ შეიტანა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორები თბილისში.

ტერაქტების პრევენცია ძნელი საქმეა და ბოლო ხანს ამის გაკეთება სულ უფრო უჭირთ დასავლეთის თვით ყველაზე გამოცდილ სპეცსამსახურებსაც კი თავიანთი განტოტვილი აგენტურული ქსელებით. მაგრამ მოხალისე ტერორისტი არქანია „ბინძური ბომბებით“ ასე თავისუფლად რომ დასეირნობდა წინ და უკან, ეს უკვე სპეცსამსახურების საქმიანობაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე მეტყველებს.

ბოლო ხანს საქართველოში ბევრი გაკეთდა უსაფრთხოების ძალებისა და სპეცსამსახურების ტექნიკური აღჭურვისა და პირადი შემადგენლობის მომზადებისათვის. მაგრამ მოსალოდნელ საფრთხეებს ბევრად უფრო მძლავრი და სტრუქტურირებული უსაფრთხოების ძალები სჭირდება.

ამ შემთხვევაში შესაძლოა, გასათვალისწინებელი იყოს საპარლამენტო ოპოზიციის რეკომენდაცია, რომლის მთავარი არსი იმაშია, რომ სპეცსამსახურები - კონტრდაზვერვა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი - გამოეყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე სტრუქტურაში გაერთიანდნენ.

საქართველოს სპეცსამსახურში უკვე გაიზარდნენ კადრები, რომლებსაც შეუძლიათ, ურთულეს ვითარებაში, უნარიანად გაუძღვნენ განახლებულ უშიშროების სამინისტროს და უფრო ეფექტიანი გახადონ სპეცსამსახურების საქმიანობა როგორც დანაშაულის ოპერატიულად გახსნის, ისე მისი პრევენციის თვალსაზრისით.

ერთი კაცი, როგორი ფენომენური მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს, აშკარად ვერ გასწვდება ისეთი ვეებერთელა სამინისტროს მართვას, რომელიც აერთიანებს პოლიციის, საზღვრის დაცვისა და სპეცსამსახურების ფუნქციებს. მით უფრო, რომ ეს ერთი კაცი - მინისტრი ვანო მერაბიშვილი - ბოლო ხანს აღარ მალავს პოლიტიკურ ამბიციებს და დიდ დროს ანდომებს საკუთარ პიარსა და ინტერვიუებს მედიასთან (ძირითადად რუსეთის მედიასთან).

„დიდი ძმის“ ხრიკები

ქართულ ენაში გამოთქმა „დიდი ძმა“ არ არსებობს. ძმა შეიძლება იყოს უფროსი, უმცროსი, ტყუპისცალი... მაგრამ ის, რის შესახებაც დღეს უნდა ვისაუბროთ, სწორედ „დიდ ძმას“ ეხება, რომელიც, არავინ იცის, ასაკით ჩვენზე უფროსია, უმცროსი თუ, სულაც, თანატოლი. სინამდვილეში, „დიდი ძმა“ ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანში („1984“) დაიბადა და საერთოდ უასაკოა. მას არ გააჩნია ასაკი, მაგრამ აქვს ფუნქცია: აწესებს თამაშის წესებს; უსმენს და უყურებს ყველას და ყველაფერს; გულგრილია მოთამაშეების მიმართ, მაგრამ, იმავდროულად, სასტიკიც არის, რადგან პასუხისმგებელია საკუთარი წესრიგის აღსრულებაზე.

1999 წლიდან ბევრი ადამიანისთვის სიტყვათა შეთანხმება „დიდი ძმა“ უკავშირდება ამავე სახელწოდების მეტად პოპულარულ რეალურ შოუს, რომლის ნაირსახეობებს ხშირად შეხვდებით ევროპის ქვეყნების და აშშ-ის ტელევიზიებში.

სწორედ ამ შოუების შვილობილია ის სატელევიზიო-გასართობი პროგრამები, რომლებსაც წალეკილი აქვს ქართული ნაციონალური ტელევიზიები: „იმედი“, „რუსთავი 2“ და პირველი არხი.

ერთი შეხედვით, ჩვენი გასართობი პროგრამები არ ჰგავს „დიდ ძმას“ და მათში რაიმე კონცეფციის დანახვა შეუძლებელია. ერთადერთი კონცეფცია ის არის, რომ უამრავმა გასართობმა შოუმ ჩაანაცვლა ხარისხიანი ინფორმაცია, პოლიტიკური დისკუსია და შემეცნებითი გადაცემები. მათი ერთობლიობა ერთგვარი „საზოგადოებრივი ტაზეპამის“ ფუნქციას ასრულებს: ადუნებს და შფოთისგან ათავისუფლებს მაყურებელს.

მაგრამ სინამდვილეში შეუძლებელია, ამდენი შოუ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდეს ერთმანეთს და მაინც უამრავი ფული იხარჯებოდეს ერთი და იმავე ფაბულის სხვადასხვა ინტერიერში განხორციელებისთვის. ცხადია, ეს შემთხვევით ან შეცდომით არ ხდება. ქართული გასართობი პროგრამების ზოგადი ქარგა ასეთია: მოდის სტუმარი და თავის ცხოვრებაზე საუბრობს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მასპინძელი: ნანუკა, ნანიკო თუ ნანკა... მაია, ნინო თუ ვანო... სტუმარი მარტოა და მაყურებელს უამბობს, როგორ იკაფავს გზას ცხოვრებაში, როგორ ებრძვის დაბრკოლებებს, როგორ იმარჯვებს თუ მარცხდება. ადამიანები გვიამბობენ საკუთარი ცხოვრების ისტორიებს და დარწმუნებულები არიან, რომ ყოველი გამარჯვება მათი პირადი უნარ-ჩვევების, მათი ცოდნის დამსახურებაა, ხოლო ყოველი დამარცხება საჭირო უნარ-ჩვევის ან ცოდნის არქონის ბრალია.

ცხადია, ქართული გასართობი პროგრამების ფაბულა „დიდი ძმის“ მიერ არის გააზრებული და დათქმული. ის აკონტროლებს მთელ სივრცეს და მან იცის, რომელმა ხემ რა ნაყოფი უნდა მოისხას. „დიდი ძმის“ ფუნქცია არ არის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოდუნდები და უშფოთველად იცხოვრებ. ეს მხოლოდ ილუზია შეიძლება იყოს, მაგრამ არა – რეალური მიზანი.

მაშ, რა არის მიზანი? თამაშის მთავარი წესის მიხედვით, აკეთებ იმას, რაც გევალება. თანაც, აკეთებ ინდივიდუალურად, პარტნიორების და თანამოაზრეების გარეშე. ზოგჯერ (იშვიათად) ჩაგსვამენ კონკურენტულ, საბრძოლო გარემოში, სადაც პიროვნების გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება; ხან (უფრო ხშირად) გამყოფებენ გარემოში, სადაც უბრალოდ ჰყვები, ტელეგადაცემაში კი არა, სინამდვილეში როგორ ებრძვი ცხოვრებას.

ჩემი შთაბეჭდილებით, „დიდი ძმის“ მთავარი ამოცანა არა ადამიანების მოდუნება და დასვენებაა, არამედ, გაცილებით მეტი – სისტემური პრობლემების გადაწყვეტა პიროვნებების ბიოგრაფიაზე დაყრდნობით; ან, უფრო მოკლედ თუ ვიტყვით: სისტემური წინააღმდეგობების ბიოგრაფიული გადაწყვეტა – რაც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული.

რისთვის არის საჭირო ამდენი ადამიანური ისტორია? თუ დასავლეთის ქვეყნებში „დიდი ძმის“ თოქშოუს მიზანი ინდივიდუალიზმის წაქეზება, პიროვნების გაძლიერება და დაბრკოლებების გადალახვისთვის მომზადებაა, საქართველოში თოქშოუები აღსარებების წყებაა, რომელთა შინაარსი უფრო ადამიანის სისუსტეს და უსუსურობას გვამცნობს, ვიდრე მის სიძლიერეს (აღსარების არსიც ეს არის!).

„დიდი ძმის“ ხრიკებზე მაშინ დავფიქრდი, როცა რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია სუსტია და მისი – როგორც ხელისუფლების საპირწონის – ფუნქცია ძლიერმა, თვითორგანიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. არადა, ასეთი საზოგადოება არ გვაქვს. მიზეზი არაერთია და, მათ შორის, „დიდი ძმის“ ტელეკონცეფციაც: ღია პროპაგანდის გარდა, ტელევიზიებით უწყვეტად ვრცელდება ფარული მესიჯები, რომელთა მიზანი პიროვნებებზე და მათ სისუსტეებზე მაყურებლის კონცენტრაციაა. და თუ საინფორმაციო პროგრამებს მაყურებელი თითქმის შემოეცალა, გასართობ შოუს ბევრ ოჯახში და ბევრ არხზე უყურებენ. ის ფაქტი, რომ სისტემურ პრობლემებს ადამიანი თავისი უნარებით და ცოდნით უნდა ებრძოლოს (და დამარცხდეს!), მეტისმეტად აძნელებს კონსოლიდაციის და თვითორგანიზაციის მუხტის გაჩენას; აძნელებს ერთობლივ ძალისხმევას სისტემური პრობლემების სისტემურ დონეზე გადასაჭრელად.

დღეს საქართველოში ორი საზოგადოებრივი სივრცეა: პირველი – თავისუფალი (სოციალური ქსელები და ბლოგები), რომელიც ადამიანების ვირტუალური შეკრების და ვირტუალური ბრძოლის ადგილია; მეორე – არათავისუფალი – „დიდი ძმის“ მიერ გაკონტროლებული ტელესივრცე, სადაც ადამიანი მარტოა საკუთარი და ქვეყნის პრობლემების პირისპირ. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმ კანონზომიერების აღმოჩენას, რომ პირველი სივრცის აქტიური წევრები არასოდეს ხვდებიან მეორეში და – პირიქით. თუმცა, ეს არაფერს ცვლის, რადგან, ჯერჯერობით, ორივე სივრცე თითქმის ერთნაირად უნაყოფო და უსარგებლოა საზოგადოების გასაძლიერებლად, მისი წევრების შესაკავშირებლად.

ქართულმა საზოგადოებამ ვერ გამოიჩინა უნარი, დაძლიოს, ერთი მხრივ, ვირტუალური სამყაროს მიზიდულობა, მეორე მხრივ, „დიდი ძმის“ გავლენა და შექმნას ახალი, ჰორიზონტალური, ღია, დისკუსიებით დახუნძლული რეალური გარემო. ბუნებრივია, იმპულსი ასეთი სივრცის შესაქმნელად ვერ გაჩნდება „დიდი ძმის“ გავლენის წიაღში – თოქშოუების მრავალათასიან აუდიტორიაში.

შეძლებენ თუ ვერა დღის სინათლეზე გამოსვლას ბლოგერები და ფეისბუკელები? შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული საზოგადოების გაძლიერების ყველაზე სწრაფი და რეალური პერსპექტივა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG