Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 24 სექტემბერი 2014

15 სექტემბერს ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „კვირის პალიტრას“ საკმაოდ ვრცელი, თითქმის საათნახევარიანი ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუში ბევრი სწორი და არასწორი აქცენტი დაისვა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება მაინც იმან მიიქცა, თუ რამდენად ქვემოთ ჩამოვიდა ივანიშვილის დაპირებები. ამ ინტერვიუში იგი ლაპარაკობს იმაზე, რომ მისი მთავრობის მთავარი მიღწევები პოლიციის დეპოლიტიზაცია და ადამიანის უფლებების ხელშეწყობაა (ორივე რეფორმის უკან დიდი კითხვის ნიშნები დგას, სამწუხაროდ), მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერს ლაპარაკობს იმაზე, თუ რა დაპირებებით მოვიდა ეს მთავრობა ხელისუფლებაში.

ბიძინა ივანიშვილის ერთი ყველაზე მთავარი დაპირება, რომლის შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა ჰქონდა დაწესებული, 2013 წლის ბოლოსთვის 60 ქარხნის აშენება იყო. 2013 წლის 30 მაისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოახერხოს და წლის ბოლომდე მინიმუმ 60 ქარხანა ააშენოს. იმავე წლის 3 ივლისს კი პრესკონფერენციაზე დაამატა, რომ 60-ის ნაცვლად 100 ქარხანა აშენდება. არანაირი ინფორმაცია დაპირებული 60 თუ 100 ქარხნის შესახებ არ არსებობს, თუმცა თავად ივანიშვილს ამაზე პასუხის გაცემა არ მოუწია, რადგან 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.

ამ ქარხნების და სხვა პროექტების შესახებ ივანიშვილი არც ახლა აკეთებს რამე კომენტარს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ქართველ ამომრჩეველს არარეალისტურად მაღალი მოლოდინები აქვს ხელისუფლების მიმართ. სწორედ ამის და კიდევ სხვა რამეების საპასუხოდ, იგი აპირებს, რომ წლის ბოლომდე გააკეთოს ჟურნალისტური გადაცემა, სადაც, ერთი მხრივ, ქართულ მედიას გააკრიტიკებს არაობიექტურობის გამო და, მეორე მხრივ, იმასაც გვასწავლის, თუ როგორი შეიძლება იყოს „რეალისტური მოთხოვნები“.

ამავე დროს ივანიშვილი კმაყოფილია თითქმის ყველაფრით, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის იმითიც, რომ შსს-ს და სხვა სამინისტროებს არაკომპეტენტური მინისტრები და თანამშრომლები ჰყავთ. ჭიკაიძის კომპეტენციაზე დასმულ კითხვას ივანიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „რიტორიკა და განათლება მეც მაკლია, ყველამ თავის თავს მიხედოს“.

ისე გამოვიდა, რომ ივანიშვილის სტანდარტები 60 ქარხნის აშენებიდან არაკომპეტენტურ მინისტრამდე ჩამოვიდა. ამას ქართველი ამომრჩეველი მშვენივრად ამჩნევს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით თვალს ხუჭავს. ფაქტი კი ის არის, რომ ქვეყანა არც ერთი მთავარი მაჩვენებლით წინ არ მიდის - ქვეყანა ფაქტობრივად ვერ ვითარდება.

იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, მხოლოდ იმისი სურვილი, რომ განვითარდეს, საკმარისი არ არის. ყველა პარტიას სურს რომ ქვეყანა განვითარდეს, უბრალოდ, მათ სხვადასხვანაირად ესმით ის, თუ რა არის განვითარება. როგორც ჩანს, ივანიშვილს განვითარებაში ესმის ის, რაც ახლა ხდება - ბიზნესი შედარებით თავისუფალია, ხელისუფლება ნაკლებად კომპეტენტური და უძრავია და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მეტნაკლებად დაცულია.

საკითხავი ის არის, რამდენად ემთხვევა ივანიშვილის სტანდარტები იმას, თუ რისი მიღწევა სურს ქართულ საზოგადოებას. განათლების სისტემის რეფორმირების, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული სოციალური და ეკონომიკური რეფორმების და კომპეტენტური და ეფექტიანი სახელმწიფო ბიუროკრატიის გარეშე რამდენად შესაძლებელია ქვეყნის განვითარების წარმოდგენა? რა არის ჩვენი მიზანი: ბიზნესისთვის სასურველი გარემოს შექმნა და იმის ლოდინი, როდის მოხდება სასწაული, თუ აქტიურად ჩარევა საზოგადოებრივ პროცესებში და მისთვის მიმართულების მიცემა?

ივანიშვილს ქვეყნის განვითარება ესმის ისე, როგორც მსხვრილ ბიზნესმენს და ოლიგარქს, რომლისთვისაც მთავარია, სახელმწიფო ბიზნესს არ ჩაგრავდეს და დანარჩენს უკვე თავად ბიზნესები მიხედავენ. საკითხავი ისაა, იმავენაირად ესმის თუ არა ქვეყნის განვითარება საქართველოს საზოგადოებას.

მინდა, ამ ბლოგპოსტით განვმარტო, როგორ ვხედავ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფრთხეებს და პერსპექტივას იმ კუთხით, რა კუთხესაც ჩემი თვალსაწიერი სწვდება.

დავიწყებ იმით, რომ, ჩემი აზრით, ქვეყნის სახე მის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩანს - რითი ივსება ბიუჯეტი და როგორ ნაწილდება თანხა პრიორიტეტების მიხედვით. ჩემთვის ბიუჯეტის ხარჯვა ორ ძირითად ნაწილად იყოფა - ქვეყნის განვითარებისთვის გამოყოფილი რესურსი და სოციალური ვალდებულებები, რომლებსაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. ჩემი აზრით, რაც მეტია განვითარება, მით მეტი ვალდებულების აღების საშუალება აქვს ბიუჯეტს; და პირიქით, რაც ნაკლებია განვითარებისთვის გაღებული თანხა, მით ნაკლები უნდა იყოს სოციალური პროექტების დაფინანსებაც. ეს არის ლოგიკური ჩარჩო. თუმცა, ცხადია, სხვადასხვანაირი სახელმწიფო არსებობს და ყოველი ახალი ხელისუფლება თავის მოსახლეობასთან ახლებურ ხელშეკრულებას დებს, პირველ რიგში, საარჩევნო პროგრამის სახით.

ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის ოქტომბერში მოსულმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ყველა ფენის მოსახლეობას ღირსეული ავადმყოფობის საშუალებას აძლევდა. ჩემმა ოჯახმაც, ჩემი ახლობლების ოჯახებმაც ვისარგებლეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ფასდაუდებელ სამსახურს სთავაზობს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს.

მადლიერების გრძნობის პარალელურად, მიჩნდებოდა და მიჩნდება კითხვა - რის ხარჯზე ხორციელდება ეს ჰუმანური პროექტი? გვაძლევს თუ არა განვითარების პარამეტრები საშუალებას, რომ ქვეყანამ ასეთი სოციალური პროგრამა განახორციელოს და ასეთი სიმძიმის ტვირთი აიღოს საკუთარ თავზე?

პირადად მე ქვეყნის წარმატების საფუძვლად განათლებისა და მეცნიერების სისტემების განვითარება მიმაჩნია. მართალია, ამ სფეროში ჩადებული ინვესტიცია შედეგს წლების შემდეგ იძლევა, მაგრამ სანამ ცვლილებები არ განხორციელდება, წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია. საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევებიც ადასტურებს და მასწავლებლების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებიც ამაზე მეტყველებს, რომ სასკოლო განათლებაში სერიოზული პრობლემებია. აღარაფერს ვამბობ მეცნიერებაზე, რომლის რეფორმირების კუთხით ნახევარი ნაბიჯიც არ გადადგმულა (თუ არ ჩავთვლით გია დვალის და ავტორთა ჯგუფის კონცეფციას, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რომელიღაც თაროზე ედება მტვერი).

ქვეყნის განვითარების მთავარი გასაღები მაინც სასკოლო განათლებაში დევს. კარგი განათლების უპირველესი გარანტი კი კარგი მასწავლებელია. თუ განვითარების პროექტებზე ვსაუბრობთ, პირადად ჩემი ხედვით, სახელმწიფომ პირველი ინვესტიცია სკოლის კვალიფიციური მასწავლებლებით შევსებაში უნდა ჩადოს. ეს კი ნიშნავს ორი მიმართულებით თანხის გადანაწილებას: კვალიფიციური პედაგოგების მრავალმხრივ წახალისებასა და არაკვალიფიციური პედაგოგების ჩანაცვლებას.

2009 წელს სახელმწიფომ მასწავლებლის პროფესია რეგულირებად პროფესიად აღიარა და მასწავლებლების სკოლაში დარჩენის პირობად სერტიფიცირება დააწესა. სერტიფიკატის ასაღებად საჭირო იყო, რომ მასწავლებელს ჩაებარებინა ორი გამოცდა: საგანში, რომელსაც ასწავლის და პროფესიულ უნარებში. პირველი გამოცდა 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა და ოთხი წლის განმავლობაში სერტიფიკატი დაახლოებით 20 000-მა მასწავლებელმა აიღო, ხოლო 42 000-მა მასწავლებელმა გამოცდა არ ან ვერ ჩააბარა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან სერტიფიცირება სავალდებულო ხდებოდა სკოლაში სამუშაოდ. ეს ნიშნავდა, რომ ყველა არასერტიფიცირებული პედაგოგის ადგილზე ვაკანსია უნდა გამოცხადებულიყო და მასწავლებლები მხოლოდ იმ დრომდე შეინარჩუნებდნენ სამსახურს, სანამ მათ ადგილზე უფრო კვალიფიციური კადრი არ გამოჩნდებოდა. ცხადია, ეს იქნებოდა ძვირად ღირებული პროცესი, რომელიც შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემდა, თუკი ერთდროულად ორი მიმართულება ამუშავდებოდა: ერთი მხრივ, სერტიფიცირებულ მასწავლებელს დაენიშნებოდა რეალური ხელფასი, ზრდის პერსპექტივით; ხოლო, მეორე მხრივ, 42 000 ადგილი გამოცხადდებოდა ვაკანტურად და სკოლის კარი გაიღებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს წინასწარ დაუდასტურებდნენ თავის კომპეტენციას (ორი ათასამდე სერტიფიკატის მქონე ადამიანი დღესაც არის სკოლის გარეთ და სკოლაში დასაქმებას ელოდება).

ახალ პირობებში, სავარაუდოდ, სკოლისკენ დაიძვრებოდა ნაკადი იმ ადამიანებისა, რომლებსაც დღემდე განათლების სისტემისკენ არ გაუხედავთ - ახალგაზრდები, რომლებმაც უნივერსიტეტები დაამთავრეს და კარგ სამსახურს ეძებენ; მეცნიერები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, ან რომლებიც უმცირეს ხელფასზე მუშაობენ; დაუსაქმებელი, მაგრამ შრომისუნარიანი და მოტივირებული ადამიანები.

რამდენიმე კვირის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოაცხადა, რომ კანონიდან ამოღებულ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, 2015 წლიდან მასწავლებლის პროფესიით მუშაობისთვის აუცილებელი ხდებოდა სერტიფიკატის ფლობა. ახალი წესის მიხედვით, 42 000 მასწავლებელს კიდევ სამი წელი ეძლევა იმისთვის, რომ თავისი მინიმალური კომპეტენცია დაუდასტუროს სახელმწიფოს: ჩააბაროს გამოცდა თავის საგანში და დააგროვოს კრედიტების გარკვეული რაოდენობა.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?

მინიმუმ სამი წლის განმავლობაში სკოლებში არ მოხდება იმ მასწავლებლების ჩანაცვლება, რომლებმაც ოთხი წლის მანძილზე არ/ვერ დაადასტურეს თავისი კვალიფიკაცია. ეს ადამიანები რჩებიან საკუთარ ადგილებზე, საკუთარი დაბალი ხელფასით.

ამავდროულად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ხელფასი გაუზარდოს სერტიფიცირებულ მასწავლებლებს (20 000 ადამიანს). მიმდინარე წლის ნოემბერში გაირკვევა, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ზრდა.

გამოდის, რომ სახელმწიფომ მინიმუმ სამი წლით შეინარჩუნა შედარებით იაფი სასკოლო განათლების სისტემა და გადაავადა რეალური ცვლილებები სკოლაში. თუმცა, შექმნა გარკვეული სტიმულები წარჩინებული მასწავლებლებისთვის, რომლებიც ნაწილობრივ ამოქმედდება 2015 წლიდან, ნაწილობრივ კი - 2017 წლიდან (უფრო დაწვრილებით ახლა აღარ განვმარტავ).

ჩემი აზრით, დღეს საქართველოს სახელმწიფოს აღარ აქვს ძალა განვითარების პროექტებისთვის, რადგან მთავარი სოციალური პროექტი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - ნთქავს მთელ რესურსს. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი კიდევ უფრო ნათლად გამოაჩენს, რამდენად ერევა ქვეყანა თავის მძიმე სოციალურ ვალდებულებებს.

პოლიტიკური გუნდისთვის თითქმის გადაუჭრელი ამოცანაა, შეამციროს ჯანდაცვის პაკეტი, ან საყოველთაო დაზღვევიდან გადავიდეს სასიცოცხლო რისკების დაზღვევაზე (დაეხმაროს ყველას საჭიროების მიხედვით და არა - ყველას თანაბრად). თამასა ძალიან დიდ სიმაღლეზეა აწეული და მისი დაწევა მძიმე დარტყმა იქნებოდა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. არადა, ქვეყნის განვითარებაში სერიოზული ინვესტირების გარეშე, სოციალური ვალდებულებების ტვირთი სულ მეტად და მეტად დამძიმდება. ჩემი ხედვით, ფაქტობრივად, ჩიხურ მდგომარეობაში ვართ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე საჯაროდ არავინ საუბრობს.

ნამდვილად მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ბლოგი გახდება სტიმული იმისთვის, რომ დავიწყოთ დისკუსია კარსმომდგარ სირთულეებზე - რასაც ვთავაზობ კიდეც მთავრობას, როგორც ჩვენი საერთო სამშობლოს გულშემატკივარი ადამიანი. იქნებ, თავად მთავრობისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ გულწრფელად განუმარტოს თავისი ქვეყნის მოსახლეობას, განვლილი ორი წლის გამოცდილებით, როგორ ერევა ქვეყანა სოციალურ ვალდებულებებს; როგორ ბალანსდება განვითარება და მოსახლეობის სოციალური დაცვა; რა პროგრამები ხორციელდება განვითარების კუთხით; თუნდაც, სამი წლის შემდეგ საიდან გაჩნდება ბიუჯეტში თანხა მეცნიერებისა და განათლების (თუ სხვა სფეროს) რეფორმის დასაფინანსებლად.

არაფერი მითქვამს იმ დარგებზე, რომლებზეც ბევრი არაფერი ვიცი. იქნებ მართლაც არსებობს განვითარების დიდი პერსპექტივა, რაც ჩემნაირი დილეტანტის თვალით არ ჩანს? ან იქნებ დიალოგში ისეთ საკითხებზე შეთანხმებაც გახდეს შესაძლებელი, დღეს რომ შეუძლებლად გამოიყურება?

ძვირფასო მთავრობავ, თქვენ აგვიხსენით და ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ. მჯერა, რომ საუბრის დაწყება საფრთხეებსა და პერსპექტივებზე თქვენ არანაკლებ გჭირდებათ, ვიდრე - ჩვენ.

ხოლო უფრო მეტი კეთილგანწყობით დიალოგის შეთავაზება, ვიდრე მე ამ ბლოგით ვცადე, მგონი, შეუძლებელია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG