Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

1982 წელს XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ხელოვანმა, იოზეფ ბოისმა წარადგინა თავისი ბოლო დიდი პროექტი, რომელიც შვიდი ათასი მუხის ნერგის დარგვას ითვალისწინებდა. ამ არტპროექტის ადგილად შეირჩა გერმანიის ქალაქი კასელი, სადაც 1955 წლიდან თავად ბოისის თანამონაწილეობით დაარსებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტფესტივალი „დოკუმენტა“ ტარდება. ბოისმა თავის ამ გიგანტურ პროექტს Stadtverwaldung statt Stadtverwaltung დაარქვა, რაც ქართულად რომ ვთარგმნოთ, „ქალაქის გატყევება ქალაქის მართვის ნაცვლად“ გამოვა. Stadtverwaldung ბოისის გამოგონილი სიტყვაა, რომელიც სიტყვის თამაშითაა ნაწარმოები არსებულ ტერმინ Stadtverwaltung-ისგან, რაც ქალაქის მმართველობას ნიშნავს. ბოისის განმარტებით, ეს უნდა ყოფილიყო ხელოვნების მეშვეობით ბუნების ინტერვენცია ქალაქში, რაც მიზნად ურბანული სივრცის თვისებრივ გარდაქმნას ისახავდა. ამისათვის ხელოვნება უნდა შეჭრილიყო პოლიტიკურ სივრცეში და მმართველობა „გატყევებით“ შეეცვალა. ხელოვნების სუბვერსიულობა, მისი დამამხობელი ბუნება სწორედ ამ სახის ჩანაცვლებაში მჟღავნდება: ძალაუფლებისა და მართვის უსულო მექანიზმების ადგილს ცოცხალი ორგანიზმი, ვეგეტაცია იკავებს.

ხელოვნება არ მართავს. ხელოვნების დანიშნულება არაა მართვა-გამგეობა და ხელმძღვანელობა. ხელოვნება მმართველთათვის და სამართავად არ იქმნება. იქ, სადაც მართავენ და იმართებიან, ხელოვნებას არაფერი ესაქმება, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნებას მხოლოდ განსაზღვრული სივრცე და ტერიტორია ჰქონდეს, საიდანაც მას გასვლის უფლება არ ექნებოდა. პირიქით, ის იმდენად არის სუვერენული, რამდენადაც ტერიტორიებისგან დამოუკიდებლად არსებობს და ერთ რომელიმე კულტურულ, პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ სოციალურ სივრცეზე არაა მიბმული; ის ყველგანაა და, ამავე დროს, არსად. თუ ხელოვნება ერთ სივრცეში შესახლდა და დამკვიდრდა, ის კარგავს თავის სიცოცხლისუნარიანობას და, უკეთეს შემთხვევაში, უსულო სამომხმარებლო საგნად გადაიქცევა, რომელსაც მმართველები შეიძენენ და საკუთარ სამმართველოებს მორთავენ საკუთარი ძალაუფლების და ყოვლისშემძლეობის ნიშნად; უარეს შემთხვევაში კი თავად გადაიქცევა მართვის და მანიპულაციის იარაღად.

ხელოვნების „ძალაუფლება“ ძალაუფლების არქონა და მისი არსაჭიროებაა. ძალაუფლება ძალაზე, ძალის გამოყენებაზე, ძალადობაზე ლეგიტიმური უფლებაა. ესაა უფლება, მართო სხვები და მათ სამართავად გამოიყენო ძალა, რომელიც მმართველს სხვების მართვით ეძლევა, როდესაც რაღაც, რაც მას საკუთარი უნარებითა თუ გამბედაობით არ გააჩნია, სხვებზე ძალის გამოყენების უფლებით იღებს. ამდენად, მმართველის ძალა სხვისი ძალაა, იმათი, ვინც მას ამ ძალას ანიჭებს მათზე ძალადობის უფლებით. შესაბამისად, ძალაუფლება „დამიწებულია“ და მისი გავრცელების რადიუსი შემოსაზღვრული. ის მამრ ცხოველს ჰგავს, რომელიც, როდესაც ჯოგის მეთაური ხდება, თავის სამფლობელოს, საკუთარი პირველობის გავრცელების არეალს მოშარდვით მონიშნავს და შემდეგ თავისი შარდის სუნით შემოსაზღვრულ სივრცეს იცავს, რათა მასზე დაქვემდებარებული ჯოგის სხვა წევრებზე ძალადობაში არავინ შეეცილოს. შარდის სუნი მმართველობის პირველსახეა, მისი მატერიალური დასტური და რამდენი სუნამოთი თუ ნელსაცხებლითაც უნდა აპატიოსნო, ძალაუფლების და მართვის პრინციპი უცვლელი დარჩება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დემოკრატიულ მმართველობაში ადამიანები თავად ირჩევენ შარდის სუნს.

მართვა-გამგეობისგან განსხვავებით, რომელიც თავისი გავრცელების არეალითაა შემოსაზღვრული და სამართავ ობიექტებზე დამოკიდებული, ხელოვნება თავად ირჩევს სივრცეებს, სადაც ის დაუპატიჟებლად შეიჭრება და თუნდაც მცირე დროით ძალაუფლების არეალი, მთელი თავისი მმართველობითი წესრიგით, წყობიდან გამოჰყავს. ხელოვნების ძალა მისი სუვერენულობაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ ისაა აღმატებული ყველა ლეგიტიმურ ძალაზე, რომლებიც იმდენად არიან ლეგიტიმური, ანუ კანონიერი, რამდენადაც მათ ძალის უფლება სხვა ინსტანციისაგან, - იქნება ეს ღმერთი, ხალხი თუ კანონმდებლობა, - აქვთ დროებით მინიჭებული. ხელოვნების ძალა კი ავტონომიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საკუთარ ძალას თავადვე წარმოქმნის და არცერთ გარე ენერგომატარებელზე არაა დამოკიდებული. მისი ძალის სუვერენულობა, ანუ აღმატებულება ყველა სხვა ძალაზე, ხელოვნების იმ უნარში ვლინდება, რომლითაც მას სამყაროში მოცემული ყველა არსებული კონვენციური ნიშნის შეცვლა, დამკვიდრებული წესრიგის ყირაზე დაყენება შეუძლია, თანაც ძალის, ძალადობის გამოყენების გარეშე; ხელოვნების უნარია, შეიჭრას სხვის ტერიტორიაზე, გაარღვიოს ძალაუფლების შარდით მარკირებული ხაზი და თავად მმართველებიც საკუთარ თამაშში ჩაითრიოს, თუნდაც რამდენიმე წუთით ხელოვნების ნიმუშებად აქციოს.

ამგვარი უნარების განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გამორჩეულია XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩენილი აქციონისტური ხელოვნება, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები უკვე ხსენებულ იოზეფ ბოისთან ერთად, ამერიკელი პოეტი ალენ გინზბერგი, ვიდეოარტის გამომგონებელი ნამ ჯუნ პაიკი, „ვენის აქციონიზმის“ შემქმნელი ჰერმან ნიჩი თუ ნიუ-იორკში მცხოვრები სერბი მარინა აბრამოვიჩი არიან. აქციონისტურ ხელოვნებას არც რამე განსაზღვრული ფუნქცია და ჩარჩოები არ გააჩნია და ცალკეულ აქციონისტ ხელოვანთა მიზნები და ინტერესებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეიძლება იყოს. თუ, მაგალითად, ალენ გიზბერგს 1967 წელს ვაშინგტონში ჩატარებული ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციით, როგორც თვითონ თქვა, პენტაგონიდან დემონების განდევნა უნდოდა, ჰერმან ნიჩი სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალების ინსცენირებებით ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ძალადობისა და სისხლისღვრის არქეტიპების გაგებას ცდილობს. აქციონისტური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პოლიტიკურად სკანდალური ნიმუშია რუსული პანკჯგუფის, Pussy Riot-ის „პანკური ლოცვა“ მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში 2012 წელს, როდესაც ამბიონზე შემომდგარმა ხუთმა შენიღბულმა გოგონამ შეასრულა რუსული საგალობლის, „ღვთისმშობელო, ქალწულოს“ გადაკეთებული ვერსია, რომელშიც ისინი ღვთისმშობელს პრეზიდენტ პუტინის განდევნის თხოვნით მიმართავდნენ. ამით Pussy Riot-მა მოახერხა რუსეთის ძალაუფლების საკრალურ ინსტრუმენტს თავს დასხმოდა და ის, ლიტურგიის იმიტაციით, ძალაუფლების წინააღმდეგვე მიემართა.

აქციონისტური ხელოვნების პოლიტიკური ქმედითუნარიანობა მის პროვოკაციულ ბუნებაშიცაა, რომელიც, პირველ რიგში, მმართველობის, ძალაუფლების პროვოცირებისკენაა მიმართული. უტერიტორიო ხელოვნება იჭრება იქ, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელიან და, თუნდაც რამდენიმე წამით, მოკლე ჩართვას იწვევს, მმართველებს ხელოვნების ობიექტებად გარდაქმნის და სანახაობის ნაწილად აქცევს. ასეთი აქციონისტური ხელოვნების ყველაზე წარმატებული ქართული ნიმუში 2014 წლის 25 მარტს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გათამაშდა, როდესაც პოეტი და აქციონისტი ხელოვანი გიორგი ხასაია კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე შეიპარა და შუა დისკუსიის დროს ჩართულ მიკროფონში ზურაბ ქარუმიძის რომანის „მელია-ტულეფია Foxtrot“-ის კითხვას შეუდგა. რამდენიმე წამით უმაღლესი საკანონმდებლო ინსტანციის ყველაზე მეტად კანონმცოდნეთა კომიტეტი სახელოვნებო სივრცედ გადაიქცა, კანონმდებლობას ხელოვნება ჩაენაცვლა. ხელოვნება ვირუსივით შეიჭრა მმართველობის ტერიტორიაზე და ძალაუფლების სერიოზულობა ყირაზე დააყენა, ხოლო ძალაუფლების რეპრეზენტანტებს წაართვა მათი მმართველობითი ფუნქცია და ხელოვნების ობიექტებად გარდაქმნა. თუ ამ აქციის ჩანაწერს დავაკვირდებით, ყველაზე შთამბეჭდავი კანონმდებელთა შეცბუნებული სახეებია, რომლებიც, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც ლუის ბუნუელის ფილმში („ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“), თეატრალურ სცენაზე აღმოჩნდნენ და იმ როლების შესრულებას შეუდგნენ, რომელიც მათ გიორგი ხასაიამ მისცა.

რაც შეეხება გიორგი ხასაიას აქციის კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს, ის იყო რეაქცია მწერალ ზურაბ ქარუმიძის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე, რომელიც გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ წამოიწყო და მას მმართველი კოალიციის დეპუტატ სოსო ჯაჯვლიანის ქარუმიძისადმი შეურაცხმყოფელი განცხადება მოჰყვა. ამისი საბაბი კი ზურაბ ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ნომინირება იყო. ქარუმიძის საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი კი აღმოჩნდა მისივე რომანი „მელია-ტულეფია Foxtrot“-ი, რომლის ავტორსაც გაზეთმა და დეპუტატმა გარყვნილებაში დასდეს ბრალი. დეპუტატი წინააღმდეგია მწერლის ელჩად დანიშვნისა იმ მიზეზით, რომ არ მოსწონს მისი რომანი. საკანონმდებლო ძალაუფლების წარმომადგენელი საკუთარ კომპეტენციად მიიჩნევს ხელოვნების შეფასებას და მას პოლიტიკური გადაწყვეტილების არგუმენტადვე იყენებს. დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომლის ინტელექტისათვისაც თანაბრად უცხოა როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე კანონმდებლობა, ძალაუფლების პირველყოფილ, შეულამაზებელ ვარიანტს განასახიერებს: მას მინიჭებული აქვს უფლება ძალაზე და ისიც ევოლუციის საკუთარი საფეხურიდან დემონსტრირებს თავის ძალაუფლებას. სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი გაზეთი „ასავალ-დასავალი“, რომელიც ქართულ მედიაში გარდა ობსკურანტიზმის, ცილისმწამებლობისა და ყოველგვარ ეთიკას მოკლებულობის ნიმუშისა, ყველა სახის პერვერსიული და პათოლოგიური ფანტაზიების თაიგულიცაა, მთავარ მორალურ ინსტანციად წარმოადგენს თავს. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური რეალობა, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯაჭვლიანი და „ასავალ-დასავალი“ წარმოადგენენ, იმდენად პერვერსიულია, ისე შორსაა გადახრილი ყოველგვარი ჯანსაღი ფსიქიკიდან და კეთილგონიერებიდან, რომ დღეს საქართველოში არცერთ მწერალსა თუ ხელოვანს ფანტაზია არ ეყოფოდა ისეთი გარყვნილების მოსაფიქრებლად, რომელიც ამ რეალობის ტოლფასი იქნებოდა. პერვერსიულ ფანტაზიათა შეთხზვასა და რეპროდუქციაში თანამედროვე ქართული მწერლობა და ვიზუალური ხელოვნება უძლურია, კონკურენცია გაუწიოს თანამედროვე საქართველოში ძალაუფლების სამ მთავარ შტოს, – პოლიტიკურ ფუნქციონერებს, მედიას და ეკლესიას, – რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა მათთვის უკანასკნელ არაკონტროლირებად სფეროში, ხელოვნებაში სცადონ შეჭრა და ნორმატივების დაწესება.

ძალაუფლების ამ ტრიადას ერთი სუსტი წერტილი აქვს: რამდენადაც ისინი მუდამ შეტევაზე იმყოფებიან და მხოლოდ აგრესიით შეუძლიათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, დაუცველი რჩებათ საკუთარი სივრცე, აი ისეთი, ცხოველთა ჯოგში ყოჩ მამრ ცხოველს რომ აქვს საკუთარი შარდით მონიშნული. გიორგი ხასაიამ სწორედ ეს სუსტი ადგილი უპოვა და თავისი სრულიად მშვიდი და უმანკო ჟესტით ძალაუფლების სივრცეში მოკლე ჩართვა გამოიწვია.
ჩვენს პოლიტიკურ რეალობაზე, განსაკუთრებით კი ძალაუფლების ვერტიკალზე ფიქრის თუ წერის მცდელობისას ეს ბოლო ხანებია, უცნაური განცდა მიპყრობს - დამაბნეველი შეგრძნება, რომ ვითარება თვისებრივადაა შეცვლილი, მაგრამ ამავდროულად უცვლელი რჩება. ამას ემატება აღქმა, რომ ძალაუფლების სტრუქტურა და მოქმედება სულ უფრო ნაკლებად იძლევა მკაფიო აღწერის საშუალებას. რაღაც-რაღაცეებს ინტუიციით კი კარგად ვხვდებით, მაგრამ მტკიცებითი ფორმით განცხადებების კეთებისთვის საკმარისი სიცხადე არ გვაქვს. და ეს, როგორც იტყვიან, "ობიექტური მოცემულობითაა" განპირობებული.

ამ გადასახედიდან უწინდელი სიტუაციის აღწერაც და კრიტიკაც ძალიან იოლი ჩანს. წინა წლების - „ცხრა წლის“ - განმავლობაში ვიცოდით, რომ ვერტიკალის სათავეში პრეზიდენტი და მისი რამდენიმე ახლო მოკავშირე იყვნენ მოქცეულნი და მათ ხელში კონცენტრირებულ, უზარმაზარ და შეუზღუდავ ძალაუფლებას ისე იყენებდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ. ხომ გახსოვთ, როგორ მანტრასავით ვიმეორებდით ისედაც გაცვეთილ ფრაზას - რომ ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად? რამდენს ვმსჯელობდით ქვეყნის მართვის არაფორმალურ სისტემაზე, რომელიც გამორიცხავდა ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლის პრინციპს და პრეზიდენტის ნებაზე და გადაწყვეტილებებზე იყო მორგებული?

ახალ ვითარებაში კი სწორედ ძალაუფლების ეს ვერტიკალი დაფარა ნისლმა. პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური “წასვლის” შემდეგ ხელისუფლებაზე მისი გავლენა არაფორმალური და ბუნდოვანი გახდა; შესაბამისად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ადგილიც გაურკვეველი რჩება. პოლიტიკური ელიტა ამ საკითხზე დიდი ვნებით, მაგრამ ექსკლუზიურად პოლიტიკური მიკუთვნებულობით მსჯელობს - ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვაზე არანაირ ჩრდილოვან გავლენას არ ახდენს და რომ ის „თავისუფალი მოქალაქეა“; ოპოზიცია კი გვარწმუნებს, რომ იგი ქვეყნის არაფორმალურ და ერთპიროვნულ მმართველად რჩება (და არგუმენტს ამყარებს გამანადგურებელი ფრაზით - „როგორც ლიბიაში მუამარ კადაფი იყო“).

ამ კატეგორიული განცხადებების მიღმა კი ჩვენთვის - რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასკვნების გამოტანას დამოუკიდებლად ვცდილობთ - გაურკვეველი რჩება ის, თუ ვინ, რამდენად, როდის და როგორ უთანხმებს ივანიშვილს სხვადასხვა საკითხს; ან თავად ივანიშვილი რამდენად, რა სიხშირით თუ ფორმით ითხოვს ჩარევას ქვეყნის მართვის პროცესებში.

არაფორმალური ძალაუფლების წახნაგები
არადა ამ კითხვებზე პასუხების ცოდნას ნამდვილად ვიმსახურებთ. ვარაუდი, - ან, დიპლომატების საყვარელ ენაზე რომ ვთქვათ, “ლეგიტიმური შეშფოთება,” - რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვაში მონაწილეობას განაგრძობს, ჩვენს რეალობაში თვისებრივად ახლებური გაუმჭვირვალობის შემოსვლას ნიშნავს. პოლიტიკური ფორმულებით მოლაპარაკე თავები ამაზე იტყოდნენ, რომ ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც წინა მთავრობის პირობებში ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს ჰქონდა უზურპირებული, კვლავ ძველებურად არაფორმალურად მუშაობს, ოღონდ მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ ახლა საერთოდ გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. შესაბამისად, მოქმედი - უფრო ზუსტად კი, „ხილული“ - პოლიტიკური ლიდერების უფლებამოსილების, ანგარიშვალდებულების და დამოუკიდებლობის საკითხები საგანგაშოდ ბუნდოვან კონტურებს იძენს.

ასეა თუ ისე, ფაქტია - ივანიშვილი, თავისი ძალაუფლებიდან, კაპიტალიდან, ისტორიიდან და კავშირებიდან გამომდინარე, უბრალოდ ობიექტურად ვერ იქნება ამ მთავრობისგან დისტანცირებული და დამოუკიდებელი ფიგურა, ამის გულწრფელი სურვილი და მიზანი რომც ამოძრავებდეს. ეს ჩვენზე კარგად იციან თავად ხელისუფლების წევრებმა, მაგრამ ამ კომპლექსური და საკმაოდ უხერხული სიმართლის თქმა რთული ამოცანაა და გამბედაობასა და სწორი ფორმულირების მოძებნას საჭიროებს. რასაკვირველია, მთავრობისთვის გაცილებით ადვილია წარბშეუხრელად გვიმტკიცოს, რომ ივანიშვილი ახლა სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს და რომ მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა საქართველოში არც მეტი, არც ნაკლები, “პოლიტიკური კულტურის” განვითარებას წაადგება. ეს მაშინ, როცა ივანიშვილის მიერ ჯერჯერობით ბოლო, ვრცელ ტელეინტერვიუში გაკეთებული განცხადებები ძალიან შორს იყო არსობრივი კრიტიკისგან და ბრაზიანი დირექტორის ინტონაციას უფრო მოგვაგონებდა. არა მგონია პოლიტიკური კულტურის განვითარებას დიდად შეუწყოს ხელი ისეთმა შეფასებებმა, როგორებიცაა “მინისტრები ‘კარგებად’ და ‘ძალიან კარგებად’ დავყავი”; “პრეზიდენტმა ხასიათი გამოავლინა, მე უკეთესს ველოდი”; ან “პრემიერ-მინისტრი ჩემს თავს მაგონებს, არ საჭიროებს რამდენჯერმე გამეორებას”.

მაგრამ რას ვიზამთ. ხელისუფლების მხრიდან ჩვენთან ისე ლაპარაკს, თითქოს ბავშვები ვიყოთ, მიჩვეულები ვართ. კარგად გვახსოვს, წინა მთავრობა როგორი ჟინით გვიყვებოდა ზღაპრებს ქვეყნის კეთილ და მოდერნიზატორ მმართველებსა და მათთან დაპირისპირებულ, ბოროტ და ჩაშმორებულ მუმიებზე. და, ამგვარად გამობრძმედილები, როგორმე იმ ახალ ზღაპარსაც გავუძლებთ, რომელშიც ივანიშვილი მთავრობაზე კულუარულ გავლენას საერთოდ არ ახდენს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ააღორძინებს და პოლიტიკური კულტურა აჰყავს თვისებრივად ახალ საფეხურზე.

რეაქტიული პოლიტიკის ტყვეობაში
თუმცა, ძალაუფლების ვერტიკალის გაბუნდოვანება კიდევ არ არის დღევანდელი ხელისუფლების ძირეული პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე სირთულეს სხვაგანაც ვხედავ - ზოგადი პერსპექტივის, კომპეტენციის, პროფესიონალიზმის, ღირებულებითი ორიენტირის, პოლიტიკური გაბედულების ნაკლებობაში; იმ ერთიანი, ძლიერი და პოზიტიური ხედვის არარსებობაში, რომელიც აუცილებელია ქვეყნის წარმატებულად გაძღოლისთვის - მით უმეტეს ისეთ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება როგორც საშინაო, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის მეორე წლისთავზე მოქმედი მთავრობის მთავარ საიდენტიფიკაციო ღერძად რჩება წინამორბედისგან გამიჯვნა, მისი მანკიერების ხაზგასმა და საკუთარი უპირატესობის ამ გზით წარმოჩინება. ნაციონალური მოძრაობა კანონს უხეშად უგულებელყოფდა - ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ; ნაციონალური მოძრაობა ტელევიზიებს პროპაგანდის რუპორად იყენებდა - ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ; ნაციონალური მოძრაობა პატიმრებს აწამებდა - ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ. ეს ნაბიჯები ჯერჯერობით ეფექტურია - მოქალაქეებს კვლავაც არ განელებიათ წინა წლების ძალისმიერი პოლიტიკით მიღებული ტრავმები და დაღლილობა და, რომც გაუნელდეთ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამას მყისიერად შეგვახსენებენ, თავიანთი კონფრონტაციული რიტორიკით და უკიდეგანო ეგოცენტრიზმით (აგერ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საერთოდ მორალური სიმდაბლის ახალ ნიშნულზე დაეცა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ტელეინტერვიუში ზურაბ ჟვანიას ქვრივზე ჭორაობით, რაზეც ახლა ნამდვილად არ ვაპირებ შეჩერებას). მაგრამ სანამ ამგვარი რეაქტიული დამოკიდებულება სახელისუფლო პოლიტიკის ძირითად ბირთვად დარჩება, შორს ნამდვილად ვერ წავალთ.

მით უმეტეს მაშინ, როცა წინა ხელისუფლების ლამის რიტუალური დაგმობის თუ კრიტიკის მიუხედავად, ახალ რეალობაში განვითარებული არაერთი პროცესი თუ მოვლენა კვლავაც აღგვიძრავს უსიამოვნო მოგონებებსა და ეჭვებს. ბოლო ხანებში ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თავზარდამცემი ამბავი მოხდა - დათა ახალაიას საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შალვა თათუხაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება და ოჯახის მტკიცება, რომ მას პროკურატურა სასურველ ჩვენებას წამებითა და დაშინებით გამოსძალავდა. ამ საქმეს თუ ნათელი მყისიერად არ მოეფინება, და თან აუცილებლად დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ყველაფერი აზრს დაკარგავს. ეს იქნება ცალსახა ნიშანი, რომ რეალურად მართლაც არაფერი შეცვლილა და რომ კიდევ ერთხელ დავადექით ძალადობის, უსამართლობისა და თავაშვებულობის მანკიერ გზას.

განვლილ „ცხრა წელთან“ ასოციაციებს სხვა ფაქტორებიც იწვევს. პოლიტიკური ოპონენტების საქმეებიდან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მასალების პერიოდულად ინტერნეტით გავრცელება - ისე, რომ გამავრცელებლის ვინაობას ვერასოდეს ვიგებთ - აღძრავს ეჭვებს, რომ ადმინისტრაცია მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას ისევ ძველი მეთოდით, კომპრომატებით და სკანდალის გამოწვევით ცდილობს; საყდრისში ოქროს უძველესი მაღაროს განადგურების საფრთხის ქვეშ დაყენება მოწმობს, რომ გრძელდება უდიერი და დესტრუქციული მოპყრობა კულტურულ მემკვიდრეობასთან; ახალი და ჭეშმარიტად შოკისმომგვრელი პროექტი “პანორამა თბილისი” აჩვენებს, რომ მმართველი ელიტა ჩვენს ქალაქს კვლავ თავის სათამაშოდ აღიქვამს. ქალაქის ცენტრის და ისტორიული უბნების იერსახის ძირეულად და შეუქცევადად შეცვლა ისე გადაუწყვეტიათ, რომ ჩვენთვის - მოსახლეობისთვის - ფორმალურადაც კი არ უკითხავთ აზრი.

არადა, ნაციონალური მოძრაობის პირობებში თითქოს როგორ დავიღალეთ წინსვლის და განვითარების გაიგივებით შუშის ბრჭყვიალა ფასადებთან და “გრანდიოზულ” პროექტებთან, რომლებსაც რიგითი მოქალაქეებისთვის არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა და მხოლოდ ელიტებისთვის განკუთვნილ სიამოვნებად რჩებოდა. დაგეგმილი ოთხი გიგანტური ბიზნესცენტრი, ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგიროებით და “დახრილი ლიფტებით”, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ამ მიდგომის გაგრძელება - და თანაც უპრეცედენტოდ მასშტაბური და უხეში ფორმით.

უნაყოფო დაძაბულობა
ალბათ სწორედ ასეთი ფონის გამო, პირადად მე დიდწილად გულგრილი დავრჩი იმ ანალიზის თუ ვარაუდების მიმართ, რომლებიც ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს მოჰყვა. რომ ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის გამოკვეთილი კონფლიქტი პრეზიდენტს დამოუკიდებელ ფიგურად ქცევის შანსს აძლევს; რომ ახლა შესაძლოა ხელისუფლებაში ძალების გადაჯგუფება გააქტიურდეს; რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალაუფლებრივი კონფრონტაცია ღრმავდება და ა.შ. და ა.შ. კი, ხელისუფლების რიგებში გარკვეული კონფლიქტის კონტურები მართლაც იკვეთება და ისიც აშკარაა, რომ მთავრობის წევრთა ნაწილი პრეზიდენტს დიდი სითბოთი და სიმპატიით არ უყურებს. მაგრამ არა მგონია, ამ შიდა დაძაბულობამ რაიმე თვისებრივი გარღვევა მოგვიტანოს ქვეყნის მართვის ან ღირებულებითი დისკუსიის თვალსაზრისით.

ამ ბოლო პუნქტში - ღირებულებების სფეროში - საქმე განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება. მართლა არ ვიცი, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს, როცა მთელ ჩვენს მრავალფეროვან და წარმომადგენლობით მმართველ კოალიციაში ერთი პოლიტიკოსიც კი არ მოიძებნა, რომელიც წინ აღუდგებოდა მათი კოლეგის, სოსო ჯაჭვლიანის უზნეო და შავრაზმულ გამოხდომას მწერალ ზურაბ ქარუმიძის წინააღმდეგ. (ჩემთვის ცნობილი ერთი თუ ორი მოკლე კომენტარი ქარუმიძის პიროვნული თვისებების ქებით შემოიფარგლა და მის წინააღმდეგ დაწყებულ ობსკურანტულ კამპანიას არ შეხებია). მეტიც, არსებობს ვარაუდი, რომ მთავრობამ ქარუმიძის თაობაზე საკადრო გადაწყვეტილება სწორედ ჯაჭვლიანის და „ასავალ-დასავალის“უმსგავსობის გამო შეცვალა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვენს რეალობაში უკვე გაუმარჯვია უვიცობას, ამორალობას და სიბნელეს, და ყველა განცხადება, რომ „ქართულ ოცნებაში“ შემავალ არაერთ ფაშისტოიდს „პროგრესული“ ძალები გადაწონიდნენ, ილუზია და ტყუილი ყოფილა.

სწორედ ამგვარ, პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებზე უკანდახევა და გაბედულების ნაკლებობა აღძრავს ეჭვს, რომ ხელისუფლების რიგებში „გადაჯგუფება“ არ, და ვერ გასცდება არაარსებით ბრძოლას ლოკალური გავლენისათვის. საჯარო სივრცეში ეს კონფლიქტი ალბათ მომავალშიც დაახლოებით ისეთი საკითხებით წარმოჩინდება, როგორებიცაა, მაგალითად, პრეზიდენტის მხრიდან რეზიდენციაში შესვლის მიზანშეწონილობა, ან ის, თუ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ვისი ხელმოწერა უნდა იყოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ძალიან მეეჭვება, ივანიშვილის, მარგველაშვილის და ღარიბაშვილის ურთიერთობათა ცვალებადმა კონფიგურაციამ ან ხელისუფლების დანაწილების საჭიროებაზე სიღრმისეულ დისკუსიას მისცეს ბიძგი, ან, მით უმეტეს, ქვეყნის მომავლის შესახებ ხედვებისა თუ იდეების კონკურენციას.

არადა ასეთი ხედვის ქონა ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მგონია. მესმის, რომ ჯერაც გამოყოლილი გვაქვს ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული, ზედაპირული და ზემოდან-ქვემოთ მიმართული მოდერნიზატორული პროექტით გამოწვეული დაღლილობა (პროექტით, რომელიც საწყის ეტაპზე ალბათ მოიცავდა თავისებურ ხედვას, თუმცა ძალიან მალე შევიდა უძრაობის, თავაშვებულობის და გაშიშვლებული ძალადობის ფაზაში). მაგრამ ამ დაღლილობამ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ სიღრმისეული ცვლილებები აღარ გვესაჭიროება. თანმიმდევრული რეფორმები აუცილებელია ყველგან - ქვეყნის მართვის, ქალაქების დაგეგმარების, სამართლის, განათლების, ღირებულებების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში; ხოლო ასეთ კომპლექსურ ტრანსფორმაციას ხელისუფლების რიგებში მცირედი გადაჯგუფებები და არაარსებით საკითხებზე კონფლიქტები კი არა, კომპეტენცია, პოლიტიკური ნება და გაბედული გადაწყვეტილებების მიღების უნარი ესაჭიროება.

ხედვის გარეშე
სწორად გამიგეთ - ლიდერებს შორის ერთიანი ხედვის თუ ნების საჭიროებისთვის ხაზგასმა არც „ძლიერი ხელის“ სურვილს ნიშნავს და, მით უმეტეს, არც ზემოდან-ქვემოთ მიმართული სოციალური ინჟინერიისკენ მოწოდებას. მეტიც - პირადად მე საერთოდ არ მწამს მოსაზრების, რომ ინდივიდებს შეუძლიათ ძირეული და პროგრესული სოციალური ტრანსფორმაციის გამოწვევა. საზოგადოების რეალურ წინსვლას „ქვემოდან“ წამოსული, კოლექტიური ქმედება განაპირობებს - სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ჩაგვრის მსხვერპლი ჯგუფების ბრძოლა უფლებებისთვის. მაგრამ ეს ბრძოლა ხელშესახებ შედეგს ვერ მოიტანს, თუკი ლიდერებს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხების გარჩევის უნარი და სამართლიანობის მკაფიო ხედვა არ ექნებათ.

იქ, სადაც ხედვა არ არის, ადამიანები იღუპებიან - ასე ჟღერს ბიბლიური ფრაზის თავისუფალი თარგმანი. და ჩვენს რეალობაში ეს ფრაზა ზედმიწევნით რეალისტურ ელფერს იძენს. 19 მარტის ღამით, როცა ტელეეკრანებზე ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ გადიოდა, აქტივისტები დიდხანს და უშედეგოდ ეძებდნენ თავშესაფარს ორი ბავშვისთვის, რომლებსაც ერთმანეთთან ჩახუტებულებს ეძინათ ცივ ქუჩაში. ორი დღის შემდეგ, 21 მარტს, კიდევ ერთხელ იჩინა თავი შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულმა უმძიმესმა პრობლემებმა - ჭიათურაში ქარხნის დემონტაჟის დროს 33 წლის მუშა, ლაშა გურული დაიღუპა. ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 27 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველწლიურად სამასი ბავშვი იღუპება კვების დეფიციტის გამო, სახელმწიფოს კი ჯერაც არ აქვს შემუშავებული საარსებო შემწეობა, რომელიც კონკრეტულად ბავშვებზე იქნებოდა მიმართული.

უსამართლობა იმდენად მასშტაბურია, რომ მას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის ცალკეული, დადებითი და შიგადაშიგ პოპულისტური ელფერის მქონე ინიციატივები (ზამთრის თვეებში უსახლკაროთათვის სახელდახელო კარვების აგება იქნება ეს თუ ჯანმრთელობის დაზღვევის გაფართოება). რეალური და შეუქცევადი ცვლილების მოსახდენად მკაფიო პერსპექტივის ქონაა საჭირო. ხედვის, რომელიც ჩვენი ხილული, ჩრდილოვანი, არჩეული თუ დანიშნული ლიდერების რიგებში მწვავე დეფიციტად რჩება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG